განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
050100118002460375
ინსტანცია
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100118002460375

საქმე №1/ბ-597-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---- ნ-----–----ის ძე ს------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჩოხატაური, სოფელი ს-----.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-----–---- ს------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 აპრილს, ღამის საათებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მყოფმა ნ-----–---- ს------მა ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის - ქ------- ჯ--------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა. კერძოდ, ნ-----–---- ს------ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა რუსთავში მყოფ ქ------- ჯ--------ეს და დაემუქრა, რომ წავიდა რა თბილისში მისი ნებართვის გარეშე, მიაკითხავდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა, მოუსპობდა სიცოცხლეს და გაუნადგურებდა ავტომანქანას. ქ------- ჯ--------ეს გაუჩნდა ნ-----–---- ს------ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით ნ-----–---- ს------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

2.1 აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენში და ნ-----–---- ს------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

2.2 მსჯავრდებული ნ-----–---- ს------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მოცემულ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულების, დაზარალებულის არასანდო ჩვენების საფუძველზე. მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, საქმეში არ არის წარმოდგენილი დანაშაულში მამხილებელი არათუ პირდაპირი, უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, არამედ ერთი უტყუარი პირდაპირი სახის მტკიცებულებაც კი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–---- ს------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითვის დროს დაზარალებულმა ქ------- ჯ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 22 აპრილს, საკუთარი მანქანით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ უ-- ლ---------ასთან ერთად მიემგზავრებოდა თბილისში, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით დადგეგმილ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. მანქანას მართავდა უ-- ლ---------ა. მანქანა გააჩერეს ჩოხატაურში ლ-------- ბ---ის ბ---ომატთან. მათთან მივარდა ავტომანქანა, რომელიც გაჩერდა ისე, რომ შეაფერხა მათი გადაადგილება. მანქანიდან გადმოვიდა თავისი ყოფილი მეუღლე ნ-----–---- ს------ი, რომელმაც ხმამაღალი და გაღიზიანებული ტონით ჰკითხა, თუ სად მიდიოდა, რაზეც უპასუხა, რომ მიდიოდა თბილისში სემინარზე, ხოლო დაბრუნების დრო დააზუსტა უ-- ლ---------ასთან, რომელმაც აცნობა, რომ ორ დღეში დაბრუნდებოდნენ. ნ-----–---- ს------მა კი მუქარით უთხრა, რომ „ამაზე გასცემდა პასუხს“. ნ-----–---- ს------ს ნათქვამი ჰქონდა მისთვის, რომ თუ ქ-------ის მანქანაში ნახავდა სხვა მამაკაცს, მოუწყობდა ავტოსაგზაო შემთხვევას. აღნიშნულის გამო სთხოვა უ--ს ფრთხილად ეარა, რადგან ნ-----–----ი ასევე ემუქრებოდა ავტომანქანის დაჯახების შედეგად მოკვლით. თბილისში ჩასვლის შემდეგ, წავიდა რუსთავში თავის დასთან. საღამოს ტელეფონზე დაურეკა ნ-----–---- ს------მა, რომელსაც არ უპასუხა, რადგან იცოდა რომ ნ-----–----ი დაუწყებდა გინებას. ნ-----–----ს ტელეფონზე უპასუხა თავისმა დამ, თუმცა მათი საუბრის შინაარსი არ იცოდა. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ, ტელეფონით დაურეკა დედამ, მ-----–- ც-–--–--ემ, რომელმაც აცნობა, რომ ესაუბრა ნ-----–---- ს------ს. ნ-----–----მა საუბრის დროს უთხრა მ-----–- ც-–--–--ეს, რომ ჩავიდოდა რუსთავში და მოკლავდა მის შვილს, რის გამოც სთხოვა, რომ დაერეკა ნ-----–---- ს------ისათვის. ქ------- ჯ--------ის ჩვენებით, დედასთან საუბრის შემდეგ, დარეკა ნ-----–---- ს------თან. საუბრის დროს ნ-----–---- ს------მა არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მანქანის დამტვრევით და მოკვლით. ნ-----–---- ს------მა იცოდა მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და მუქარის გამო შეეშინდა, რომ ნამდვილად ჩავიდოდა ნ-----–---- ს------ი რუსთავში და შეასრულებდა მუქარას, მოკლავდა ან მიაყენებდა ჯანმრთელობის დაზიანებას. აღნიშნული გამო დარეკა 112-ის ოპერატორთან და გამოიძახა პოლიცია.

 

დაზარალებულის განმარტებით, სემინარის დასრულების შემდეგ, უ-- ლ---------ასთან ერთად დაბრუნდა ოზურგეთში. ქ------- ჯ--------ის ჩვენებით, ნ-----–---- ს------ი არაერთხელ დაემუქრა მოკვლით. ცდილობდა ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას და არ მიუმართავს პოლიციისთვის, რადგან იგი არის მისი შვილის მამა. ნ-----–---- ს------ი ხშირად ემუქრებოდა და ასევე ეუბნებოდა, რომ თუ დაოჯახდებოდა, იმ სახლში შევარდებოდა მანქანით, სადაც იცხოვრებდა და ემუქრებოდა შვილის წართმევით.

 

მოწმის სახით დაკითხვის დროს, მ-----–- ც-–--–--ემ განმარტა, რომ არის ქ------- ჯ--------ის დედა. 2018 წლის 22 აპრილს საღამოს, თავისი შვილიშვილის, მ------ ს------ის ტელეფონზე დარეკა ნ-----–---- ს------მა, რომელსაც უპასუხა მ------მა. ნ-----–----ის მოთხოვნით, მ------მა ტელეფონი მიაწოდა მას და ესაუბრა თავის ყოფილ სიძეს. ნ-----–---- ს------მა საუბრის დროს უთხრა მას, რომ ქ------- ჯ--------ე არ პასუხობდა ტელეფონს და დაავალა, რომ ეპასუხა ქ-------ს მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ დაამტვრევდა ქ-------ის მანქანას, დაატოვებინებდა სამსახურს და მოკლავდა. ანერვიულდა და ნ-----–----ს უთხრა თუ როგორ ბედავდა შვილის მოკვლით დამუქრებას. მიუხედავად ამისა ნ-----–----მა კვლავ გააგრძელა მუქარა და თქვა - „ჩემი შვილი იყოს ჩემი ცოლი თუ მე არ შევასრულო მაგი“. აღნიშნულზე მ-----–- ც-–--–--ემ უპასუხა ნ-----–----ს, რომ მისულიყო მასთან, ჩაეხედა თვალებში და გაემეორებინა, რომ მოუკლავდა შვილს. აღნიშნულის შემდეგ, ქ------- ჯ--------ეს დაურეკა და მოუთხრო ნ-----–----თან გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა მ------ ს------მა განმარტა, რომ მამამ, ნ-----–---- ს------მა დაურეკა ტელეფონზე და გაბრაზებული ხმით უთხრა ბებია დაელაპარაკებინა. ტელეფონი მიაწოდა ბებიას. საუბრის დროს გაიგონა როგორ უყვიროდა ბებია ნ-----–---- ს------ს „შენ ჩემს შვილს როგორ ემუქრები და როგორ დაეჯახები“. იცოდა, რომ მამა მივიდოდა და დაიწყებდა ჩხუბს, არ სურდა ჩხუბის მოსმენა და დაიძინა.

 

მოწმის სახით დაკითხვის დროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა უ-- ლ---------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 22 აპრილს, ქ------- ჯ--------ესთან, ქ-------ის მანქანით, მიდიოდნენ თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ სემინარზე მონაწილეობის მისაღებად. ქ-------ის თხოვნით თავად მართავდა ავტომობილს. ჩოხატაურში, ,,ლ-------- ბ---ის’’ ბ---ომატთან გააჩერა ავტომანქანა, გამოიტანა ფული და დაბრუნდა მანქანაში. ბარათის საფულეში მოთავსების დროს, მათი მანქანის წინ გაჩერდა ოპელის მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ნ-----–---- ს------ი, მივიდა ავტომანქანასთან ქ-------ის მხარეს და ჰკითხა ქ-------ს გაბრაზებული და გაღიზიანებული ტონით, თუ სად მიდიოდა. პასუხის მოსმენის შემდეგ ნ-----–----მა უთხრა ქ-------ს, რომ დანარჩენზე მოგვიანებით დაელაპარაკებოდა. მისი ჩვენებით, ნ-----–---- ს------თან კარგი ურთიერთობა აქვს და გაუკვირდა ნ-----–----ის აგრესიული ტონი, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო. ქ------- ჯ--------ემ სთხოვა ფრთხილად ყოფილიყო, რადგან ნ-----–---- ს------ი ემუქრებოდა მანქანის დაჯახებით. ოზურგეთში დაბრუნების დროს ქ-------ისგან გაიგო, რომ ნ-----–---- ს------ი დაემუქრა და იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის. მოწმის განმარტებით მომხდარის გამო შეატყო, რომ ქ-------ი შეშინებული იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა - თ----- ყ-------–---–მა, უ-- ჩ--------მ და დ----- ს--------–--ემ დაადასტურეს, რომ ნ-----–---- ს------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულ შ----- გ-----–-ას განმარტებით, არის ნ-----–---- ს------ის ძმა. 2018 წლის 22 აპრილს, თავის ძმასთან ერთად, მანქანით მიდიოდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში. დაახლოებით თერთმეტ საათზე, ჩოხატაურში, ნ-----–---- ს------მა უთხრა, რომ მანქანა გაეჩერებინა ლ-------- ბ---თან. გააჩერა მანქანა და ნ-----–----ი გადავიდა მანქანიდან. როდესაც დაბრუნდა, ნ-----–----მა უთხრა, რომ საქმე ჰქონდა მეუღლესთან. გააგრძელეს გზა და მივიდნენ სოფელ ბუკისციხეში, შემდეგ კი სოფელ ს-----ში. თავად იმყოფებოდა სახლში, ხოლო ნ-----–----ი გარეთ ესაუბრებოდა ტელეფონზე, თავისი მეუღლის დას და შემდეგ დედას. საუბრის დროს გაიგონა მხოლოდ ორი სიტყვა „ბეჭედი“ და „ფული“. როდესაც ნ-----–----ი დაბრუნდა სახლში, უთხრა, რომ მეუღლის დედა სთხოვდა მასთან მისვლას. ერთად წავიდნენ ქ------- ჯ--------ის დედასთან სახლში, სადაც დახვდათ პოლიციის თანამშრომლები და ისინი წაიყვანეს პოლიციაში.

 

მსჯავრდებულმა ნ-----–---- ს------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 22 აპრილს, თავის ძმასთან ერთად, მიდიოდა ბიძასთან სოფელში. ჩოხატაურში დაინახა თავისი ყოფილი მეუღლის მანქანა. მივიდა ავტომანქანასთან და თავის ყოფილ მეუღლეს ჰკითხა, თუ სად მიდიოდა. ქ------- ჯ--------ემ არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა და თავის თანამშრომელ უ-- ლ---------ასთან დაზუსტების შემდეგ უთხრა, რომ ორ-სამ დღეში დაბრუნდებოდა. ნერვიულობდა მეუღლის მგზავრობაზე და სურდა გაეგო ჩავიდა თუ არა თბილისში ქ-------ი, რის გამოც არაერთხელ დაურეკა ქ-------ს, რომელმაც არ უპასუხა. ესაუბრა მეუღლის დას და შეიტყო, რომ ქ-------ს არ სურდა მასთან საუბარი. აღნიშნულის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა მეუღლის დედას, რომელმაც უთხრა, რომ მასთან მისულიყო. მ-----–- ც-–--–--ესთან დახვდა პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს პოლიციაში. მისი განმარტებით, კარგი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან და არ იცის, რატომ მიმართა ქ------- ჯ--------ემ დახმარებისთვის პოლიციას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რომ დაზარალებულის ჩვენება არის არასანდო და შეუსაბამო სხვა მტკიცებულებებთან, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებებია არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება მატერიალური (შედეგიანი) დანაშაულია, რაც გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით და ა.შ. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, ამასთან, აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შესაბამისად, აღნიშნული დანაშული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით მუქარა განზრახ დანაშაულს წარმოადგენს.

 

ის გარემოება, რომ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების თაობაზე მსჯავრდებულის მხრიდან ხმამაღალი მუქარით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დასტურდება თვით დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მისი ქცევით, როდესაც მუქარის მოსენის შემდეგ დახმარების მიზნით, მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, ნ-----–---- ს------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ასევე დასტურდება მოწმეების: მ-----–- ც-–--–--ისა და მ------ ს------ის ჩვენებებით, რომელთა მიერ გადმოცემული გარემოებები სრულ თანხვედრაში და შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ მიჩნეული ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები თანმიმდევრულია, სარწმუნოა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

აქვე პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–---- ს------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-----–---- ს------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, ჯარიმის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ-----–---- ს------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–---- ს------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ს------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნ-----–---- ს------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2018 წლის 23 აპრილიდან 2018 წლის 26 აპრილამდე) გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ-----–---- ს------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯარდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ,,T---’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი და სიმ ბარათ ნომრით 5-----------, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ნ-----–---- ს------ს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე