განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.08.2019
საქმის ნომერი
010310019003126421
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
19.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310019003126421

საქმე N3/ბ-315-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, სიმონ ჩხაიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი - მ----------–-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება

 

მესამე პირი - ნ----–------–-----ა

თარჯიმანი - ტ------------–---ი

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

2019 წლის 31 ივლისს, მ----------–-----ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიმართ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-----------ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 ივლისს, დღის 17 საათზე მას დაუკავშირდა ტელეფონით პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი-----–-----------ე და გააცნო, რომ მის მიერ გამოცემული იქნა N------ შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ნ----–------–-----ას განცხადება ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ, რადგან მას ნ----–------–-----აზე არანაირი ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. ისინი არიან კარგი მეგობრები და დღემდე აქვთ კარგი მეგობრული ურთიერთობა. პოლიციის განყოფილებაში როცა მივიდა ნ----–------–-----ა და საჩივარი დაწერა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას ასეთ მდგომარეობაში ჩამოართვეს ჩვენება. მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს და აღუდგეს მას შეზღუდული უფლებები და დაუბრუნდეს მისი კუთვნილი იარაღი.

 

მოპასუხე შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების წარმომადგენელი არ დაეთანხმა მ----------–-----ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

მესამე პირი, ნ----–------–-----ა დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე და განმარტა, რომ მისი ასეთი მოქმედება გამოწვეული იყო ემოციურ ფონზე. მან მართლაც დარეკა 112-ში, ის, რაც ჩანაწერში აღნიშნულია მისი ლაპარაკი და სიტყვები, ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ მას მ----------–-----ემ უთხრა, რომ დაშორდებოდა და მასთან აღარ იცხოვრებდა, რადგან ისინი მალე აპირებდენ დაქორწინებას. მის მიერ მეორედ განხორციელდა ზარი 112-ში და უთხრა, რომ რაც ადრე განაცხადა არ შეესაბამებოდა სიმართლეს. რაც შეეხება მის მიერ მიცემულ ჩვენებას პოლიციაში, ხსნის იმით, რომ იყო ძლიერი ნასვამი და ვერ აცნობირებდა რას წერდა და ან რაზე აწერინებდნენ ხელს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ----------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-----------ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული N 0----- შემაკავებელი ორდერი.

 

ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-----------ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით მ----------–-----ეს აეკრძალა ნ----–------–-----ას მიმართ ფიზიკური ძალადობა, ასევე იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მასვე აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება და ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი, მათ შორის სამსახურებრივი საშტატო და ის შენახული იქნა კანონით დადგენილი წესით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე 1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინა, რომ ნ----–------–-----ის თანხმობით ჩატარებული იქნა მისი სხეულის გარეგნული დათვალიერება და 2019 წლის 29 ივლისის გარეგნული დათვალიერების ოქმით ნ----–------–-----ას განმარტებით ტკივილს განიცდიდა თავის არეში, კერძოდ, შუბლის ნაწილში მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები და მისივე განცხადებით აღნიშნული დაზიანება მას მიაყენა მ----------–-----ემ 2019 წლის 29 ივლისს 03:00 საათზე მის დროებით საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მესამე პირის მიმართ, განხორციელდება ფიზიკური ძალადობა. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 29 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობდა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორგამომძიებლის ი-----–-----------ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მ----------–-----ის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2019 წლის 29 ივლისს დაახლოებით 17:00 საათზე პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებელი ი-----–-----------ე დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და გააცნო შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას აეკრძალა თავის მეგობართან, ნ----–------–-----ასთან მიახლოება და ასევე ჩამოერთვა თავის სახელზე რეგისტრირებული იარაღი, სანადირო თოფი და ტაბელური იარაღი, რომელზეც საჩივრის ავტორს გააჩნია ოფიციალური ნებართვა შენახვის უფლებით. აპელანტისთვის უცნობი იყო თუ არსებობდა მის მიმართ რაიმე საჩივარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ საჩივარი, არამედ გამოძიება ყოფილა დაწყებული.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, შემაკავებელი ორდერი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მ----------–-----ეს არანაირი ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. ისინი არიან კარგი მეგობრები და დღემდე აქვთ მეგობრული ურთიერთობა. როდესაც მ----------–-----ემ უთხრა ნ----–------–-----ას, რომ შორდებოდა მას და ერთად აღარ იცხოვრებდნენ იყო ნასვამ მდგომარეობაში. ნ----–------–-----ა პოლიციის განყოფილებაში საჩივრის დასაწერად იმყოფებოდა ნასვამ დგომარეობაში. საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია თუ როგორ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ჩამოერთვას ჩვენება და ამ ჩვენების საფუძველზე მოხდეს პიროვნების შეზღუდვა და ასევე მოხდეს მისი პირადი ნივთების ჩამორთმევა.

 

სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულმა ნ----–------–-----ამ მხარი დაუჭირა საჩივრის ავტორის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ პოლიციის მუშაკისათვის მიცემული განმარტება იყო არასწორი, შესაბამისად ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მ----------–-----ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-----------ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული N 0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

ამავე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, შემაკავებელ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.

 

,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებით შემაკავებელ ორდერთან ერათად გამოიცემა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც დეტალურად მიეთითება პოლიციის შესაბამისი მუშაკის მიერ დადგენილი გარემოებები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.

 

ანალოგიური შინაარსის დანაწესს შეიცავს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ადგენს, რომ პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსს და განმარტავს, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ნ----–------–-----ას უფლებებს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მ----------–-----ემ იძალადა ნ----–------–-----აზე. შესაბამისად, ვერ დგინდება ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების საჭიროება.

 

სააპელაციო სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფიზიკური ძალადობის აღკვეთის მიზნით.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

ფიზიკური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ ტკივილი მიაყენოს მსხვერპლს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ფიზიკური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება ცემაში, წამებაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი და ოქმი წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, თუმცა მხოლოდ ამ დოკუმენტის საქმეში არსებობა არ ქმნის პირის მოძალადედ მიჩნევის წინაპირობას, რადგან შემაკავებელი ორდერი და ოქმი თავისი დანიშნულებით საქმის გარემოებათა ფიქსაციის და დამცავი ღონისძიების გამოყენების საშუალებაა. ამდენად, მისი მტკიცებულებითი ძალის განსასაზღვრად სავალდებულოა მასში ასახული მონაცემების სისწორე უტყუარად და სარწმუნოდ დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებით, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რომელიმე უფლების შეზღუდვას.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე უკრიტიკოდ მიიჩნია შემაკავებელი ორდერი მტკიცებულებად, რომ არ შეაჯერა მასში ასახული გარემოებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები დაეყრდნო მხოლოდ ნ----–------–-----ას ზეპირ განმარტებას, რომელმაც უარყო მის მიერ მიცემული განმარტება და სააპელაციო სასამართლოში ზედმიწევნით მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე თუ რა გახდა მ----------–-----ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების მიზეზი. პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის ფიქსაციისათვის მოძალადე პირის დასადგენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ობიექტურ პირთა წრის გასაზღვრას, რომლებმაც ჩვენება უნდა მისცენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.

 

პალატა მიუთითებს, რომ მ----------–-----ეს კანონთან კონფლიქტი საქმის მასალებით არ ფიქსირდება. რაც შეეხება მის მიმართ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ეს გარემოება ვერ გამოდგება გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის კანონიერად მიჩნევის წინაპირობად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ნ----–------–-----ას რაიმე სახის პრეტენზია საჩივრის ავტორთან არ გააჩნია.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ საკმარისად არ დასტურდება საჩივრის ავტორის მხრიდან ნ----–------–-----ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამგვარი ერთმანეთთან კავშირში მყოფი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი, როგორც დაუსაბუთებელი და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესაწავლის გარეშე გამოცემული აქტი, ექვემდებარება გაუქმებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ----------–-----ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მ----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-----------ის მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული N 0----- შემაკავებელი ორდერი;

 

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეგზავნოს კანონით დადგენილი წესით მხარეებს;

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

სიმონ ჩხაიძე