განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2019
საქმის ნომერი
330310015001024143
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/356-19, 330310015001024143

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

წარმომადგენელი- ს---–------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----–------–---------–---–ი

წარმომადგენელი- ც-–--------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ-----–------–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0-------, 2001 წლის 11 ოქტომბრის №1--------- 2000 წლის 30 ნოემბრის №1--------, 2003 წლის 10 ივლისის №0-------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №2--------- დადგენილება დ-------–---------–---–ის ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულება დ-------–---------–---–ის ნაწილში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაინვალიდებული დ-------–---------–---–ისა და აფხაზეთში დაღუპულის ქვრივის - მ--------–----–---–ის თხოვნა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აღძრულიყო შუამდგომლობა პირდაპირი განკარგვის წესით მათთვის 600 კვ.მ-მდე ორი სასახლკარე მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ ლ----------ა და ვ-–-–-------- მიმდებარე ფერდობზე (ს.ფ. 29).

 

,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით დ-------–---------–---–ს (საქართველოს ერთიანობისთის დაინვალიდებულ პირს) და მ--------–----–---–ს (აფხაზეთში დაღუპულის ქვრივს), მიეყიდა (ნორმატიულ ფასად) არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი 600-600 კვ.მეტრი ლ----------ა და ვ-–-–-------- მიმდებარე ფერდობზე. იმავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) დადგენილი წესის შესაბამისად, აწარმოოს მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება (ს.ფ. 30).

 

ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უნდა გაფორმებოდათ სათანადო ხელშეკრულებები 2007 წლის 1 დეკემბრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასვნა; ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) წარმოადგინონ ქ.თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-7 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის №05.27.212 დადგენილების თანახმად, შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებაში, მათ შორის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გაუფორმდეთ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის 01 იანვრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასვნა; ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) წარმოადგინონ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №--------- დადგენილების თანახმად, კვლავ იქნა შეტანილი ცვლილებები და დამატებები ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებაში, მათ შორის მე-5 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი შემდეგი სახით: ,,დ) ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 01 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ’’(ს.ფ. 98-109).

 

2008 წლის 31 დეკემბერს, მ--------–----–---–მა და ც-–--------------–---–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე-ქ.თბილისის მთავრობის, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების შესაბამისად ქ.თბილისის მთავრობისთვის ხელშეკრულების გაფორმების დავალება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მაია სულხანიშვილის და ციცინო დევრისაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლისის ტბისა და ვ-–-–-------- მიმდებრე ფერდობზე 600-600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე დ-------–---------–---–ის უფლებამონაცვლე ც-–--------------–---–თან და მ--------–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ.თბილისის მთავრობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

ქ. თბილისის მთავრობამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინება და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით, ქ.თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ს.ფ. 35-40, 165-171).

 

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №2--------- დადგენილების თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილება (დ-------–---------–---–თან მიმართებაში) იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულმა მოქალაქეებმა არ შეასრულეს მათთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება (ქ.თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა) (ს.ფ. 216).

 

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ს.ფ. 40).

 

2008 წლის 09 ივნისს, დ-------–---------–---–მა №----------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერის პირველ მოადგილეს და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების შესაბამისად. ქ. თბილისის მერიის 02.10.2008 წ. N--------- წერილის პასუხად დ-------–---------–---–მა და მ--------–----–---–მა აცნობეს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მათ მიერ უკვე წარდგენილ იყო 2008 წლის ივნისში.

 

2009 წლის 30 ოქტომბერს, გაიცა N--------- სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით ც-–--------------–---–მა, ნ-----–------–---------–---–მა და ნანა ლონგურაშვილმა, როგორც დ-------–---------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, სამკვიდრო ქონება მიიღეს სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ს.ფ.159-161, 217, 233).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, როგორც ქ.თბილისის მთავრობის, ისე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (დ-------–---------–---–ის ნაწილში) მიღებული იქნა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ მოუხდენია ერთობლიობაში. ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას შეფასება არ მიუციათ და არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოება, რომ 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უკვე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება(აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 21 ივლისს), რომლის თანახმადაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ--------------ა და ვ-–-–-------- მიმდებრე ფერდობზე 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმება. საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები სასამართლომ შესრულებულად მიიჩნია, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებთ, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის N--------- დადგენილებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებები რიგ პირებთან გაფორმდეს 2001 წლის 24 იანვრის N01.42.45 დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდბელო აქტების საფუძველზე, ხოლო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა და რომ დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველს.

 

სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დააკმაყოფილა მ--------–----–---–ისა და ც-–--------------–---–-ს სარჩელი და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლისის ტბისა და ვ-–-–-------- მიმდებარე ფერდობზე 600-600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე მ--------–----–---–თან და ც-–--------------–---–თან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული შეფასება კი არსებითი მნიშვნელობის არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შესრულებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები, ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილების (დ-------–---------–---–თან მიმართებაში) ძალადაკარგულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მ--------–----–---–მა და დავით ლონგურაშვილმა არ შეასრულეს მისთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება(ქ.თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა) და ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის (დავით ლონგურაშვილის ნაწილში) ძალადაკარგულად ცნობა,- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე მითითებით უსაფუძვლოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №2--------- დადგენილება ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0-------, 2001 წლის 11 ოქტომბრის №1--------- 2000 წლის 30 ნოემბრის №1--------, 2003 წლის 10 ივლისის №0-------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ (დ-------–---------–---–ის ნაწილში) და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულება ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ (დ-------–---------–---–ის ნაწილში), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილება, რომლითაც მ--------–----–---–ის და ც-–--------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებისათვის არსებითი განმსაზღვრელი ვერ იქნება იმდენად, რამდენადაც სასამართლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას ამოწმებს უშუალოდ მათი გამოცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ როგორც 2010 წლის 10 სექტემბრის, ასევე 2010 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით (გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დრო) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობდა, იგი გაუქმებული არ იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდგომ პერიოდში- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით (ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 08 ნოემბერს განცხადების საფუძველზე), რომლითაც ქ.თბილისის მთავრობის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის №3/8-09წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო მოგვიანებით კი, სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის Nო1.45.42, 2001 წლის 11 ოქტომბერის N1--------- 2000 წლის 30 ნოემბრის N1--------, 2003 წლის 10 ივლისის N9.43.227 დადგენილებებით საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აღიძრა შუამდომლობები მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით მოქალაქეებისათვის (დ. ლონგურაშვილი, მ. სულხანიშვილი, რ. ჩოჩელი მ.ხარაბაძე, ჯ. ქიტიაშვილი) საკუთრების გადაცემის თაობაზე. ქ. თბილისის მთავრობის 2008 ნაწილის 3 აპრილის Nო5.27.212 დადგენილებით ცვლილებები და დამატებები შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტში და დაინტერესებულ პირებს დაევალათ 2009 წლის 1 იანვრამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქთგეგამრებითი დასკვნა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითარი. აღნიშნულმა მოქალაქეებმა, 2009 წლის 1 იანვრამდე ქ. თბილისის მერიაში არ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის N33.34.1198 დადგენილებით, ასევე, დადგინდა დადებითი ქალაქთგეგმარებითი დასკვნების მქონე პირები, რომლებსაც განსაზღვრულ ვადებში წარდგენილი ჰქონდათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ამასთან, დადგენილებით არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მოქალაქეები, რომელთაც არ შეუსრულებიათ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N18.19.621 დადგენილების მოთხოვნები, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 1 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომელებიც არ შეასრულებენ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული მოქალაქეების მსგავსად, ნ-----–------–---------–---–მა არ შეასრულა მისთვის ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N18.19.621 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება და შესაბამისად თბილისის მთავრობა უფლებამოსილი იყო ძალადაკარგულად გამოეცხადებინა სადავო დადგენილებები.

 

აპელანტის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. სადავო გადაწყვეტილების 6.5. პუნქტის თანახმად, სასამართლო ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გაუქმებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა. ამასთან, სასამართლო სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მ--------–----–---–მა შეასრულა ხელშეკრულების გასაფორმებლად განსაზღვრული ვალდებულებები და რომ 2001 წლის 24 იანვრის N0------- დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას, წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა, ასევე, დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ განმარტებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად დადგენილი წინაპირობები, მათ შორის, დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარდგენის ვალდებულება, გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან. ამასთან, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი მხარის ვალდებულება, „წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა". მ--------–----–---–ს აღნიშნული დადგენილება სადავოდ არ გაუხდია.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.6. პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას ამოწმებს უშუალოდ მათი გამოცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც 2010 წლის 10 სექტემბრის, ისე 2010 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით (გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დრო) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობდა, იგი გაუქმებული არ იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდგომ პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ განმარტებას და აღნიშნავს, რომ ნ-----–------–---------–---–მა (დ-------–---------–---–ის მემკვიდრე) არ შეასრულა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N18.19.621 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები (რომელთა შესრულებაც წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას) და შესაბამისად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი იყო ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N1.45.42 დადგენილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის (საქმე N37-490-10) განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის (საქმე N3/8-09) გადაწყვეტილება და იმავე კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/4819-10) ც-–--------------–---–-სა და მ--------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება გაუქმებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქ. თბილისის მთავრობას დაევალა ხელშეკრულების გაფორმება დ-------–---------–---–თან.

 

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის რეალიზება, რასაც აპელანტი არ ეთანხმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს, რაც უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანია ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, მტკიცების ტვირთი გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტებით მისი კანონიერი ინტერესისა თუ უფლების შეზღუდვის ფაქტს, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე მსჯელობა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეა (მიმწოდებელი) ვალდებული დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მის მიერ სრულად იქნა შესრულებული ვალდებულება, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება - დადებითი ქალაქთგეგმარებითი დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 2010 წლის 19 ოქტომბრის N1001 განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის N93 განკარგულების „გ“ ქვეუპუნქტი, რომლითაც, მათ შორის, დ-------–---------–---–ს - საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულს პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასად მიეყიდა 600 კვ.მ. ლ----------ა და ვ-–-–-------- მიმდებარე ფერდობზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2003 წლის 30 იანვრის N93 განკარგულებითვე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მერიას უნდა ეწარმოებინა განკარგულებით განსაზღვრული მოქალაქებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება.

 

როგორც 2007 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისის მთავრობის N18.19.621 დადგენილებით დასტურდება, ქ. თბილისის მერიაში ჩატარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის, დ-------–---------–---–ს (2001 წლის 24 იანვრის N0------- ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება), რომელთაც არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დაევალათ გარკვეული პირობების შესრულება, კერძოდ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ეს პირობები უნდა შეესრულებინათ 2007 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც გაფორმდებოდა ხელშეკრულებები, ხოლო ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცხადდებოდა ძალადაკარგულად. 2008 წლის 3 აპრილის ქ. თბილისის მთავრობის N--------- დადგენილებით ცვლილება შევიდა ზემოხსენებულ დადგენილებაში და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2009 წლის 01 იანვრამდე.

 

წარმოების მასალებში არსებული ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N2--------- დადგენილების თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის, მოსარჩელემ, 2009 წლის 01 იანვრამდე ქ. თბილისის მერიაში არ წარადგინა ზემოაღნიშნული დადგენილებებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N0------- დადგენილება, რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტმა, 2010 წლის 19 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის მიერ წარდგენილი შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო სადავო განკარგულება, 2003 წლის 30 იანვრის N93 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

 

აპელანტის განმარტებით, ზემოხსენებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ქ. თბილისის მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, აქტები გამოცხადდა ძალადაკარგულად. პირველი ინსტანციის სასამართლო სარჩელი დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, თუმცა არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც სარჩელის განხილვის დროისათვის გაუქმებულია, უფრო მეტით არსებობს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მხარეს ნ-----–------–---------–---–ი არ წარმოადგენს.

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამჟამად აღნიშნული ქონება გასხვისებულია და წარმოადგენს მესამე პირის საკუთრებას, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტები მხარეების მიერ გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რაც მას სურს. აღნიშნული კი ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებით.

 

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაზეც მხარეები აპელირებდნენ. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის სასამართლოში წარდგენისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება პრივატიზების შესახებ განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რა დროსაც, სასამართლოს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება ქონების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. ეს ვადა კი შეადგენს 3 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც სასამართლომ ამ განკარგულების საფუძველზე გააუქმა 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა დ-------–---------–---–ის უფლებამონაცვლის ც-–--------------–---–-სა და მ--------–----–---–ის სარჩელი. შესაბამისად, მხარეს აღნიშნული განკარგულება სადავო უნდა გაეხადა მინიმუმ 2010 წლიდან 3 წელში, რაც არ განუხორციელებია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა ეს გარემოებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის N65 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის“ 1.3 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებებს მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში ან სარგებლობაში განკარგვის შესახებ აუქციონის ან კონკურსის მეშვეობით იღებენ შესაბამისი რაიონის, ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) მმართველობის ორგანოები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე წესის 2.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის მიზნით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო ქმნის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიას. მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 7.1 მუხლის თანახმად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მიწის ნაკვეთის შეძენით ან სარგებლობით, განაცხადი შეაქვთ იმ რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მოთხოვნაში ნაჩვენები უნდა იყოს მიწის გამოყენების მიზანი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოს დავალებით ხდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობის დასკვნის გაკეთება რაიონის შესაბამის ორგანოს მიერ. დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რაიონის გამგეობა თავის სხდომაზე იხილავს მიწის განკარგვის საკითხს, თანხმობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაინვალიდებული დ-------–---------–---–ის თხოვნა, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობის აღძვრისა და პირდაპირი განკარგვის წესით, მისთვის 600 კვ. მეტრამდე სასახლკარე მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ, ლ----------ა და ვ-–-–-------- მიმდებარე ფერდობზე. ასევე დადგენილია, რომ ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დ-------–---------–---–ს - საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაინვალიდებულს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით მიეყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 600 კვ.მეტრი, ლ----------ა და ვ-–-–-------- მიმდებარე ფერდობზე.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უნდა გაფორმდებოდათ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებული იქნებოდა 2009 წლის 01 იანვრამდე, ხოლო ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 01 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებდნენ ვალდებულებებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №2--------- დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0------- დადგენილება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულმა მოქალაქეებმა (მათ შორის, დ-------–---------–---–მა) არ შეასრულეს მათთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება (ქ. თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა). ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დ-------–---------–---–ის ნაწილში გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ მოუხდენიათ ერთობლიობაში. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უკვე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ც-–--------------–---–-სა და მ--------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების შესაბამისად, ქ. თბილისში, ლისის ტბისა და ვ-–-–-------- მიმდებრე ფერდობზე, 600-600 კვ.მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე დ-------–---------–---–ის უფლებამონაცვლე ც-–--------------–---–თან და მ--------–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ შესრულებულად მიიჩნია ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები მოსარჩელეთა მხრიდან. ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის N--------- დადგენილებით განისაზღვრა ხელშეკრულებების რიგ პირებთან გაფორმება 2001 წლის 24 იანვრის N01.42.45 დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის წარედგინა დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა. დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული შეფასება არსებითი მნიშვნელობისაა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №2--------- დადგენილება ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №0-------, 2001 წლის 11 ოქტომბრის №1--------- 2000 წლის 30 ნოემბრის №1--------, 2003 წლის 10 ივლისის №0-------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(დ-------–---------–---–ის ნაწილში) და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულება ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(დ-------–---------–---–ის ნაწილში), კანონშეუსაბამო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.

 

სააპელაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში მნიშვნელობის მქონედ არ უნდა ჩაითვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მ--------–----–---–ისა და ც-–--------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას ამოწმებს უშუალოდ მათი გამოცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით ანუ სადავო აქტების გამოცემის დროს, არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო იყო შესასრულებლად. ზემოთ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა უფრო გვიან, სადავო აქტების გამოცემის შემდგომ პერიოდში, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 08 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით (კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის №3/8-09წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო მოგვიანებით, სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა).

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელე ნ-----–------–---------–---–ისათვის გასაჩივრებული აქტების ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებას მოსარჩელის მიერ სადავო აქტების გასაჩივრების ვადის დარღვევის შესახებ. საგულისხმოა საქმის განხილვის ეტაპზე დადგენილი გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ნ-----–------–---------–---–ის განცხადება არ ჩაითვალა ხანდაზმულად, დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის N37-490-10 განჩინება და 2010 წლის 28 დეკემბრის N3/4819-10 გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის განცხადების განხილვის ეტაპიდან. აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ (საქმე N3/8-09).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს პრეზიდენტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გიორგი გოგიაშვილი