განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310119002860024
საქმე N3ბ/1183-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,კ---------------“;
დირექტორები/წარმომადგენლები - ი-----–--–-----–---–ი, თ--------–------–---–ი;
წარმომადგენელი - ნ-----–-----------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი;
მესამე პირი (ასკ 16.2) -საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
წარმომადგენლები - კ---------------–-–---–ი, გ-------------------ნი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,კ---------------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’;
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,კ---------------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.
2.2. მესამე პირის პოზიცია
საქართელოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წერილობითი ფორმით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,კ---------------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა სრული დაცვით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,კ---------------ს“ სარჩელი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის" მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმოდგენელსა და მეორეს მხრივ შპს ,,კ----------------ს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 2018 წლის 8 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8/11/1 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ს-------------------ე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი სტიკერების/ლუქების მიწოდებას წინასწარ შეთანხმებული და დანართით გათვალისწინებული მახასიათებლების შესაბამისად, შემდგომში ,,საქონელი", ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს მოთხოვნილი საქონელი და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების (მათ შორის დღგ) ჩათვლით შეადგენს 14960.80 (თოთხმეტიათას ცხრაასსამოცი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს; ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მოცულობა, ერთეულის ფასი და მახასიათებლები მოცემულია დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, მიღება - ჩაბარებას ახორციელებენ სათანადოდ უფლებამოსილი პირები, რომლებიც აფორმებენ შესაბამის აქტს ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 24 ნოემბერისა, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ხორციელდება ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება 3.2. პუნქტის მიხედვით შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მესამე პირს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავის ვალდებულებები.
დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.02 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლოს სახით 4.1 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევისათვის დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.02 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის; ამავე მუხლის 10.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდების ვადა 10 დღით აღემატება 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება; ამავე მუხლის 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო მისაწოდებელი საქონლის ღრებულების 10 პროცენტის ოდენობით; ამავე მუხლის 10.6 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო თანხის 20.0 პროცენტის ოდენობით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ: ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი; ბ) თუ მიმწოდებლის არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება; ამავე მუხლის 11.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულების შესრულებისაგან; ამავე მუხლის 11.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე: ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელის მოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 35-39).
4.1.2. საქმეში წარდგენილი მიმწოდებლის - შპს ,,კ---------------ს’’ 2018 წლის 25 ნოემბრის ელექტრონული შეტყობინებით ირკვევა, რომ ტვირთის შემოწმების მიზეზით წარმოშობილი შეფერხების გამო მისი დროულად ჩამოტანა ვერ ხერხდებოდა (ს.ფ. 116-120).
4.1.3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გ---------–--------ს 2018 წლის 27 ნოემბრის №0--------- წერილით, შპს ,,კ---------------ს" დირექტორს ი-----–--–-----–---–ს ეცნობა, რომ ცესკოსა და შპს ,,კ--------------ს" შორის 2018 წლის 8 ნოემბერს გაფორმდა N8/11/1 ხელშეკრულება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ს-------------------ე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი ლუქების შესყიდვასთან დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 ნოემბრისა, რაც არ იქნა მათი მხრიდან დაცული.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.6 პუნქტით გათვალისწინებულია მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა სახელშეკრულებო თანხის 20.0 პროცენტის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 2992.16 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარს. აღნიშნული პირგასამტეხლო გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტყობინების გამოგზავნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში 10 სამუშაო დღის ვადაში.
ამავე წერილით, შპს ,,კ--------------ს’’ ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან (ს.ფ. 21).
4.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 29 ნოემბრის N0025 საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ შპს ,,კ---------------ს’’ მიერ ცესკოსა და შპს,,კ--------------ს’’ შორის გაფორმებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 ხელშეკრულების 10.6 პუნქტის შესაბამისად გადახდილია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 2992,16 (ორი ათას ცხრაასოთხმოცდათორმეტი ლარი და თექვსმეტი) თეთრი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 25).
4.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 01 დეკემბრის N0--------- წერილობითი შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს და ეცნობა, რომ შპს ,,კ---------------ს"(საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) მიერ გამარტივებული შესყიდვის შედეგად დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად ეთხოვა შპს ,,კ---------------ს" შავ სიაში დარეგისტრირება. ამავე წერილით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე ეცნობა, რომ შპს ,,კ---------------ს" მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გადახდილია პირგასამტეხლო, რაც ეთხოვა ცესკოს 27 ნოემბრის N0--------- წერილით (ს.ფ.23-24).
4.1.6. სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ, შპს ,,კ--------------ს’’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი? ------------- მეშვეობით, 2018 წლის 04 დეკემბრის N4111 წერილობითი შეტყობინებით აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 3 დეკემბერს წარადგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 დეკემბრის N0--------- წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის N110013), რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ შპს ,,კ---------------ს" მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესის და პირობების" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს განმარტება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს - კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც აფუძნებს მსჯელობებს.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 04 დეკემბრის N----- წერილობითი შეტყობინების პასუხად, შპს ,,კ--------------მა’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 10 დეკემბერს წარადგინა განმარტება, სადაც აცნობა იმ გარემოებების შესახებ, რამაც ხელი შეუშალათ დროულად და სრულად შეესრულებინათ 2018 წლის 08 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩვენო კომისიას და შპს ,,კ--------------ს’’ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8/11/1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მათ გუნდს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც შპს ,,კ---------------ს’’ ასევე, სხვა კომპანიის სახელით (შპს ,,პ---------") არაერთხელ, წარმატებით აქვთ მიწოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ანალოგიური საქონელი: საარჩევნო ურნაზე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი სტიკერების - ლუქები c------------------- მათ შორის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის. აღნიშნული საქონლის მიწოდება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 2018 წლის 04 ოქტომბერს. შემსყიდველისათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე წერილობით იქნა მიწოდებული ინფორმაცია წარმოების და მიწოდების ვადების შესახებ, თუმცა აღნიშნულ ვადაზე ადრე (2018 წლის 22 ნოემბერი) მოხდა საქონლის მიღება თბილისში. საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ მიღებული იქნა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვითწებვადი ლუქების ნაწილი - 8900 ცალი (ხელშეკრულების დანართი N1-ის მესამე პოზიცია სრულად - თვითწებვადი ლუქი 25X6სმ. (არასტანდარტული), ნაცვლად 63 800 ცალისა. ამის შესახებ 2018 წლის 22 ნოემბერს, სატელეფონო შეტყობინების სახით ეცნობა შემსყიდველს, ხოლო მომდევნო დღეს სმს-ის საშუალებით დეტალური ინფორმაცია იქნა მიწოდებული. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მიმოწერა მათ მიმწოდებელთან ჩინეთში, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ დარჩენილი 54900 თვითწებვადი ლუქი იმყოფებოდა გადამზიდი კომპანიის საწყობში ქ. შანხაიში. როგორც შემდეგში გაირკვა, მადლიერების დღესთან დაკავშირებული გადატვირთული ტვირთბრუნვის გამო მოხდა ტვირთის გაყოფა 2 ნაწილად, პირველ ეტაპზე გამოიგზავნა 2 ყუთი (8900 ცალი ლუქი), ხოლო დარჩენილი 4 ყუთი (54900 ლუქი) დარჩა ყურადღების მიღმა. ტვირთის გაყოფა მოხდა თვითნებურად სატრანსპორტო კომპანიის მიერ, რის შესახებაც არ ჩაუყენებია საქმის კურსში მათი მომწოდებელი და შესაბამისად, მათთვისაც ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მხოლოდ 2018 წლის 22 ნოემბერს. 2018 წლის 23 ნოემბერს დარჩენილი ტვირთი სატრანსპორტო საწყობიდან გაიგზავნა შანხაის აეროპორტის მიმართულებით და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც გამოგზავნიდან 2 დღეში მოხდა ტვირთის ჩამოსვლა თბილისში, ჰქონდათ რეალური მოლოდინი, რომ დარჩენილი ლუქების მიღებას თბილისში და შემსყიდველისათვის მიწოდებას შეძლებდნენ 26 მაქსიმუმ 27 ნოემბერს. მიუხედავად ამისა, მხედველობაში ჰქონდათ რა აღნიშნული საქონლის და მისი მიწოდების ვადების მნიშვნელობა, მათ შეატყობინეს შემსყიდველს რისკების შესახებ და შესთავაზეს ალტერნატიულ გეგმაზე ეზრუნათ პარალელურ რეჟიმში. მათი ძალისხმევის მიუხედავად არასამუშაო დღეების გამო, ვერ მოხდა დროულად საექსპორტო პროცედურების გავლა და ტვირთი თბილისის მიმართულებით დაიძრა მხოლოდ ორშაბათ საღამოს (2018 წლის 26 ნოემბერს), რაც ძალიან მცირე შანსს ტოვებდა, რომ შეძლებდნენ საქონლის მიღებას და შემსყიდველისათვის გადაცემას მიმდინარე წლის 28 ნოემბრამდე. ამის შესახებ იმავე დღეს აცნობეს შემსყიდველს. 2018 წლის 27 ნოემბერს ცსკ-საგან მიიღეს წერილი, ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების თანხის 20%-ის (2992,16 ლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხა მომდევნო სამუშაო დღესვე, 29 ნოემბერს იქნა გადახდილი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვეს გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილი დაბრკოლებები და არ მოახდინონ მათი კომპანიის შავ სიაში რეგისტრაცია (ს.ფ.22; 33-34).
4.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №--- განკარგულების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს ,,კ---------------“ (ს/კ 4--------) 2019 წლის 05 თებერვალს დარეგისტრირდეს შავ სიაში (ს.ფ. 18-20).
4.2. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ - ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ - ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 01 დეკემბრის N0--------- წერილობითი შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,კ---------------ს" (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) მიერ გამარტივებული შესყიდვის შედეგად დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ეთხოვა შპს ,,კ---------------ს" შავ სიაში დარეგისტრირება.
საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,კ---------------ს’’ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული გარემოებები ადასტურებს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რის გამოც, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,კ---------------ს’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეს, ერთის მხრივ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მეორე მხრივ, შპს ,,კ--------------ს’’ შორის 2018 წლის 8 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №8/11/1 ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
5. შპს „კ---------------ს“ სააპელაციო მოთხოვნები:
თბილისისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. შპს „კ---------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება შეიცავს ხარვეზებს და მიიჩნევს, რომ საქმის განმხილელმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ აღნიშნა მესამე პირთა ბრალეულობა და ასევე, არ მიუთითა საქონლის მიწოდების მცირე დროით დაგვიანების გამო, რამდენად სამართლებრივი იყო შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა და კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნა.
წარმომადგენლის მოსაზრებით, აპელანტის ბრალეულობა წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რამდენადაც სწორედ მესამე პირთა - ბრალეულობიდან გამომდინარე აღმოჩნდა კომპანია შავ სიაში, ერთი მხრივ, მომწოდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და, მეორე მხრივ, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, რომელმაც ერთი დღის დაგვიანებაც კი არ აპატია კომპანიას და დროზე ადრე შეუწყვიტა ხელშეკრულება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაურკვევია, არსებობდა თუ არა მოსარჩელის განზრახი ბრალეულობა, არ უმსჯელია თუ რამდენად სამართლიანი იყო შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა და ასევე, გამოიძია თუ არა შესყიდვების სააგენტომ სრულად საქმეში არსებული ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიიღო თუ არა გადაწყვეტილება.
წარმომადგენლის განმარტებით, შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად, დაერეგისტრირებინა ის გაფრთხილებულ პირთა სიაში, რაც არ განხორციელდა და რაზედაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი, აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ - ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ - ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 01 დეკემბერს N0--------- წერილობითი შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს და ეცნობა შპს ,,კ---------------ს" მიერ გამარტივებული შესყიდვის შედეგად დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ეთხოვა შპს ,,კ---------------ს" შავ სიაში დარეგისტრირება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება წესის 7.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,კ---------------ს’’ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. პალატის მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები ადასტურებს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ პრეტენდენტის/მიმწოდებელის შავ სიაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ან არ ჰქონდეს შესრულებული, ან ეს შესრულება იყოს არაჯეროვანი. ყურადსაღებიას ის გარემოება, რომ შპს „კ---------------“ თავად მიუთითებს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილი არ შესრულებულა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 29 ნოემბრის N0025 საგადასახადო დავალება, რომლითაც დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, 10.6 პუნქტის შესაბამისად გადახდილია პირგასამტეხლო 2992,16 (ორი ათას ცხრაასოთხმოცდათორმეტი ლარი და თექვსმეტი) თეთრი) ლარის ოდენობით. ასევე, თავად ის ფაქტი, რომ მიმწოდებლის - შპს „კ---------------ს“ მიერ არ გასაჩივრებულა შემსყიდველის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გ---------–--------ს 2018 წლის 27 ნოემბრის №0--------- წერილი, რომლითაც შპს ,,კ--------------ს’’ ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 8 ნოემბრის N8/11/1 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან), მიუთითებს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) აღიარებაზე. მხარეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
6.2. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად, დაერეგისტრირებინა გაფრთხილებულ პირთა სიაში, პალატა განმარტავს, რომ სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ცალსახაა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული. საყურადღებოა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა კანონის დანაწესის შეუსაბამოდ/საწინააღმდეგოდ.
პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით გათვალისწინებული იქნა დარღვევის სიმძიმე. კერძოდ, არ შეასრულა 2018 წლის 8 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8/11/1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; საკითხი ეხებოდა მართლაც მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს - საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი პროდუქციის დანიშნულებიდან გამომდინარე, რეალური საფრთხე ემუქრებოდა საარჩევნო პროცესის გამართვას. ამდენად, ცალსახაა, რომ საფრთხე ემუქრებოდა საჯარო ინტერესს, აღნიშნული საჯარო ინტერესი კი, პალატის მოსაზრებით, გადასწონის მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მხარეს არსებულ ფინანსურ ინტერესს. პალატა მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების თითქოსდა ნაწილობრივ შესრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მცირედი გადაცილება არ შეიძლება შეფასებულ იქნეს დამოუკიდებლად, თავად ამ ვალდებულების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარეშე, რამდენადაც მას, მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი კავშირი ჰქონდა საარჩევნო პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებასთან.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
7. პროცესის ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტის - შპს „კ---------------ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ---------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
3. შპს „კ---------------ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
გიორგი გოგიაშვილი -
ილონა თოდუა -