განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
330210017001858882
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001858882

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/2445-18 „ 05“ აპრილი, 2019წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - შპს „-–------–-- ი---- ჩ--------- შპს ,---------------- ნ----- ბ---------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.03.2018წ. გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება.

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. შპს ,----------------- სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხე შპს ,--–------–-- მოსარჩელე შპს ,----------------- სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის - 3870 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. 2015 წელს შპს ,----------------- მოპასუხე შპს ,--–------–-- გაუწია ტექნიკით მომსახურება. 2.2. შპს ,----------------------- შპს ,--–------–-- ტექნიკით მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,--–------–--- დავალიანება მოსარჩელე შპს ,----------------- მიმართ შეადგენს 3870 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო მოითითებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ტექნიკით მომსახურების გაწევის ფაქტი, საქმეში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. სარჩელზე თანდართული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით (რაც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია) რაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ, გაწეული მომსახურების ღირებულების ჯამური ოდენობა 3870 ლარს შეადგენს. რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, გარდა მოპასუხის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, რითაც უტყურად დადასტურდებოდა სადავო ვალდებულების არ არსებობის ფაქტი, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონირ ძალაში არ შესულა და ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან), ასევე ვერ ადასტურდებს იმ გარემოების უტყუარობას, რომ სადავო მომსახურების თანხა გაქვითულ იქნა შპს ,--–-----–--- მიმართ არსებული კომპანია შპს ,,-------------–--–------ დავალიანების თანხიდან და საქმის განხილვის მომენტისათვის შპს ,-–------–-- შპს ,----------------- მიმართ დავალიანება არ გააჩნია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. დადგენილია რომ, კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის ადგილი აქვს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავას. კერძოდ - განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მომსახურების შესახებ ზეპირი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ტექნიკით მომსახურება და მისი ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო მოპასუხის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის ტექნიკური მომსახურებით. გაწეული მომსახურების და მომსახურების საფასურის თაობაზე, მონაცემები ასახულ იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურებში, რომელიც დადასტურებულია მოპასუხე კომპანიის მიერ. შპს “-–------–--- ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან ისეთ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს მოპასუხე კომპანიას კრედიტორისათვის შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს 3870 ლარის ოდენობის მიღებული მომსახურების ღირებულება. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართა გააჩნია დავალიანება 3870 ლარის ოდენობით. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე კომპანიასთან დაკავშირებული სხვა კომპანია, შპს „-------------–--–----, ასევე იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხე კომპანიასთან და სწორედ ამ სამ კომპანიას შორის წარმოებულმა ურთიერთობამ გამოიწვია არსებული დავალიანების წარმოშობა. აქვე აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, შპს „-------------–--–----–- გააჩნდა დავალიანება მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, მხარეთა ზეპირი შეთანხმებით უნდა მომხდარიყო აღნიშნული დავალიანების გაქვითვა, ვინაიდან შპს „-–-----–--- მოთხოვნის უფლება აღემატებოდა ამ ორი კომპანიის მიმართ არსებულ დავალიანებას. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით, არამედ ამავე კოდექსის 442-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ურთიერთმოთხოვნის ვალდებულება შეიძლება შეწყდეს მათი გაქვითვით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ, რომ 2015 წელს შპს ,----------------- მოპასუხე შპს ,--–------–-- გაუწია ტექნიკით მომსახურება. 4.2. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,--–------–--- დავალიანება მოსარჩელე შპს ,----------------- მიმართ შეადგენს 3870 ლარს, რომელიც მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ის გარემოება, რომ 2015 წელს შპს ,----------------- მოპასუხე შპს ,--–------–-- გაუწია ტექნიკით მომსახურება, მხარეთა შორის სადავო არ არის. სარჩელზე თანდართული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ, გაწეული მომსახურების ღირებულების ჯამური ოდენობა 3870 ლარს შეადგენს (ტ.1, ს.ფ. 17-19). რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოადგენილი არ არის. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება. ის გარემოება, რომ სადავო თანხა მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის, დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის. აპელანტის პოზიცია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვალდებულება შეწყვეტილია ურთიერთმოთხოვნების გაქვითვით მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ არ დგინდება მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე შეთანხმების არსებობა. ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც, ე.ი. ორივეს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება და ასევე დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ეს ორი წინაპირობა უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ სადავო მომსახურების თანხა გაქვითულ იქნა მოპასუხის მიმართ არსებული კომპანია შპს ,,-------------–--–------ დავალიანების თანხიდან და საქმის განხილვის მომენტისათვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, საქმეში წარმოდგენილი არ არის. 4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს მართებულად დააკისრა მოპასუხეს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 3870 ლარის ოდენობით. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია .

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,--–------–--- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ოთარ სიჭინავა