განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002096568
თ---–--ის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6398-18 31 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ჩ--------------- ს--------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ბ---- თ------ა (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ყ-------------- - თ---–--ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ-------- ჩ-------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისთვის 4543 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულება 231 071.29 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
მხარეთა შორის ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, არსებული დავალიანების გადახდის განაწილვადების მიზნით არაერთხელ დაიდო ხელშეკრულება. მოპასუხემ თითოეულ შემთხვევაში სრულად აღიარა დავალიანება და დათანხმდა მის გადახდას, თუმცა აბონენტის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო აღნიშნული შეთანხმებები გაუქმდა.
აბონენტმა 16.06.2017წ. მოსარჩელეს წერილობით მიმართა დავალიანების განაწილვადების მოთხოვნით. მხარეთა შორის 10.07.2017წ. დაიდო დავალიანების განაწილვადების შესახებ საბოლოო შეთანხმება, თუმცა მხარემ კვლავ არ შეასრულა შეთანხმებით განსაზღვრული პირობები. 2017 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და აბონენტის ბარათის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 231 071.29 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი ცნო 211 413.16 ლარის ნაწილში. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო 19 658.13 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა ყოველთვის სადავო იყო მხარეთა შორის და მოსარჩელე ვერ მიუთითებს, თუ რა თანხაა მითითებული და საიდან გამომდინარეობს მისი მოპასუხეზე დაკისრების ვალდებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე შპს ,,ყ---------------თ---–--ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჩ--------------- ს-------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,ჩ--------------- ს--------ს“ მოსარჩელე შპს ,,ყ--------------- თ---–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება 215 956.16 ლარის ოდენობით.
1.2. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 15115,13 ლარის, როგორც პირგასამტეხლოს, მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში.
4.1. შპს ,,ყ---------------თ---–--ი“ შპს ,,ჩ--------------- ს--------ს“, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის ბუნებრივ აირს. შპს ,,ჩ--------------- ს--------ს“ მინიჭებული აქვს №4----- სააბონენტო ნომერი.
4.2. 10.07.2017 წ. შპს ,,ყ---------------თ---–--ს“ და შპს ,,ჩ--------------- ს--------ს“ შორის დაიდო შეთანხმება დავალიანების განაწილვადებით გადახდის შესახებ, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ჩ--------------- ს-------ის“ დავალიანება 2017 წლის 10 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 171 785.48 ლარს, რომელსაც აბონენტი გადაიხდიდა ეტაპობრივად, შეთანხმებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ, 2017 წლის 22 ივლისამდე 50 231.43 ლარს, 2017 წლის 22 აგვისტომდე 10 000 ლარს, 2017 წლის 22 სექტემბრამდე 10 000 ლარს, 2017 წლის 22 ოქტომბრამდე 10 000 ლარს, 2017 წლის 22 ნოემბრამდე 40 000 ლარს, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბრამდე 51 554.05 ლარს.
შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, აბონენტის მიერ შეთანხმების პირველი პუნქტით განსაზღვრული დავალიანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში, დავალიანების განმეორებით გადანაწილება აღარ განხორციელდებოდა და აბონენტს დაერიცხებოდა ყოველთვიური საურავი გადასახდელი თანხის 2.1%-ის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე აბონენტს შეუწყდებოდა გაზით მომარაგება.
შეთანხმების მე-5 მუხლის თანახმად, კომპანიამ განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, 2017 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, აბონენტის დავალიანება შპს ,,ყ--------------- თ---–--ის“ მიმართ შეადგენს 191 443.45 ლარს, ანუ სხვაობა აბონენტის მიერ აღიარებულ დავალიანების ოდენობასთან შედარებით შეადგენს 19 657.97 ლარს. კომპანიამ დაიტოვა უფლება, მითითებულ თანხასთან დაკავშირებით (19 657.97 ლარი) მიემართა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისთვის.
4.3. 2015 წლის 04 ივნისს, შპს ,,ყ---------------თ---–--ს“ და შპს ,,ჩ--------------- ს--------ს“ შორის დაიდო შეთანხმება დავალიანების განაწილვადებით გადახდის შესახებ, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ჩ--------------- ს-------ის“ დავალიანება 2015 წლის 29 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 49 996 ლარს, რომელსაც აბონენტი გადაიხდიდა ეტაპობრივად, შეთანხმებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ, 2015 წლის 22 ივნისამდე 38 000 ლარს, 2015 წლის 22 ივლისამდე 11996 ლარს.შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, აბონენტის მიერ შეთანხმების პირველი პუნქტით განსაზღვრული დავალიანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში, დავალიანების განმეორებით გადანაწილება აღარ განხორციელდებოდა და აბონენტს დაერიცხებოდა ყოველთვიური საურავი გადასახდელი თანხის 2.1%-ის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე აბონენტს შეუწყდებოდა გაზით მომარაგება.
შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად, კომპანიამ განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, 2015 წლის 29 მაისის მდგომარეობით, აბონენტის დავალიანება შპს ,,ყ--------------- თ---–--ის“ მიმართ შეადგენს 69 653.97 ლარს, ანუ სხვაობა აბონენტის მიერ აღიარებულ დავალიანების ოდენობასთან შედარებით შეადგენს 19 657.97 ლარს. კომპანიამ დაიტოვა უფლება, მითითებულ თანხასთან დაკავშირებით (19 657.97 ლარი) მიემართა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისთვის.
4.4. 2014 წლის 23 დეკემბრის №2 დამატებითი შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის 2014 წლის 10 მარტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ამ ხელშეკრულების ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ ანგარიშსწორებასთან ან/და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოქმედებენ მხარეთათვის განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე. ამასთან, თუ ყოველი კალენდარული წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, რომელიმე მხარე წერილობით უარს არ განაცხადებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლება ყოველი მომდევნო კალენდარული წლის ვადით, იგივე პირობებით.
4.5. 2----–-–----- ივლისის №1 დამატებითი შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის 2014 წლის 10 მარტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მყიდველი ვალდებულია, ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 22 რიცხვამდე გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, სრულად ჩარიცხოს გამყიდველის ანგარიშზე საანგარიშო თვეში მიწოდებული გაზის ღირებულება.
4.6. 2014 წლის 10 მარტს, შპს ,,ყ---------------თ---–--ს“ და შპს ,,ჩ--------------- ს--------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა. გამყიდველი ვალდებული იყო მიეწოდებინა მყიდველისთვის, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო შეესყიდა გამყიდველის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზი წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
4.7. 2012 წლის 25 მაისს, შპს ,,ყ---------------თ---–--ს“ და შპს ,,ჩ---------------- ს--------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა. გამყიდველი ვალდებული იყო მიეწოდებინა მყიდველისთვის, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო შეესყიდა გამყიდველის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზი წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
4.8. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტა, წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შპს ,,ყ---------------თ---–--ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, 211 413.16 ლარის ნაწილში ცნო. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი 149658,13 ლარი მოიცავს როგორც ძირითად თანხას ანუ არსებულ დავალიანებას, რაც მოპასუხის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის შედეგად წარმოიშვა - 4543 ლარი, ასევე მოიცავს პირგასამტეხლოსაც - 15 115 ლარს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დაგინდება, რომ მითითებული სადავო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი დავალიანების დარჩენილი ნაწილიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 83).
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების ის ნაწილი, რომელიც არ ცნო მოპასუხემ, კერძოდ, 4543 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს გადასახდელად, ვინაიდან მითითებული თანხა წარმოადგენს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხე შპს ,,ჩ--------------- ს--------მ“ ვერ წარმოადგინა, ასევე ვერ დაადასტურა არსებული ვალდებულების შესრულების ფაქტი.
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
მოსარჩელე მხარე ითხოვს პირგასამტეხლოს თანხის 15 115 ლარის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ (ტ. 1, ს.ფ. 83) წარმოდგენილი შედარების აქტის თანახმად, 2015 წლის აპრილის თვის მდგომარეობით არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხემ გადაიხადა საურავი 330 822,08 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმავე პერიოდზე პირგასამტეხლოს სახით დამატებით კიდევ 15115,13 ლარის დაკისრება სცილდება გონივრულობის ფარგლებს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება მოპასუხისთვის 4543 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. სადავო თანხა 4543 ლარი, ჯერ კიდევ დავის წამოწყებამდე იყო გასარკვევი და სასამართლომ არასწორად დააკისრა მისი გადახდა მოპასუხეს. სასამართლო მიუთითებს, რომ 4543 ლარიც შედიოდა მოხმარებული გაზის ღირებულებაში. სასამართლო, ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ მოხმარებული გაზის ოდენობა და შესაბამისი თანხა აღირიცხებოდა დეტალურად, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნავს, რომ
როგორც მტკიცებულებებით დადგინდა, სადავო თანხა წარმოშობილია 2015 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი დავალიანების დარჩენილი ნაწილისგან. სასამართლომ არ დაადგინა, თუ რა თანხა იყო მანამდე აღრიცხული, ამასთან, საბოლოო ჯამში არ გაითვალისწინა მხარეთა შორის უფრო ადრე არსებული შეთანხმებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი დააკისრა მოპასუხეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. შპს ,,ჩ----------------- ს--------“ (შემდგომში „მოპასუხე“) რეგისტრირებულია შპს ,,ყ---------------თ---–--ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“) აბონენტად სააბონენტო ნომრით №4----- (ტ.1, ს.ფ.25-66). მოსარჩელე მოპასუხეს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის ბუნებრივ აირს.
8. საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბარათი, რომელშიც ასახულია №4----- აბონენტის ბრუნვის ისტორია, აღრიცხულია მიწოდებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობები, ასევე გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობები. აბონენტის ბარათის შესაბამისად, 31.08.2017წ. მდგომარეობით აბონენტის მიერ გადასახდელი გაზის მოხმარების საფასური შეადგენს 226 196.48 ლარს (ტ.1, ს.ფ. 25-66).
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება 215 956.16 ლარის ოდენობით. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 15 115,13 ლარის, როგორც პირგასამტეხლოს, მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში (ტ.2, ს.ფ. 65-75). მოსარჩელეს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში გასაჩივრებული არ აქვს.
გადაწყვეტილებით 211 413.16 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
გარდა აღნიშნული თანხისა (211 413.16 ლარი), სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დამატებით დაეკისრა 4543 ლარის გადახდა, რამაც ჯამში შეადგინა 215 956.16 ლარი.
წინამდებარე სააპელაციო საჩივრით მოპასუხის მიერ გადაწყვეტილება გაასაჩივრებულია სწორედ 4543 ლარის დაკისრების ნაწილში. აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა ჯერ კიდევ სასამართლო დავის დაწყებამდე იყო სადავო მხარეთა შორის და არ არსებობდა მისი დაკისრების საფუძველი.
აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ 4543 ლარი წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს. აპელანტის დირექტორმა 21.05.2019წ. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული მოპასუხე არ ეთანხმებოდა ჯამში 19 657.97 ლარს და ყოველ შედარების აქტში მოპასუხე აკეთებდა ჩანაწერს აღნიშნულ თანხის სადავოობასთან მიმართებაში. აპელანტის მითითებით, სადავო თანხა მოსარჩელემ სასამართლო დავის განმავლობაში დაარიცხა ძირ თანხას საურავის სახით (21.05.2019წ. სხდომის ოქმი, 15:18:24- 15:19:48).
ის გარემოება, რომ 19 657.97 ლარი მხარეთა შორის ჯერ კიდევ 2015 წლიდან იყო სადავო, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შეთანხმებებში არსებული სპეციალური ჩანაწერით. კერძოდ: 04.06.2015წ. შეთანხმების მე-4 და 10.07.2017წ. შეთანხმების მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სხვაობა აბონენტის მიერ აღიარებულ დავალიანების ოდენობასთან შედარებით შეადგენს 19 657.97 ლარს და კომპანია (მოსარჩელე) იტოვებს უფლებას მითითებულ თანხასთან დაკავშირებით (19 657.97 ლარი) მიმართოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებს (იხ.: შეთანხმებები, ტ.1, ს.ფ. 80-82).
ამასთან, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა 4543 ლარის დარიცხვის საფუძველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავოდ გამხდარი არ არის, რომ სადავო თანხა (სააპელაციო საჩივრის ფარგლებში - 4543 ლარი), წარმოშობილია 2015 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი დავალიანების დარჩენილი ნაწილიდან (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.71). აპელანტი სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ კუთხით, რომ სადავო თანხა არ წარმოადგენდა გაზის საფასურს და მოსარჩელის მიერ დარიცხული იყო საურავის სახით, რომელიც იმთავითვე იყო მოპასუხის პრეტენზიის საგანი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
პალატას მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის მიზნით გამოკვლეული უნდა იქნეს 29.05.2015წ. ორმხრივად ხელმოწერილი შედარების აქტი, რომელიც ასახავს 31.08.2012წ.-დან 29.05.2015წ. მდგომარეობით დარიცხულ ძირი თანხების, საურავების და ამავე პერიოდში გადახდილი თანხების ოდენობებს (ტ.1, ს.ფ. 83).
29.05.2015წ. შედარების აქტის თანახმად:
- 31.08.2012წ. მდგომარეობით საწყისი ნაშთი შეადგენდა 48 173.84 ლარს;
- 2012 წლის 01 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარიცხული ძირი - 2 513 084.89 ლარს.
- 2015 წლის 30 აპრილამდე პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 2 508 541,89 ლარს (2 177 719,81 ლარს დამატებული 330 822.08 ლარი);
- 2012 წლის 01 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარიცხული საურავი - 16 937.13 ლარს;
- 01.05.2015წ.-27.05.2015წ. დარიცხული საურავი - 116.37 ლარს, რომელიც ამავე პერიოდში იქნა გადახდილი.;
- სულ საბოლოო ნაშთი 69 653.97 ლარი.
ამავე აქტში აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანია ზემოხსენებული დავალიანებიდან ეთანხმება სასამართლოს მიერ დაკისრებულ 48 174 ლარს და 2014 წლის 10 მარტიდან დარიცხულ საურავებს 1 822 ლარს, ჯამში 49 996 ლარს. აქტის თანახმად, მოპასუხე არ ეთანხმება შედარების აქტში წარმოდგენილ დარჩენილ დავალიანებას საურავების ნაწილში მისი უსაფუძვლობის გამო (ტ.1, ს.ფ.83).
გათვალისწინებით იმისა, რომ აპელანტი ეთანხმება აღნიშნულ აქტში საწყის ნაშთად მითითებულ ოდენობას - 48 174 ლარს და პრეტენზიას აცხადებს ამ პერიოდის შემდეგ დარიცხულ ოდენობაზე იმ დასაბუთებით, რომ სადავო თანხა წარმოადგენს არა მოხმარებული გაზის საფასურს, არამედ მოსარჩელის მიერ სასამართლო დავის პროცესში არასწორად დარიცხულ საურავს, სადავო ვალდებულების წარმოშობის გამორკვევის მიზნით უნდა დადგინდეს, რა ოდენობის თანხა დაერიცხა მოსარჩელეს სადავო პერიოდში ძირი თანხის სახით და ამავე პერიოდში მოპასუხის მიერ რა ოდენობის თანხა იქნა გადახდილი.
29.05.2015წ. შედარების აქტით დგინდება, რომ 2012 წლის 01 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარიცხული ძირი თანხა შეადგენს 2 513 084.89 ლარს, ხოლო 2015 წლის 30 აპრილამდე პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა - 2 508 541,89 ლარს (2 177 719,81 ლარს დამატებული 330 822.08 ლარი). შესაბამისად, დგინდება, რომ ძირი თანხის სახით დარიცხულ თანხას და აბონენტის მიერ გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 4 543 ლარს (2 513 084.89 – 2 508 541,89 =4543). შესაბამისად, დგინდება, რომ სააპელაციო საჩივრით სადავო თანხა წარმოადგენს სწორედ ძირი თანხიდან ნარჩენ დავალიანებას.
საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება აპელანტის (მოპასუხის) მიერ წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე იგი ვერც მიუთითებს. აპელანტი შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული თანხა სადავო იყო 2015 წლიდან. პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავოა აბონენტის მიერ მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობა და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება ასეთი ვალდებულების არსებობა, მხოლოდ ის გარემოება, რომ აბონენტი წინა წლების განმავლობაში პრეტენზიას აცხადებდა აღნიშნული თანხის გადახდაზე, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის საკმარის საფუძველს.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საფუძვლიანია სარჩელი აბონენტისთვის მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელი ნაწილის დაკისრების თაობაზე.
არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 91).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ--------------- ს-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე