განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002993218
საქმე N3ბ/1797-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ---- მ-----
მესამე პირი (ასკ 16.2 ) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მესამე პირი (ასკ 16.2) - გ------- მ-----
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად
ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ ლ---- მ-----ს ნაწილში (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-10).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ------- მ-----ს შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, წ-----------–---–ის ქ---ა №---, ს--------–---, ფართი: 55.30 კვ.მეტრი, ლ---- მ-----ს ნაწილში(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-10).
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხეებიის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე- საქართველოს პრეზიდენტმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად ცნობას. არ არის წარმოდგენილი არც-ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ განკარგულების გამოცემის დროს მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე. ამავე დროს განაცხადა, რომ როგორც იმ დროისათვის მოქმედი, ასევე ამჟამად მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზებულ ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
2.1.2. მოპასუხეს-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
2.2. მესამე პირების პოზიცია
2.2.1. მესამე პირმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
2.2.2. მესამე პირს-გ------- მ-----ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ლ---- მ-----ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელი ცნო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ---- მ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება ლ---- მ-----ს ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ------- მ-----ს შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, წ-----------–---–ის ქ---ა №---, ს--------–---, ფართი: 55.90კვ.მეტრი, ლ---- მ-----ს ნაწილში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ ლ---- მ----- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. (ს.ფ 15)
4.2. ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.
განკარგულების თანახმად, ქ.თბილისში, წ-----------–---–ის ქ---ა N1--, ს--------–---, ფართი: 55.9 კვ. მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ გ------- მ-----ს, ნ--–- კ-----ას, მ---- მ-----ს, ლ---- მ-----ს. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ იქნა საპრივატიზებო პირობები:
ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1(ერთი) წლის ვადაში;
ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით;
გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა;
დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს დედაქალაქის-თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე - ქ.თბილისის მერიის მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე გადადიოდა ამ განკარულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მერიას და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. (ს.ფ70-72)
4.3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 10 თებერვალს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ გ------- მ-----ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ------- მ-----ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, წ-----------–---–ის ქ---ა №---, ს--------–---, ფართი: 55.90 კვ.მეტრი.
დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, გ------- მ-----მ აიღო ვალდებულება ნ--–- კ-----ა, მ---- მ----- და ლ---- მ----- უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.
დასახელებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველს და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებულ პირებს, არ გააჩნიათ საკუთრებაში რაიმე უძრავი ქონება, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე უძრავი ქონებისა.
დასახელებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, რომ მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
დასახელებული ხელშეკრულების 2.6 პუნქტით დადგინდა გ------- მ-----ს ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
დასახელებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. 2.4 და 2.5. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.
2009 წლის 10 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისში, წ-----------–---–ის ქ---ა N1---ში მდებარე უძრავი ქონება- ს--------–----, ფართი: 55.90 კვ.მეტრი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:
№0----------------------, 2009 წლის 10 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ------- მ-----ს სახელზე. (ს.ფ 11-13)
4.4. 2012 წლის 05 სექტემბერს, ლ---- მ-----მ N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ მის ოჯახთან ერთად (მეუღლე ნ---- ს-----–---–ი, შვილი გ-------– მ-----, მამა გ------- მ-----, დედა ნ--–- კ-----ა, და მ---- მ-----) ცხოვრობს წ-----------–---–ის N1---ში მდებარე კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში (55.9კვ.მეტრ ფართში) და ითხოვა გამოეყოს ფართი მას და მის მეუღლეს ნ---- ს-----–---–ს და გ-------– მ-----ს, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ფართი არ არის საკმარისი მრავალრიცხოვანი ოჯახისათვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 27 ნოემბრის N-------------- წერილით ლ---- მ-----ს, თავის 2012 წლის 05 სექტემბრის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მას და მის ოჯახს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაუკანონდათ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართი, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მისი საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით არ არის გათვალისწინებული.(ს.ფ. 88-89)
4.5. 2019 წლის 01 აპრილს, ლ---- მ-----მ N----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის N-------- წერილით, ლ---- მ-----ს თავის 2019 წლის 01 აპრილის N----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2009 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისი, წ-----------–---–ის ქ---ა N1-- დევნილთა განსახლების ობიექტში ,,2----–----------------’’ მდებარე ბინა (ს.კ
0----------------------). შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. (ს.ფ. 85) (ს.ფ. 14)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2009 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ------- მ-----ს შორის დადებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით ლ---- მ-----ს ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მისთვის, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა ზემოაღნიშნული სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით ლ---- მ-----ს მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
5.2 სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არამართებულია.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ ლ---- მ-----მ გაუშვა საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების ან/და გ------- მ-----სთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო აქტის ან/და ხელშეკრულების ჩაბარების მომენტიდან მას კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 27 ნოემბრის N-------------- წერილს, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად, ვინაიდან თავად სადავო- საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ლ---- მ-----ს ამ დროისათვის არ გაგზავნია და არ ჩაბარებია. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო მათი შინაარსი, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ ჩაიბარა სადავო-საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით კი ვერ დგინდება, რომ აღნიშნული დოკუმენტების ჩაბარებიდან კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მიმართა მოსარჩელემ სასამართლოს.
6. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის თავად ლ---- მ-----ს 2012 წლის 05 სექტემბრის და 2018 წლის ივლისის განცხადებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მის ოჯახთან - დედასთან, მამასთან, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და ცხოვრობს ქ .თბილისში, წ-----------–---–ის ქ. N1---ში, ანუ იმ ფართში, რომელიც მის ოჯახს გადაეცა სახელმწიფოსაგან საკუთრებაში. შესაბამისად, ლ---- მ----- მის მშობლებთან ერთად წარმოადგენს ერთ ოჯახს, რომელიც დაკმაყოფილბულია საცხოვრებელი ფართით და დღეს მას ხსენებული კანონის მიხედვით, არ აქვს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვოს დამატებითი ფართი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მითითება, ვინაიდან, ლ---- მ----- ამ შემთხვევაში არ არის ის მესამე პირი, რომლის უფლება შეიზღუდა.
აპელანტის განმარტებით, ასევე საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით, ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ლ---- მ----- წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. შესაბამისად, მის ოჯახის წევრს, როდესაც 2009 წელს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, რის შემდეგაც შეეცვალათ დევნილის შემწეობის ოდენობა, მათ უნდა სცოდნოდათ ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. თუმცა, გარდა ამისა, საქმეზე თანდართული დევნილთა 2013 წლის ანკეტებით, რომელიც ხელმოწერილია თავად მოსარჩელის მიერ, დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დაკმაყოფილებული იყო ფართით სახელმწიფოსგან - ანუ გადაცემული ჰქონდა ფართი საკუთრებაში მინიმუმ 2013 წელს ცნობილი იყო მისთვის, რადგან ეს ინფორმაცია შეტანილია ამ ანკეტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა და მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უნდა ეთქვათ უარი.
7.2 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი. სასამართლომ, მხოლოდ მოპასუხე მხარის და მესამე პირის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გადაცემულ უძრავ ქონებაში - ქ. თბილისი, წ-----------–---–ის ქ. N1---ში ლ---- მ-----ს არასდროს უცხოვრია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი საქმეში არ არის წარმოდგენილი და ვერც სასამართლო უთითებს. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის საპირისპიროს ადასტურებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცესკოს - ამომრჩეველთა ელექტრონულ სიაში მოძიებული ინფორმაცია, დევნილის 0-------- ანკეტა და სხვა მტკიცებულებანი.
უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნებოდა დევნილთა ნებისა და არჩევანის თავისუფლებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დევნილი ოჯახი ნებაყოფლობით და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე იღებდნენ ერთობლივად გადაწყვეტილებას დაეკანონებინათ მათ სარგებლობაში არსებული ფართი ან/და დასთანხმებოდნენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართს. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრების ხელმოწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მათი წერილობითი თანხმობა სავალდებულო არ იყო, ვინაიდან მათ აღნიშნული ხელშეკრულებით არ დაკისრებიათ რაიმე ვალდებულება. უფრო მეტიც, სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელე - ლ---- მ-----ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 67-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესი წერილობით თანხმობასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
აპელანტის განმარტებით, სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ---- მ----- წარმოადგენს სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების მხარის - გ------- მ-----ს ოჯახის წევრს - შვილს. ამდენად, წარმოუდგენელია, რომ მოსარჩელეს არ სცოდნოდა 2009 წლის 10 თებერვალს სამინისტროსა და გ------- მ-----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. იძულებით გადაადგილებულ პირთა, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება წარმოადგენს ერთიან პროცესს და აღნიშნულის შესახებ თითოეული მათგანი იყო ინფორმირებული. სამინისტროსათვის დაუჯერებელია, რომ გ------- მ-----მ ერთხელაც კი არ განაცხადა შვილთან - ლ---- მ-----სთან სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებისა და მათთვის სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებით ქ. თბილისში, წ-----------–---–ის ქ. N1---ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შემდგომ ე.წ კომპაქტურ ობიექტებს ეცვლებოდათ სტატუსი და აღირიცხებოდა არა როგორც კოლექტიური ჩასახლება, არამედ როგორც დევნილთა კერძო ობიექტი. აღნიშნული ფაქტის შემდგომ, განკერძოებულ ობიექტში მაცხოვრებელ ყველა დევნილისთვის ხდებოდა ცნობილი ის, რომ მათი ყოველთვიური შემწეობა გაიზარდა. ხოლო, იმავე დევნილებს უუქმდებოდათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათები კომუნალურ მომსახურებაზე.
აღნიშნული პროცედურები და სამართლებრივი რეგულაცია ასევე შეეხებოდა თავად მოსარჩელე - ლ---- მ-----ს. შესაბამისად, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო ქ. თბილისში, წ-----------–---–ის ქ. 1---ში მდებარე 55.90 კვ.მ ფართით დაკმაყოფილების შესახებ, მოკლებულია დამაჯერებლობას.
საქმეში არსებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 10 თებერვლიდან, ან და 2013 წლის 26 ნოემბრიდან, როდესაც ანკეტის შინაარს გაეცნო და ხელი მოაწერა თავად მოსარჩელემ - ლ---- მ-----მ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო და ის უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლების გათავლისწინებით.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- მ----- და გ------- მ----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილები. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება - მოვალეობებს განსაზღვრავს.
8.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’, რომელიც მოქმედებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების (2009 წლის 12 თებერვალი) დადების მომენტისათვის. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით. აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა, შესაბამისად დაუდგენელია რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მოსარჩელე პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირად და გ------- მ-----ს ოჯახის წევრად.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ------- მ-----ს შორის დადებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით ლ---- მ-----ს ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მისთვის, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა ზემოაღნიშნული სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით ლ---- მ-----ს მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ------- მ-----ს შორის 2009 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ---- მ-----ს ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლ---- მ-----ს ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულება, რადგან მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
8.3 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 05 სექტემბერს, ლ---- მ-----მ N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ მის ოჯახთან ერთად (მეუღლე ნ---- ს-----–---–ი, შვილი გ-------– მ-----, მამა გ------- მ-----, დედა ნ--–- კ-----ა, და მ---- მ-----) ცხოვრობს წ-----------–---–ის N1---ში მდებარე კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში (55.9კვ.მეტრ ფართში) და ითხოვა გამოეყოს ფართი მას და მის მეუღლეს ნ---- ს-----–---–ს და გ-------– მ-----ს, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ფართი არ არის საკმარისი მრავალრიცხოვანი ოჯახისათვის.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 27 ნოემბრის N-------------- წერილით, ლ---- მ-----ს თავის 2012 წლის 05 სექტემბრის N--------განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მას და მის ოჯახს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაუკანონდათ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართი, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მისი საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 01 აპრილს, ლ---- მ-----მ N----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის N-------- წერილით კი, ლ---- მ-----ს თავის 2019 წლის 01 აპრილის N----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2009 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისი, წ-----------–---–ის ქ---ა N1-- დევნილთა განსახლების ობიექტში ,,2---–----------------’’ მდებარე ბინა (ს.კ 0----------------------). შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
ლ---- მ----- მიუთითებს, რომ 2019 წლის 08 მაისს გამოთხოვა ინფორმაცია, რომლის გამოთხოვამდეც მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი, სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2019 წლის 15 მაისს.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას სამოქალაქო კოდექსის ნორმები აწესრიგებს, ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იწვევს, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება დაიდო. იმის გათვალისწინებით, რომ პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სადავო ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ბათილი აქტის შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების გაბათილების საფუძველიც.
პალატა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სარჩელი ხანდაზმული არ არის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არაა დადგენილი, რომ ლ---- მ-----მ გაუშვა საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების ან/და გ------- მ-----სთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო აქტის ან/და ხელშეკრულების ჩაბარების მომენტიდან მას კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 27 ნოემბრის N-------------- წერილს, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებად, ვინაიდან თავად სადავო- საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ლ---- მ-----ს ამ დროისათვის არ გაგზავნია და არ ჩაბარებია. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო მათი შინაარსი, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ ჩაიბარა სადავო-საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით კი ვერ დგინდება, რომ აღნიშნული დოკუმენტების ჩაბარებიდან კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მიმართა მოსარჩელემ სასამართლოს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 251, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -