განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001948189
№1/ბ-257-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ----- ჭ------ის
მსჯავრდებულის - გ------- დ------ს
ადვოკატის - ზ------ ს---------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ა---------–ის ძე დ------ს მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 6----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გ------- დ------მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინა-აღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- დ------, 2014 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. იგი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 აგვისტოს N6-- ბრძანებით განისაზღვრა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ მერიის მოხელედ (მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში).
გ------- დ------ს, როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლის 27 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატიდან გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის წერილი და თანდართული მასალები და ეთხოვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განეხორციელებინა "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.
გ------- დ------ს, როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ევალებოდა სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მოეხდინა ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) დასახელებული ჯ--- ღ-–-----ის კომლის სარგებლობაში არსებული 0.10 ჰა მიწის ფართობის (რომელზედაც განთავსებული იყო 1951 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი) და ჯ--- ღ-–-----ის კომლის წევრის მ----- ღ-–-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ, შპს ,,ნ------------’’ის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მომზადებულ, ქალაქ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ან/და უარი ეთქვა მათი იდენტურობის დადგენაზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
გ------- დ------მ, დაათვალიერა შპს ,,ნ------------"-ის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული, ქალაქ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. დათვალიერების დროს სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი არ შეისწავლა სიღრმისეულად, შეადგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №1-- ბრძანებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმით’’ განსაზღვრული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, თუმცა გამოიჩინა დაუდევარი დამოკიდებულება მოვალეობებისადმი, მასში არ ასახა დათვალიერების შედეგები, შემოიფარგლა მხოლოდ ნაკვეთის ზერელე მიმოხილვით და მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე არ იდგა ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) მითითებული საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა რაიმე შენობა/ნაგებობა და არც იმის კვალი არსებობდა, რომ ოდესმე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რაიმე შენობა/ნაგებობა, ასევე მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა შემოღობა ან სხვა სასაზღვრო მიჯნა, ნაკვეთზე აღმოჩენებული იყო მრავალწლიანი ტყის მცენარეები და მასზე არ შეინიშნებოდა სასოფლო სამუშაოების წარმოების კვალი, შესაბამისად, ადვილად დასადგენი იყო, რომ ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) დასახელებული ჯ--- ღ-–-----ის კომლის სარგებლობაში არსებული 0.10 ჰა მიწის ფართობი და ჯ--- ღ-–-----ის კომლის წევრის მ----- ღ-–-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ, ქალაქ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო ერთმანეთის იდენტური, გ------- დ------მ, 2017 წლის 10 თებერვალს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - N5 ბრძანება ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. ბრძანება გ------- დ------ს მიერ გადაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე, 92,502 ლარის ღირებულების 1000კვ/მ მიწის ნაკვეთი 2017 წლის 16 თებერვალს დარეგისტრირდა მ----- ღ-–-----ის და ჯ--- ღ-–-----ის (კომლის წევრების) თანასაკუთრებად.
გ------- დ------ს ზემოთ დასახელებული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნები, სახელმწიფომ (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ) დაკარგა საკუთრების უფლება ქალაქ ბათუმში მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რითაც განიცადა 92 502 ლარის ოდენობის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ------- დ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- დ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------- დ------ს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ----- ჭ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ------- დ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ------ ს---------ეს, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
მოწმის სახით დაკითხული ს/ს "აჭარის კურორტების" დირექტორის ს------ ც-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2006 წლიდან ს/ს "აჭარის კურორტების" საკუთრებაშია 7020 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის N--ე შესახვევში. აღნიშნულ ნაკვეთზე უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. მის მოსაზღვრედ მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი. 2006 წლამდე მასზე შენობა-ნაგებობა არ მდგარა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების კვალი არ ეტყობოდა, მოდებული იყო ეკალ-ბარდი. ს/ს "აჭარის კურორტებმა" განიზრახეს ამ ნაკვეთის გამოყენება რეკრეაციული ზონის მოსაწყობად. ნახაზის შედგენისას, შეიტყვეს, რომ ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა მ----- ღ-–-----მა, როგორც ნაკვეთით მოსარგებლემ, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ, რადგან ამ ნაკვეთზე სარგებლობის კვალი არ აღინიშნებოდა, ამიტომ ფირმას, რომელიც მათ ორგანიზაციას უწევს იურიდიულ მოსახურებას, მიმართეს თხოვნით გაერკვია ამ ნაკვეთის მ----- ღ-–-----ის მიერ საკუთრებად დარეგისტრირების კანონიერება.
მოწმის სახით დაკითხული შპს "ე---------------------ს" დირექტორის, ვ----– კ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მათი ფირმა 2011 წლიდან იურიდიულ მომსახურებას უწევს ს/ს "აჭარის კურორტებს", რომლის დირექტორმა მიმართა თხოვნით შეესწავლათ მწვანე კონცხის დასახლებაში, თამარ მეფის მე-3 შესახვევში, მათ საკუთრებაში არსებული 7020 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 1000 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკურებაში დარეგისტრირების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი რეგისტრირებული იყო მ----- ღ-–-----ის საკუთრებაში, რაც იწვევდა ეჭვს, რადგან საარქივო ცნობის თანახმად, ამ მიწაზე უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი და ბოსელი, თუმცა მოწმემ პირადად დაათვალიერა ადგილი და თავისი თვალით იხილა, რომ არანაირი ნაგებობა ან ასეთი ნაგებობის კვალი ნაკვეთზე არ არსებობდა, მას არც მოვლა-პატრონობის ნიშნები ეტყობოდა. ამიტომ გაურკვევლი იყო როგორ დაადგინა მწვანე კონცხის ტერიტორიულ ერთეულში ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გ------- დ------მ ამ ნაკვეთის იდენტურობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან. შესაბამისად, გადაწყვიტეს მიემართათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის განცხადებით, რათა სამართალდამცავ ორგანოს შეესწავლა ამ ნაკვეთის მ----- ღ-–-----ის საკუთრებაში რეგისტრაციის კანონიერება.
მოწმის სახით დაკითხული ხელვაჩაურის არქივის უფროსის ა---------– ლ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არქივში დაცულია ინფორმაცია მწვანე კონცხის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების ქონების შესახებ. 1996-2006 წლებში მახინჯაურის სასოფლო საბჭოს საკომლე წიგნში არსებული ინფორმაციის თანახმად, მწვანე კონცხში მცხოვრები გ------ ღ-–-----ი იყო კომლის უფროსი 1996 წელს, გარდაიცვალა 1997 წელს და კომლის უფროსი გახდა მისი შვილი ჯ--- ღ-–-----ი. გ------ ღ-–-----ის გარდაცვალების შემდეგ კომლს მფლობელობაში ჰქონდა 82 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგებულ იქნა 1951 წელს, ბოსელი, აგებული 1966 წელს. ჩანაწერების მიხედვით კომლს სულ მფლობელობაში ჰქონდა 0.10 ჰა, ანუ 1000 კვ/მ. ფართობის მიწის საკარმიდამო ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო მათი საცხოვრებელი სახლი 82 კვ/მ. ფართის. აღნიშნული ოჯახის მფლობელობაში სხვა მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა ინფორმაცია აღნიშნული საკომლე წიგნში.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე შ------- ფ---------ემ - ხელვაჩაურის არქივის მთავარმა სპეციალისტმა.
საქმეში წარმოდგენილი, ხელვაჩაურის არქივში დაცული საკომლე წიგნის 1996-2006 წლების ჩანაწერების თანახმად, მწვანე კონცხში მცხოვრები გ------ ღ-–-----ი იყო კომლის უფროსი 1996 წელს, შემდეგ კომლის უფროსი გახდა ჯ--- ღ-–-----ი. მათ კომლს მფლობელობაში ჰქონდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 82 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, აგებული 1951 წელს, ბოსელი, აგებული 1966 წელს.
მოწმის სახით დაკითხული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის უფროსის - გ------ი დ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა მ----- ღ-–-----მა დაბა მახინჯაურში მდებარე 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის და შენობის ტექნიკური დახასიათება, სიტუაციური გეგმა, აზომვითი ნახაზი, საკადასტრო გეგმა. ხელვაჩაურის არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1996-2006 წლის საკომლე ჩანაწერებში მ----- ღ-–-----ს და მის ოჯახს სარგებლობაში გააჩნდა 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 82 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და ბოსელი. გამომდინარე იქიდან, რომ საკომლე ჩანაწერების მიხედვით ღ-–-----ს 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნდა, განცხადებით კი 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას მოითხოვდა, საჯარო რეესტრმა მოსთხოვა მას საკომლე ჩანაწერის მიხედვით 1000 კვ.მ. მიწის ფართობის შესაბამისობაში არსებული კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რაც მ----- ღ-–-----მა მოგვიანებით წარმუდგინა კიდეც. აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრმა ბათუმის მერიას მიმართა წერილით და აცნობა, რომ მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება მ----- ღ-–-----ის განცხადების საფუძველზე მახინჯაურის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა. მერიას ეთხოვა განეხილა საკომლე ჩანაწერში გადმოცემული ინფორმაციის, რომლის თანახმად, ღ-–-----ს და მის ოჯახს სარგებლობაში ჰქონდათ 0.10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 1951 წელს აგებული 82 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლით და 1966 წელს აგებული ბოსლით, - იდენტურობის საკითხი მ----- ღ-–-----ის მიერ 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის თაობაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან. 2017 წლის 10 თებერვალს საჯარო რეესტში ელექტრონული სახით მიღებულ იქნა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მერიის წარმომადგენლის გ------- დ------ს ბრძანება, რომლითაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული ნაკვეთების იდენტურობას, რის საფუძველზეც დაკმაყოფილდა მ----- ღ-–-----ის მოთხოვნა და მოხდა 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მის საკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის რეგისტრატორმა - ხ----- ბ-----ემ ანალოგიური ჩვენება მისცა.
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 5 სექტემბრის №პ/---- ბრძანების თანახმად, გ------- დ------ დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 31 დეკემბრის №პ/1--- ბრძანების თანახმად, გ------- დ------ დაინიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2015 წლის 1 იანვრიდან.
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 აგვისტოს N6-- ბრძანების თანახმად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ პირებად განისაზღვრნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვარს ბათუმის მერიისადმი გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ მერიას გადაეგზავნა მ----- ღ-–-----ის მიერ უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა შეესწავლა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქ/პუნქტის საფუძველზე.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის - ვ------- გ-------ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ხორციელდება "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. როდესაც საჯარო რეესტრის მიერ ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის მიერ მერიაში იგზავნება წერილი იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, იდენტურობის საკითხს ადგენს მერიის წარმომადგენელი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ის ვალდებულია უშაუალოდ ადგილზე შემოაწმოს უძრავი ნივთი და შეადგინოს დათვალიერების ოქმი. მოცემულ შემთხვევაშიც გ------- დ------ს ადგილზე გასვლით უნდა გადაემოწმებინა ნაკვეთების იდენტურობის საკითხი, შეედგინა დათვალიერების ოქმი, უნდა აღეწერა იყო თუ არა ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლი ან ბოსელი, მათი არარსებობა უნდა დაეფიქსირებინა დათვალიერების ოქმში. თუ იდენტურობის დადგენა ვერ მოხდებოდა, გ.დარჩიას არ უნდა გაეცა ბრძანება იდენტურობის დადასტურების შესახებ. ოქმი, რომელიც გ.დ------მ შეადგინა, ხარვეზიანია, არ ჩანს ნაკვეთების იდენტურობის ნიშნები, არ არის ასახული კონკრეტული ინფორმაცია თუ რა დადგინდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებისას.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა - ნ------ დ------ემ ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს.
მოწმის სახით დაკითხული შპს "ნ-----------"-ის თანამშრომელმა გ---- გ-------–--ემ, რომლის მოვალეობასაც საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა წარმოადგენს, განმარტა, რომ მ----- ღ-–-----ის მიმართვის საფუძველზე, ამ უკანასკნელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის N--ე შესახვევში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შეადგინა აზომვითი ნახაზი და დაასურათა. აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ იდგა, არც მისი კვალი ჩანდა. საარქივო ცნობა არ უნახავს და შესაბამისად, საკადასტრო ნახაზის შედგენისას არ იყო მისთვის ცნობილი, რომ ნაკვეთზე უნდა მდგარიყო შენობა ან უნდა ყოფილიყო მისი კვალი. ნაკვეთს არ ემჩნეოდა არც სარგებლობის ნიშნები. იმავე ნაკვეთთან დაკავშირებით მოგვიანებით დაუკავშირდა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მერიის წარმომადგენელი გ------- დ------ და სთხოვა გაყოლოდა მას ნაკვეთის დასათვალიერებლად. გაჰყვა, აჩვენა ნაკვეთი, გ.დ------მ შეადგინა ოქმი. დათვალიერების პროცესში გ.დ------ არ დაინტერესებულა დაედგინა ამ ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის არსებობის ფაქტი, ან იყო თუ არა ასეთი ნაგებობის კვალი. მხოლოდ ნაკვეთის საზღვრების დადგენაში სთხოვა დახმარება გ.გ-------–--ეს.
2017 წლის 8 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელიც საჯარო რეესტრის მიმართვის საფუძველზე შეადგინა მერიის წარმომადგენელმა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გ------- დ------მ, გ---- გ-------–--ის მონაწილეობით, მითითებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის მისამართი, მესაზღვრეების ვინაობა. ოქმში არსებული გრაფა - დათვალიერების და გამოკვლევის შედეგები - ცარიელია.
2017 წლის 10 თებერვალს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის - მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გ------- დ------ს მიერ გაცემული N5 ბრძანების თანახმად, დადგინდა აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო - ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის N0-------- წერილის საფუძველზე ჯ--- ღ-–-----ის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის და მ----- ღ-–-----ის მიერ 2016 წლის 1 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 16 თებერვალს მ----- ღ-–-----ი დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ.
2017 წლის 16 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის მიერ გ------- დ------ს, მ-----, დ----- და ზ------ ღ-–-----ების მონაწილეობით ჩატარებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა მწვანე კონცხის დასახლებაში, თამარ მეფის მე-3 შესახვევში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც რაიმე ნაგებობა არ დგას, ნაკვეთი დაუმუშავებელია. იგივე დასტურდება ფოტო-ცხრილით, რომელიც ერთვის დათვალიერების ოქმს.
დაზარალებულის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის - გ-------– ხ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- დ------ს მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად, რომლის საფუძველზეც მოქალაქე მ----- ღ-–-----მა საკუთრებად დაირეგისტრირა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის მე-3 შესახვევში მდებარე მიწა, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესი და მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 29 მარტის №0-------- საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ქ.ბათუმი, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №0-----------) 1 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება 2017 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 35. 00 აშშ დოლარს, შესაბამისად, მთლიანი 1000.00 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 35000.00 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსის (1 აშშ დოლარი = 2.6429 ლარი) შესაბამისად შეადგენდა - 92 502.00 ლარს.
ექსპერტმა ნ---- მ–------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.
გ------- დ------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, რომლის თანახმად, მან, როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვისთვის, ამ შემთხვევაში მ----- ღ-–-----ისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად. რეალურად მას არ ჰქონია არანაირი ინტერესი მ----- ღ-–-----ისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. არანაირი ურთიერთობა ამ პირთან არ აქვს, რასაც ღ-–-----იც დაადასტურებდა სასამართლოს წინაშე დაკითხვისას, ბრალდების მხარეს მისი ჩვენება, რომ არ მოეხსნა გამოსაკვლევის მტკიცებულებების ნუსხიდან. აღიარებს და ადასტურებს, რომ მოუვიდა შეცდომა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობები, რამაც გამოიწვია მიწის საკუთრებაში გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც რეალურად არ სარგებლობდა მისით.
პალატა მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა პირს შეერაცხოს ბრალად წარდგენილი ქმედება, უნდა დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ადგილი აქვს, თუ მოხელე მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, მაგრამ მისი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს. ამასთან, იგი ასეთ ქმედებას უნდა ახორციელებდეს თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უკანონო უპირატესობის მიღების მიზნით, რითაც ის არსებითად არღვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებას ან საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ, ისე პასიურ ქმედებაში, ანუ მართლსაწიმააღმდეგო მოქმედებაში ან უმოქმედობაში. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მართლსაწინააღმდეგო შედეგი გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესებისათვის ან საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის ფაქტობრივ მიყენებას. ამასთან, აუცილებელია, რომ ზიანი იყოს არსებითი, რაც სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გ------- დ------ს ბრალი წარედგინა დანაშაულისთვის, რომელიც მიმართულია სხვისთვის - მ----- ღ-–-----ისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, თუმცა ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს გ.დ------ს მხრიდან არსებულ რაიმე ინტერესზე, თავისი მოქმედებით უპირატესობა მიენიჭებინა და გამორჩენის მიღებაში დახმარებოდა მ----- ღ-–-----ს. არ არსებობს ინფორმაცია საერთოდ ამ პირებს შორის არსებულ რაიმე სახის ურთიერთობაზე, რომელიც უბიძგებდა გ------- დ------ს წასულიყო დანაშაულზე ამ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც მ.ღ-–-----ის მიერ გამორჩენის მიღება - იმ ნაკვეთის საკუთრებად დარეგისტრირება მოჰყვებოდა, რომელზეც რეალურად მას ასეთი უფლება არ უნდა გასჩენოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დასაკითხი პირების სიიდან მოხსნა საქმის მთავარი მოწმე - მ----- ღ-–-----ი და არ გამოიკვლია მისი ჩვენება. ამასთან გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ შეიცავს ოდნავ მინიშნებასაც კი, გ.დ------ს მხრიდან რაიმე სახის პირადი ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით მ----- ღ-–-----თან მიმართებაში. რაც ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს და რაც საეჭვოს ხდის გ------- დ------ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ არის საკმარისი და ვერ გამოდგება მსჯავრდებულ გ------- დ------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების დასადასტურებლად.
რაც შეეხება გ------- დ------ს მიერ სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენას, ესე იგი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულბის გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის მხარეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანისა და აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
გ------- დ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- დ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------- დ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები - ამოღებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისიდან, ხელვაჩაურის არქივიდან ამოღებული ამონაწერი საკომლო წიგნიდან და გ------- დ------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე