განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№330210018002303917
საქმე №2ბ/5143-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - შპს ,,ს--–---- დ----–--------ი“
წარმომადგენელი - ლ-- მ-----
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ---- პ--------–--“
წარმომადგენელი - ნ----- პ--------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ნ---- პ--------–--სმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და შპს „ს--–---- დ----–--------ის“ მიმართ, და მოითხოვა მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 16 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 136 636 ლარის გადახდის დაკისრება; 2. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნების 89 380,74 ლარის გადახდის დაკისრება; 3. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 37 741 ლარის გადახდის დაკისრება; 4. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 89 380,74 ლარის 0,02%-ს, 17,87 ლარის, გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 14 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე; 5. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 213 128,39 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 6. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 71 145 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 7. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 213 128,39 აშშ დოლარის 0,02%-ს, 42,62 აშშ დოლარის, გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 14 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე;
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, და მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 16 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 136 636 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 89 380,74 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირაგასამტეხლოს 15 000 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 17,87 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 14 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 213 128,39 აშშ დოლარის გადახდა;. მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისა 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირაგასამტეხლოს 30 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 42,62 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 14 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; მოპასუხე შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" მოსარჩელე შპს ,,ნ---- პ--------–--სის" სასარგებლოდ დაეკისროს 4 385 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს--–---- დ----–--------ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 16 მაისს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება პროგრამა ,,იქს-ფაქტორი 2016"-ში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების გაწევის და სარეკლამო რგოლების განთავსების შესახებ. გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 60 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი შემსრულებელს 2.1. პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების თანხას გადაუხდის არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრისა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-22).
6. 2016 წლის 31 მაისს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის მაისის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 42 944 ლარს.
2016 წლის 30 ივნისს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის ივნისის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 93 692 ლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23-24).
7. 2016 წლის 7 ოქტომბერს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება პროგრამა ,,ნიჭიერი 2016"-ში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების გაწევის და სარეკლამო რგოლების განთავსების შესახებ. გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 60 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ სახელშეკრულებო თანხის გადახდა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სხვა საფინანსო დოკუმენტზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ თანხის დადგენილ ვადებში ან/და დადგენილი ოდენობით გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლო მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1, ს.ფ. 33-37).
8. 2016 წლის 30 ნოემბერს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 8 319,44 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 21 057,35 ლარს. გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2016 წლის 05 დეკემბრისა.
2016 წლის 31 დეკემბერს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 25 790,28 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 68 261,71 ლარს. გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2017 წლის 5 იანვრისა.
2017 წლის 31 იანვარს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის იანვრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 25 890,28 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში 70 061,68 ლარს. გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2017 წლის 5 თებერვლისა. (ტომი 1, ს.ფ. 38-40).
9. 2016 წლის 11 ოქტომბერს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ. გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით მომსახურების ღირებულება შემცირდა 234 337,89 აშშ დოლარამდე.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ, არაუგვიანეს 2016 წლის 20 ოქტომბრისა - 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2016 წლის 20 ნოემბრისა - 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 იანვრისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 აპრილისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა - 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ თანხის დადგენილ ვადებში ან/და დადგენილი ოდენობით გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლო მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1, ს.ფ. 44-52).
10. 2016 წლის 31 ოქტომბერს, 2016 წლის 30 ნოემბერს, 2016 წლის 30 დეკემბერს, 2017 წლის 31 დეკემბერს და 2017 წლის 15 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 53-57).
11. 2018 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,ს--–---- დ----–--------ის" დავალიანება შპს ,,ნ---- პ--------–--სის" მიმართ: 1) 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 127 121,74 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 89 380,74 ლარი და პირგასამტეხლო - 37 741 ლარი; 2) 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 284 276,39 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 213 128,39 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 71 145 აშშ დოლარი; 3) 2016 წლის 16 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 136 636 ლარს (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
12. შპს ,,ს--–---- დ----–--------ი" რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. შპს ,,ს--–---- დ----–--------ის" მთელი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-32, 28.09.18 სააპელაციო საჩივარი).
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შპს „ნ---- პ--------–--ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის“, დავალიანების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ოქტომბერს, 2016 წლის 11 ოქტომბერს და 2016 წლის 16 მაისს, შპს ,,ნ---- პ--------–--სს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს ,,ნ---- პ--------–--სმა" იკისრა ვალდებულება სხვადასხვა სატელევიზიო შოუს მსვლელობისას შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" გაეწია ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურება და გადაცემების სარეკლამო ტიხრებში განეთავსებინა შპს ,,ს--–---- დ----–--------ის" სარეკლამო რგოლები. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულება. ამავე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ სახელშეკრულებო თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სხვა საფინანსო დოკუმენტზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში.
სასამართლოს მიერ ასევე, დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 8 319,44 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 21 057,35 ლარს. შესაბამისად, გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2016 წლის 5 დეკემბრისა. 2016 წლის 31 დეკემბერს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 25 790,28 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 68 261,71 ლარს. შესაბამისად, გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2017 წლის 5 იანვრისა.
2017 წლის 31 იანვარს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის იანვრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 25 890,28 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში 70 061,68 ლარს. შესაბამისად, გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2017 წლის 5 თებერვლისა. 2017 წლის იანვრის თვეში გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულება სულ შეადგენდა 159 380,74 ლარს. საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა გაწეული მომსახურების ღირებულების ნაწილი 70 000 ლარის ოდენობით და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 89 380,74 ლარს.
მხარეთა შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურების ღირებულება შეადგენდა 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით მომსახურების ღირებულება შემცირდა 234 337,89 აშშ დოლარამდე. ამავე
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ, არაუგვიანეს 2016 წლის 20 ოქტომბრისა უნდა გადაეხადა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2016 წლის 20 ნოემბრისა - 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 იანვრისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 აპრილისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა - 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
მხარეთა შორის გაფორმებული, 2016 წლის 31 ოქტომბერს, 2016 წლის 30 ნოემბერს, 2016 წლის 30 დეკემბერს, 2017 წლის 31 დეკემბერს და 2017 წლის 15 იანვარს, მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 234 337,89 აშშ დოლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურება. მოპასუხემ გადაიხადა გაწეული მომსახურების ღირებულების ნაწილი 21 209,92 აშშ დოლარის ოდენობით და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 213 128,39 აშშ დოლარს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ოქტომბრის და 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა, დავის განხილვის დროისთვის, დამდგარია.
2016 წლის 16 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების საგანს ასევე, წარმოადგენდა შპს ,,ს--–---- დ----–--------ისთვის" სარეკლამო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 60 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით, რაც ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრისა. 2016 წლის 31 მაისს და 30 ივნისს, შპს ,,ნ---- პ--------–--ს" და შპს ,,ს--–---- დ----–--------ს" შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2016 წლის მაისის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 42 944 ლარს, ხოლო 2016 წლის ივნისის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 93 692 ლარს.
სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სსკ-ს 367-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. პალატის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 367-ე და 629-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების თაობაზე.
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გონივრულ ოდენობამდე და აპელანტს შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მართებულად დააკისრა.
პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 და 319-ე მუხლებითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
15. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ. .33-37).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
16. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2016 წლის 7 დეკემბრიდან და მისმა ოდენობამ 2018 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 1 887 067,97 ლარი, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2016 წლის 21 დეკემბრიდან და მისმა ოდენობამ 2018 წლის 13 თებერვლის ოდენობით შეადგინა 7 114 498 აშშ დოლარი. აღსანიშნავია ასევე, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 37 741 ლარი, ნაცვლად 1 887 067,97 ლარისა, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 71 145 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად 7 114 498 აშშ დოლარისა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართალია გაიზიარა პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი, თუმცა, ჯამური ოდენობა (529183,96 ლარი) ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არაგონივრულად მიიჩნია და მოპასუხეს დაეკისრა: 1) 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 15 000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 37 741 ლარისა; 2) 2016 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 17,87 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 14 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; 3) 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 30 000 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 71 145 აშშ დოლარისა; 4) 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 42,62 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 14 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სააპელაციო პალატა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად მართებულად იქნა გამოთვლილი და განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს, ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე, ასევე, მოპასუხე იურიდიული პირები არიან, მიიჩნევა, რომ აპელანტი, ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, არ წარმოადგენს. ამასთანავე, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა, ნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, სააპელაციო პალატის აზრით, მხარეთა შორის თანასწორობის უფლებას არ არღვევს და აპელანტის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას არ იწვევს.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, ორ იურიდიულ პირს შორის ნების თავისუფალი ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
18. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის არაგონივრულობა და მასზე გაუმართლებლად დიდი ოდენობის თანხის დაკისრების ფაქტი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა პალატას უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა, განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების მათთან შესაბამისობა, ვერ დაადასტურა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, თავად აპელანტს, ხელშეკრულების დადების დროს გამოვლენილი ჰქონდა ნება პირგასამტეხლოს სპეციალური პრინციპით გამოთვლის შესახებ, რაც თავისთავად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც მხარეები მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობაზე თანხმდებიან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას ვერ შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და აპელანტის უფლებებს გაუმართლებლად არღვევს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს „ს--–---- დ----–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ.ბ.’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის 7 000 ლარს. ამავე კოდექსის 40.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. ხოლო, 41.1. მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტ შპს ,,ს--–---- დ----–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ს--–---- დ----–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ს--–---- დ----–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქოტმბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი