განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.07.2019
საქმის ნომერი
330210018002340297
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002340297

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/957-19 08 ივლისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - ქ------------------–-–---–ი

 

წარმომადგენელი - მ--- დ------ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ყ----------------------–--ი“

 

წარმომადგენელი - ა-----------–-ილი, თ-------ე ჩ----აძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ქ------------------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ყ----------------------–--ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, 2015 წლის 19 ნოემბერს მოდავე მხარეთა შორის საცალო მომხმარებელზე დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხე საწარმოსთვის 1 468,49 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ------------------–-–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 19 ნოემბერს ქ------------------–-–---–მა შპს „ყ----------------------–--ს“ განცხადებით მიმართა და ბუნებრივი აირის დავალიანების (აბონენტის ნომერი: 3-----) 8074,00 ლარის 54 თვეზე გადანაწილება მოითხოვა. განცხადებას ხელს ქ------------------–-–---–ი აწერს (ს.ფ. 70).

 

6. 2015 წლის 19 ნოემბრის განცხადებით ქ------------------–-–---–მა №3----- აბონენტის (მდებარე, რ-----–-–--ლის დაღმართის ოთხ ნომერში) დავალიანების ოდენობა 8074 ლარი დაადასტურა (2015 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) და განმარტა, რომ რაიმე პრეტენზია მას არ გააჩნდა. განცხადებას ხელს ქ------------------–-–---–ი აწერს (ს.ფ. 71).

 

7. 2015 წლის 19 ნოემბერს ერთი მხრივ, შპს „ყაზტრანს------------–--სა“ და ქ------------------–-–---–ს, ხოლო, „მეორე მხრივ, ქ---------–-–ვილი - ი---–--------–ი (შემდგომში - აბონენტი“) შორის საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ქ------------------–-–---–მა კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება 8074,07 ლარის ოდენობით აღიარა და იკისრა ვალდებულება არაუგვიანეს 2020 წლისა დავალიანება სრულად დაეფარა. მხარეთა შეთანხმებით დავალიანების გადახდა განაწილვადების წესით განხორციელდებოდა.

 

ხელშეკრულებას ხელს მოპასუხის წარმომადგენელი და მოსარჩელე ქ------------------–-–---–ი (თბილისი, რ-----–-–---–----, აბონენტი 3-----) აწერენ (ს.ფ. 3-5, 7-71, 72-73).

 

9. შპს „ყ--------------------–--ის“ აბონენტი №3----- რეგისტრირებულია ინფ. მეწარმე წ------ელი, მისამართი ვაკე, რ-----–-–--ლის შენ. 3, ბინა 0.

 

2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით აბონენტის დავალიანება 7127,48 ლარს შეადგენს (ს.ფ. 76-82).

 

10. 2015 წლის 19 ნოემბრიდან მოსარჩელე №3----- აბონენტის დავალიანებას იხდიდა (ს.ფ. 76-82).

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქ------------------–-–---–ს შპს „ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ თანხის დაკისრებასა და დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარი მართებულად ეთქვა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს.

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავდა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს შპს „ყ--------------------–--სა“ და ქ------------------–-–---–ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად მოტყუება დაედო, კერძოდ, მოპასუხე საწარმომ, იმისათვის, რათა ახალი მრიცხველის დაყენება გამხდარიყო შესაძლებელი, ქ------------------–-–---–ს მოსთხოვა, რომ მას ინდ. მეწარმე წ------ელთან ერთად გაეფორმებინა ხელშეკრულება დავალიანების (8074,07 ლარის) გადანაწილებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ იგი დაარწმუნა, რომ თანხას ინდ. მეწარმე წ------ელი გადაიხდიდა. ნათელია, რომ მხარე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მოპასუხის მიერ მოტყუების ფაქტს უკავშირებს, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეც სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა წარმოადგენს, რაც მოტყუების სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის არის საჭირო.

 

8. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ენდობოდა მეორე მხარეს (მოპასუხეს), რის გამოც ისე მოაწერა ხელი, რომ არ გადაუმოწმებია მასში ასახული ინფორმაცია, კერძოდ არ შეუმოწმებია რეალურად თანხას ინდ. მეწარმე წ------ელი გადაიხდიდა თუ არა.

 

სააპელაციო სასამართლო, განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

 

პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო - სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად იმ ფაქტობრივი გარემოების მითითება, რომ შპს „ყ-------------- თბილისმა“ ქ------------------–-–---–ს განუმარტა, რომ დავალიანებას ინდ. მეწარმე წ------ელი გადაიხდიდა ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულებისა, თუ ლოგიკური ბმის არარსებობის პირობებში გარიგების ბათილობის წინაპირობა ვერ გახდება, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც გარიგების დადების შემდეგ აპელანტი კონკლუდენტური მოქმედებით დაეთანხმა გარიგების შინაარსს და შეთანხმებულ თანხას იხდიდა. აღნიშნული დასკვნა პირველ რიგში ეფუძნება იმ გარემოებას, რომ გარიგების წერილობით დადებისას მხარე ატარებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას - დარწმუნდეს გარიგების შინაარსში, ეჭვის არსებობის შემთხვევაში დააზუსტოს/გაარკვიოს ეს ფაქტები და მხოლოდ მეორე მხარის ზეპირი განმარტებების საფუძველზე არ იკისროს სამართლებრივი ტვირთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის ქმედება სამოქალაქო დაუდევრობად უნდა იქნეს მიჩნეული რაც მას ნაკისრი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. თავის მხრივ, ვინაიდან მოტყუების ფაქტის არსებობა საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმაზე იყოს თუ არა ის განზრახი და ასეთი ფაქტის გარეშე გარიგება დაიდებოდა თუ არა.

 

9. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში არსებულ სააბონენტო ნომერზე დარიცხული დავალიანების განაწილვადებით გადახდა იკისრა, ახალი აბონენტის რეგისტრირება არ მომხდარა. საქმის მასალებში თავად მოსარჩელის მიერაა წარმოდგენილი აბონენტის ბარათი, სადაც აბონენტის ნომერს 3----- წარმოადგენს, ანუ სწორედ ის ნომერი, რომელზე დარიცხული დავალიანების განწილვადება და გაზმომარაგების აღდგენა მოხდა. ამ პირობებში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე, ვალდებულია უზრუნველყოს მის კერძო საკუთრებაში ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურის გადახდა, მით უფრო, კი ისეთ შემთხვევებში როდესაც, ქონება კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება და მესაკუთრე მისგან მოგებას იღებს, საწინააღმდეგო პოზიციის გაზიარების შემთხვევაში მივიღებდით ისეთ სიტუაციას, როდესაც ქონების კომერციული მიზნით გამოყენებისას მესაკუთრეს ყოველთვის მიეცემოდა შესაძლებლობა თავი აერიდებინა დაგროვებული დავალიანების გადახდისგან, რაც რა თქმა უნდა, გაუმართლებლად შეზღუდავდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აბონენტის ბარათზე რამდენიმე თვის განმავლობაში დავალიანების ოდენობა ერთი და იგივე ციფრებით განისაზღვრებოდა, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ უძრავი ქონება იყო დაკეტილი და კომპანიის წარმომადგენელმა ვერ შეძლო ჩვენების აღება. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილება) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცალო მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის ან/და მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების აღება. ვინაიდან თავად აპელანტიც განმარტავდა, რომ მისი უძრავი ქონება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, მიიჩნევს, რომ აბონენტის ბარათში რამდენიმე თვის პერიოდში ერთიდაიგივე ოდენობის დავალიანება სწორედ იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ აპელანტის მიერ დადგენილების მე-10 მუხლით დაკისრებული ვალდებულება არ სრულდებოდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი არგუმენტი აპელანტს არ წარმოუდგენია პალატა მიიჩნევს, რომ დავალიანების არასწორ გაანგარიშებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია.

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შპს „ყ--------------------–--სა“ და ქ------------------–-–---–ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად მოტყუება დაედო, აპელანტს ეკისრებოდა. მოტყუების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება და რაც მთავარია, ვერც გონივრული და ლოგიკური განსჯის შედეგად ვერ დგინდება. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც მის მიმართ არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი მართლზომიერად დადგა.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ------------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი