განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
330100115789533
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100115789533, №1/ბ-952-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------– ბ----–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - შ----- ა-–-----ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------- (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატი - ლ---- მ-------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) - განზრახ მკვლელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) - ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით და დაკავშირებულია დანის ხმარებასთან.

 

სასჯელი:

 

შ----- ა-–-----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ქ.თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ-------– ბ----–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენის გაუქმება, შ----- ა-–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და საბოლოოდ, მისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დანაშაულის თვითმხილველი და კონფლიქტის მონაწილე თ---------- მ----------მა განმარტა, რომ მას შ----- ა-–-----მა რამდენჯერმე მოუქნია დანა, შემდეგ დანის ტარი ჩაარტყა თავში და წააქცია. ამის შემდეგ გადაინაცვლა დ----- ლ-------–---–ის მხარეს და დარწმუნებულია, რომ დანა მის მეგობარს დაარტყა შ----- ა-–-----მა, რადგან დაინახა დ----- ლ-------–---–თან ახლოს მდგომი შ----- ა-–-----ი დანით ხელში. მისივე განმარტებით, ჩხუბში არავინ ჩარეულა, ერთადერთი ადამიანი, ვისაც დანა ეჭირა ხელში, იყო შ----- ა-–-----ი.

▪ 1990 წლის 8 აგვისტოს ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც თ---------- მ----------მა წარდგენილ ფოტოსურათებს შორის ამოიცნო შ----- ა-–-----ი და აღნიშნა, რომ ხსენებულ პირს 1990 წლის 6 აგვისტოს, ქ------–----------------ს ქუჩაზე, ტაქსიდან გადმოსვლისას ხელში ეჭირა დანა, რომლითაც დაჭრა თ---------- მ----------ი, შემდეგ კი, დანით ხელში გაეკიდა დ----- ლ-------–---–ს.

▪ მოწმე თ---------- მ----------ის ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

▪ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ტ-------- წ--–---–-–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილ იქნა, რომ 1990 წლის 6 აგვისტოს, ქ------–----------------ს ქუჩაზე ყოფნისას შ----- ა-–-----ი გამოირჩეოდა ცინიზმით და განსაკუთრებული თავხედობით. მან დანით დაჭრა თ---------- მ----------ი, ხოლო შემდეგ გაეკიდა დ----- ლ-------–---–ს, რომელსაც დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

▪ მოწმე ტ-------- წ--–---–-–---–ი წინასწარი გამოძიების ეტაპზე გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც მან მიუთითა ზ--------ის ქუჩაზე, სადაც ჩხუბის დროს შ----- ა-–-----მა დანით მსუბუქი დაზიანებები მიაყენა თ---------- მ----------ს და შემდეგ კი დანით გაეკიდა დ----- ლ-------–---–ს.

▪ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ვ-------- ლ-------–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 1990 წლის 6 აგვისტოს, მის ძმას, დ----- ლ-------–---–ს და თ---------- მ----------ს ზ--------ის ქუჩაზე ჩხუბი მოუვიდათ უცნობ პირებთან, რა დროსაც შ----- ა-–-----მა დაჭრა თ---------- მ----------ი, შემდეგ კი, დანით გაეკიდა დ----- ლ-------–---–ს, რომელიც დაჭრა ბარძაყის არეში. აღნიშნულის გამო დ----- ლ-------–---–ი დაიცალა სისხლისგან და გარდაიცვალა საავადმყოფოში.

▪ შემთხვევის დროს შ----- ა-–-----ის მიერ დ----- ლ-------–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი დადასტურებულია მოწმეების: მ------ ა-------ის და ზ----- გ------ის ჩვენებებით.

▪ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე რ----- ა-----ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისი შვილის - ნ------- ა-----ისგან შეიტყვეს, რომ შემთხვევის დროს ტაქსიდან გადმოსულ შ----- ა-–-----ს ხელში ეჭირა დანა და ეჩხუბებოდა უცნობ ახალგაზრდას. შ----- ა-–-----მა დანა დაარტყა უცნობ ახალგაზრდას, რომელიც დაეცა ძირს.

▪ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ლ--------- ხ-–--–--ს ჩვენებაში მითითებულია შემდეგი სიტყვები „...ჩვენთან უბანში მკვლელობა ჩაიდინა შ----- ა-–-----მა, რომელსაც ეძახიან „შ---ს“....

▪ მოწმე ტ------– თ----------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, 1990 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ზ--------ის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიის მახლობლად, ტაქსთან ესვენა სისხლში მოსვრილი გარდაცვლილი დ----- ლ-------–---–ი. მეორე დღეს კი უბანში შეიტყო, რომ დ----- ლ-------–---–ი მოუკლავს შ----- ა-–-----ს, იგივე „შ---ს“.

▪ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დ----- ლ-------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა მწვავე სისხლნაკლებობა, რაც განვითარდა მარცხენა ბარძაყის არტერიის და ვენის სრული გადაკვეთის შედეგად.

▪ ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილ დ----- ლ-------–---–ის ტანსაცმელზე, შარვალსა და პერანგზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ცალმხრივლესილი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით.

▪ შ----- ა-–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. დამამძიმებელ გარემოებას კი წარმოადგენს მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და თავის არიდება წინასწარი გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, შ----- ა-–-----ს ბრალი დაედო:

- განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე;

- ბოროტ ხულიგნობაში, ე.ი. განზრახ მოქმედებაში, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით და დაკავშირებულია დანის ხმარებასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1990 წლის 6 აგვისტოს, შ----- მ-------ის ძე ა-–-----მა, რომელიც იმყოფებოდა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში, გააჩერა თბილისის ტაქსომოტორების მე-4 პარკის მძღოლ ტ-------- წ--–---–-–---–ზე განპიროვნებული ტაქსი სახ. N--------- და აღნიშნული ტაქსით ისინი გაემართნენ ზ--------ის ქუჩის მიმართულებით. მგზავრობის დროს, მათი თანხმობით, მძღოლმა თანამგზავრებად აიყვანა თ---------- ს------ის ძე მ----------ი და დ----- ი----ს ძე ლ-------–---–ი, რომლებიც იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. მგზავრობის დროს, თ---------- მ----------მა რამდენჯერმე უტაქტოდ მიმართა შ----- ა-–-----ს და მის თანამგზავრს, ხოლო როდესაც მანქანა გაჩერდა ზ--------ის ქუჩაზე მდებარე N---ე სასურსათო მაღაზიის წინ და შ----- ა-–-----ის თანამგზავრმა მძღოლს მიაწოდა ფული მგზავრობის ღირებულების გადასახდელად, თ---------- მ----------მა მას ხელი დაუჭირა და უთხრა: ,,ჩადით მე გადავიხდი“, რაზედაც განაწყენებულმა შ----- ა-–-----მა უცენზურო სიტყვებით მიმართა თ---------- მ----------ს და წინადადება მისცა გადმოსულიყო მანქანიდან. როდესაც ეს უკანასკნელი და დ----- ლ-------–---–ი ჩამოვიდნენ, შ----- ა-–-----მა, დაახლოებით 21:00 საათზე, ჩაიდინა რა ბოროტი ხულიგნობა, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, ჯიბიდან ამოიღო დანა და რამდენჯერმე გაუსვა ის თ---------- მ----------ს გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ დანის ტარი ჩაარტყა მას თავში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა. ამის შემდეგ შ----- ა-–-----ი დანაამოღებული გამოეკიდა გაქცეულ დ----- ლ-------–---–ს, დაეწია მას და იყო რა მასზე განაწყენებული, განზრახ, შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით დ----- ლ-------–---–ს დანის დარტყმით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდისა და მარცხენა ქვედა კიდურის არეში და გადაუჭრა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანო - მარცხენა ბარძაყის არტერია და ვენა, რის შედეგადაც, დ--–-------–---–ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა მწვავე სისხლნაკლებობით, ხოლო შ----- ა-–-----ი მიიმალა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით, შ----- ა-–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე ტ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებები. აღნიშნული ჩვენებებით ირკვევა, რომ ტ-------- წ--–---–-–---–ი მძღოლად მუშაობდა თბილისის ტაქსო-მოტორების საწარმოში და იჯარით აღებული ჰქონდა გაზ-24 მარკის ავტომანქანა. 1990 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 20:50 საათზე, ნუცუბიძის ქუჩის ბოლოს, მასთან მივიდა ორი ახალგაზრდა და თხოვეს ვაკეში გაყვანა, რაზეც დათანხმდა. აღნიშნული პირები ჩასხდნენ ავტომანქანის უკანა სავარძელში. ქავთარაძის ქუჩაზე, შუქნიშანთან მასთან მივიდა ხანში შესული მამაკაცი, რომელმაც თხოვა ლენინის მოედანზე გაყვანა, თუმცა ამ დროს მანქანასთან მიირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა, როგორც შემდეგ გაირკვა თ---------- მ----------მა, რომელმაც ხანში შესულ მამაკაცს უთხრა, რომ ძალიან ეჩქარებოდა და ტაქსი უნდა დაეთმო მისთვის, ასევე მანქანაში მყოფ ორ პირს კითხა, ხომ არ იყვნენ წინააღმდეგი მათთან ერთად ემგზავრა. თანხმობის მიღების შემდეგ კი ჩაჯდა ავტომანქანის წინა სავარძელში და გასძახა იქვე მყოფ სხვა პირს ,,დაჯექი, ვაკეში მიდიანო“. ახალგაზრდა მამაკაცი გამოეყო იქ მყოფებს და ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელში მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც დაძრა ავტომანქანა. თ---------- მ----------ი, რომელიც იყო ნასვამი, მთელი გზა გამომწვევად ესაუბრებოდა მანქანაში მყოფ პირებს. იგი რამდენჯერმე შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. ზ--------ის ქუჩაზე მისვლისას, ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც პირველები ჩასხდნენ ავტომანქანაში, სასურსათო მაღაზიასთან გააჩერებინეს მანქანა და ჩავიდნენ. მაღაზიასთან იდგა 4-5 ახალგაზრდა. ჩასვლისას უკან მჯდომმა შედარებით დაბალმა ახალგაზრდამ გადაუხადა მგზავრობის საფასური, რაზეც თ---------- მ----------მა უთხრა, რომ ჩასულიყვნენ და თავად გადაიხდიდა. უკან სავარძელზე შუაში მჯდომმა შედარებით მაღალმა ახალგაზრდამ კი, რომელიც უნდა ყოფილიყო არაქართველი, თ---------- მ----------ს მიმართა, ჩასულიყო მანქანიდან. აღნიშნულზე წამოიშალნენ მაღაზიასთან მყოფი პირებიც. თ---------- მ----------ი გადავიდა ავტომანქანიდან. მაღალმა პირმა თ---------- მ----------ს ორჯერ დაარტყა დანიანი ხელი, დააგდო ძირს და აპირებდა კიდევ დაერტყა, თუმცა ყვირილის ხმაზე შეეშვა და გაიქცა იქით, სადაც თ---------- მ----------ის თანმხლებმა პირმა - დ----- ლ-------–---–მა იქ მყოფ პირს დაარტყა და გაიქცა. მას გაეკიდნენ მაღალი და იქ მყოფი სხვა პირები. მან წამოაყენა თ---------- მაჭავრიანი და მასთან ერთად გაიქცა იმ მიმართულებით, საითაც გაიქცა დ----- ლ-------–---–ი, თუმცა დაახლოებით 10 მეტრის გავლის შემდეგ ხსენებული პირები, მათ შორის მაღალიც, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, მორბოდნენ უკან. ამ დროს დაინახა, რომ დ----- ლ-------–---–ი წაქცეული იყო ბოძთან. თ---------- მ----------ი გაეკიდა ხსენებულ პირებს, რა დროსაც მას შეაგინა მაღალმა ,,რას მოგვდევ შენი დედაო“. თ----------ი გაჩერდა და მალევე დაბრუნდა უკან. ამ დროს შეიკრიბა ხალხი, რომელთა დახმარებითაც მარცხენა ფეხში დაჭრილი დ----- ლ-------–---–ი ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. მოწმის ჩვენებით, მას სხვა პირის ხელში დანა ან დანით დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, მხოლოდ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მანქანაში შენიშნა, რომ თ---------- მ----------ს ხელში ეჭირა გრძელპირიანი პურის საჭრელი დანა, რომელიც მოგვიანებით გადააგდო ავტომანქანის ფანჯრიდან.

 

სასამართლოში დაიკითხა მოწმე თ---------- მ----------ი, რომელმაც განმარტა, რომ 1990 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა დ----- ლ-------–---–თან ერთად. როგორც ახსოვს, ქავთარაძის ქუჩაზე გააჩერეს ტაქსი, რომელითაც მგზავრობდნენ შ----- ა-–-----ი და მისი მეგობარი. მძღოლმა შესთავაზა, რომ ჯერ აღნიშნულ პირებს დატოვებდა მათთვის სასურველ ადგილას, ხოლო შემდეგ მათ მიიყვანდა დანიშნულების ადგილზე. იყო ნასვამი და გზაში შელაპარაკება მოუვიდა შ----- ა-–-----თან თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ შეაგინეს ერთმანეთს. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც შ----- ა-–-----მა მას მოუქნია დანა, რის გამოც დაეცა ძირს. ამ დროს მასთან მივიდა ავტომანქანის მძღოლიც. ფეხზე წამოდგომის შემდეგ დაინახა, რომ დ----- ლ-------–---–ი გაიქცა მანქანის მარჯვენა მხარეს და მას მისდევდა შ----- ა-–-----ი, რომელსაც დანა ეჭირა ხელში, თუმცა მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, რადგან იქით უკვე იყო სიბნელე. მოწმის განმარტებით, დანა ხელში ეჭირა მხოლოდ შ----- ა-–-----ს, თუმცა დანის მოქნევა არ დაუნახავს. დ----- ლ-------–---–თან ყველაზე ახლოს იყო შ----- ა-–-----ი, ხოლო სხვა ახალგაზრდები დაახლოებით 2-4 მეტრში. მოწმის განმარტებით, დ----- ლ-------–---–ი დაჭრილი იყო საზარდულის არეში, ხოლო დანა, რომელიც შ----- ა-–-----ს ეჭირა, იყო ფართოპირიანი, რუსული, შედარებით მძიმე. დაჭრილი დ----- ლ-------–---–ი ავტომანქანით გადაიყვანეს მე-9 საავადმყოფოში, სადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე ტ------– თ----------ს დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, იგი ცხოვრობდა ქ------–----------------------------–---–------------ში. 1990 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 21:10 ან 21:15 საათზე, მანქანით ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც ზ--------ის ქუჩაზე დაინახა, რომ მაღაზიის მიმართულებით გარბოდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არ იყო მათი უბნელი და ხელში ეჭირა მოზრდილი ქვა. მაღაზიასთან, კერძოდ, ბეტონის ფილებთან იდგა ტაქსი, მის წინ კი ასფალტზე ეგდო სისხლში მოსვრილი კაცი, რომელსაც შარვალი სისხლისგან ჰქონდა გაბერილი. იქვე იდგა ტაქსის მძღოლი, რომელმაც უთხრა, რომ ადამიანი იყო გარდაცვლილი. მან განაგრძო გზა, რა დროსაც დაინახა ქვემოდან ზემოთ მომავალი ისევ ის ახალგაზრდა, რომელსაც მანამდე ხელში ეჭირა მოზრდილი ქვა, ამ დროს კი, ხელში ეჭირა გრძელპირიანი, პურის საჭრელი დანა. მან ბიჭს მოუწოდა აზრზე მოსულიყო, რაზეც ახალგაზრდამ უპასუხა, რომ არაფერს ერჩოდა და იცოდა, ვისაც ეძებდა. შევიდა სახლში, ცოტა ხანში ლ--------- ხ-–--–--მ უთხრა, რომ მათ უბანში მოუკლავთ კაცი. მეორე დღეს, უბანში გაიგო, რომ მამაკაცი მოუკლავს „შ---ს“, იგივე შ----- ა-–-----ს.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ლ--------- ხ-–--–--ს ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობდა ქ------–----------------ს ქუჩა N---ში. 1990 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე მივიდა სახლში, რა დროსაც მეუღლემ უთხრა, რომ მათი სახლის წინ დაჭრეს ახალგაზრდა - დ----- ლ-------–---–ი. იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შეკრებილი იყვნენ მეზობლები და პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც. მოგვიანებით შეიტყო, რომ მკვლელობა ჩაუდენია შ----- ა-–-----ს, რომელსაც ეძახდნენ „შ---ს“. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის დღეს „შ---“ არ უნახავს.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა მოწმე რ----- ა-----ის დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 1990 წლის 8 აგვისტოს სიმამრმა - შ---- დ-----–---მა უთხრა, რომ წინა დღეს ნ------- ა-----ისგან შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი 1990 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, დეიდაშვილთან - ო--------------თან ერთად მჯდარა ქ------–----------------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან, სადაც გაჩერდა ტაქსი, საიდანაც გადმოსულა „შ---“ (შ----- ა-–-----ი) და ტაქსიდან გადმოუყვანია უცნობი ბიჭი, რომელსაც დაუწყო ჩხუბი. ნ------- ა-----ს ასევე უთქვამს, რომ „შ---ს“ ხელში ეჭირა დანა და იძახდა ,,ახლოს არ მომეკაროთ, თორემ დაგჭრითო“. ისინი ახლოს მისულან „შ---სთან“ და უცდიათ მისი შეჩერება, თუმცა ვერ შეძლეს, რა დროსაც დაუნახავთ, რომ „შ---მ“ მათთვის უცნობ ბიჭს დაარტყა დანა და ეს უკანასკნელი წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ნ------- ა-----ი და ო--------------ი გაქცეულან, რადგან მომხდარის გამო შეეშინდათ.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ზ--- ვ-–----ის ჩვენებით, რ----- ა-----ის ოჯახი ცხოვრობდა მის მეზობლად. რ----- ა-----ს ჰყავს ორი ვაჟი - ბ------ და ნ------- ა-----ები, რომლებიც დიდი ხანია არ უნახავს და მათი ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 1990 წლის 6 აგვისტოს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ------–----------------ს ქუჩა N---ის წინ. აღნიშნული სახლის ხელმარცხნივ მდებარე აღმართის ფერდობის ძირას (სადაც გაშენებულია წიწვოვანი ხეები) მდებარეობს სასურსათო გასტრონომი, რომლის ხელმარცხნივ 10 მეტრში მიწყობილია ბეტონის ფილები, მის გასწვრივ კი, განლაგებულია კერძო საცხოვრებელი სახლები. N-- სახლის წინ ასფალტზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ლაქები ასევე აუყვება ასფალტის აღმართს და თავდება 21 მეტრში, ზუსტად N-- სახლის წინ, რომელიც ეკუთვნის ა-–-----–---ოს. ტროტუარის მოპირდაპირე მხარეს (6 მეტრში), შეიმჩნევა მოწითალო ფერის ლაქები. 90 სმ-ზე ამოშენებულ ბეტონის კედელზე შეიმჩნევა მოწითალო ფერის ლაქები. დათვალიერებისას გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დანა ან სხვა რაიმე საგანი, ნანახი ვერ იქნა.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, 1990 წლის 7 აგვისტოს 02:00-03:15 საათზე დათვალიერდა თბილისის N4 ტაქსომოტორების პარკის მძღოლის - ტ-------- წ--–---–-–---–ის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ტაქსი - გაზ-24 მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 7---------, რომლის უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს, კართან შეიმჩნევა მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო შალითა გაჟღენთილია მოწითალო ფერის სითხით. დათვალიერებისას გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დანა ან სხვა რაიმე საგანი, ნანახი ვერ იქნა.

 

1990 წლის 7 აგვისტოს ოქმით დადგენილია, რომ თ---------- მ----------მა გამოძიებას წარუდგინა ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, კერძოდ: მწვანე ფერის შარვალი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა ტოტზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები და ცისფერი პერანგი, რომელსაც გულ-მკერდის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. პერანგი გახეულია მარცხენა მხართან.

 

მოწმის შემთხვევის ადგილზე გაყვანით დამატებითი დათვალიერების შესახებ ოქმით, 1990 წლის 7 აგვისტოს, ტ-------- წ--–---–-–---–ს მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, მიეცა წინადადება ეჩვენებინა ის ადგილი, სადაც დაუდგენელი ბოროტმოქმედის მიერ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი დ----- ლ-------–---–ი, რა დროსაც ტ-------- წ--–---–-–---–მა მიუთითა ზ--------ის ქუჩაზე მდებარე სასურსათო გასტრონომის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზ--------ის N---ში მცხოვრები ა-–-----–---ოს თანდასწრებით ასევე დათვალიერდა სახლის მიმდებარე ტერიტორია და ღობის ძირი, თუმცა რაიმე მნიშვნელობის საგანი ნანახი ვერ იქნა. ტ-------- წ--–---–-–---–ის მითითებით მომხდარი ჩხუბისა და განლაგება-ადგილმდებარეობის მიხედვით დასურათდა ადგილმდებარეობა.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით, 1990 წლის 8 აგვისტოს 15:15-16:00 საათზე ჩატარდა ქ------–-----------------------------ში მდებარე შ----- ა-–-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა შ----- ა-–-----ის ფოტოსურათი და სანადირო, შავტარიანი დანა.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით, 1990 წლის 8 აგვისტოს, 14:15-15:20 საათზე ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც თ---------- მ----------მა წარდგენილ სამ ფოტოსურათს შორის, სახის ნაკვთებით, ცხვირით და თმით, ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - შ----- ა-–-----ი. თ---------- მ----------ის განმარტებით, აღნიშნული პირი ჰგავს იმ მამაკაცს, რომელსაც 1990 წლის 6 აგვისტოს ქ------–----------------ს ქუჩაზე, დაახლოებით 21:30 საათზე, მისი ტაქსიდან გადმოსვლის დროს ხელში ეჭირა დანა, რომლითაც დაჭრა იგი. მისი წაქცევის შემდეგ კი, დანით ხელში გაეკიდა მის მეგობარს - დ----- ლ-------–---–ს. თ---------- მ----------ს სურდა ფოტოზე გამოსახული პირი ფიზიკურად წარედგინათ მისთვის, რათა დაეზუსტებინა მისი შეხედულების რეალობა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 1990 წლის 07 აგვისტოს N--- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ დ----- ი----ს ძე ლ-------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული მარცხენა ბარძაყის არტერიისა და ვენის სრული გადაჭრის შედეგად.

▪ დ----- ლ-------–---–ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი დაზიანებანი: ნაჭდევები თხემის მარცხენა ნახევარში, მარჯვენა ხელის მტევნის მე-2 და მე-3 თითებზე, მარცხენა წარბის არეში, სისხლნაჟღენთი კისრის მარცხენა ნახევარში. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით და შეეფარდება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჭრილობა მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით. მარცხენა ბარძაყზე არსებული ჭრილობა მიყენებულია რაიმე ცალმხრივ ლესილი ზედაპირის მქონე მჩხვლეტავ მჭრელი საგნით, აზიანებს მარცხენა ბარძაყის არტერიას და ვენას და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ჭრილობა მიემართება წინიდან უკან.

▪ დ----- ლ-------–---–ის სისხლის და შარდის სასამართლო ქიმიური გამოკვლევით სისხლში აღმოჩნდა 1,9 პრომილე ეთილის სპირტი, შარდში 2,1 პრომილე ეთილის სპირტი, რაც სიმთვრალის ხარისხის განსაზღვრისას შეეფარდება საშუალო ხარისხის სიმთვრალეს.

 

1990 წლის 7 აგვისტოს ექსპერტის N---- დასკვნით, თ---------- მ----------ის დაზიანებები სისხლჩაქცევა და დაბეჟილობები მიყენებულია რაიმე მაგარი ბლაგვი საგნით და განეკუთვნება მსუბუქთა კატეგორიას ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. ხოლო კვეთილი ჭრილობები მიყენებული აქვს მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით და განეკუთვნება მსუბუქთა კატეგორიას ჯანმრთელობის ხანმოკლე დაზიანებით. მიყენების ხანდაზმულობა არ არის წინააღმდეგობაში დადგენილებაში მითითებული ვადისა - 1990 წლის 6 აგვისტო.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის 1990 წლის 14 სექტემბრის N------- დასკვნით, დადგენილია, რომ:

▪ დ--–-------–---–ის სისხლი მიეკუთვნება Αβ/I/ ჯგუფს.

▪ თ------------ის სისხლი მიეკუთვნება Αβ/I/ ჯგუფს.

▪ ექპერტიზაზე წარმოდგენილ დ--–-------–---–ის ტანსაცმელზე, თ------------ის ტანსაცმელზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტამპონებზე და დანაზე, ჩიხოლზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Αβ/I/ ჯგუფს.

 

1990 წლის 2 სექტემბრის ექსპერტის N----- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ დ----- ი----ს ძე ლ-------–---–ის გვამზე არსებულ დაზიანებათა განვითარების თანმიმდევრობის დადგენა ექპერტიზას არ შეუძლია.

▪ დ----- ი----ს ძე ლ-------–---–ის პერანგის ფიზიკო-ტექნიკური გამოკვლევის მონაცემების მიხედვით გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცალმხრივ ლესილი მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით.

▪ დ----- ლ-------–---–ის სხეულზე მარცხენა ბარძაყის არეში არსებული დაზიანების მიყენების შემდეგ სიკვდილი დადგებოდა დროის მოკლე მონაკვეთში, თუ კონკრეტულად რამდენ ხანში ამის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.

▪ ბარძაყის არეში არსებული დაზიანების მიღების შემდეგ, დროის მოკლე მონაკვეთის განმავლობაში დ----- ლ-------–---–ს შეეძლო გადაადგილებულიყო, ელაპარაკა, ყოფილიყო გონზე, თუ რა დროის განმავლობაში, ამის გადაწყვეტა ექსპერტიზას არ შეუძლია.

▪ დაკარგული სისხლის რაოდენობისა და სისხლდენის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.

▪ დ----- ლ-------–---–ის პოზის განსაზღვრა დაზიანების მიყენების მომენტში ექპერტიზას არ შეუძლია.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) დასჯად ქმედებად მიიჩნევდა განზრახ მკვლელობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის კი აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ასევე, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 1990 წლის 6 აგვისტოს, ზ--------ის ქუჩაზე ცივი იარაღით მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა დ----- ლ-------–---–ი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----- ლ-------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული მარცხენა ბარძაყის არტერიისა და ვენის სრული გადაჭრის შედეგად. გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. მარცხენა ბარძაყზე არსებული ჭრილობა მიყენებულია რაიმე ცალმხრივ ლესილი ზედაპირის მქონე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. მოცემულ შემთხვევაში, გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს იმის უტყუარად დადასტურება, მიაყენა თუ არა დ----- ლ-------–---–ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება შ----- ა-–-----მა.

 

დადგენილია, რომ 1990 წლის 6 აგვისტოს ტ-------- წ--–---–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ტაქსში ჩაჯდა ორი პირი, რომელთაგან ერთის ვინაობა ამ ეტაპამდე დაუდგენელია, ხოლო მეორე პირი, როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, იყო შ----- ა-–-----ი. დადგენილია იმ ორი მგზავრის ვინაობა, რომლებიც ქავთარაძის ქუჩაზე ჩასხდნენ ტ-------- წ--–---–-–---–ის ტაქსში. თ---------- მ----------ი დაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელზე, დ----- ლ-------–---–ი - უკანა სავარძელზე თ---------- მ----------ის უკან, შ----- ა-–-----ი იჯდა უკანა სავარძლის შუა ნაწილში და გამოძიებით დაუდგენელი პირი მოთავსებული იყო მძღოლის უკან.

 

მძღოლის - ტ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ თ---------- მ----------ს და უკან მჯდომ პირს (შ----- ა-–-----ი) შორის დაიძაბა ურთიერთობა. თ---------- მ----------ი გამომწვევად ესაუბრებოდა მანქანაში მყოფ პირს. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია მაშინ, როდესაც ზ--------ის ქუჩაზე მივიდა, სადაც უნდა ჩასულიყო ის ორი მგზავრი, რომლებიც თადაპირველად ჩაუსხდნენ მანქანაში. საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, თ---------- მ----------ს და უკან მჯდომ ერთ-ერთ პირს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თ----------ს მოთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა.

 

დადგენილია, რომ ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ თ---------- მ----------ს ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა (შ----- ა-–-----მა) დანით მიაყენა დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დაზიანებებთან დაკავშირებით, შ----- ა-–-----ი არ ყოფილა ბრალდებულად ცნობილი, შესაბამისად, პალატა ამ დაზიანებების სამართლებრივ შეფასებაზე ვერ იმსჯელებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სხდომაზე არ დაკითხულა არც ერთი ის პირი, რომლებიც როგორც ტ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებების თანახმად, ჩხუბის დაწყებისას წამოიშალნენ და რომლებსაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პირმა გამოძიების მიმდინარეობისას თავი აარიდა გამოცხადებას და მათი დაკითხვა გამოძიების ეტაპზეც კი არ განხორციელებულა. ამ პირობებში, რ----- ა-----ის გამოქვეყნებული ჩვენება, რომლითაც მას გადმოცემული აქვს სიმამრის - შ---- დ-----–---ის ნათქვამი, ვერ შეფასდება უტყუარ მტკიცებულებად. გარდა ამისა, აღნიშნულ ჩვენებაში მითითებულია ნ------- ა-----ის მიერ პაპისთვის ნათქვამი, რომ თითქოს „შ---“ (შ----- ა-–-----ი) იძახდა ,,ახლოს არ მომეკაროთ, თორემ დაგჭრითო“, რაც არ დაუდასტურებიათ ტ-------- წ--–---–-–---–ს და თ---------- მ----------ს. პალატა ასევე საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მოწმეების ჩვენებების იმ ნაწილს, სადაც მათ მითითებული აქვთ, რომ მათთვის ცნობილი ინფორმაციით დ----- ლ-------–---–ი დაჭრა „შ---მ“, იგივე შ----- ა-–-----მა, რადგან გაურკვეველია თუ როდის და ვისგან გახდა მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი.

 

ფაქტია, რომ დ----- ლ-------–---–ის დაჭრის, ან დანის მოქნევის ფაქტი არ დაუნახავს არც ტ-------- წ--–---–-–---–ს და არც თ---------- მ----------ს. ისიც დაუდგენელია თუ როდის მოხდა დ----- ლ-------–---–ის დაჭრა, რადგან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სისხლისმაგვარი ლაქები აუყვებოდა ასფალტის აღმართს და თავდებოდა 21 მეტრში, ზუსტად N-- სახლის წინ, რომელიც ეკუთვნოდა ა-–-----–---ოს. ტროტუარის მოპირდაპირე მხარეს (6 მეტრში), ასევე შეიმჩნეოდა მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტის დასკვნის თანახმად კი, ბარძაყის არეში არსებული დაზიანების მიღების შემდეგ, დროის მოკლე მონაკვეთის განმავლობაში დ----- ლ-------–---–ს შეეძლო გადაადგილებულიყო, ელაპარაკა, ყოფილიყო გონზე, თუ რა დროის განმავლობაში, ამის გადაწყვეტა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

თ---------- მ----------ის ჩვენებით, დარტყმის მომენტი მას არ დაუნახავს, მაგრამ დანა ეჭირა მხოლოდ შ----- ა-–-----ს და გამორიცხავს სხვის მიერ დანის დარტყმის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტებები ასახავს მოწმის ვარაუდს, რომელიც შესაძლოა დასაბუთებულიც ყოფილიყო, რომ არა აღნიშნული ჩვენების შეუსაბამობა როგორც საქმის მასალებთან, ისე მოწმე ტ-------- წ--–---–-–---–ის დაკითხვის ოქმებთან. კერძოდ: ტ-------- წ--–---–-–---–ის დაკითხვის ოქმების თანახმად, თ---------- მ----------ის თანმხლებმა პირმა - დ----- ლ-------–---–მა იქ მყოფ პირს დაარტყა და გაიქცა. მას გაეკიდნენ მაღალი და იქ მყოფი სხვა პირები. მან წამოაყენა თ---------- მ----------ი და მასთან ერთად გაიქცა დ----- ლ-------–---–ის მიმართულებით, თუმცა დაახლოებით 10 მეტრის გავლის შემდეგ ხსენებული პირები, მათ შორის მაღალიც, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, მორბოდნენ უკან. თ---------- მ----------ის ჩვენებით, როდესაც მას და შ----- ა-–-----ს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა, დაახლოებით 30 მეტრში მყოფი მისთვის უცნობი ახალგაზრდები მათი მიმართულებით დაიძრნენ. თავად წაიქცა, შ----- ა-–-----ი კი გაიქცა დ----- ლ-------–---–ის მიმართულებით. იქით უკვე სიბნელე იყო და დარტყმის ფაქტს ვერ დაინახავდა, თუმცა, დ-----ის გაქცევისას მასთან ყველაზე ახლოს იყო შ----- ა-–-----ი, შ-----თან 2-3-4 მეტრში კი სხვა ბიჭების სილუეტები ჩანდა.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეების - ტ------– თ----------ს, ლ--------- ხ-–--–--ს, რ----- ა-----ის და ზ--- ვ-–----ის ჩვენებებით დადგენილ იქნა შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენები, აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრენი, მათ არ დაუნახავთ ვინ დაჭრა დ----- ლ-------–---–ი, შესაბამისად ამ მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება შ----- ა-–-----ის სახლიდან ამოღებულ დანაზე აღმოჩენილ სისხლს, ამავე ექსპერტის დასკვნით, დადგენილია, რომ Αβ/I/ ჯგუფს მიეკუთვნება როგორც დ----- ლ-------–---–ის, ისე თ---------- მ----------ის სისხლიც. შესაბამისად უტყუარად იმის მტკიცება, რომ ამოღებულ დანაზე არის დ----- ლ-------–---–ის სისხლი, შეუძლებელია. ის გარემოება, რომ თ---------- მ----------მა და ტ-------- წ--–---–-–---–მა დანა დაინახეს მხოლოდ შ----- ა-–-----ის ხელში, არ გამორიცხავს სხვა პირის მიერ დანის ფლობის ფაქტს. როგორც ტ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, დ----- ლ-------–---–მა ერთ-ერთ პირს დაარტყა ხელი, რის შემდეგაც გაიქცა და მას გაეკიდა არაერთი პირი, მათ შორის შ----- ა-–-----ი. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების ფონზე კი უტყუარად იმის დადასტურება, რომ დ----- ლ-------–---–ს დანა დაარტყა სწორედ შ----- ა-–-----მა, პალატის მოსაზრებით, არის შეუძლებელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით და ჩადენილია ისე, რომ იხმარეს ან სცადეს ეხმარათ დანა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) პირმა უხეშად დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; ბ) ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, გ) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით და დ) ჩადენილი უნდა იყოს ისე, რომ იხმარეს ან სცადეს ეხმარათ დანა.

 

პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია იმ პრაქტიკის განხილვა, რაც ამ საკითხებთან დაკავშირებით მრავალი წელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი და დამკვიდრებულია, კერძოდ, 2007 წლის 28 თებერვლის N210აპ განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ არ ჩაითვლება ხულიგნობად ბინაში პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ახლდა ძალადობის მუქარა და რითაც დაირღვა ამ ოჯახის მყუდროება. როგორც საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის საბრალდებო დასკვნითაც ირკვევა, ბრალდებულს (მსჯავრდებულს) ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. პირადი მოტივის შესახებ აღნიშნულია 2007 წლის 27 მარტის N720აპ განჩინებაშიც. კერძოდ, საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, ბრალდებული კონკრეტულ სახლში მივიდა დაზარალებულთან ანგარიშსწორების მიზნით. იგი განაწყენებული იყო, რადგან რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებულის უკანონო ქმედების გამო დაზარალებულმა მიმართა საპატრულო პოლიციას. ამდენად, როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ბრალდებულს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. ამავე საკითხზე საკასაციო პალატამ იმსჯელა 2008 წლის 20 ივნისის N2185აპ განჩინებაში და შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე განმარტა: საქმეში არსებული მასალებიდან, მათ შორის - საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, ბრალდებული განაწყენდა დ. მ-ზე, რადგან ამ უკანასკნელმა აიძულა ლ. ხ., აუდიომაგნიტოფონი დახლზე დაედო. ცხადია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვია ძარცვისას დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შედეგად წარმოქმნილმა კონფლიქტმა, რაც გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ბრალდებულს არ ამოძრავებდა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. თითქმის იდენტურ გარემოებებში საკასაციო პალატამ გამორიცხა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირება: შემთხვევის ადგილზე ყოფნისას და ქმედების ჩადენისას ბრალდებული გინებითა და მუქარით მიმართავდა მხოლოდ დაზარალებულს და იმავდროულად სამჯერ დაარტყა მას დანა მარჯვენა ქვედა კიდურის ზედა ნაწილში. მართალია, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მანძილზე, ვულკანიზაციის ჯიხურში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მაგრამ მათ მიმართ, როგორც დამსწრე საზოგადოების მიმართ, ბრალდებულს არავითარი აგრესია არ გამოუმჟღავნებია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არ გააჩნდა საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება აღნიშნულ მომენტში. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მისი მოქმედება იყო მკაფიოდ მოტივირებული, ხოლო მოტივაცია გამომდინარეობდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წინათ არსებული ურთიერთობებიდან, რაც დაკავშირებული იყო დაზარალებულის საჩივრისა და ჩვენებების საფუძველზე ბრალდებულის მსჯავრდებასთან და რის შედეგადაც ბრალდებული დაზარალებულის მიმართ განმსჭვალული იყო შურისძიების გრძნობით.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე თ---------- მ----------მა განმარტა, რომ ტაქსით მგზავრობისას შელაპარაკება მოუვიდა შ----- ა-–-----თან, მგზავრობის საფასურის გადახდისას კი მას და შ----- ა-–-----ს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მათ აგინეს ერთმანეთს. შემდეგ დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც შ----- ა-–-----მა მოუქნია დანა და მიაყენა ჭრილობები. ტ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ ტაქსში გამომწვევად იქცეოდა თ---------- მ----------ი, რომელსაც არ აყვნენ მანქანაში მყოფი სხვა პირები, შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ კი, მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა მაღალმა პირმა თ---------- მ----------ი გადაიყვანა მანქანიდან, ორჯერ დაარტყა და დააგდო ძირს. აღნიშნულ მოწმეს არ უთქვამს, რომ ჩხუბის დროს დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი ან შ----- ა-–-----მა გამოხატა საზოგადოებისადმი უპატივცემულობა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირები კი, ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მათ დანაშაულის შესახებ შეიტყვეს მეორე დღეს, შესაბამისად ისინი ხმაურს არ შეუწუხებია და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დ----- ლ-------–---–ი გარდაცვლილია, ხოლო ადგილზე მყოფი სხვა პირები არ არიან იდენტიფიცირებულნი, შესაბამისად, უტყუარად იმის მტკიცება, რომ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების გამო დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, მოკლებულია საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადგენილი შ----- ა-–-----ის მიერ განზრახ მკვლელობის და ბოროტი ხულიგნობის, ჩადენის ფაქტი, რის გამოც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მოსამართლე მტკიცებულებას აფასებს თავისუფლად, შინაგანი რწმენით, რა დროსაც, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით, ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა შ----- ა-–-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლით, 510-512-ე, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 550-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია),-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ-------– ბ----–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი.

 

შ----- ა-–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

შ----- ა-–-----ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ამოღებული ავტომანქანის (ტაქსი) სავარძლის შალითა, თ---------- მ----------ის ტანსაცმელი და სისხლის ნიმუში, გარდაცვლილ დ----- ლ-------–---–ის ტანსაცმელი, ბრალდებულ შ----- ა-–-----ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალი დასაკეცი დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე