განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
330210117001911678
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001911678

N2ბ/5544-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები):

1. ააიპ ნი--------------–-----------------ა;

2. ააიპ სა---------–----------------------------–-ა;

3. შპს ნი--------------–-------------ი;

4. ააიპ ნი--------------–-----------–---------ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ააიპ სა---------–----------------------–-----------–-ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის და 2018 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებები

 

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ააიპ ნი--------------–-----------------ის, ააიპ სა---------–----------------------------–-ის, შპს ნი--------------–-------------ის და ააიპ ნი--------------–-----------–---------ის სარჩელი მოპასუხე ააიპ სა---------–----------------------–-----------–-ის მიმართ, კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 10.03.2017 წელს მოპასუხის მიერ ჩატარდა საერთო (ყრილობა) კრება, რომელშიც მონაწილეობისათვისაც მოწვეული იყო 10 იურიდიული და 3 ფიზიკური წევრი, რომელთაგანაც მონაწილეობა მიიღო 8 წევრმა (დელეგატმა), საიდანაც 5 იყო იურიდიული პირი, ხოლო 3 ფიზიკური პირი (მოწვეულთა ან/და მონაწილე დელეგატთა შორის მოსარჩელეები არ ყოფილან).

 

ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებებით გაიზარდა გამგეობის წევრთა რაოდენობა და მათი არჩევის ვადა, არჩეულ იქნა გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, არჩეულ იქნა გამგეობის წევრები, რიგი ცვლილებები შევიდა მოპასუხის წესდებაში.

 

კრების ოქმი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მასზედ მიღებული გადაწყვეტლებები აისახა მოპასუხის ამონაწერში ააიპ-ის შესახებ.

 

2.2. მოსარჩელე ააიპ ნი--------------–-----------------ა დაფუძნდა 06.07.2016 წელს, ააიპ სა---------–----------------------------–-ა დაფუძნდა 11.11.2015 წელს, შპს ნი--------------–-------------ი დაფუძნდა 13.09.2016 წელს, ააიპ ნი--------------–-----------–---------ა დაფუძნდა 30.06.2016 წელს.

 

2.3. მოსარჩელეებმა წერილობით მიმართეს მოპასუხე ფედერაციას გამგეობას, ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნით.

 

2.4. მოსარჩელე ააიპ სა---------–----------------------------–-ა იყო მოპასუხე ფედერაციის წევრი, რომელიც გარიცხული იყო წევრობიდან.

 

2.5. მოპასუხის 18.12.2016 წლის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა მოპასუხე ფედერაციაში ახალი წევრების მიღების საკითხი, ახალ წევრად მიღებაზე განაცხადი გააკეთეს 7 ფიზიკურმა პირმა და 15 იურიდიულმა პირმა მათ შორის მოსარჩელეებმა, გამგეობამ ახალ წევრებად მიიღი 7 ფიზიკური პირი და 11 იურიდიული პირი, ხოლო 4 იურიდიულ პირს მათ შორის ყველა მოსარჩელეებს უარი ეთქვა გაწევრიანებაზე.

 

2.6. მოპასუხის 10.02.2017 წლის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა მოპასუხე ფედერაციაში ახალი წევრების მიღების და არსებული წევრების გასვლის საკითხი. ფედერაციის ახალ წევრად მიღებულ იქნა 1 ფიზიკური პირი, ხოლო წევრობიდან გავიდა 1 ფიზიკური პირი და 2 იურიდიული პირი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა ,,სპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1. მუხლზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომლებიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.

 

,,სპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის. ამავე კანონის 10.2. მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს. კანონის 10.61 მუხლით საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.

 

მოპასუხეს წესდების 3.1. მუხლით, ფედერაციის წევრი შეიძლება გახდეს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. 3.2 მუხლით ფედერაციის წევრობა თავისუფალია. 3.3 მუხლით ფედერაციის წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ, მსურველთა წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

სასამართლომ უდაოდ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული კრების (ყრილობის) ჩატარებამდე მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხეს, ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნით, რაზეც მათ 18.12.2015 წელს გამგეობის მიერ ეთქვათ უარი და აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად აღნიშნული დავის განხილვის ფარგლებში სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა მოპასუხის გამგეობის მიერ მოსარჩელეთა მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

 

სასამართლომ უდაოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები გასაჩივრებული კრების (ყრილობის) ჩატარების დროისათვის არ წარმოადგენდნენ მოპასუხის წევრებს, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ იყვნენ მიწვეული გასაჩივრებულ 10.03.2017 წელს ჩატარებულ ყრილობაზე/კრებაზე, ვინაიდან მოპასუხეს არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება მოსარჩელეები მიეწვია ყრილობაზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ (ყრილობის) კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთ მოსარჩელესთან მიმართებით სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მოპასუხე ფედერაციის წევრები არ იყვნენ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 10.03.2017 წელის ჩატარებული მოპასუხის (ყრილობაზე) კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენდა აღიარებითი ხასიათის სარჩელს, რომლის განხილვა-გადაწყვეტისათვის აუცილებელი იყო იურიდიული ინტერესის არსებობა სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთ აღიარებასთან მიმართებაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან ის არ წარმოადგენდა ფედერაციის წევრს და აღძრული სარჩელი მისთვის რაიმე იურიდიული შედეგის მომტანი არ იყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდაოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემობების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ ის სამართალსუბიექტები, ვისაც შეიძლება სადავო გაეხადა 10.03.2017 წლის (ყრილობის) საერთო კრების გადაწყვეტილებები, რადგან ისინი არ იყვნენ მოპასუხე ფედერაციის წევრები და მათ არ გააჩნდათ აღიარებითი სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით მათ შეიძლება წარმოეშვათ რაიმე უფლება მოპასუხესთან მიმართებით, ხოლო ასეთი იურიდიული ინტერესისი არარსებობის შემთვევაში სასამართლო არ ამოწმებდა (ყრილობის) კრების მოწვევისა და ჩატარების ასევე (ყრილობაზე) კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებების კანონიერებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არ არიან მოპასუხე ფედერაციის წევრები და შესაბამისად, არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რითაც მათ წარმოეშობათ რაიმე უფლება ფედერაციასთან მიმართებით.

 

აპელანტის განმარტებით, ფედერაცია არის სუბიექტი, რომლსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება იყოს ქვეყანაში სპორტის შესაბამისი სახეობის განვითარების ხელშემწყობი ორგანო და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს არა მხოლოდ ზოგადად სპორტის, არამედ ამ სფეროში მოქმედ სპორტულ ორგანიზაციათა დაფუძნებისა და განვითარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპაუხე ფედერაცია ყოველ ჯერზე ახორციელებს უკანონო ქმედებებს და არ აძლევს სპორტულ კლუბებს, ორგანიზაციებს, სკოლებს, სპორტსმენებს გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი და მიიღონ ის სარგებელი, განვითარების საშუალება და შესაძლებლობები, რაც მათ კანონით აქვთ გარანტირებული, რომელიც აქვთ მინიჭებული კანონით. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა-განაწილებას, ასევე, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების წვრთნასა და განვითარებას, არ ეთმობა სათანადო ყურადღება და მიუღებელია ფედერაციის საქმიანობის წარმართვის არსებული სტილი და სტრატეგია.

 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით აპელანტები არ არიან ფედერაციის წევრები, ფედერაციის სწორ ფუნქციონირებასა და კანონთან შესაბამისობაზე პრეტენზიის წარდგენის უფლება სწორედ საქართველოს სპორტის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, კერძოდ ეროვნული ფედერაცია ქვეყანის მასშტაბით, სპორტის შესაბამის დისციპლინაში ქმნის პოლიტიკას, რომელიც შემდგომ ნეგატიურად ან პოზიტიურად აისახება ქვეყნის ყველა სპორტულ ორგანიზაციასა და სპორტსმენზე, მიუხედავად წევრობის სტატუსისა.

 

ამდენად, აპელანტთა იურიდიული ინტერესი ყრილობის ლეგიტიმურობაზე მდგომარეობს მასში, რომ:

- პირი, რომელიც წარმოადგენს სპორტის ერთადერთ ხელმძღვანელ ორგანოს ქვეყანაში, არ შეიძლება კომპლექტებოდეს მიკერძოებული არჩევნების საფუძველზე, ვინაიდან შემდგომში არსებობს მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკი;

- სპორტის შესაბამისი სახეობის ხელმძღვანელი ორგანოს შემადგენლობში (მაშინ, როდესაც მისი წევრობა თავისუფალია), ეჭვგარეშეა რომ უნდა ირიცხებოდნენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აქტიური სპორტული ორგანიზაციები და არა სამშენებლო კომპანიები;

- ფედერაციის მმართველობითი ორგანოების (მათ შორის ყრილობის - უმაღლესი ორგანო) ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად;

 

აპელანტები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 2017 წლის 10 მარტს ფედერაციის მიერ ჩატარებულ იქნა კანონის უხეში დარღვევითა და განსაკუთრებით "სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის უგულვებელყოფით. კრების ოქმი და შესაბამისად, ყრილობის ყველა სახის გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევა, მიჩნეულ უნდა იქნეს ბათილად. აპელანტთა "გაწევრიანების" შემდგომ კი, უნდა მოხდეს რიგგარეშე განმეორებითი არჩევნების ჩატარება და კანონით განსაზღვრული წესით მოწვეული ყრილობის მიერ პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევა. სწორედ ყოველივე ზემოთაღნიშნული წარმოადგენს აპელანტების ნამდვილ იურიდიულ ინტერესს.

 

3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ვინაიდან, აპელანტები გასაჩივრებული კრების (ყრილობის) ჩატარების დროისთვის არ წარმოადგენდენ მოწინააღმდეგე მხარის წევრებს, შესაბამისად, საფუძველს მოკლებული იყო აპელანტების მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ იყვნენ მოწვეულნი 2017 წლის 10 მარტს ჩატარებულ ყრილობაზე. არასწორია სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოწინააღდეგე მხარეს არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება აპელანტები მიეწვია ყრილობაზე და ასევე, გასაჩივრებული (ყრილობის) კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთ აპელანტთან მიმართებით სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.

 

3.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, აპელანტები ასევე მოითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის და 2018 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმებას.

 

აპელანტების მითითებით, 2018 წლის 27 აპრილს, მოსარჩელეების მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მოითხოვდა 2017 წლის 10 მარტის კრებაში მონაწილე დელეგატების (ორგანიზაციები და ფიზიკური პირები) უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტების გამოთხოვას. კერძოდ, რომელი წევრი ორგანიზაციის მიერ რომელი დელეგატი იქნა წარდგენილი ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად და წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ დელეგატთა წარდგენისა და მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი სპორტული ორგანიზაციიდან წარდგენის შესახებ დოკუმენტაცია არსებითი არ იყოს იმ საკითხზე მსჯელობისთვის, თუ რამდენად ლეგიტიმურად ჩაატარა ფედერაციამ ყრილობა.

 

3.3.1. აპელანტების მითითებით, ვინაიდან მათი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, 2018 წლის 7 ივნისს მოსარჩელეებმა წარადგინეს შუამდგომლობა მოწმის დაკითვის თაობაზე, რომელიც გაამყარებდა მათ სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.6. პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ა(ა)იპ საქართველოს კანოეს ეროვნულ ფედერაციაში გაწევრიანეული იყო 10 იურიდიული (1) ააიპ ქ-----------------------–----–-------–--------------------; 2) შპს სპ---------–----–---------------- 3) ა(ა)იპ თ---–----------------------------–--; 4) შპს ,----------------; 5) ა(ა)იპ კა-------–------------------–----, 6) შპს ,--------------------------------- 7) შპს ,,-----------–----–--------–--------- 8) ა(ა)იპ დ--–-----------–----–------------------------------------ 9) ა(ა)იპ თ--------------–----–----–------------–----–-------------–------------------------------–-------–--------------------- 10) ააიპ ქა-–---------------------------------–--------------------–-------) და 3 ფიზიკური (1. კ---------–----–---–-, 2. მა---–----------ა, 3) და-------–-----ა) პირი (ტომი 1; ს/ფ 25-31 - 2017 წლის 10 მარტის ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წევრთა საერთო კრების ოქმი);

 

4.2. დადგენილია, რომ სადაო კრებაზე გამოცხადდნენ 13 დან 8 წევრი: 1. ააიპ ქ-----------------------–----–-------–--------------------; 2) შპს სპ---------–----–---------------- 3) ა(ა)იპ თ---–----------------------------–--; 4) შპს ,----------------; 5) შპს ,,-----------–----–--------–--------- 6) კ---------–----–---–-, 7) მა---–----------ა, 8) და-------–-----ა (ტომი 1; ს/ფ 25-31 - 2017 წლის 10 მარტის ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წევრთა საერთო კრების ოქმი);

 

4.3. კრების თავმჯდომარის მიერ შემოწმებულ იქნა წარმოდგენილ პირთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თავმჯდომარე დარწმუნდა, რომ იურიდიული წევრი პირების წარმომადგენლები ნამდვილად უფლებამოსილნი იყვნენ წინამდებარე კრებაზე წარმოედგინათ წევრი იურიდიული პირები და მათი სახელით მიეცათ ხმა დღის წესრიგში წარმოდგენილ ნებისმიერ საკითხს (ტომი 1; ს/ფ 25-31 - 2017 წლის 10 მარტის ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წევრთა საერთო კრების ოქმი);

 

4.4. კრებამ მიიჩნია, რომ კვორუმი შემდგარი იყო და ფედერაციის წესდების 5.5. პუნქტის თანახმად უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილება მიეღო დღის წესრიგში წარმოდგენილ ნებისმიერ საკითხზე, კრებაზე წარმოდგენილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით (ტომი 1; ს.ფ. 25-31 - 2017 წლის 10 მარტის ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წევრთა საერთო კრების ოქმი);

 

4.5. ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წესდების მე-3 მუხლის (ფედერაციის წევრები და მათი უფლება-მოვალეობები) თანახმად:

3.1. ფედერაციის წევრი შეიძლება გახდნენ, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი;

3.2. ფედერაციის წევრობა თავისუფალია;

3.3. ფედერაციის წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე;

3.5. ფედერაციის წევრებს უფლება აქვთ:

- აირჩიონ და არჩეულ იქნენ ფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოებში;

- მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის საერთო კრების საქმიანობაში;

- დაასახელონ გამგეობის წევრობის კანდიდატები. ხმა მისცენ პერსონალურად ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ან წერილობით. საარჩევნო ბარათით გამგეობის არჩევნების დროს, აგრეთვე, წესდებაში ცვლილებების შეტანის დროს;

- იმუშაონ, როგორც ოფიციალურმა პირებმა ფედერაციის ადმინისტრაციულ ორგანოებში;

- მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის სხვა ღონისძიებებში; (ტომი 1; ს.ფ. 66-75 - ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წესდება);

 

4.6. წესდების მე-4 მუხლის (მართვის ორგანოები) თანახმად:

4.1. ფედერაციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ფედერაციის საერთო კრება;

4.2. ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვისა და ორგანიზებისათვის, საერთო კრების მიერ აირჩევა გამგეობა 3 წევრის შემადგენლობით. იგი ატარებს ფედერაციის პოლიტიკას, წარმართავს მის საქმიანობას კრებებს შორის პერიოდში კრების გადაწყვეტილებისა და წინამდებარე წესების შესაბამისად; (ტომი 1; ს.ფ. 66-75 - ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წესდება);

 

4.7. წესდების მე-6 მუხლის თანახმად (ფედერაციის წევრთა კრების კომპეტენცია), ფედერაციის წევრთა კრების კომპეტენციას მიეკუთვნება:

6.1.1. ფედერაციის გამგეობის არჩევა;

6.1.2. გამგეობის თავმჯდომარის/ფედერაციის თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევა;

6.1.3.საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;

6.1.7. წევრთა კრება ასევე განიხილავს და ამტკიცებს ფედერაციის წესდებას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები მასში, რის შესახებაც დაუყნებლივ აცნობებს მარეგისტრირებელ ორგანოს;

6.1.8. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის (ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია) შესახებ გადაწყვეტილების მიღება; (ტომი 1; ს/ფ 66-75 - ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წესდება);

 

4.8. წესდების მე-7 (ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; ფედერაციის გამგეობა) მუხლის თანახმად:

7.1. ფედერაციის ხელმძღვანელობა ხორციელდება გამგეობის მიერ, რომელიც აირჩევა წევრთა კრების მიერ 4 წლის ვადით.

7.10.8. პუნქტის თანახმად, გამგეობის კომპეტენციაში შედის საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებების მიღება (ტომი 1; ს.ფ. 66-75 - ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წესდება);

 

4.9. წინამდებარე სასაჩელო განცხადებით, მოსარჩელეები (1. ააიპ ნი--------------–-----------------ა; 2. ააიპ სა---------–----------------------------–-ა; 3. შპს ნი--------------–-------------ი; 4. ააიპ ნი--------------–-----------–---------ა) მოითხოვენ ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის 2017 წლის 10 მარტის საერთო კრების (ყრილობის) სხდომის ოქმისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობას.

მოსარჩელეები მიუთითებენ კრების (ყრილობის) არალეგიტიმურობაზე, და შესაბამისად, არალეგიტიმური ყრილობის მიერ სპორტის მიმართულებით ხელმძღვანელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების არჩევაზე.

მოსარჩელეების განმარტებით, მათ უარი ეთქვათ ფედერაციის წევრობაზე, შესაბამისად, არ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ფედერაციის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის მუშაობაში. ფედერაციაში მათი გაწევრიანების უარი, ემსახურებოდა არჩევნების მიკერძოებული შედეგით დასრულებას. მოსარჩელეები იურიდიულ ინტერესად მიუთითებენ მასზედ, რომ მოპასუხე ფედერაციაში გაწევრიანებით, მათ საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის, როგორც სპორტის ამ სახეობის ხელშემწყობი მთავარი ორგანოს, ფორმირებასა და ფუნქციონირებაში.

 

4.10. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა იურიდიულ ინტერესზე მსჯელობა კიდევ უფრო განავითარეს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, მიუთითეს "სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის 10.1. (საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისათვის) და ამავე კანონის მე-8 მუხლებზე (ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლებისა და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას), და განმარტეს, რომ ვინაიდან, ფედერაცია არის სუბიექტი, რომლსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება იყოს ქვეყანაში სპორტის შესაბამისი სახეობის განვითარების ხელშემწყობი ორგანო და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს არა მხოლოდ ზოგადად სპორტის, არამედ ამ სფეროში მოქმედ სპორტულ ორგანიზაციათა დაფუძნებისა და განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელეები არ არიან ფედერაციის წევრები, ფედერაციის სწორ ფუნქციონირებასა და კანონთან შესაბამისობაზე პრეტენზიის წარდგენის უფლება სწორედ საქართველოს სპორტის კანონმდებლობიდან გამომდინარე გააჩნიათ მათ (ეროვნული ფედერაცია ქვეყანის მასშტაბით, სპორტის შესაბამის დისციპლინაში ქმნის პოლიტიკას, რომელიც შემდგომ ნეგატიურად ან პოზიტიურად აისახება ქვეყნის ყველა სპორტულ ორგანიზაციასა და სპორტსმენზე, მიუხედავად წევრობის სტატუსისა). პირი, რომელიც წარმოადგენს სპორტის ერთადერთ ხელმძღვანელ ორგანოს ქვეყანაში, არ შეიძლება კომპლექტებოდეს მიკერძოებული არჩევნების საფუძველზე, ვინაიდან შემდგომში არსებობს მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკი.

 

4.11. პალატა განმარტავს, რომ საწარმოს წესდება სამართლის მიზნებისთვის მრავალმხრივ გარიგებას (სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი) წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, წესდებით, შეიძლება შეთანხმდეს კანონისგან განსხვავებული სპეციალური მოწესრიგება. მიიჩნევა, რომ რეესტრში რეგისტრირებული წესდება ნამდვილია და შესაბამის იურიდიულ შედეგს წარმოშობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილებს მქონე პირების მიერ დამტკიცებული, და სათანადო ორგანოში რეგისტრირებული ა(ა)იპ სა---------–----------------------–-----------–-ის წესდებით (ზემოაღნიშნულ პუნქტებში განხილული შესაბამისი მუხლებით), უდავოდ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ: 1) ფედერაციის წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ, მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე (სწორედ გამგეობის კომპეტენციაში შედის საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებების მიღება); ფედერაციის წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის საერთო კრების საქმიანობაში; 3) თავის მხრივ საერთო კრების კომპეტენციას შეადგენს ფედერაციის გამგეობის არჩევა; გამგეობის თავმჯდომარის/ფედერაციის თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევა; ფედერაციის წესდების დამტკიცება, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა წესდებაში;

 

4.12. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო კრების ოქმი სწორედ ამ საკითხებს შეეხება. მოსარჩელეები მოითხოვენ რა სადავო კრების ოქმის ბათილობას, იმისათვის რათა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულება, პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ფედერაციის წევრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იურიდიული ინტესესი ვერ იქნება ნამდვილი, კერძოდ, სწორედ ფედერაციის წევრების უფლებამოსილებას წარმოადგენს მიიღონ საერთო კრებაში მონაწილეობა, რა დროსაც, მათი (საერთო კრების) კომპეტენციის საკითხს მიეკუთვნება იმ გადაწყვეტილებების მიღება, თუ ვინ უნდა იქნეს არჩეული ფედერაციის თავმჯდომარედ, მის მოადგილედ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში შეიტანონ ცვლილებები წესდებაში.

 

4.13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები გასაჩივრებული კრების (ყრილობის) ჩატარების დროისათვის არ წარმოადგენდნენ მოპასუხე ფედერაციის წევრებს (დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა წერილობით მიმართეს მოპასუხე ფედერაციას გამგეობას, ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნით. მოპასუხის 18.12.2016 წლის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა მოპასუხე ფედერაციაში ახალი წევრების მიღების საკითხი, ახალ წევრად მიღებაზე განაცხადი გააკეთეს 7 ფიზიკურმა პირმა და 15 იურიდიულმა პირმა მათ შორის მოსარჩელეებმა, გამგეობამ ახალ წევრებად მიიღი 7 ფიზიკური პირი და 11 იურიდიული პირი, ხოლო 4 იურიდიულ პირს, მათ შორის ყველა მოსარჩელეებს უარი ეთქვა გაწევრიანებაზე (ტომი 1; ს.ფ. 85-86 - გამგეობის კრების ოქმი). დადგენილია, რომ მოსარჩელე ააიპ სა---------–----------------------------–-ა იყო მოპასუხე ფედერაციის წევრი, რომელიც გარიცხული იყო წევრობიდან (ტომი 1; ს.ფ. 83). მოპასუხის 10.02.2017 წლის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა მოპასუხე ფედერაციაში ახალი წევრების მიღების და არსებული წევრების გასვლის საკითხი. ფედერაციის ახალ წევრად მიღებულ იქნა 1 ფიზიკური პირი, ხოლო წევრობიდან გავიდა 1 ფიზიკური პირი და 2 იურიდიული პირი (ტომი 1; ს.ფ. 375-377).

 

4.14. კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების ბათილად აღიარების მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით.

 

4.15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას-17-14-2015, 01.07.2015წ.; N ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; N ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; N ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; N ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.06.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

4.16. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ, მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა;

 

4.17. მოცემულ შემთხვევაში, წესდების გათვალისიწნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოსარჩელის რაიმე უფლების წარმოშობის საფუძველი ვერ გახდება. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეების იურიდიული ინტერესი სადავო კრების ოქმის გადაწყვეტილების ბათილობის კუთხით მდგომარეობს მასში, რომ მოპასუხე ფედერაციაში გაწევრიანებით, მათ საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის, როგორც სპორტის ამ სახეობის ხელშემწყობი მთავარი ორგანოს, ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა სადავო კრების ოქმის ბათილობით, მოსარჩელეები ავტომატურად ვერ გახდებიან ფედერაციის წევრები. წესდების თანახმად, ამისათვის საჭიროა გამგეობის გადაწყვეტილება. ამასთან, დადგენილია, რომ გასაჩივრებული კრების (ყრილობის) ჩატარებამდე მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხეს, ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნით, რაზეც მათ 18.12.2015 წელს გამგეობის მიერ ეთქვათ უარი და აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, აღნიშნული დავის განხილვის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწებინა მოპასუხის გამგეობის მიერ მოსარჩელეთა მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ აღიარებითი სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით მათ შეიძლება წარმოეშვათ რაიმე უფლება მოპასუხესთან მიმართებით. იურიდიული ინტერესის არარსებობის შემთვევაში კი, სასამართლო არ ამოწმებს კრების ჩატარების ასევე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.

 

ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

 

4.18. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

4.19. აპელანტები ასევე მოითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის და 2018 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის აღნიშნულ მტკიცებულებებს რაიმე მნიშნელობა (კავშირი) არ გააჩნდა და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად თქვა უარი მათ გამოთხოვაზე/მოწმის დაკითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი განსახილველი დავის მიმართ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახ. ბაჟის სახით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ააიპ ნი--------------–-----------------ის, ააიპ სა---------–----------------------------–-ის, შპს ნი--------------–-------------ის, ააიპ ნი--------------–-----------–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი