განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1115-19
საქმე №330310118002718833
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მარიამ სიორდია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თა---------–---–---–ი
მესამე პირი - შპს „მო--–---ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით თა---------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 ბრძანება.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. შპს „მო--–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით თა---------–---–---–ისათვის დავალიანების - 2783.95 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა 350 ლარი, სარგებელი - 53.95 ლარი, პირგასამტეხლო - 2380 ლარი.
შპს „მო--–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ო--–--- სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მო--–---ის“ ანგარიშის რეკვიზიტები, გაფრთხილების წერილი, უკუგზავნილი.
2.2.2. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თა---------–---–---–ს (მისამართზე - ქ. თბილისი, ვარ------–-----ს დასახლება, მე-3ა მ/რ, კორ---------, ბინა 1-), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და სათანადო რეაგირებისათვის 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა.
აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 04 ოქტომბერს ჩაიბარა თა---------–---–---–ის დამ - შო----------–---–---–მა.
2.2.3. 2018 წლის 19 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP180608041/497370 ბრძანება, რომლითაც თა---------–---–---–ს დაეკისრა 2883.95 ლარის გადახდა შპს „მო--–---ის“ სასარგებლოდ.
2.2.4. საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, მოსარჩელე თა---------–---–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, ჩუ----–---–----------- (ბინას ნომერი არ აქვს, მე-2 სართული, შესასვლელი სადარბაზოდან), ხოლო შო----------–---–---–ი არ წარმოადგენს მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ მიუთითა აღნიშნული კანონის 914, 917 მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც თა---------–---–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისში, ჩუ----–---–----------- (ბინას ნომერი არ აქვს, მე-2 სართული, შესასვლელი სადარბაზოდან), ხოლო შო----------–---–---–ი არ წარმოადგენს მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს, გზავნილის შო----------–---–---–ისათვის ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეული იქნას შეტყობინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებად. ამდენად, რესპონდენტს შეტყობინება არ ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაირღვა გამარტივებული წარმოების პროცედურა, ვინაიდან მოსარჩელე თა---------–---–---–ს არ ჩაბარებია შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 ბრძანება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 74-ე მუხლები და არ გამოყენება ნორმის სისტემურ-კომპლექსული და მიზნიდან გამომდინარე განმარტების მეთოდები, აღნიშნულმა კი მითითებული მუხლების ნორმატიული შინაარსის არასწორი გაგება გამოიწვია.
აპელანტი აღნიშნავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლი განასხვავებს: ძირითად მისამართს (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), ალტერნატიულ მისამართს, სამუშაო ადგილს, სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართს. შესაბამისად, სასამართლოსა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კორესპონდენციის ჩასაბარებლად შეუძლია გამოიყენოს მისთვის ცნობილი მისამართი. გამარტივებული წარმოების ფუნქცია, როგორც საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ავალდებულებს გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა ზომა, შედეგად კი, ორივე მხარის კანონიერი ინტერესისა და უფლებების თანაბარი დაცვა მიიღწევა. წარმოების ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია რესპონდენტის ინფორმირება, რაც ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მის გარეშე შედეგის დადგომა შეუძლებელია.
აპელანტის მოსაზრებით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ოჯახის წევრზე უწყების ჩაბარების წესის არსებობა სწორედ იმ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, რომ მოვალის მხრიდან უწყების ჩაბარებაზე შეგნებულად თავის არიდებით გაუმართლებლად არ შეილახოს კრედიტორის ინტერესი და თავიდან იქნას აცილებული პროცესის ხელოვნური გაჭიანურება. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უწყების ჩაბარების მიზნებისათვის არ განსაზღვრავს ოჯახის წევრის სანიმუშო ან ამომწურავ ჩამონათვალს. კანონი უწყების ამ წესით ჩაბარებას უკავშირებს მისამართზე ადრესატის არყოფნას და დამხვედრი პირის ნებას, ჩაიბაროს კორესპონდენცია. საქმეში არსებული უკუგზავნილით უდავოდ დასტურდება, რომ რესპონდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა აპლიკანტის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ, რესპოდენტის რეგისტრირებულ მისამართზე. სწორედ აღნიშნული მისამართი აქვს მითითებული თავად მოსარჩელეს სარჩელზე თანდართულ დოკუმენტაციაში, კერძოდ, სს „თიბისი ბანკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ამასთან, გამარტივებული წარმოების ფარგლებში რესპონდენტის ალტერნატიული მისამართი არ იყო ცნობილი. რესპოდენტისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაიბარა მისმა ოჯახის წევრმა (დამ), ვინაიდან ვიზიტის განხორციელებისას ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე. ჩაბარების მომენტიდან უწყების მიმღებ პირს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება ადრესატისათვის მისი გადაცემის თაობაზე. რისკებისა და ვალდებულებების ამგვარი გადანაწილების მიზანს წარმოადგენს სწორედ ჩამბარებელი პირის ნებელობითი მოქმედება ჩაბარებაზე და კრედიტორის ინტერესის დაცვა. საყურადღებოა, რომ სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია უწყების ჩამბარებელი პირის ნათესაური კავშირი რესპონდენტთან და უწყების ჩამბარებელი პირი არ ჩათვალა რესპოდენტთან მუდმივად მცხოვრებ პირად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპიროებების გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპონდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც, მითითებული კანონის 917 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ერთ-ერთს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპონდენტს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და განუმარტავს, რომ რესპონდენტმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად უნდა დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან მოთხოვნა სრულად ან ნაწილობირვ აღიაროს, ხოლო თუ არ ეთანხმება მოთხოვნას - განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ. თუკი რესპონდენტი მითითებულ ვადაში არ განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთს, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მნიშვნელობაზე მიუთითებს და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რესპოდენტისთვის შეტყობინების ჩაბარებას, რადგან სწორედ აღნიშნულზე არის დამოკიდებული რესპოდენტის მიერ საკუთარი უფლებების დაცვა, კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების, მათ შორის, დავალიანების სადავოდ გახდის შესაძლებლობის გამოყენება.
5.2.3. რესპონდენტისთვის შეტყობინების ჩაბარების წესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლზე, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეტყობინება იგზავნება სააღსრულებო ბიუროსთვის ცნობილ, რესპონდენტის მისამართზე და იგი ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუკი ჩაბარდება რესპონდენტის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, რომელიც იმავდროულად უნდა ცხოვრობდეს რესპოდენტთან. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თა---------–---–---–ს მისამართზე - ქ. თბილისი, ვარ------–-----ს დასახლება, მე-3ა მ/რ, კორ---------, ბინა 1-, აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 04 ოქტომბერს ჩაიბარა თა---------–---–---–ის დამ - შო----------–---–---–მა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, მოსარჩელე თა---------–---–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისში, ჩუ----–---–----------- (ბინას ნომერი არ აქვს, მე-2 სართული, შესასვლელი სადარბაზოდან), ხოლო შო----------–---–---–ი არ წარმოადგენს მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების საკითხის კანონთან შესაბამისობის შეფასებისთვის ყურადღება უნდა მიექცეს სწორედ იმ ფაქტს, რამდენად მოხდა კორესპონდენციის ჩაბარება თა---------–---–---–თან მცხოვრები, მისი ოჯახის წევრისთვის და არა იმ გარემოებას, მოხდა თუ არა შეტყობინების პირის რეგისტრირებულ მისამართზე ჩაბარება. ვინაიდან შეტყობინება ჩაიბარა შო----------–---–---–მა, რომელიც არ წარმოადგენს თა---------–---–---–თან მუდმივად მცხოვრებ პირს, ადრესატს შეტყობინება კანონით განსაზღვრული წესით არ ჩაბარებია.
5.2.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ პროცედურულ დარღვევას, რასაც საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ მხოლოდ დადგენილი წესით შეტყობინების მიღების შემდეგ აქვს ადრესატს შესაძლებლობა, დაეთანხმოს დავალიანების არსებობას, ან უარყოს იგი. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა კი სწორედ რესპონდენტის ქმედებაზე არის დამოკიდებული. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და ბათილად უნდა იქნას ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 ბრძანება.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე თამარ ონიანი