განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
330310017001812505
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001812505

საქმე №3ბ/383-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი: ნ-------------ე;

წარმომადგენელი: ოთარ გოგიაშვილი;

 

მოწინააღმდეგე მხარეები: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი: ბ----------------

 

მესამე პირები: თ----- თ-----ე, რ----- მ--–---ე;

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია 07.02.2017 წ. N8-----------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, გ--------–-------------/გ--------–--------------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 0---------------, (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------) დაზუსტებული ფართობი 173,0 კვ.მ. (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 -64,82 კვ.მ. N2 - 8,27 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-------------ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 1989 წლის N 0----- სააღრიცხვო ბარათი, 13.09.2013 წ. განჩინება N 2--------, 27.01.2017 წ. ურთიერთშეთანხმება, 27.02.2015 წ. უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, 12.07.2016 წ. უძრავი ქონების გაერთიანების ხელშეკრულება და 12.07.2013 წ. გადაწყვეტილება N 2--------.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია 12.07.2016 წ. N 882016438646) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, გ--------–-------------/გ--------–--------------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 01.18.09.004/081 (ნაკვეთის წინა ნომერი 01.18.09.004.075 ; 01.18.09.004.079) დაზუსტებული ფართობი 537,00 კვ.მ. (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2 - 64,82 კვ.მ. N3 - 53,68 კვ.მ. N4 - 8,27 კვ.მ. N5 - 8,30 კვ.მ. N6) მესაკუთრეებს წარმოადგენენ რ----- მ--–---ე (მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილი და მასზე არსებული შენობები N 1, N3 - 53,68 კვ.მ. N5 - 8,30 კვ.მ. და N 6) და ნ------- ხ----ე (მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილი და მასზე არსებული შენობები N2 -64,82 კვ.მ. N4 - 8,27 კვ.მ.).

 

2015 წლის 12 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N 1------- განცხადებით მიმართეს რ----- მ--–---ემ და ნ-------------ემ და მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული მომიჯნავე ნივთის დაკანონება. აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 11 იანვრის N 4---- სხდომის ოქმით, განმცხადებელების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მათ ეღიარათ საკუთრების უფლება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 23 ივნის გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N1---- ნ-------------ისა და რ----- მ--–---ის სახელზე, რომლითაც მათ საკუთრებაში გადაეცათ 113 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისი, გ--------–--------------ის მიმდებარედ.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2016 წლის 05 ოქტომბერს N--------- განცხადებით მიმართა თ----- თ-----ემ და განმარტა, რომ ნ-------------ის მიერ მოხდა საკუთრების უფლების აღიარება, რომლი ნაკვეთის ნაწილიც იჭრება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც მოთხოვნილ იქნა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს N----ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 11 იანვრის სხდომის N 4---- ოქმის N 83-ე საკითხით მიღეული გაადწყვეტილება და გაუქმდა ქ. თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა N 1---- თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 22 დეკემბერს გამოტანილ იქნა რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება თ----- თ-----ის 03.11.2016 წ. N------------ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, გ--------–-----------------.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამ კანონის მე-2 მუხლის ,,გ'' ქვეპუქნტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღნიშნული კანონის მე-2 თავით მოწესრიგებულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, კერძოდ, მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ)მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამასთან, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღრავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოებს, კერძოდ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. როგორც მითიტებული საკანონმდებლო აქტში გადმოცემული ნორმებიდან ირკვევა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისას მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით და მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ნ------- ხ----ისა და რ----- მ--–---ის სახელზე აღიარებული მიწის ნაკვეთით მთლიანად იფარებოდა თ----- თ-----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რითიც ამ უკანასკნელს ხელი ეშლებოდა სახლში მისასვლელი გზით სარგებლობაში. თავდაპირველი აქტის მიღებისას კომისია ვალდებული იყო, რომ გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა წრე და გადაწყვეტილება მიეღო იმ ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნებოდა ადმინისტრაციული წარმოებისას და რა დროსაც ასევე უნდა გათვალისწინებული ყოფილიყო დაინტერესებული პირის - თ----- თ-----ის ინტერესები, რამეთუ არ მომხდარიყო მისი უფლებების რაიმე სახით დაუსაბუთებლად შეზღუდვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მას მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება., სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა. მხარის მოთხოვნა მართალია არ გულისმობს უპირობოდ მის დაკმაყოფილებას, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და მიუთითოს, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს უფლების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ განსახილველ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, მის მიერ ვერ იქნა მითითებული თუ კონკრეტულად რა იქნა დარღვეული სადაო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნ-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სწორედ ამიტომ ნ-------------ის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძვლიანი ანალიზი დაეხმარებოდა სასამართლოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში. აპელანტის მითითებით, ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის მიერ საერთოდ ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში არ მოხდეს ამა თუ იმ პირის ან თუნდაც საჯარო ინტერესების შეზღუდვა. კონკრეტულ შემთხვევაში ნ-------------ისათვის საკუთრების მოწმობის გაუქმებით შეიზღუდა თუ არა ამ უკანასკნელის კანონით დაცული უფლებები და სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განსახილველი საკითხი ორივე შემთხვევაში (პირველი 2016 წლის 23 ივნისს საკუთრების მოწმობის გაცემისას და მეორე 2016 წლის 10 ნოემბერს N--- გადაწყვეტილება საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით) უნდა ყოფილიყო სასამართლო განსჯის და მსჯელობის ძირითადი მიმართულება.

 

აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დროის მცირე მონაკვეთში მიღებული ორი ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილება, ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო, თუ რომელი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რომლის შემთხვევაში არა, რითი იყო განპირობებული უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. აღნიშნულზე სასამართლოს უნდა მიეღო განმარტებები და ამომწურავი დასაბუთება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც საერთოდ არ განხორციელებულა. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებით და მისი მთლიანად მოსარჩელეზე დაკისრებით დაუშვა უხეში შეცდომა, რამაც განაპირობა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მითითებით, კომისიის სხდომის N--- ოქმში თ----- თ-----ე განმარტავდა, რომ "ღობეს რომ აკეთებდა, ვთხოვე ღობე გადაეწია ერთი მეტრით." ამდენად, ფორმულირება, რომ ნ-------------ის და რ----- მ--–---ის სახელზე აღიარებული მიწის ნაკვეთით მთლიანად იფარებოდა თ----- თ-----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა - წარმოადგენს კომისიის არასწორ ინტერპრეტაციას, რაც ასევე დადასტურდა სასამართლო პროცესზეც, როდესაც ნ-------------ის წარმომადგენლის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ნაკვეთთან მისასვლელი გზა - თ----- თ-----ემ უპასუხა, რომ მას ჰქონდა ნაკვეთთან მისასვლელი გზა. აპელანტის მითითებით, უკიდურეს შემთხვევაში თუ კომისია დაადგენდა უტყუარად, რომ ნ-------------ისათვის საკუთრების უფლების აღიარებით შეილახა თ-----ის კანონიერი ინტერესები უფლებააღიარებულ ნაკვეთზე საკადასტრო გეგმა უნდა გაეუქმებინა მისასვლელი გზის გადაფარვის ნაწილში და არა მთლიანად.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, საქმეზე სწორადაა დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილება ეფუძნება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორ განმარტებას, რაც არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, სამართლებრივ დასკვნებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის N--- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ამავე კომისიის 2016 წლის 11 იანვრის სხდომის N4---- ოქმის N---ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილების და N1---- საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ნ-------------ისა და რ----- მ--–---ის უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა თ----- თ-----ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებას სადავო აქტის გამოცემის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მ.)

 

სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმება აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ზემოაღნიშნული აქტის კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეყრდნო საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არ ქმნის სადავო აქტის ბათილობის საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო საქმის გამოკვლევის შედეგად ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ------- ხ----ისა და რ----- მ--–---ის სახელზე აღიარებული მიწის ნაკვეთით მთლიანად იფარება თ----- თ-----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რითიც ამ უკანასკნელს ხელი ეშლება სახლში მისასვლელი გზით სარგებლობაში. ამავდროულად, როგორც სიტუაციური ნახაზის, ორთოფოტოების და ფოტოსურათების გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, თ----- თ-----ის სახლის კედელი, აღიარების შედეგად ფაქტობრივად ქმნის მიწის ნაკვეთის მიჯნას და სახლის ფანჯრებს აქცევს აღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი საგებლობის მიწის ნაკვეთი - გასასვლელი, გზა. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ პირობებშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ გზა შექმნილია ხელოვნურად და არ გააჩნია სავალი გზის სტატუსი, ფაქტი რჩება უცვლელად, მიწის ნაკვეთს ორივე მხარე იყენებს სახლში მისასვლელად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეს არ უდასტურდება მიწის ამ ნაკვეთზე მფლობელობის ფაქტი, მიწის ნაკვეთი მოქცეულია მის მიერ შემორაგული ნაკვეთის მიღმა, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე გამორიცხავს აღიარებული (ამჟამად გაუქმებული) მიწის ნაკვეთისათვის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ არ დასტურდება მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის გადაფარვა, აღნიშნული მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, რომელელთა შემოწმების შედეგად ცალსახად და უდავოდ დგინდება, რომ რეგისტრირებული (აღიარებული) მიწის ნაკვეთი თავისი კონფიგურაციით და მოცულობით სცდება ნ------- ხ----ის და რ----- მ--–---ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფარგლებს და აღიარებული ნაკვეთი მთლიანად მოიცავს თ----- თ-----ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ საერთო სარგებლობის გზას, რომელსაც საკუთრებამდე მისასვლელად წლების განმავლობაში იყენებდნენ როგორც ნ-------------ე, ისე თ----- თ-----ე. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, სადავო მიწის ნაკვეთზე ნ-------------ისა და რ----- მ--–---ის საკუთრების უფლების აღიარება თ----- თ-----ის საკუთრებაში არსებული სახლის ფანჯარას აქცევს უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რითიც უხეშად ილახება თ----- თ-----ის უფლება, დაუბრკოლებლად ისარგებლოს საკუთრებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემის პროცესში კომისიის მიერ დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება სასამართლოში საქმის შესწავლის საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს წარმოდგენილი საფუძვლით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე