განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2019
საქმის ნომერი
010310018002293943
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002293943

საქმე N3/ბ-35-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი – ე-–--------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ--------------ე

წარმომადგენელი – ა--------------ე

 

დავის საგანი – განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 07 თებერვალს ლ--------------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის განაცდური ხელფასის - 34500 ლარის დაკისრება მოითხოვა;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 2004 წლიდან დასაქმებული იყო ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2014 წლებში ეკავა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, მოგვიანებით კი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიცია. 2015 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის გამოცხადებულ ატესტაციაში, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: ტესტურ დავალებას და გასაუბრებას. მოსარჩელემ ატესტაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო გასაუბრების მეორე ეტაპზე შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 აპრილის N----- ბრძანებით ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება.

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ--------------ე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს მიიღო N----- ბრძანება, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და 06 (ექვსი) თვის განმავლობაში გაიცემოდა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. 2017 წლის 01 დეკემბერს ლ--------------ემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ წერილობით აცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, მოსარჩელეზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 06 (ექვსი) თვის ოდენობით, იმავე აქტით უარი ჰქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს არ ჰქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანება, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხე – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 34 500 (ოცდათოთხმეტიათასხუთასი) ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ლ--------------ეს (პ/ნ. 6----------) დაუბრუნდა შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ლ--------------ე 2004 წლიდან დასაქმებული იყო ქ.ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2014 წლებში ეკავა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, მოგვიანებით კი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიცია;

 

2.1.2. 2015 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის გამოცხადებულ ატესტაციაში, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: ტესტურ დავალებასა და გასაუბრებას. ლ--------------ემ ატესტაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო გასაუბრების მეორე ეტაპზე მოსარჩელე შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 აპრილის N---- ბრძანებით ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

 

2.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილებით ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება;

 

2.1.4. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ--------------ე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას;

 

2.1.5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს მიიღო ბრძანება N-----, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მოსარჩელეზე 06 თვის განმავლობაში გაიცემოდა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით;

 

2.1.6. 2017 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ წერილობით აცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, მოსარჩელეზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 06 თვის ოდენობით, იმავე აქტით უარი ჰქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს არ ჰქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანება, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

 

2.1.7. მოსარჩელე 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა საქმისწარმოების განყოფილების უფროსად და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 1150 (ერთი ათას ასორმოცდაათი) ლარს. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან - 2015 წლის 20 აპრილიდან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვამდე 2017 წლის 01 ნოემბრამდე გასულია 30 თვე და რამდენიმე დღე. მოსარჩელე მოითხოვს 30 თვის განაცდურის ანაზღაურებას, რაც შეადგენს 34500 ლარს;

 

2.1.8. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანებით ლ--------------ე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. აღნიშნული ბრძანებით დადგენილი იქნა ასევე, რომ ლ--------------ეს 2017 წლის 01 ნოემბრიდან 06 თვის განმავლობაში მისცემოდა კომპენსაცია მისი ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული ბრძანება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმიანობა განეკუთვნება საჯარო სამსახურს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როდის ჩატარდა მეორედ გასაუბრება, როცა დადგინდა მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა, და არა ის, თუ როდის მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა, რადგან დადგინდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა უკანონოდ, რაც დადასტურებული იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებითა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2017 წლის 16 აგვისტოს N36 სხდომის ოქმით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანებით მოსარჩელე „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მას არ მიუღია განაცდური ხელფასი.

 

სასამართლოს მსჯელობით, კანონმდებელი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ საჯარო მოხელეს უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში უნდა მიეცეს განაცდური თანამდებობრივი სარგო. აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ ლ--------------ის სარჩელი საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა პასუხი მის განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას, რომლის შესახებაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანებით და მოსარჩელეს არ მიეცა განაცდური შრომითი გასამრჯელო;

 

3.1.2. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას განაცდური ხელფასის მიღების შესახებ არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ატესტაციის მეორე ეტაპის გავლაზე იყო დამოკიდებული მოსარჩელის სამსახურში მიღების საკითხი და არა აღდგენის. ატესტაციის მეორე ეტაპი კი ჩატარებულ იქნა 2017 წლის 16 აგვისტოს, შესაბამისად შეუძლებელია განაცდური ხელფასის ათვლა იწყებოდეს 2015 წლის 20 ოქტომბრიდან. ასევე მოსარჩელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დარღვეულია სარჩელის წარდგენის ვადები, რაც არის სარჩელის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

როგორც თავად მოსარჩელე ადასტურებდა წარდგენილ სარჩელში, მის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანების ოფიციალურად გაცნობა მოხდა აღნიშნული ბრძანების ასლის ჩაბარებით, რომელიც განხორციელდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის N------ წერილით, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 26 ოქტობერს, და შესაბამისად 2017 წლის 01 დეკემბრისათვის მოსარჩელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ბრძანებასთან (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან) დაკავშირებით სამართლებრივი პრეტენზია უნდა წარმოედგინა დასახელებული ბრძანების ჩაბარებიდან (ოფიციალური გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, შესაბამისად მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზია დაგვიანებით იყო წარმოდგენილი (ხანდაზმულია);

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით, ხელახალი წერილით, რომელიც მოსარჩელის მიერ საკრებულოს აპარატში იქნა წარმოდგენილი 2017 წლის 01 დეკემბერს, მოსარჩელე ცდილობდა სარჩელის წარსადგენად სასამართლოში ვადის დაცვის აღდგენას, რაც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება.

 

ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე მისი გათავისუფლების და კომპენსაციის მიცემის საკითხიც.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 06 თვის განმავლობაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 აპრილის N----- ბრძანებით ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების მოტივით მოსარჩელე გათავისუფლდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება, რა მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და 2017 წლის 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ--------------ე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.

 

ამ გარემოებებიდან გამომდინარე პალატა ასკვნის, რომ ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისად მისი ბათილად ცნობით მოსარჩელე აღდგა იმ უფლებებში, რაც ამ აქტის გამოცემამდე გააჩნდა.

 

გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ამ ფაქტს ადასტურებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- ბრძანებაც, რომლის თანახმად მოსარჩელე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და 2017 წლის 01 ნოემბრიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში დაუდგინდა კომპენსაციის გაცემა ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების თანახმად, მოხელეთა რეზერვი არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე, რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.

 

შესაბამისად ცალსახაა, რომ მოსარჩელის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის პირობებში ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელ ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მის მიმართ წარმოეშვება სხვადასხვა სახის კომპენსაციის, მათ შორის განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებაზე და იგი კანონის იმპერატიული, შესასრულებლად სავალდებულო დანაწესია, შესაბამისად უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე