განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
020310517002037597
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310517002037597

საქმე N3/ბ-547-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტები (მე-3 პირები) – ნ-----------------ე, ა-------------ი

წარმომადგენელი – ქ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგეები მხარეები:

1. შპს ,----------–--- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – გ------------

 

2. მოპასუხეები:

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი – ს----------–-------ე

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სააღსრულებო მოქმედების კანონიერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 3 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,----------–---- წარმომადგენელმა გ------------მ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის №---- ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 13.06.2017 წ №----------------- შეტყობინების (სააღსრულებო მოქმედება) უკანონოდ ცნობა;

 

სარჩელის მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღსრულების კრედიტორები არიან ნ----------------ე და ა-------------ი, მოვალე – შპს ,----------–--. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა შპს ,----------–------ გამოთხოვილიყო შპს ,----------–--- სრული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია, რაც მოსარჩელემ შეასრულა, თუმცა სააღსრულებო ბიურომ უკანონოდ გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მოქმედება სცილდება სააღსრულებო გადაწყვეტილების ფარგლებს. იგი თანამშრომლობს სააღსრულებო ბიუროსთან და აღმასრულებლისთვის (შესაბამისად კრედიტორისთვის) სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადაცემული აქვს აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სრული დოკუმენტაცია, მათ შორის საგადასახადო ვებ-პორტალზე ატვირთული ყველა ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდილი ასლი მატერიალური სახით, რომლის დამუშავება კრედიტორს თვითონ შეუძლია. კრედიტორის მითითებით აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მაგალითად ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი არ არის დამოუკიდებელი საბუღალტრო დოკუმენტი, გაუგებარია რა შინაარს უნდა მოიცავდეს და ამ დოკუმენტის, ისევე როგორც აღმასრულების მომართვაში მითითებული სხვა ინფორმაციის დამუშავება და კრედიტორისთვის სასურველი ფორმით მისთვის გადაცემის ვალდებულება მას აღსასრულებელი გადაწყვეტილებით არ დაკისრებია.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ შპს ,----------–---- სარჩელთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ პროცესში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად მოწვეულნი იქნენ ნ-----------------ე და ა-------------ი.

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წრმომადგენელმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთ გზას მოვალისთვის 2017 წლის 13 ივნისის მიმართვაში აღნიშნული და აღსრულების კრედიტორის მიერ მითითებული დოკუმენტაციის აღმასრულებლისთვის გადაცემა წარმოადგენს. აღმასრულებლის მოქმედება არ გასცდენია აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს და იგი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

 

მესამე პირების მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებები შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის №---- ბრძანება, ასვე უკანონოდ იქნა ცნობილი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 ივნისის №----------------- შეტყობინება (სააღსრულებო მოქმედება). ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დაეკისრა მოპასუხეს.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. აღსასრულებელი გადაწყვეტილება მიღებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში 21.05.2015 წ. იგი კანონიერ ძალაშია 21.10.2016 წლიდან, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 22.02.2017 წელს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილია 23.02.2017 წელს. აღსრულების კრედიტორები არიან ნ----------------ე და ა-------------ი, მოვალე – შპს ,----------–--.

 

გადაწყვეტილების აღსასრულებელი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა: ,,შპს ,----------–------ გამოთხოვილ იქნეს შპს ,----------–--- სრული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია“;

 

2.1.2. 24.02.2017 წლიდან სააღსრულებო საქმეს აწარმოებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორ–აღმასრულებელი ნ--------------ე. 24.02.2017 წელს აღმასრულებელმა კრედიტორს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განუმარტა მისი უფლებები და მოვალეობები. წინადადება მოვალეს პირადად ჩაბარდა 27.02.2017 წელს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის დ------–-----–--- მიერ, რომელიც ამჟამად ახორციელებს წარმოებას სადავო სააღსრულებო საქმეზე;

 

2.1.3. 2018 წლის 14 მარტს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა დ------–-----–-ამ საქმეზე ჩაატარა სააღსრულებო მოქმედება – გამოცხადდა შპს ,----------–--- მისამართზე და კრედიტორს გადასცა შემდეგი დოკუმენტაცია: 1) 2013 წლის დოკუმენტაცია 22 გვერდი, 2) 2014 წლის ბანკის ამონაწერი ლარში 76 გვერდი, დოლარში 4 გვერდი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 128 გვერდი, საგასახადო ანგარიშ-ფაქტურები 58 გვერდი, ბრუნვითი უწყისი 19 გვერდი, სხვადასხვა - 221 გვერდი, 3) 2015 წლის ბანკის ამონაწერები დოლარში 4 გვერდი, ბანკის ამონაწერები ლარში 88 გვერდი, ანგარიშფაქტურები 70 გვერდი, ანგარიშფაქტურები 117 გვერდი, ბრუნვითი უწყისი 9 გვერდი, სხვადასხვა - 177 გვერდი, 4) 2016 წლის ბანკის ამონაწერები 70 გვერდი, ბანკის ამონაწერები დოლარში 4 გვერდი, ანგარიშ-ფაქტურები 63 გვერდი, ანგარიშფაქტურები 50 გვერდი, ბრუნვითი უწყისი 7 გვერდი, სხვადასხვა - 179 გვერდი, 5) 2017 წლის ბანკის ამონაწერი დოლარში 1 გვერდი, ბანკის ამონაწერი ლარში 12 გვერდი, ანგარიშფაქტურა 1 გვერდი, ანგარიშფაქტურები 1 გვერდი, სხვადასხვა - 42 გვერდი, 6) ექსპერტიზის დასკვნა 34 გვერდი, 7) სასაქონლო ზედნადები 36 გვერდი.

 

სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმში მითითებულია, რომ ორგანიზაციას სხვა დოკუმენტაცია, გარდა იმისა რაც წარმოადგინა და ასევე წაღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, არ გააჩნია.

 

კრედიტორისთვის გადაცემული დოკუმენტები გადანომრილია საწერკალმით ლურჯი მელნით, გვერდების საერთო რაოდენობა შეადგენს 1498 გვერდს.

 

კრედიტორის წარმომადგენელს კახაბერ ზარანდიას, ვინც ესწრებოდა და ვისაც გადაეცა სააღსრულებო მოქმედების შედეგად მიღებული მასალები, აღსრულებასთან და აღმასრულებელთან შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

 

აღმასრულებელს მოვალის და კრედიტორის თანდასწრებით ან მათ გარეშე მოვალის საგადასახადო ვებ-პორტალი არ დაუთვალირებია, ამგვარი მოთხოვნა მოვალისთვის არ წარუდგენია, სხვა გზით მოვალესთან არსებული ინფორმაციის აღსრულების კრედიტორისთვის სრულად გადაცემა არ შეუმოწმებია. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საგადასახდო ვებპორტალის დათვალიერების ვალდებულება აღმასრულებელს არ ჰქონდა.

 

2.1.4. 31.03.2017 წელს საქმეზე ჩატარდა მორიგი სააღსრულებო მოქმედება, სადაც მოვალემ განაცხადა, რომ დამატებით, საგამოძიებო ორგანოებისგან გამოითხოვა საზოგადოების დოკუმენტაცია, რასაც სრულად გადასცემდა კრედიტორს. აღნიშნული დოკუმენტაცია დანომრილია 2 ნაწილად - ხელით ლურჯი ფერის საწერკალმით პირველი ნაწილი 1–დან 783 გვერდის ჩათვლით და მეორე ნაწილი 1–დან 857 გვერდის ჩათვლით.

 

მოვალემ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმზე გააკეთა შენიშვნა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ დოკუმენტაციის წაღება განხორციელდა დაუნომრავად, ასევე დაუნომრავი დაუბრუნეს, რაც მას დაუბრუნდა სრულად გადაეცა კრედიტორს.

 

მოვალემ ამავე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების დროს განაცხადა, რომ უკვე გადაცემული დოკუმენტაციის გარდა მას სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნდა. მან ასევე განმარტა, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილ მოქმედებას, რომელიც შეეხება საგადასახადო ვებ პორტალიდან, rs.ge-დან ელექტრონულ (ექსელის) ფორმატში ინფორმაციის გადაცემას ვერ შეასრულებდა, რადგან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას არ ითვალისწინებდა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო სხვა ყველა დოკუმენტი, რაც მას გააჩნდა როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულად კრედიტორს გადაეცა სრულად. მან ასევე განაცხადა, რომ მზად იყო ნებისმიერ დროს კრედიტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე წერილობითვე გადაეცა ის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულდებოდა ან მექანიკურად იყო გამორჩენილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არც აღმასრულებელი და არც კრედიტორი არ შეუზღუდავს მისი მონაწილეობით მისივე ავტორიზებული საგადასახადო ვებ პორტალიდან - rs.ge-დან რაიმე ინფორმაციის მოპოვებაში ან არსებული და ამობეჭდილი მასალების ურთიერთშედარებაში იმის გარკვევის მიზნით, ვებ-პორტალზე არსებული ყველა ელექტრონული დოკუმენტი ამოიბეჭდა და გადაეცა თუ არა კრედიტორს, იგი ყოველთვის აფიქსირებდა მზადყოფნას ადგილზე დაეთვალიერებინათ (გაცნობოდნენ) rs.ge-ზე არსებულ მონაცემებს და დოკუმენტებს, თუმცა მოპასუხე და მესამე პირები კატეგორიულად მოითხოვდნენ ინფორმაციის დამუშავებას და მათთვის სასურველი სახით გადაცემას, რაც არ იყო გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ახალი დოკუმენტის შექმნის ვალდებულებას და მხოლოდ არსებული დოკუმენტების, ინფორმაციის და პუბლიკაციის გადაცემის უზრუნველყოფას ადგენდა;

 

2.1.5. 2018 წლის 18 აპრილს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოსარჩელეს მოსთხოვა კრედიტორის 13.04.2018 წ განცხადებაში მითითებული შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs.ge ექსელის ფორმატში და ასევე განცხადებაში მითითებული სხვა რეესტრების გადაცემა.

 

მოვალემ განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ელექტრონული ინფორმაციის ექსელის ფაილების და რეესტრების მომზადება და კრედიტორისთვის გადაცემა სასამართლოს არ დაუვალებია, რაც შეეხება დოკუმენტებს იგი არ დაუმალავს და კრედიტორს სრულად გადასცა აღმასრულებლის თანდასწრებით;

 

2.1.6. 2018 წლის 19 აპრილს აღმასრულებელმა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე კრედიტორის მოთხოვნით გადაუგზავნა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას და აცნობა, რომ კრედიტორის განმარტებით მოვალემ სრულად არ წარუდგინა შპს ,----------–--- საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია და არ შეასრულა გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მითითებით, თავად აღმასრულებელს რაიმე მოქმედება, სრულად განხორციელდა თუ არა მოვალესთან არსებული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაციის კრედიტორისთვის გადაცემა, არ განუხორციელებია;

 

2.1.7 2017 წლის 16 მაისს აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება. აცნობა, რომ კრედიტორი 2017 წლის 13 აპრილის წერილით მოვალისგან ითხოვდა: 1)ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრს, 2) სრულ ელექტრონული ინფორმაციას საგადასახადო ვებპორტალიდან rs.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები – დეტალურად, აღრიცხვა–ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი; 3) მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტებს, საბანკო ანგარიშების ელექტრონულ ამონაწერებს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე იმ დასაბუთებით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, სასამართლომ საქმე განიხილა და გადაწყვეტილება გამოიტანა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა თავისი გადაწყვეტილებით მხარესათვის მიეკუთვნებინა ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა;

 

2.1.8. 2017 წლის 13 ივნისს №----------------- შეტყობინებით აღმასრულებელმა შპს ,----------–-- 22.02.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად მოსთხოვა შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: 1)ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები - დეტალურად, აღრიცხვა- ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტი, 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

 

სასამართლოს მსჯელობით, ამ მიმართვამდე აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების შედეგად ან სხვა გზით არ დაუდგენია, რომ ეს ინფორმაცია დამუშავებული სახით არსებობდა მოვალესთან და კრედიტორს არ გადაცემია. მისი მოთხოვნა ეფუძნებოდა და სიტყვა-სიტყვით იმეორებდა კრედიტორის მოთხოვნას, რომელსაც სურდა მოვალისგან ინფორმაციის მიღება სწორედ ამ ფორმით. მოთხოვნის ამგვარ ფორმულირებას აღსასრულებელი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავდა, აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამგვარი შინაარსით განმარტება აღმასრულებელს სასამართლოსგან არ მიუღია.

 

2017 წლის 14 ივნისს მოვალემ აღმასრულებელს წერილობითი განცხადებით მიმართა და აცნობა, რომ მისთვის გაუგებარი იყო რას ნიშნავდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, შესაძლებელია იგულისხმებოდა კონკრეტული კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, მაგრამ აღნიშნული სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი და სასამართლოსაც არ დაუვალებია საწარმოსთვის არც პროგრამის რეესტრის და არც პროგრამა ორისის გადაცემა. ამასთან საწარმოს, როგორც გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ექსელის პროგრამაში სრულად გადატანა იყო შეუძლებელი, მხოლოდ შესაძლებელი იყო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მოცემული ინფორმაციის გადატანა ექსელის ცხრილებში, მაგრამ სასამართლოს ექსელის ცხრილების შედგენა და კრედიტორისთვის გადაცემა არ დაუვალებია, საფინანსო სამეურნეო დოკუმენტაციაში შედიოდა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასეთი აქტები არ იყო გაფორმებული, შესაბამისად კრედიტორს ვერ გადაეცემოდა ის, რაც არ არსებობდა, საწარმოს საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერის მომზადება და კრედიტორისთვის გადაცემა სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი და შესაბამისად მისი მომზადება და გადაცემა მოვალეს სასამართლო გადაწყვეტილებით არ დავალებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ამ განცხადებით ჩანდა, რომ მოვალეს აღმასრულებლის მოთხოვნების უგულებელყოფა არ მოუხდენია. იგი მონაწილეობას ღებულობდა სააღსრულებო მოქმედებებში და ცალკეულ შემთხვევებში მიუთითებდა აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემის შესრულების შეუძლებლობაზე იმ მიზეზით, რომ ასეთი დოკუმენტები – მაგ შედარების აქტები მიმწოდებლებთან არ არსებობდა (არ შეუდარებიათ, როგორც ჩანს ამის აუცილებლობა არ იყო) ან/და მათი დამუშავება/შექმნა ექსელის ან ელექტრონული ფორმატით სასამართლოს მოვალისთვის არ დაუვალებია, დამუშავებული სახით იგი მოვალესთან არ ინახებოდა და ამიტომ არ არსებობდა.

 

2018 წლის 15 ივნისს მოვალემ აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ფარგლებში განუცხადა, რომ მან აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეასრულა სრული მოცულობით. მას ევალებოდა დოკუმენტაციის გადაცემა 2015 წლის მაისის მდგომარეობით, თუმცა გადაცემული ჰქონდა 2017 წლის მდგომარეობით. იგი მზადყოფნას აცხადებდა ამგვარი დოკუმენტაცია გადაეცა მომავალშიც მოთხოვნის შემთხვევაში ან სურვილის შემთხვევაში მიეცა ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა;

 

2.1.9. 2017 წლის 26 ივნისს შპს ,----------–--- აღმასრულებლის 2017 წლის 13 ივნისის შეტყობინებაზე საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ აღმასრულებლის მოთხოვნა არ სცილდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა დავა კრედიტორსა და მოვალეს შორის, რომელზეც გამოტანილი იყო აღსასრულებელი გადაწყვეტილება, არსებითად განსხვავდებოდა ამჟამად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისგან და შეუძლებელი იყო სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფარგლები უფრო განვრცობითი შინაარსით განმარტებულიყო ამჟამად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

 

ნებისმიერი სასამართლო პროცესის და სააღსრულებო მოქმედების მიზანია პირის დარღვეული უფლების აღდგენა ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, თუმცა ერთი პირის უფლების დაცვა/დარღვეული უფლების აღდგენა ვერ მოხდება მეორე პირის უფლების დარღვევის ხარჯზე.

 

სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია დისპოზიციურობა და მხარეთა შეჯიბრობითობა, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

დასახელებული კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა, ხოლო 248-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

სასამართლოს მსჯელობით, აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დასრულებულ დავაში კრედიტორებს არ მოუთხოვიათ: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებპორტალიდან rs.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები დეტალურად, აღრიცხვა-ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტი, 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

 

სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,----------–------ გამოთხოვილი იქნა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს, რადგან მას არ ჰქონდა აღსასრულებელი მოთხოვნის ტრანსფორმირების ან/და კრედიტორის მიერ შემოთავაზებული ფორმით ინტერპრეტაციის საშუალება. მოთხოვნის ფორმულირებას სამოქალაქო პროცესში ახორციელებს უშუალოდ მოსარჩელე და მას სასამართლო ვერ გაზრდის და ვერც გააფართოვებს. მოპასუხეს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის შესაგებელში უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, რისი შესაძლებლობაც სააღსრულებო წარმოებაში გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოვალეს არ მისცემია, რადგან ისინი სათანადო წესით დაფიქსირებული არ ყოფილა. გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს მოთხოვნის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებას, აკმაყოფილებს ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნას, სრულად ან ნაწილობრივ უარს ეუბნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელის ფორმულირებისგან განსხვავებული შინაარსით გადაწყვეტილების მოთხოვნის ჩამოყალიბების ან სხვა მიზეზით გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში თვითონვე განმარტავს ამ გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი ზოგადი შინაარსით და ფრაზებით სარჩელის მოთხოვნის ფორმულირება, განსაკუთრებით სიტყვებით ,,სრული“, ,,ყველა“ და ა.შ. როცა ამ ტერმინების შინაარსის წინასწარ სრულად განჭვრეტა შეუძლებელია ან მათი შემადგენელი ელემენტები დადგენილი არ არის, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულება გარკვეულ რისკს შეიცავს და ეს რისკი მოსარჩელე კრედიტორზეა. დაუშვებელია ამ რისკის მთლიანად მოპასუხე – მოვალეზე გადატანა. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის შესაძლებელი კრედიტორის მხრიდან მოვალისთვის გარკვეული შინაარსის მოთხოვნების წარდგენა, რასაც ის ვერ შეასრულებს ან მიიჩნევს რომ მისი შესრულების ვალდებულება არა აქვს და ამგვარი მოქმედება ყოველთვის მოგვცემს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და გამოიწვევს დაუსაბუთებელ პასუხისმგებლობას.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ საბოლოო ჯამში აღმასრულებელმა კრედიტორისგან საბუღალტრო დოკუმენტაციათან ერთად მოითხოვა: ა) მთელი საბუღალტრო პროგრამის გადაცემა, ბ) ავტორიზებულ გვერდზე არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაცემასთან ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, გ) ქაღალდის ვერსიით გადაცემულ დოკუმენტებთან (საბანკო ამონაწერები, სასაქონლო ზედნადებები და სხვა) ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, დ) არარსებული დოკუმენტის (შედარების აქტის) გადაცემა. არცერთი ეს მოთხოვნა მითითებული არ იყო სარჩელში და შესაბამისად არ იყო დაკმაყოფილებული გადაწყვეტილებით. სააღსრულებო ბიუროს უნდა აღესრულებინა ის, რაც სასამართლომ დაადგინა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება.

 

დათვალიერება ფორმდება ოქმით. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, 2017 წლის 13 ივნისის №----------------- შეტყობინებაში მითითებული ღონისძიებები აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 პუნქტით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ მიჩნევისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინიდტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი, რადგან აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს (კრედიტორისგან მოითხოვა იმ მოქმედების შესრულება, რაც არ არის გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებით), ხოლო გასაჩივრებული აქტით ამგვარი მოქმედება კანოშესაბამისად იქნა მიჩნეული და დაინტერესებული პირის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა, ნ-----------------ემ და ა-------------მა, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლებით:

 

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაანდგინა და მიუთითა 4.3 ფაქტობრივ გარემოებაში, რომ კრედიტორის წარმომადგენელ კახაბერ ზარანდიას, ვიზზეც გაიცა სააღსრულებო მოქმედების შედეგად მიღებული მასალები, აღსრულებასთან და აღმასრულებელთან შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტმა აღნიშნა, რომ კრედიტორის წარმომადგენლის მიერ ჩაბარებული იქნა მასალები 1498 გვერდად (როგორც ამას სასამართლოც მიუთითებს სადაო გადაწყვეტილებაში). შესაბამისად, საქმის მასალების ჩაბარებისას კრედიტორის წარმომადგენელს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, იყო თუ არა მოვალის მიერ დოკუმენტაცია გადმოცემული სრულად იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდებოდა აღნიშნული დოკუმენტაციის დეტალური გაცნობა.

 

სწორედ დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ, კრედიტორი მხარის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის წარდგენილი იქნა განცხადება, სადაც მითითებული იქნა, რომ დოკუმენტაციის გადმოცემა მოხდა არასრულად და სწორედ აღნიშნულით კრედიტორმა განაცხადა პრეტენზია;

 

3.1.2. აპელანტების მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი გადაწყვეტილების 4.5. პუნქტში, რომ აღმასრულებელს რაიმე მოქმედება სრულად განახორციელა თუ არა მოვალესთან არსებული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის კრედიტორისათვის გადაცემა, არ განუხოცრილებია.

 

სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა აპელანტებს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნიათ, ვინაიდან ჯერ ერთი აღმასრულებელმა მოვალე მხარეს კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოსთხოვა დამატებითი დოკუმენაციის წარმოდგენა, რომელიც მოვალის მიერ არ წარმოდგენილა და მეორეც, აღმასრულებელი არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს და გამოიძიოს არსებობს თუ არა საქმეში დანაშაულებრივი ნიშნები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია საეჭვოობის არსებობისას საქმე გადაგზავნოს პროკურატურაში მისი შემდგომი მოკვლევის მიზნით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ქონდა ადგილი;

 

3.1.3. აპელანტების მსჯელობით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 4.7 პუნქტი არასწორად იქნა დადგენილი, რომ აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებების შედეგად ან სხვა გზით არ დაუდგენია, რომ ეს ინფომაცია დამუშავებული სახით არსებობდა მოვალესთან და კრედიტორს არ გადაცემია, რომ ამგვარ ფორმულირებას აღსასრულებელი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავდა და რომ მოვალეს აღმასრულების მოთხოვნების უგულველბელყოფა არ მოუხდენია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტებმა მიუთითეს, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა იყო უკანონო, ვინაიდან ჯერ ერთი აღსასრულებელ გადაწყვტილებაში ნათლად იყო მითითებული, რომ შპს ,----------–---დან გამოთხოვილიყო სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფომაცია და დოკუმენატაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია".

 

აღნიშნული ფორმულირება თავის თავში გულისხმობდა ყველა სახის დოკუმენტაციას, რაც აღმასრულებლმა კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოსთხოვა მოვალეს, მათ შორის:

- ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას;

- სრულ ელექტრონულ /ექსელის ფორმატში/ ინფორმაციას საგადასახადო ვებპორტალიდან /rs.ge/;

- სასაქონლო რეესტრს ექსპორტი/ზედნადების, პროდუქციის მიხედვით/;

- ანგარიშ - ფაქტურების რეესტრს - ექსპორტი, გამყიდველი, მყიდველი; პროდუქცია;

- ზოგად ინფორმაციას - ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები /მ.შ.ფისკალური მაჩვენებლები/, სამართალდარღვევები (არ იქნა სრუად მოწოდებული);

- აღრიცხვა ანგარიშგების ექსპორტს (ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ბარათი);

სპეც.ანგარიშ - ფაქტურებს;

- საგადასახადო შემოწმების აქტებს;

- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღებისა და ხარჯვის რეესტრს;

- მომწოდებელ პირებთან გაფორმებულ შედარების აქტებს;

- საბანკო ანგარიშების ელექტრონულ ამონაწერს.

 

გადმოცემული დოკუმენაციის აუდიტის მიერ შესწავლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტები არ იქნა გადმოცემული კრედიტორისათვის და სასამართლოს მითითება, რომ აღნიშნულ დათქმას არ შეიცავდა აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აპელანტს მიაჩნია უსაფუძვლოდ. აპელანტების მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ზემოაღნიშნულის დათქმა გაგებული უნდა იქნას გონივრული განსჯის საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. ამიტომ გადაწყვეტილების ის დათქმა, რომ კრედიტორს უნდა გადაეცეს საზოგადოების სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, თავისთავში გულისხომს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინფომაციასა და დოკუმენტაციას, რაც მოვალე მხარის მიერ არ განხორცილებულა;

 

3.1.4. აპელანტების განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება არ მომხდარა, ამიტომ აპელანტების მიერ სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მიუხედავად აღმასრულებლის არაერთი მოთხოვნისა, შპს ,----------–---ს მიერ დოკუმენტაცია სრულად არ წარმოდგენილა. აღმასრულებელმა მოვალე მხარეს კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოსთხოვა დამატებითი დოკუმენაციის წარმოდგენა, რომელიც მოვალის მიერ არ წარმოდგენილა, რის გამოც, ვინაიდან აღმასრულებელი არ წარმოადგენდა საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც უნდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა საქმეში დანაშაულებრივი ნიშნები, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აღმასრულებლის მიერ საქმე გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში;

 

3.1.5. აპელანტების აღნიშვნით, კრედიტორს უნდა გადაეცეს დოკუმენტაცია სრულად და არა ის ნაწილი, რომელიც მოვალე მხარისათვის არის მისაღები. გარდა ამისა, ასეთი სახის დავებში, როდესაც დირექტორი არ აძლევს დამფუძნებელ წევრებს უფლებას გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას, არ აძლევს ინფორმაციას საზოგადოების არანაირ საქმიანობაზე და მესამე პირებთან ურთიერთობაზე და როდესაც დამფუძნებელი სარჩელით ითხოვს დარღვეული უფლებების აღდგენას და მისი კომპანიის საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას, არ შეიძლება სახელობითად მიეთითოს დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნული უბრალოდ ცნობილი არ იყო მხარისათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე შპს ,----------–---ს დამფუძნებელი წევრების მიერ არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ შპს ,----------–---ს დირქტორის უკანონო ქმედებები და საქმიანობა ზიანის მომტანი იყო საწარმოსა და მისი პარტნიორებისათვის, იგი დღემდე არ ასრულებდა კანონეირ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ აღმასრულებლის ყველა ქმედებება განხორცილებული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მისი უკანონოდ ცნობისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ატების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსრულებადი მოთხოვნის ფარგლების დადგენა, რა მიმართებით პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლო აქტის დასკვნითი ნაწილია, რომელშიც საბოლოო სახით არის წარმოდგენილი სასამართლო განხილვის შედეგები და შესაბამისად იგი ლოგიკურად გამომდინარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეფასებიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ნ----------------ის და ა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,----------–------ გამოთხოვილი იქნა შპს ,----------–--- სრული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტები მიიჩნევს, რომ შპს ,----------–--- დირექტორს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეუსრულებია სრულყოფილად, შესაბამისად აღმასრულებელმა მოვალე მხარეს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც მოვალის მიერ არ წარმოდგენილა. ამასთან აპელანტები თვლიან, რომ დამატებითი დოკუმენაციის წარდგენის თაობაზე აღმასრულებლის მოთხოვნა შესაბამისობაში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.

 

ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია მისი ეფექტური სასამართლო კონტროლი წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი საშუალებები სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ერთი მხრივ, არ გაჭიანურდეს იძულებითი აღსრულება და შეძლებისდაგვარად სწრაფად და სრულად განხორციელდეს კრედიტორის მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ, მოვალეს უნდა შეეძლოს კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვა. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების პროცესში კრედიტორს აღმასრულებლის მეშვეობით გადაეცა არაერთი საბუღალტრო დოკუმენტი, მათ შორის იმ დოკუმენტების ასელებიც, რაც ამოღებული იქნა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2017 წლის 15 ივნისის ოქმში შპს ,----------–--- წარმომადგენელი უდასტურებს აღმასრულებელს საწარმოში არსებული ყველა დოკუმენტის მატერიალური სახით 2017 წლის მდგომარეობით გადაცემას, ამასთან გამოთქვავს მზაობას კრედიტორს დოკუმენტები გააცნოს ადგილზეც. ისიც საგულისხმოა, რომ შპს ,----------–--- წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ასევე თანხმობას აცხადებდა აღმასრულებლის მონაწილეობით, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შეემოწმებინა და ელექტრონული სახით მიეღო rs.ge-ის ვებ პორტალზე განთავსებული ფინანსური დოკუმენტაცია, რისი შესაძლებლობაც აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების საწყის ეტაპზეც გააჩნდა, შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,----------–-- აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გააჩნდა კრედიტორისათვის მატერიალური სახით (ასევე საგადასახადო ვებპორტალზე) არსებული საწარმოს ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულება და მათი შეფასებისა და ანალიზის გამარტივებისათვის ცხრილების, რეესტრების სახით გადაცემა ან ახვა ფორმით დამუშავება არ ევალებოდა, შესაბამისად სახეზე იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ქმედების) ბათილად (უკანონოდ) ცნობის საფუძველი, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას აღმასრულებლის მოქმედების უკანონობის შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი უარყოფილია და არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტების გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტებს ეკისრებათ, რაც სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------------ის და ა-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე