განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.09.2019
საქმის ნომერი
330310018002544934
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1549-19

N330310018002544934

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი-----------------ე

წარმომადგენელი - მ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------–------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ი-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N--- საკუთრების უფლების მოწმობის თანახამდ, ი-----------------ეს საკუთრებაში გადეცა 136. კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. თბილისი, დ-----------–--------------------------ის მიმდებარედ.

 

1.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (მომზ. თარ: 07.07.2017) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდ: ქ. თბილისი, დ-----------–--------------ის მიმდებარედ; ს.კ. N0---------------) საკუთრების უფლებით 2017 წლის 07 ივლისიდან რეგისტრირებულია ი-----------------ის სახელზე. უფლების დამდეგნი დოკუმენტი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობა N---.

 

1.2.3. 2017 წლის 18 იანვრის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N0----- მითითების თანახმად, ი-----------------ემ ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ (ს.კ. N0---------------) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო საყრდენი მონოლითური კედელი, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, შენობაზე მოაწყო საკომუნიკაციო კარადა. დარღვევის გამოსწორების მიზნით ი-----------------ეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განხორციელება.

 

1.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის N0----- შემოწმების აქტის თანახმად, ი-----------------ის მიერ არ შესრულდა 2017 წლის 18 იანვრის N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.

 

1.2.5. 2017 წლის 14 მარტის N0----- ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადდა ი-----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2001 წელს მეზობლისგან შეიძინა აღნიშნული ობიექტი ისეთი სახით რაზეც შედგა მითითება, აღნშნულ ობიექტზე მან ოთხი წლის წინ განახორციელა მხოლოდ რეკონსტრუქცია-გამაგრება, ხოლო საკომუნიკაციო კარადა განათავსა შვიდი წლის წინ. მანვე აღნიშნა, რომ დემონტაჟს ვერ მოახდენს და ითხოვა დარღვევის გამოსასწორებლად ვადა.

 

1.2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N4---------- ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 დეკემბრის N0----- მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი N0----- შედგენილი 2017 წლის 20 თებერვლს) ი-----------------ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა, გაგრძელდა 2 (ორი) თვით. 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 20 ივნისამდე.

 

1.2.7. 2017 წლის 15 ივნისს N0----- ოქმის თანახმად, ი-----------------ე გამოცხადდა სხდომაზე და განმარტა, რომ მიწის აღიარების კომისიამ თანხმობა განუცხადა მიწის ლეგალიზაციაზე, ობიექტის დემონტაჟს არ აპირებს, ვინაიდან სურს მოხდინოს მისი ლეგალიზაცია. ამასთან, მიუთითა, რომ ობიექტი აშენებულია 2007 წლამდე და არ იცის მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა.

 

1.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილების მიხედვით, ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის, მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე მოწყობილი საკომუნიკაციო კარადის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

1.2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილება ი-----------------ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ივნისის N2-- ბრძანებით, ი-----------------ის 2017 წლის 30 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი დაკამაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 ლარი, შემცირდა 8000 ლარამდე; დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილება.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით (შემცირდა 8000 ლარამდე) ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის, მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე მოწყობილი საკომუნიკაციო კარადის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 18 იანვრს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი-----------------ის მიმართ შედგენილ იქნა N0----- მითითება, რომლის მიხედვითაც, ი-----------------ემ ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ (ს.კ. N0---------------) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო საყრდენი მონოლითური კედელი, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, შენობაზე მოაწყო საკომუნიკაციო კარადა. დარღვევის გამოსწორების მიზნით, ი-----------------ეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განხორციელება. 2017 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი-----------------ის მიმართ შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 18 იანვრის მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს. აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

ამავე კოდექსის 44.1 მუხლით განსაზღვრულია უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია −გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით. მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობა განსაზღვრავს დიფერენცირებას იმის მიხედვით თუ ვის კუთვნილ ტერიტორიაზე არის განხორციელებული უნებართვო საამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ამგვარი ქმედების განხორციელება იწვევს ჯარიმას 10 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 8 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილებით ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ (ს.კ. N0---------------) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოცემულ საქმეზე არსებული სადავო უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: (მდ: ქ. თბილისი, დ-----------–--------------ის მიმდებარედ; ს.კ. N0---------------) საკუთრების უფლებით 2017 წლის 07 ივლისიდან რეგისტრირებულია ი-----------------ის სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ განხორციელებული მშენებლობა მოქცეულია ი-----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ (ს/კ N0---------------) საკადასტრო საზღვრებში, აღნიშნული ასევე განმარტებულია სადავო ბრძანებაში, რის საფუძველზეც ი-----------------ეს კანონით დადგენილი წესით, სადავო დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა - 10 000 ლარი შეუმცირდა 8000 ლარამდე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. თუ დარღვევა გამოსწორებულია ანუ მითითება შესრულებულია, კანონის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიიღება დადგენილება სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ხსენებული პუნქტის თანახმად, გარდა დარღვევის გამოსწორებისა, სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღება მაშინაც, როცა: ა) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; ბ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ გ) არ არსებობს 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. რაც შეეხება მითითების არადროულად შეუსრულებლობას, აღნიშნულის სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. გარდა აღნიშნული პროცედურებისა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არსებობს კიდევ მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების ინსტიტუტი, რომელიც კანონის 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ხდება მაშინ, როცა იხილება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხი, ხოლო მითითების ვადის შეჩერება ხდება პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხის შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 20 აპრილის N4-3/64-გ/17 ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 დეკემბრის N0----- მითითების საფუძველზე ი-----------------ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 (ორი) თვით, ხოლო სადავო N0----- დადგენილება მიღებულ იქნა 2017 წლის 20 ივნისს, მაშინ, როდესაც უკვე გასული იყო მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვადა და სახეზე არ იყო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია შემდეგნაირად - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უნებართვოდ განახორციელა ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ (ს.კ. N0---------------) არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მშენებლობა, აღნიშნული მშენებლობა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მოსარჩელეს არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი-----------------ის 8 000 ლარით დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

1.3.4. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ივნისის N2-- ბრძანების ბათილად ცნობა. სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N2-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

1.3.5. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია და სააღსრულებო ფურცელი გაცემულია მისამართზე: თბილისი, დ-----------–-------------. ამ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია სხვა მესაკუთრეზე - მ------–-------–--ეზე (ს/კ 0---------------) და წარმოადგენს სხვა ობიექტს, შესაბამისად, მოსარჩელე დემონტაჟს ვერ გაუკეთებს სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მოსარჩელის ქონება მდებარეობს თბილისში, დ--------------–--------------ის მიმდებარედ, ს/კ 0---------------). მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სასამართლოს მხრიდან სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა გასაჩივრებული აქტებით მოპასუხის მიერ დადგენილი ობიექტის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლებისათვის, რაც წარმოადგენს სხვის საკუთრებას. ი-----------------ე, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც ააშენა 2007 წლამდე, აღნიშნული დაადასტურა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამაც. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მას ედავება დასრულებული უნებართვო მშენებლობისათვის, აკისრებს სანქციას და ავალებს სხვისი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს.

 

აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლზე და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის არსებით ნაწილზე, არ შეისწავლა ზაკ-ით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებების შესრულების კანონიერება აქტის გამოცემის ნაწილში. სასამართლომ დაარღვია ასკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლითაც დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი. აღნიშნული კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25.9 მუხლის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე -10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.

 

დადგენილია, რომ თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0---------------), 2017 წლის 7 ივლისიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-----------------ის სახელზე. 18.01.2017წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი-----------------ის მიმართ შეადგინა N0----- მითითება, რომლის თანახმად, ი-----------------ემ ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები: ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო საყრდენი მონოლითური კედელი, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, შენობაზე მოაწყო საკომუნიკაციო კარადა. ამავე სამსახურმა 20.02.2017წ. შეადგინა N0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, 18.01.2017წ. მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.06.2017წ. N0----- დადგენილებით ი-----------------ე დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, დ-----------–------------ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობის მშენებლობისათვის და საყრდენი მონოლითური კედლის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით, ი-----------------ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობისა და უნებართვოდ მოწყობილი საყრდენი მონოლითური კედლის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის დემონტაჟი.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 3.74 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. ამავე დადგენილების 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი), ხოლო 4.2 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო 36.2 მუხლის “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი-----------------ემ განახორციელა ახალი მშენებლობა, კერძოდ, ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) განახორციელა კაპიტალური შენობის, საყრდენი მონოლითური კედელის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრისა და შენობაზე საკომუნიკაციო კარადის მშენებლობა. ასევე დადგენილია, რომ მშენებლობის განხორციელებისას დაცული არ ყოფილა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები - განზრახული მშენებლობის შესახებ ი-----------------ეს არ მოუხდენია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მოსარჩელეს არ გააჩნია. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო, ახალი მშენებლობის განხორციელება განეხილა, როგორც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებით გათვალისწინებული უნებართვო მშენებლობა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, გამოეტანა დადგენილება მოსარჩელის სანქცირების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული 2017 წლის 20 ივნისის N0----- დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მისამართის არასწორად მითითების თაობაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ი-----------------ისათვის ცალსახად განჭვრეტადი იყო უნებართვო მშენებლობის ადგილმდებარეობა და მას აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, აპელანტის მიერ მითითებული, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაშვებილი, ტექნიკური შეცდომა არ შეიძლება გახდეს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მისი არ არსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა.

 

3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N2-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ი-----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ უნებართვო მშენებლობა განხორციელებული იყო კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, ჩადენილი ქმედება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.06.2017წ. N0----- დადგენილებით ი-----------------ისათვის განსაზღვრული ჯარიმა - 10 000 ლარი შეამცირა 8000 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა 20.06.2017წ. N0----- დადგენილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 201.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N2-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთანავე, სააპელაციო პალატა, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან ქ. თბილისში, დ-----------–--------------ის მიმდებარედ განხორციელებული სადავო მშენებლობა მოქცეულია ი-----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ N0---------------) საკადასტრო საზღვრებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 ივნისის N2-- ბრძანებით ი-----------------ისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის - 10 000 ლარის შემცირება 8000 ლარამდე, მართებულია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი