განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/463-19, 330310018002774140
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - თ-------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის N---- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე თ-------–---- საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13; 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).
დაევალოს მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება თ-------–---- მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13; 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ საქმეზე წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, თეა მგელაძის სარჩელი მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 08 ივნისის მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–------- ქუჩა N8, დაზუსტებული ფართობი: 393 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0---------------, საკუთრების უფლებით ირიცხება თ-------–---- სახელზე (ს.ფ. 16-17).
საქმეში წარმოდგენილია ვ-------------–----–იას, ზ-------–---–-აძის, გ-------–----------ის 2017 წლის 16 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ თეა მგელაძე 2004 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 390კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: მ------–------- ქუჩა N8-ის მიმდებარედ და რომ თანახმანი არიან თ-------–---მ განახორციელოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის თავის სახელზე ლეგალიზაცია/დაკანონება საკუთრების უფლებით (ს.ფ. 23).
2017 წლის 19 ივნისს, თ--------–---- N----------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–------ ქუჩა N8, საერთო ფართობი-393.00 კვ.მეტრი) მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 390.00კვ. მეტრი) (ს.ფ. 37).
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 06 სექტემბრის N--- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 30 ოქტომბრის N---- განკარგულებით უარი ეთქვა თ-------–---ს მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, მ------–------- N8-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 390.00 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 14-16, 63-74).
საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N------------- წერილით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ქ---–------- ქუჩა N8-ის მიმდებარედ 390 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში, მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა და კვეთს 0--------------- საკადასტრო ერთეულს (ს.ფ. 75).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N------------- წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ქ---–------- ქუჩა N8-ის მიმდებარედ 390 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში, მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა და კვეთს 0--------------- საკადასტრო ერთეულს.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამორიცხავს მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. ამასთან, ეს ფაქტი მეორეხარისხოვან მტკიცებულებებად აქცევს მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილებს (რომლითაც ისინი ადასტურებენ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თ-------–---- მიერ ფლობის ფაქტს), რადგანაც მათ მნიშვნელობა ექნებოდათ მაშინ, თუკი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი შესაძლებელია დაქვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული სპეციალური შეზღუდვის პირობებში, მასზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, რის გამოც მეზობელთა ხელწერილები ამ გარემოების მიმართ არარელევანტური მტკიცებულებებია.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა მისი, როგორც პოტენციური მესაკუთრის უფლება. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მიწის რეკრეაციულ ზონად გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, მასთან მიმართებით დაირღვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს: თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ როგორც საქმის მასალებით დაასტურდება თ-------–---მ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. თბილისი, მ----------–------- ქუჩა N8) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თ-------–---- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, მ----------–------- ქ. N8) საკუთრება მოპოვებულ იქნა თვითნებურად დაკავების საფუძვლით. კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 06 მარტის N--- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 104-ე საკითხი) მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ნ-----–--------, 360 კმ. მიმდებარედ, საერთო ფართობი - 3048.00 კვ.მ.) აღიარებულ იქნა დ---------–--ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, კომისიის მიერ 2015 წლის 10 ოქტომბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N----2, რომლის საფუძველზეც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა დ---------–--ის საკუთრების უფლება.
დ---------–--ის 2015 წლის 08 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით, განხორციელდა უძრავი ნივთის (მისამართი: ქ.თბილისი, ნ-----–--------, 360 კმ. მიმდებარედ) დაყოფა ხუთ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად (ს.კ. 0---------------, საერთო ფართობი -559.00 კვ.მ., ს.კ. 0---------------, საერთო ფართობი -500.00 კვ.მ., ს.კ. 0---------------, საერთო ფართობი - 393.00 კვ.მ., ს.კ. 0---------------, საერთო ფართობი - 1146.00 კვ.მ. და ს.კ. 0---------------, საერთო ფართობი - 450.00 კვ.მ.) და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე დარეგიტრირდა დ---------–--ის საკუთრების უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თ-------–---- საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწად ფიზიკური პირის მიერ აღიარების ორ საფუძველს იცნობს. კერძოდ, პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მისი დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი. მეორე საფუძვლით კი, თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა თ-------–---- საკუთრების უფლება ს.კ. 0--------------- საკადასატრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე წარმოშობილ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ-------–---სა და დ---------–--ეს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი მოცემულობით, მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის მომიჯნავეობის საფუძვლით დაუსრულებელი ათვისება და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება. ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების გზით თ-------–----ათვის ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასვლამ გამოიწვია წინა მესაკუთრის (გამჩუქებლის) ჩანაცვლება თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების მიზნებისათვის.
სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არარსებობის შემთხვევაშიც საქმეში არსებული მასალები დამოუკიდებლადაც წარმოშობდა თ-------–----ათვის მოთხოვნილ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N------------- წერილით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ქ---–------- ქუჩა N8-ის მიმდებარედ 390 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში, მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა და კვეთს 0--------------- საკადასტრო ერთეულს (ს.ფ. 75).
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ.თბილისის მუნიციპალი ტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომლის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა (რზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ- დასასვენებელ ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეკრეაციო ზონა 2(რზ-2) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს. ამ მუხლების ანალიზის შედეგად პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება ვერ მოხდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები მდებარეობს რეკრეაციულ ზონაში და მათზე ვრცელდება ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა, აღნიშნული ცხადყოფს, რომ თ-------–---- მოთხოვნა არ აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 2005, 2010 წლის ორთოფოტოებითა და ფოტოსურათებით არ დგინდება თ-------–---- საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯანაში არსებობის ფაქტი. ამასთან, აპელანტმა ვერ უზრუნველყო მოწმეთა ჩვენების გარდა რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა სააპელაციო სასამართლოში, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის/ სარგებლობის ფაქტს 2007 წლის ივლისამდე.
ცალკე შეფასების საგანია მოწმეთა 2017 წლის 16 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც ვ-------------–----–ია, ზ-------–---–-აძე და გ-------–----------ე ადასტურებენ, რომ თ-------–--- 2004 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 390 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით (მდებარე: ქ.თბილისი, მ------–------- ქ. N8-ს მიმდებარედ) და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რომ თ-------–---მ განახორციელოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზება და დაირეგისტრიროს საკუთრებაში (ს.ფ. 22). აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის Nბს-698-698 (კ-18) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენება ვერბალური ხასიათის მტკიცებულებაა, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული განცხადების სახით იურიდიულ ფორმას იძენს. ამგვარი მტკიცებულებით გადმოიცემა მოწმეთა მიერ სუბიექტური თვალით დანახული რეალობა, რომლის ნამდვილობაც განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სწორედ ობიექტურად არსებული გარემოებების ამსახველ, ზემოხსენებული კანონითა და წესით გათვალისწინებული დოკუმენტებით დადგენილ მოცემულობასთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს. ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება) იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს მისი განვითარებულობა მასზე კონკრეტული შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის გარკვევით. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს მოწმის ჩვენებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს რა საკასაციო სასამართლო განმარტებას, მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არ არის შეზღუდული შეაფასოს კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების მტკიცებითი ძალა, მოწმეთა ჩვენებასა და ორთოფოტოთი/ფოტოსურათი, როგორც ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებით, დადგენილ რეალობას შორის წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, უპირატესობა სწორედ ორთოფოტო/ფოტოსურათი განსაზღვრულ მოცემულობას უნდა მიენიჭოს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებით ასახული მდგომარეობა ობიექტურად დადასტურებულია, რომელიც შესაძლოა გაქარწყლდეს ან მისი მართებულობა ეჭქვეშ დადგეს არა სუბიექტური ინფორმაციის შემცველი მოწმის ჩვენებით, არამედ მხოლოდ იმავე მტკიცებითი ძალის, ობიექტური გარემოებების ამსახველი მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საფუძველს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული აქტი მიეჩნია კანონიერად, რის გამოც არ არსებობს თ-------–---- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------–---- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი