განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002307797
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-543-2019 27 აგვისტო, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - გ------- ვ---–----ე
წარმომადგენელი - ს------–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ი---- ბ-----ე
წარმომადგენელი - პ----------–----ე
დავის საგანი - ალიმენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი---- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ------- ვ---–----ეს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის 2011 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ნ--–- ვ---–----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით - სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ი---- ბ-----ის სარჩელი მოპასუხე გ------- ვ---–----ეზე ერთჯერადი გადასახდელი თანხის 1500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2011 წლის 24 თებერვალს ი---- ბ-----ე რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაყვა გ------- ვ---–----ეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით. 2.2. ი---- ბ-----ეს და გ------- ვ---–----ეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2011 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ნ--–- ვ---–----ე. 2.3. გ------- ვ---–----ემ 2014 წელს, რუსეთის ფედერაციაში, ბ--------ს ოლქი, რ------------ს რაიონის, ს. ბ---––--- ლ-------ში შეიძინა 10 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისათვის. 2.4. გ------- ვ---–----ემ 2014 წელს, რუსეთის ფედერაციაში, ბ--------ს ოლქი, რ------------ს რაიონი, ს. ბ---––--- ლ-------, ზ---------ს ქუჩა N1-ში შეიძინა 26,3 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 2.5. გ------- ვ---–----ემ 2015 წელს შეიძინა სატრანსპორტო საშუალება ,,ვოლვო s 60“. 2.6. გ------- ვ---–----ეს გააჩნია რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სავალდებულო საპენსიო დაზღვევა. 2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 დეკემბრის N MIA 4 18 02907886 ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ გ------- ვ---–----ე სისტემატურად ჩამოდის საქართველოში და ბრუნდება რუსეთის ფედერაციაში. 2.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ არ გააჩნია არავითარი შემოსავალი და რუსეთის ფედერაციაში იმყოფება მშობლების და ახლობლების კმაყოფაზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. 2.10. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2 )ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც. ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი). ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები. 2.11. სასამართლო არ დაეყრდნო მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ვ---–----ეს არ გააჩნია შემოსავლები და მხოლოდ ახლობლების დახმარებით შეძლებს ალიმენტის სახით 80 ლარის გადახდას. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განქორწინების შემდეგ გ------- ვ---–----ემ საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიძინა და საკუთრებაში ფლობს უძრავ და მოძრავ ქონებას. სასამართლო, ასევე, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გ------- ვ---–----ე მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რამაც სასამართლოს შეუქმნა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მას გააჩნდაა შემოსავალი. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ გ------- ვ---–----ე სისტემატურად, წელიწადში რამდეჯერმე ჩამოდის საქართველოში და ბრუნდება რუსეთის ფედერაციაში, რაც ასევე დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი ამ ვიზიტების დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ვ---–----ეს ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, რათა შეძლებოდა მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება გონივრულ ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარების, მისი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ------- ვ---–----ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტიცებულებით, მათ შორის შემოსავლების სამსახურის წერილობითი ინფორმაციით უდაოდ დგინდება, რომ გ------- ვ---–----ე არის უმუშევარი და მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაიმე ფინანსური შემოსავალი არ მიუღია, ხოლო სასამართლომ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად უსაფუძვლოდ შემოსავლების არმქონეს დააკისრა ძალიან დიდი ოდენობის ალიმენტის გადახდა, ამასთან სარჩელის აღძვრის დღიდან და უკვე დაგროვილი ვალებით გახადა გადახდისუუნარო და გ------- ვ---–----ე მოაქცია გაუსაძლის პირობებში. 3.2. სამკურნალო დაწესებულებიდან საქმეში წარმოდგენილი მკურნალობის შესახებ წერილობითი ინფორმაციით უდაოდ დგინდება, რომ გ------- ვ---–----ემ გაიარა მკურნალობის კურსი და ის ფაქტიურად სრულად განკურნებამდე არის შრომის უუნარო, რა გარემოებაც სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული და დაკისრებული იქნა უსაზღვროდ დიდი ოდენობის ალიმენტი. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ დაუშვა სსკ- 393-394 მუხლებით გათვალისწინებული კანონდარღვევები. გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა მისი არსი და მნიშვნელობა, ასევე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 102.3 მუხლის საფუძვლები. შესაბამისად, გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია. 3.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდაოდ დასტურდება, რომ გ------- ვ---–----ე არ არის დასაქმებული, არ აქვს რაიმე სახის შემოსავალი და ცხოვრობს მშობლებისა და ახლო ნათესავების ხარჯზე, ხოლო მასზე სარჩელის აღძვრიდან ყოველვიურად გადასახდელად ალიმენტის 200 ლარის ოდენობით დაკისრება სცილდება სამართლის ნორმებს, რადგან გ------- ვ---–----ეს აყენებს გაუსაძლის პირობებში, ის წინასწარ განწირულია, რომ აღმოჩნდეს მოვალეთა რეესტრში, ხოლო დაინტერესებული მხარე ვერანაირ სარგებელს ვერ ღებულობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2011 წლის 24 თებერვალს ი---- ბ-----ე (მოსარჩელე) და გ------- ვ---–----ე (მოპასუხე, აპელანტი) დაქორწინდნენ. 4.2. 2011 წლის 14 დეკემბერს მათ შეეძინათ შვილი, ნ--–- ვ---–----ე. 4.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით. 4.4. ამჟამად, ნ--–- ვ---–----ე მოსარჩელესთან ცხოვრობს და აპელანტი მის რჩენაში მონაწილეობას არ იღებს. 4.5. აპელანტმა 2014 წელს რუსეთის ფედერაციაში, ბ--------ს ოლქში, რ------------ს რაიონის, ს. ბ---––--- ლ-------ში შეიძინა 10 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისათვის. 4.6. ასევე 2014 წელს აპელანტმა რუსეთის ფედერაციაში, ბ--------ს ოლქში, რ------------ს რაიონი, ს. ბ---––--- ლ-------, ზ---------ს ქუჩა N1-ში შეიძინა 26,3 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 4.7. 2015 წელს აპელანტმა შეიძინა სატრანსპორტო საშუალება ,,ვოლვო s 60“. 4.8. აპელანტს გააჩნია რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სავალდებულო საპენსიო დაზღვევა. 4.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 დეკემბრის N MIA 4 18 02907886 ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ აპელანტი სისტემატურად ჩამოდის საქართველოში და ბრუნდება რუსეთის ფედერაციაში. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.10.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე მართებულად განსაზღვრა აპელანტის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა. 4.11. ამ ნორმის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 4.11.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წლის მონაცემებით საქართველში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 178,6 ლარიდან 190,1 ლარის ფარგლებში მერყეობს. 4.12. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ აპელანტისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა საარსებო მინიმუმს მცირედით აღემატება და ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნილებებს თუ უზრუნველყოფს. 4.12.1. ამიტომ, 200 ლარი ბავშვის რჩენა-აღზრდისათის აუცილებელია. 4.13. პალატის აზრით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდის საშუალება არ გააჩნია. 4.13.1. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ რუსეთის ფედერაციაში აპელანტს ეკუთვნის უძრავ-მოძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი და ავტომობილი (ს.ფ. 57-71), რაც ადასტურებს რომ მას შემოსავალი აქვს, 4.13.2. გარდა ამისა, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სარჩელის აღძვრის, ე.ი. 2018 წლის 15 თებერვლის შემდეგ აპელანტმა ათჯერ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით და - პირიქით. 4.13.3. ამასთან, 2017 წელს მან რუსეთის ფედერაციაში, რამდენჯერმე საჰაერო ტრანსპორტით იმგზავრა. 4.13.4. პალატა აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ამ ხარჯებს აპელანტის მშობლები და ახლო ნათესავები წევენ, მას არ წარმოუდგენია. 4.14. სს ს------–----------------–-- ე-----ს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ აპელანტმა რეფერალურ ჰოსპიტალს 2015 წლის 17 აგვისტოს მიმართა. 4.14.1. ამ ცნობაში აპელანტის დიაგნოზი მითითებული არ არის, თუმცა მისი შრომის წიგნაკიდან ამონაწერით ჩანს, რომ 2017 წლის 28 თებერვალს აპელანტმა შპს ვ-----ში დაიწყო მუშაობა მგზავრთა რეგულარულ გადაზიდვებზე “D” კატეგორიის მძღოლად. 4.15. ეს კი ნიშნავს, რომ რა დაავადებითაც არ უნდა ყოფილიყო აპელანტი ავად 2015 წელს, 2017 წლისთვის იგი უკვე სავსებით შრომისუნარიანი იყო. 4.16. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. გ------- ვ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე