განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
060310119002947681
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060310119002947681

საქმე N3/ბ-192-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შ-----------------------------–----–----------------------------–---–---------–---------–----–------–------------------–--------–---–------------------------------------------–-----–----------–---–-

 

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განჩინება

 

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

 

კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

2019 წლის 16 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შ------------------------------–-----–-----------------------------–---–----------–---------–-----–------–---------------------–--------–---–--------------------------------------------–------–----------–---–-- მიმართ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა ამავე სარჩელით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით იშუამდგომლა უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დადებოდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებებს: ი-------------–--- ავტომობილს და 100%-იან წილს შ-----------–---------------------–--- ავტომობილს T----------- სახ. N--------; სპარტაკი ერისთავის უძრავ ქონებებს: საკადასტრო კოდი N 4----------- და საკადასტრო კოდი 0------------------; ი-----–--------–---–-- ავტომობილს T----------- სახ. N M------; მ-----–---------–--- ავტომობილს T------------------- სახ. N M------; ლ----------–---–-- 100%-იან წილს შ------–---------–-----–------–------------- საბანკო ანგარიშებს სს ,,ს----------–----------’’ და სს ,,თ----------–-’’ და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს, განთავსებულს ქ. ქუთაისში, ფ--–--–---–-----–--------–------------- საბანკო ანგარიშებს სს ,,თ----------–-’’ და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს, განთავსებულს თბილისი, დიდუბე ჩუღურეთი, ა------------ ქ. N-.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე უახლესი ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხეების საკუთრების უფლებას განცხადებაში მითითებულ უძრავ და მოძრავ ქონებებზე 2019 წლის აპრილის მდგომარეობით.

 

2019 წლის 24 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე და წარადგინა: სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, ხოლო რაც შეეხებოდა ამონაწერს, იგი წარდგენილი იქნა არა 2019 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, არამედ 2016 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით, რაც საქმეს ისედაც ერთვოდა.

 

2019 წლის 24 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს სასამართლოს ინიციატივით ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 05 (ხუთი) დღით.

 

ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 2019 წლის 24 აპრილს და ჩაბარდა 2019 წლის 25 აპრილს.

 

სამტრედიის რაიონული სასმართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა 2019 წლის 06 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.

 

2019 წლის 10 მაისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში არაა მითითებული, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი უნდა ყოფილიყო უახლესი. შემოსავლების სააგენტოს ვალდებულებად ჰქონდა აქვს დადგენილი წარედგინა ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრება. შემოსავლების სამსახურის მიერ შესრულებული იქნა კანონის მოთხოვნა და სასამართლოში გაგზავნილი იქნა მოპასუხის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

2019 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის დანაწესზე და მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებდა ისეთ ახალი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შესახებ, რაც შესაძლოა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გამხდარიყო, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და სადავო საკითხის განსახილველად გადაცემოდა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

 

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული

განჩინების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სტადიიდან დაუბრუნდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას; კერძოდ, სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ამ ნაწილში განჩინების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

 

პალატას მიაჩნია, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით ხარვეზის დადგენის კანონისმიერი საფუძველი, რადგანაც მოსარჩელეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდებოდა უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. ახალი თარიღით მომზადებული ამონაწერის წარდგენის ვალდებულება კი სახეზე არ იყო, რადგანაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.

 

საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოიცავდა არამარტო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, არამედ ყადაღის დადებას მოძრავ ქონებებსა და საბანკო ანგარიშებზეც, რა ნაწილშიც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის მიზნით სასამართლოში სარჩელის აღძვრის პირობებში (ასევე აღძვრამდეც) მოსარჩელე სარგებლობს ეფექტური (რეპრესიული) დაცვის უფლებით და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტური დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას მოსარჩელე უნდა იყოს უზრუნველყოფილი უფლების აღდგენის პირობებში ამ უფლების ეფექტურად რეალიზაციის თაობაზე (სანამ უფლება აღუდგება, უნდა არსებობდეს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება).

 

ისევე როგორც სამართლის სხვა დარგები, ადმინისტრაციული (სამოქალაქო) სამართალიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის სფეროში. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის უფლებების ფაქტობრივი რეალიზაციის სრულყოფა, საპროცესო სამართალი ითვალისწინებს უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს, რომელთა მიზანი დაინტერესებული მხარისათვის იმგვარი შესაძლებლობის მიცემაა, რომლითაც მას საკუთარი ინტერესების დაცვა სამართალწარმოების დამთავრებამდე შეეძლება, მაშასადამე ცალსახაა, რომ უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის ფუნქცია.

 

დოქტრინის მიხედვით, პრევენციული ღონისძიებების დანიშნულება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. ამგვარი ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით სარგებლობა მოსარჩელის უფლებაა, რისი დაუსაბუთებელი უარყოფა არ გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლი მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს ,,იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

ამდენად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

 

საქმეში „ხორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნებოდა ილუზორული, თუკი, შიდა ეროვნული სამართლებრივი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალაში შესული, იურიდიული ძალის მქონე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რჩებოდეს ძალის არმქონედ ერთ-ერთი მხარის საწინააღმდეგოდ.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე მისი წარმოებაში მიღების ეტაპიდან, რის შემდეგაც უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ამასთან ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას, შესაბამისად უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების ვარაუდი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთა უძრავ-მოძრავ ქონებებსა და ანგარიშებზე ყადაღის დადებას, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ისიც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს დავის დასრულებამდე უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისად აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებისას განხორციელდეს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების თანაზომიერი გაწონასწორება და მათი მართლზომიერი დაბალანსება.

 

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის შუამდგომლობაზე არსებითად, ამდენად არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის წინაპირობები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად წარმოებაში მიღების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე