განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
010210119002986989
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210119002986989

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-826-2019 17 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მომჩივანი - შპს T----- S------

წარმომადგენელი - ნ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს მ------- ს--- თ--------------ი

წარმომადგენელი - გ----------, მ----------ე

 

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინება

 

1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით სს მ------- ს--- თ--------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს T----- S-------ს (ს/ნ 4--------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ო--------ის ქუჩა #-- (ს/კ 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სს მ------- ს--- თ--------------ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს T----- S-------ის მიმართ, თანხის - 116 073,15 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღა დაედოს შპს T----- S-------ის (ს/ნ 4-------- ) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. ბათუმი, ქუჩა ო--------ი, #-- (ს/კ 0-----------). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. 2.3. ხსენებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ სასამართლოსადმი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების აღძვრისას მხარე უნდა უთითებდეს ისეთ საფრთხეზე, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ გამოყენებას საჭიროებს და შესაბამის დასაბუთებას უზრუნველყოფის ღონისძიების (სახის) გატარების აუცილებლობის თვალსაზრისით. 2.4. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხისათვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით (ყადაღისდადება), ან გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვით და სხვა გზით. ამასთან, განმცხადებელს თავად ევალება მიუთითოს განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, განცხადებაში მარტოოდენ ამ გარემოებებზე მითითება არ არის საკმარისი, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს უნდა შეექმნას რწმენა და, ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებული ვარაუდი, რომ, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ხოლო, ,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. 2.6. სარჩელზე თანდართული, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ქუჩა ო--------ი, #-- (ს/კ 0-----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს T----- S-------ის (ს/ნ 4-------- ) სახელზე. 2.7. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 631 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.

 

3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრა შპს T----- S-------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მიუხედავად იმისა, რომ შპს T----- S-------ის საკუთრებაში არსებული მიწა დაყადაღებულია, არსებობს მისი უმოკლეს ვადაში მოსხნის საფუძველი, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ ზემოაღნიშნულ ყადაღასთან დაკავშირებით. გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით კი მხარეს ყოველგვარი დასაბუთებული ფაქტისა თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეეზუდება საკუთრება და მასთან დაკავშირებული სხვა აქცესორული უფლებები.

 

4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სს მ------- ს--- თ--------------მა სარჩელი აღძრა შპს T----- S-------ის წინააღმდეგ 116 073,15 ლარისა და ყოველდღიურად, მიუღებელი შემოსავლის, 33,85 ლარის დაკისრების მოთხოვნით. 4.2. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადება. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 4.4. ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 4.5. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 20 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. 4.5.1. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გაწეულ მომსახურებაზე იწერებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებშიც თანხის გაზრდის მიზნით გაწეული მომსახურების რაოდენობა და სახეობა თვითნებურად იყო გაზრდილი. 4.5.2. მოსარჩელემ მოპასუხეს გაწეული მომსახურების საფასური სრულად გადაუხადა. 4.5.3. 2019 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე ჩატარებულ იქნა აუდიტორული შემოწმება და დადგინდა, რომ მოპასუხემ გამოწერა ფიქტიურად შესრულებული სამუშაოს საფასური, სულ 116 073,15 ლარზე. 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 4.6.1. ამ ნორმის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და, მის მიერ მითითებული ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. 4.7. პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დასაბუთებულიცაა, რადგან თუ მოპასუხე კუთვნილ ქონებას გაასხვისებს ან იპოთეკით დატვირთავს და სხვა ქონება აღარ დარჩება, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. 4.8. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება მართებულად გამოიყენა. 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი, სწორედ, მოპასუხის ქონებრივი უფლებების შეზღუდვაა. ამიტომ, მომჩივანის მსჯელობა „საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული აქცესორული უფლებების“ შეზღუდვის თაობაზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება არ არის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს T----- S-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა