განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/180-18, 330310017002023326
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ--–- ფ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდება
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. ლ--–- ფ-----ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემდეგი: ბათილად იქნეს ცნობილი დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 20 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ლ--–- ფ-----ის მიმართ და დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ლ--–- ფ-----ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ--–- ფ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ლ--–- ფ-----ემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. იმავე უნივერსიტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1988 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგი, ლ--–- ფ-----ე მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის, იურისტის თანამდებობაზე.
ლ--–- ფ-----ემ 2004 წლის 18 სექტემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. ლ--–- ფ-----ე არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სიითი ნომრით: №0---.
ლ--–- ფ-----ემ 2005 წლის 18 ივნისს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საერთო საკვალიფიკაციო გამოცდა.
ლ--–- ფ-----ე მონაწილეობდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ ტრენინგში, ასევე, საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის მიერ ჩატარებულ სემინარში.(ს.ფ. 8-10, 79; 80-88; 89-91, 94).
2.2. საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცხადდა კონკურსი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე (№4----). ლ--–- ფ-----ემ მითითებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და კონკრეტულ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა განაცხადი.
2017 წლის 16 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან, მათ შორის ლ--–- ფ-----ესთან გასაუბრება. გასაუბრების პროცესი აისახა აუდიო-ვიდეო მასალაზე.
2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების ღია კენჭისყრა, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად. კენჭისყრის შედეგად ლ--–- ფ-----ემ მიიღო 0 (ნული) ხმა. (ს.ფ.41, 72-74, 108).
2.3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 23 ივნისის №8----- წერილით, ლ--–- ფ-----ეს ეცნობა დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგები. განემარტა, რომ მისმა კანდიდატურამ ვერ მოაგროვა თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი ხმათა საჭირო რაოდენობა. ანალოგიური შინაარსის წერილი მას გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე: fxakafze1958@mail.ru . (ს.ფ.7. ს.ფ. 13).
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-6-7, 29-ე, 42-ე მუხლები, შრომითი უფლების დაცვის მარეგულირებელ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, 29-ე, 42-ე, 44-ე მუხლები; ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 21-ე, 23-ე მუხლები; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი და ევროპის სოციალური ქარტიის პირველ მუხლი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-9 მუხლი, 27-271-2, 72-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-17, 22-ე, 32-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 31, 601-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუითითა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
3.2. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-9 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტითა და 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.
3.3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
3.4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.
3.5. რეგლამენტის მითითებული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები კი ადგენს, რომ გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ--–- ფ-----ე წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატს (პრეტენდენტს). მან დასაქმების პორტალის - www.hr.gov.ge -ს საშუალებით გამოცხადებულ კონკურსზე გააკეთა ელექტრონული განაცხადი.
3.7. სასამართლოს განმარტებით, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული კონკურსი მოიცავდა ორ ეტაპს: აპლიკაციების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან, კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, 2017 წლის 16 ივნისს. გასაუბრება გაიარა 21-მა კანდიდატმა, მათ შორის, ლ--–- ფ-----ემ. განხორციელდა ლ--–- ფ-----ესთან გასაუბრების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმით დგინდება, რომ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შესარჩევად, კერძოდ, კენჭი უყარეს 19 კანდიდატს და ამასთან, კენჭისყრის შედეგად, ლ--–- ფ-----ემ მიიღო -0 ხმა.
3.8. ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსში მონაწილე კანდიდატების აპლიკაციების შესწავლის, კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან გასაუბრების, თითოეული მათგანის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით შეფასება გამოხატა საკუთარი ხმის მიცემით კონკრეტული კანდიდატის მიმართ. როგორც უკვე აღინიშნა, ლ--–- ფ-----ემ ვერ მიიღო ვერცერთი წევრის ხმა და იგი ყველა მათგანის მიერ შეფასდა უარყოფითად.
3.9. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება საბჭოს (კომისიის) წევრების მიერ ლ--–- ფ-----ესთან გასაუბრებისას მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის პრეტენდენტს შეკითხვით მიმართოს ყველა წევრმა. ასევე, მათ არ გააჩნიათ არათუ ვალდებულება, არამედ უფლებამოსილება, რომ გასაუბრებისთანავე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება კონკრეტული პრეტენდენტისადმი. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. როგორც უკვე აღინიშნა, პრეტენდენტებთან გასაუბრება შედგა 2017 წლის 16 ივნისს, ხოლო კენჭისყრის საფუძველზე, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო 2017 წლის 20 ივნისს. სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პრეტენდენტის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების არაჯეროვნად შესრულებას.
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
3.12. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3.13. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--–- ფ-----ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
3.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ უსაფუძვლოა ლ--–- ფ-----ის მეორე სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება ლ--–- ფ-----ის დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
4. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ--–- ფ-----ემ და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია. აპელანტის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ, მის მიმართ ფორმალურად უარყოფითი შეფასება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმ დასკვნისათვის, რომ საბჭოს წევრმა განახორციელა პროფესიული ან/და პიროვნული შესაძლებლობების შეფასება, ხოლო თუ განახორციელა იყო თუ არა შეფასება ობიექტური და მიუკერძოებელი.
4.2. აპელანტი განმარტავს, რომ არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ლ--–- ფ-----ე არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც კვალიფიციურად და დამოუკიდებლად შეასრულებდა მის ვალდებულებებს. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანდიდატებისათვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას იღებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრი, რაც დასტურდება გასაჩივრებული სხდომის ოქმით. აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო გამოთქვამს პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ის სხვა საბჭოს წევრებსაც უნდა შეეფასებინათ, თუნდაც „0“ ქულით. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი ამ გარემოების დასასაბუთებლად მოიხმო სხვა პირთა გასაუბრებისას ჩატრებული პროცედურები, რის თაობაზეც აპელანტის განმარტებით, მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შეფასების შედეგად თვლის, რომ ლ--–- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღეაბს ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. ლ--–- ფ-----ემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. იმავე უნივერსიტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1988 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგი, ლ--–- ფ-----ე მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის, იურისტის თანამდებობაზე.
ლ--–- ფ-----ემ 2004 წლის 18 სექტემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. ლ--–- ფ-----ე არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სიითი ნომრით: №0---.
ლ--–- ფ-----ემ 2005 წლის 18 ივნისს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საერთო საკვალიფიკაციო გამოცდა.
ლ--–- ფ-----ე მონაწილეობდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ ტრენინგში, ასევე, საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის მიერ ჩატარებულ სემინარში.(ს.ფ. 8-10, 79; 80-88; 89-91, 94).
6.2. საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცხადდა კონკურსი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე (№4----). ლ--–- ფ-----ემ მითითებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და კონკრეტულ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა განაცხადი.
2017 წლის 16 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან, მათ შორის ლ--–- ფ-----ესთან გასაუბრება. გასაუბრების პროცესი აისახა აუდიო-ვიდეო მასალაზე.
2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების ღია კენჭისყრა, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად. კენჭისყრის შედეგად ლ--–- ფ-----ემ მიიღო 0 (ნული) ხმა. (ს.ფ.41, 72-74, 108).
6.3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 23 ივნისის №8----- წერილით, ლ--–- ფ-----ეს ეცნობა დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგები. განემარტა, რომ მისმა კანდიდატურამ ვერ მოაგროვა თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი ხმათა საჭირო რაოდენობა. ანალოგიური შინაარსის წერილი მას გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე: fxakafze1958@mail.ru . (ს.ფ.7. ს.ფ. 13).
7.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად მოსარჩელის აპელირება საბჭოს (კომისიის) წევრების მიერ ლ--–- ფ-----ესთან გასაუბრებისას მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; რადგან აუცილებელი არ არის პრეტენდენტს შეკითხვით მიმართოს ყველა წევრმა. ასევე, მათ არ გააჩნიათ არათუ ვალდებულება, არამედ უფლებამოსილება, რომ გასაუბრებისთანავე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება კონკრეტული პრეტენდენტისადმი. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ. სააპელაციო პალატა ასევე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, კონკრეტული პრეტენდენტის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების არაჯეროვნად შესრულებას.
7.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსის საფუძველზე არჩევის დათქმა გათვალისწინებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით, ხოლო იმავე თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად. იმავე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას. რეგლამენტის მითითებული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები კი ადგენს, რომ გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით. სააპელაციო პალატა ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი უნდა ჩატარდეს მათ შესაბამისად.
7.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ყველა პირს თანაბრად შეეძლო მიეღო მონაწილეობა კანონით დადგენილ კრიტერიუმთა დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამგვარი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა მათ შორის მოსარჩელესაც. კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისაგან - განაცხადთა გადარჩევისა და გასაუბრებისაგან. მოსარჩელე გადაყვანილ იქნა მეორე ეტაპზე. საქმეზე წარმოდგენილი გასაუბრების ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ საბჭოს წევრებმა აპელანტს დაუსვეს არაერთი შეკითხვა სამართლის სხვადასხვა დარგიდან. ამასთან, რიგ შემთხვევებში აპელანტს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და მსჯელობის, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს სასამართლოს, რომ გასაუბრების ჩატარება მიზნად ისახავდა კონკურსანტის ლოგიკური აზროვნებისა და მისი კვალიფიკაციის დონის განსაზღვრას.
7.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსზე ლ--–- ფ-----ის მიმართ არ დარღვეულა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, ასევე არ დასტურდება განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც ლ--–- ფ-----ის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა პროცედურული ნორმების დარღვევით იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლ--–- ფ-----ის კანდიდატურა არ იქნა არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე.
7.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი/საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია კოლეგიური ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას შეისწავლოს ის მიზანშეწონილობის კუთხით, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს ამგვარი აქტის მხოლოდ კანონიერება; კერძოდ, მათი გამოცემისას დაცულია თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (Nბს-300-291(კ-13) 26.09.2013წ.), რომლის თანახმად, ,,კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.“
8. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ლ--–- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე