განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
330310017002071120
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002071120

საქმე №3ბ/1859-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - მ----------------;

 

მოწინააღმდეგე მხარეები - თ---------- ც---------;

წარმომადგენელი -ს--------------------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2010 წლის 8 ივლისს თ---------- ც--------ს, როგორც გრანტის მიმღებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელს, როგორც გრანტის გამცემს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ N---------------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის N58 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2010 წლის 11 ივნისის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე დადგენილებით დამტკიცებული "ცოდნის კარის" "სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის" ფარგლებში გრანტის გამცემი ვალდებული იყო, უსასყიდლოდ მიზნობრივი ფულადი სახსრები გრანტის მიმღებისათვის გადაეცა გერმანიაში, ბერლინის ფრაიე უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის 2010-2011 სასწავლო წლის სწავლის 2 (ორი) სემესტრის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად 11 500 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით (პირველი და მე-2 და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო, ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით გამოეყენებინა, შეენარჩუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლოს დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი და სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემისათვის წარედგინა ბერლინის ფრაიეს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (3.6, 3.7 და 3.8 პუნქტები). გრანტის გამცემი კი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გრანტის თანხის დაბრუნება გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულების 3.6, 3.7 და 3.8 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში (პუნქტი 3.9). ხელშეკრულების დანართის მიხედვით, საცხოვრებელი ხარჯებისათვის განკუთვნილი თანხის ნახევარი 2010 წლის 30 ივლისს, ხოლო მეორე ნახევარი 2010 წლის 30 ოქტომბერს უნდა გადარიცხულიყო (ს.ფ. 16-20, 21-28);

 

თ---------- ც--------ს 2010 წლის 8 ივლისის N---------------- ხელშეკრულებით მიღებული გრანტით დაფინანსებული სწავლების შედეგად ბერლინის ფრაიეს უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი გრანტის გამცემისათვის არ წარუდგენია. 2012 წლის 14 მაისს თ---------- ც--------მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა მითითებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან განთავისუფლება, ვინაიდან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და დაბრუნებულიყო საქართველოში. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის N254 ბრძანების საფუძველზე პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2012 წლის 17 მაისის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით თ---------- ც---------ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თ---------- ც--------- სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან განთავისუფლდა (ს.ფ. 45-50).

 

2016 წლის 14 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თ---------- ც--------ს N----------------- წერილით მიმართა, რომლითაც 2010 წლის 8 ივლისის N---------------- ხელშეკრულების საფუძველზე სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. პასუხად, თ---------- ც--------მა 2016 წლის 18 თებერვლის წერილით სამინისტროს განუმარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ვალდებულება სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საპატიოდ ჩაეთვალა (ს.ფ. 42-43, 44).

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი თ---------- ც---------სათვის 2010 წლის 8 ივლისის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო 26943,35 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს წარედგინა (ს.ფ. 1-15).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის მიზანი უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის 2010 წლის 8 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტიდან გამომდინარეობს, სარჩელი ემყარება იმ გარემოებას, რომ კერძოდ, თ---------- ც--------ს სახელშეკრულებო ვალდებულება - სწავლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის სამინისტროსათვის წარდგენის ვალდებულება არ შეუსრულებია. დადგენილია, რომ თ---------- ც--------მა მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობასა და მის მიზეზებზე სამინისტროს 2012 წლის 14 მაისის წერილით აცნობა. ამდენად, მოთხოვნის სასამართლოსათვის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა იწყება 2012 წლის 14 მაისის შემდგომი დღიდან და სრულდება 3 წლის შემდეგ - 2015 წლის შესაბამის რიცხვში, თუმცა სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 14 აპრილს, რის გამოც ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თ---------- ც--------ს შორის 2010 წლის 08 ივლისს გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N----------------, რომლის საფუძველზეც თ---------- ც--------ს გადაერიცხა 26 943.35 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიაში, ბერლინის ფრაიე უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის 2 (ორი) სემესტრის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის გამცემი გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. ამავე ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა გრანტის გამცემის ანგარიშზე. ამასთან, ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად გრანტის მიმღები ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტი ე.წ. GPA და ხელშკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, სწავლის დასრულების შემდეგ, „გრანტის გამცემს“ წარუდგინოს ფრაიე უნივერსიტეტის ეკონომისტის დიპლომი, ხოლო 3.8 პუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელი შუწყოს გრანტის გამცემს 2.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების 3.6, 3,7 და 3.8 პუნქტებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 14 იანვრის N------–-----–--- თ---------- ც--------ს ეთხოვა წარმოედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის პასუხადაც მოპასუხემ 2016 წლის 18 თებერვლის წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობა, რომ მან შეწყვიტა სწავლა და ვერ მოახდენდა მოთხოვნილი დოკუმენტაცის წარმოდგენას. თუმცა, სასამართლომ არანაირი შეფასება რა მისცა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად მოახდინა ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2012 წლის 14 მაისის შემდგომი დღიდან და მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ხანდაზმული იყო.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის N254 ბრძანებით შექმნილ სპეციალური საკონკურსო კომისიას მოპასუხის ვალდებულებისაგან გათავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნდა, ამასთანავე, ,,ცოდნის კარის" ფარგლებში სამინისტრომ გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცა მიზნობრივი ფულადი სახსრები გერმანიაში, ბერლინის ფრაიე უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის 2 (ორი) სემესტრის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის მიმღებს, ხელშეკრულების თანახმად ვალდებულება ქონდა სწავლის დასრულების შემდეგ წარმოედგინა ბერლინის ფრაიე უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმოეშვა უფლება ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე დაიბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა, ანუ თ---------- ც---------ს მიმართ სამინისტროს მოთხოვნის ვალდებულება წარმოეშვა მაშინ როდესაც მოპასუხეს უნდა დაესრულებინა სამაგისტრო პროგრამა 2013 წელს, შესაბამისად სარჩელიც აღძრულია სახელშეკრულებო მოთხოვნების ვადის დაცვით.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია, მოპასუხე თ---------- ც--------ს მასსა და საქართველოს განათლებისა სამინისტროს შორის დადებული ,,გრანტის შესახებ’’ 2010 წლის 08 ივლისს გაფორმებული N---------------- ხელშეკრულების დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 26 943,35 ლარის გადახდა.

 

საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს განსაზღვრავს ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 08 ივლისს საქართველოს განათლებისა სამინისტროს („გრანტის გამცემი“) და თ---------- ც--------ს („გრანტის მიმღები“) შორის დადებულია ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გრანტის მიმღებს - თ---------- ც--------ს უსასყიდლოდ გადაეცა მიზნობრივი ფულადი სახსრები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტი გაიცა „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო „გრანტის მიმღების“ მიერ საზღვარგარეთ ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია, ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.

 

ამავე ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა გრანტის გამცემის ანგარიშზე. ამასთან, ხელშეკრულების 3.6 და 3.7 პუნქტების თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, შეინარჩუნოს ამ ხელშკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტი ე.წ. GPA და სწავლის დასრულების შემდეგ, „გრანტის გამცემს“ წარუდგინოს ფრაიე უნივერსიტეტის მიერ გაცემული ეკონომისტის დიპლომი.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 14 მაისს თემურაზ ც--------მა N----- განცხადებით მიმართა პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში შექმნილ სპეციალურ საკონკურსო კომისიას და მიუთითა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და დაბრუნებულიყო საქართველოში, ამდენად, მოითხოვა გათავისუფლებულიყო დიპლომის წარდგენის ვალდებულებისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის N254 ბრძანებით პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის N- სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ თ---------- ც--------- გათავისუფლდა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან.

 

სააპელაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაზე და თვლის, რომ თ---------- ც--------ს სპეციალური საკონკურსო კომისიის N- სხდომის ოქმის საფუძველზე წარმოეშვა კანონიერი ნდობა იმ გარემოების მიმართ, რომ მასსა და გრანტის გამცემს შორის შეწყდა ხელშეკრულება და ამავდროულად, ის გათავისუფლდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებისაგან, რამდენადაც, სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისაგან გათავისუფლება იმთავითვე გულისხმობს „გრანტის მიმღების“ აკადემიური მოსწრების ან/და გრანტის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რადგან სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ხდება საგანმანათლებლო პროგრამის გავლის პირობებში, რისი განუხორციელებლობის მიზეზების თაობაზეც ადმინისტრაციული ორგანო იმთავითვე იყო ინფორმირებული. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს სწორედ დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება, რაც ამ შემთხვევაში თ---------- ც--------ს წარმოეშვა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს იმ გარემოებას, რომ არსებობს თ---------- ც---------ს მიმართ 2010 წლის 08 ივლისს დადებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების 3.6., 3.7. და 3.8. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის არასწორად ათვლის შესახებ და ადასტურებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ თ---------- ც--------მა მასსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2010 წლის 08 ივლისს გაფორმებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზების შესახებ „გრანტის გამცემ“ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა 2012 წლის 14 მაისს ( განცხადება N-----), შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ მითითებული პერიოდიდან, საიდანაც, სარჩელის აღძვრამდე, გასულია სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 14 აპრილს. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნის ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ამავდროულად ხანდაზმული, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე