განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
330210017002227299
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სამოქალქო
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002227299

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3489-18 03 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე თ----- ზამბახიძე

მოსამართლეები თ----- ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური

 

აპელანტი - დ----- ქ-–-----ა (მოსარჩელე )

წარმომადგენელი - მ--- ყ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - 1. თ----- ხ--------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ----- ხ------ი

2. ო----- ჭ----------ე

წარმომადგენელი - დ----- ხ------ი

 

3. მ------ ო---–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ცვლილება შევიდეს №1-------- სანოტარო აქტში და მოსარჩელის ვალდებულება თ----- ხ--------ის მიმართ, 13.11.2015წ. მდგომარეობით განისაზღვროს 31 000 აშშ დოლარით. შესაბამისად, ნაწილობრივ გაუქმდეს №1-------- სააღსრულებო ფურცელი.

1.2. ცვლილება შევიდეს №1-------- სანოტარო აქტში და მოსარჩელის ვალდებულება ო----- ჭ----------ის მიმართ, 2015 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით განისაზღვროს 10 000 აშშ დოლარით. შესაბამისად, ნაწილობრივ გაუქმდეს №1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილებით დ----- ქ-–-----ას სასარჩელო მოთხოვნები №1-------- სანოტარო აქტში ცვლილების შეტანის და თ----- ხ--------ის მიმართ, 2015 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ვალდებულების 31000 აშშ დოლარით განსაზღვრის, №1-------- სანოტარო აქტში ცვლილების შეტანის და ო----- ჭ----------ის მიმართ, 2015 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით მოსარჩელის ვალდებულების 10000 აშშ დოლარით განსაზღვრის, ასევე №1-------- და №1-------- სააღსრულებო ფურცელების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

3.1. 2015 წლის 13 ნოემბერს დ----- ქ-–-----ას მიერ შედგენილია ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, დოკუმენტი დამოწმებულია სანოტარო წესით. დ----- ქ-–-----ა აღიარებს, რომ თ----- ხ--------ის მიმართ გააჩნია 44937,5 აშშ დოლარის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება და კისრულობს თანხა გადაიხადოს 2016 წლის 13 ნოემბერს.

 

3.2. 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით დ----- ქ-–-----ა აღიარებს, რომ ო----- ჭ----------ის მიმართა გააჩნია 12687,5 აშშ დოლარის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რომლის გადახდაც მოსარჩელემ იკისრა 2016 წლის 13 ნოემბრამდე.

 

3.3. 2017 წლის 19 აპრილს ნოტარიუს მ------ ო---–-–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------. სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია ო----- ჭ----------ე, მოვალეა დ----- ქ-–-----ა და კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება განსაზღვრულია 12687,5 აშშ დოლარით.

 

2017 წლის 19 აპრილს ნოტარიუს მ------ ო---–-–---–ის მიერ გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია თ----- ხ--------ი ხოლო მოვალეა დ----- ქ-–-----ა. კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება განსაზღვრულია 44937,5 აშშ დოლარით.

 

დადასტურებულია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლებში მითითებული ვალდებულების მოცულობა ზუსტად შეესაბამება 2015 წლის 13 ნოემბერს შედგენილ ვალის აღიარების ხელშეკრულებებში მითითებულ მონაცემებს.

 

3.4. მოსარჩელე დ----- ქ-–-----ას ვალის აღიარების ხელწერილებში კრედიტორებად დაფიქსირებული პირების მიმართ სრულად ან ნაწილობრივ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია და სასამართლოს დასკვნით, საქმეში დაცულ წერილობით დოკუმენტებში ასახული ვალდებულების მოცულობა ზუსტია.

 

3.5. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცულია ორი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოვალე გარკვევით, არაორაზროვნად აღიარებს კრედიტორის მიმართ არსებულ ვალდებულებას და განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადას. სასამართლოს მოსაზრებით საქმეში დაცული ხელწერილები ვალდებულების აღიარების შესახებ შედგენილია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი შინაარსი ასახავს მხარეთა შეთანხმებულ პირობებს.

 

დადგენილია, რომ დ----- ქ-–-----ას კრედიტორების მიმართ აღიარებული ფულადი ვალდებულებს სრული მოცულობით არ შეუსრულებია და ასეთი ხასიათის მტკიცებულება საქმის მასალებში დაცული არ არის. აქედან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

4.1. მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი ვალის აღიარების ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ვალდებულების ოდენობა, თუმცა სასამართლომ სწორედ ამ ხელშეკრულებებს დააფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

4.2. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ვალის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა და მოსარჩელეს საშუალება არ მისცა ემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა.

 

4.3. სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო შუამდგომლობები მტკიცებულებების დართვის, გამოთხოვის და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში და არ გაითვალისწინა მოსარჩელის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რათა მომხდარიყო მხარესთან პოზიციის შეთანხმება და მოსარჩელეს თავად მიეცა ახსნა-განმარტებები სასამართლოსთვის. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. 13.11.2015წ. დ----- ქ-–-----ას (შემდგომში „მოსარჩელე“) და თ----- ხ--------ს (შემდგომში „პირველი მოპასუხე“) შორის სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა პირველი მოპასუხისთვის 44 937,5 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული დავალიანება წარმოშობილი იყო 23.05.2013წ. და ვალი უნდა დაბრუნებულიყო 13.11.2016წ.. (ტ.1, ს.ფ. 22-24).

 

19.04.2017წ. ნოტარიუს მ------ ო---–-–---–ის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა - 44 937,5 აშშ დოლარი; ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული თანხა - 102 ლარი (ტ.1, ს.ფ.18-20).

 

7. 13.11.2015წ. მოსარჩელეს და ო----- ჭუბურიძეს (შემდგომში „მეორე მოპასუხე“) შორის სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა მეორე მოპასუხისთვის 12 687,5 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული დავალიანება წარმოშობილი იყო 23.05.2013წ. და ვალი უნდა დაბრუნებულიყო 13.11.2016წ.. (ტ.1, ს.ფ. 25-27).

 

19.04.2017წ. ნოტარიუს მ------ ო---–-–---–ის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა 12 687.5 აშშ დოლარი; ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული თანხა - 102 ლარი (ტ.1, ს.ფ. 15-17).

 

8. მოსარჩელე ითხოვს:

- ცვლილება შევიდეს N1-------- სააღსრულებო ფურცელში და მოსარჩელის ვალდებულება პირველი მოპასუხის მიმართ 13.11.2015წ. მდგომარეობით განისაზღვროს 31 000 აშშ დოლარით.

- ცვლილება შევიდეს N 1-------- სააღსრულებო ფურცელში და მოსარჩელის ვალდებულება მეორე მოპასუხის მიმართ 13.11.2015წ. მდგომარეობით განისაზღვროს 10 000 აშშ დოლარით.

 

მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალის აღიარების ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა შეუმოწმებლად, დაანგარიშების გარეშე და რეალურად, მოსარჩელეს უნდა ეღიარებინა პირველი მოპასუხის მიმართ 31 000 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-14; 11).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აქვე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მითითებული საფუძვლით ითხოვს არა თავად ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, არამედ აღნიშნული გარიგებების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანას. ანუ ფაქტობრივად, მოსარჩელე ითხოვს აღიარებულ იქნეს შესასრულებელი ვალდებულების კორექტირებული (შემცირებული) ოდენობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულების ვალდებულებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ას-1133-1079-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებები ვალის აღიარების შესახებ, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა, შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი და თანხის გადახდაზე ვალდებული პირები, თანხის დაბრუნების ვადა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც უნდა ახასიათებდეს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას და წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს.

 

9. შესაბამისად, თუ მოსარჩელე ახდენს თავად ვალის აღიარების ხელშეკრულებების შეცილებას, უნდა მიუთითოს და შესაბამისად დაადასტუროს, ნების გამოვლენის დროს დაშვებული შეცდომა, მისი მოტყუება ან მის მიმართ განხორციელებული იძულება (სამოქალაქო კოდექსის მუხ.72-89).

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შეუმოწმებლად და დაუანგარიშებლად მოაწერა ხელი ხელწერილებს. ამასთან, არც სარჩელი შეიცავს არსებითი შეცდომის ან მოტყუების ფაქტის კონკრეტულ დასაბუთებას და არც ნების ნამდვილობის გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულება არის წარმოდგენილი საქმეში.

 

შესაბამისად, არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

10. მოსარჩელე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის დამატებით საფუძვლად მიუთითებს ასევე მის მიერ ვალის ნაწილობრივ გადახდის ფაქტს და განმარტავს, რომ ვალის აღიარების გაფორმების შემდეგ პირველ მოპასუხეს გადაუხადა 10 558 აშშ დოლარი, რაც მან ნოტარიუსს დაუმალა (ტ.1, ს.ფ.12). ამასთან, თავად მოსარჩელე თავის სარჩელშივე ადასტურებს, რომ პირველმა მოპასუხემ (ანუ კრედიტორმა) სააღსრულებო წარმოების დროს დაადასტურა მოსარჩელის მიერ მისთვის 10 558 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი (ტ.1, ს.ფ.12). აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად სარჩელს ერთვის პირველი მოპასუხის მიერ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სახელზე 20.05.2017წ., ანუ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე შედგენილი განცხადება, რომელშიც იგი აზუსტებს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე - ნოტარიუს მ------ ო---–-–---–ის მიერ 19.04.2017წ. გაცემულ N1--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ მისი მოთხოვნა შეადგენს 34 379.5 აშშ დოლარს და 102 ლარს (ტ.1, ს.ფ. 39). გათვალისწინებით იმისა, რომ პირველი კრედიტორის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია 44 937,5 აშშ დოლარით და 102 ლარით, დგინდება, რომ რეალურად კრედიტორის აღნიშნული წერილით აღიარებულია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ოდენობით - 10 558 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტი (44937,5 - 10 558 = 34 379.5 აშშ დოლარს). შესაბამისად, ამ ცალკე საფუძვლით ვალდებულების განსხვავებული (შემცირებული) ოდენობის აღიარების იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს არ აქვს (ვალდებულება ისედაც შემცირებული ოდენობით არსებობს) და ამ საფუძვლით სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება, მოპასუხეს ვერ დაეკისრება ამ ნაწილში გადახდილი ბაჟის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.05.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა დ----- ხ------მა განმარტა, რომ თ----- ხ--------ის მიერ აღმასრულებლის სახელზე შედგენილი განცხადებით ვალდებულების მოცულობის დაზუსტება გულისხმობდა სწორედ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების აღიარებას, კრედიტორმა აღიარა ვალდებულების შესრულებული ნაწილი და მიუთითა დარჩენილი აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობაზე (იხ.: 03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 12:32:29 -12:32:57).

 

რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ანგარიშში სხვა დამატებით თანხის გადახდაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე ვერც მოსარჩელე მიუთითებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ანგარიშში გარდა 10 558 აშშ დოლარისა (რომლის მიღების ფაქტიც კრედიტორს დადასტურებული ჰქონდა მოვალის მიერ წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე), დამატებით, სხვა თანხის გადახდაზე მიუთითებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი, რაც აღიარებულია პირველი მოპასუხის მიერ აღსრულების ეტაპზე და ამ თანხის ნაწილზე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის ნამდვილი იურიდიული ინტერესი მოსარჩელს არ გააჩნია, სხვა თანხის ნაწილში ვალდებულების შესრულება კი არ დგინდება, სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

12. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები. ამასთან საყურადღებოა, რომ აპელანტი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებებით და არ განმარტავს, კონკრეტულად რა გარემოება წარმოადგენს ამა თუ იმ საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 17.04.2018წ. საოქმო განჩინებების (ტ.1, ს.ფ.101-108) გაუქმების საფუძველი. განჩინებები ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

13. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.3, ს.ფ. 9).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ----- ქ-–-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი