განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210019003119247
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-871-2019 24 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
მომჩივანი - ნ------------–---–ი
წარმომადგენელი - რ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა---------–-----ე, ლ------------ა, მ---------–---
დავის საგანი - სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება
1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება
2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელე ნ------------–---–ს უარი ეთქვა ა---------–-----ის, ლ------------ას და მ---------–---ს მიმართ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ სარჩელის მიღებაზე. მაგისტრატმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა ნ------------–---–ის წარმომადგენელმა რ----------–---–მა, მოპასუხედ დაასახელა ა---------–-----ე, ლ------------ა, მ---------–--- და მოითხოვა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. 2.3. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული უნდა იყოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო განცხადებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები უნდა ეფუძნებოდეს ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო ფაქტობრივი გარემოებები კი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, არასრულყოფილი და გაუმართავი სარჩელის წარმოებაში მიღებით და მისი არსებითად განხილვით, მოპასუხეს არ უნდა წაერთვას საკუთარი უფლებისა და კანონიერი ინტერესის ჯეროვანი დაცვის უფლება. 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. მოცემულ შემთხევაში სასამართლო მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას, სარჩელს არ ერთვის სადაო ქონების ღირებულების შესახებ აუდიტის დასკვნა. ასევე, მოსარჩელემ სარჩელს უნდა დაურთოს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდება, არის თუ არა შესაძლებელი საჯარო რეესტრში მითითებულ ოთხ მესაკუთრეს შორის უძრავი ქონების მიწის და შენობა-ნაგებობის გამიჯვნა ნატურით, ხოლო თუკი მხოლოდ შენობა-ნაგებობის გამიჯვნა არის შესაძლებელი ნატური, მაშინ როგორ, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სქემატური ნახაზით (ფერადი). 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
3. კერძო საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრა ნ------------–---–ის წარმომადგენელმა, რ----------–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და მასში გარკვევითაა მითითებული მოსარჩელის მოთხოვნის ძირითადი არსი და შინაარსი. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნაა საზიარო უფლების გაუქმება, თანასაკუთრებიდან მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი საცხოვრებელი ფართის წილის შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად ნატურით გამოყოფა მოწილეთა შორის წილების კენჭისყრით განაწილებით. სარჩელის შეტანის ეტაპზე მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს სასარჩელო მოთხოვნის უფრო მეტად კონკრეტიზება, ვინაიდან მან ქონება შეიძინა აუქციონზე, მას არასოდეს უცხოვრია საზიარო სახლში, მოპასუხეთა მხრიდან არ ეძლევა შესაძლებლობა დაათვალიეროს ქონება, უზრუნველყოს საექსპერტო ან აუდიტორული შეფასების ჩატარება, შეადგინოს სქემატური ნახაზები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არც აუქციონის ჩატარების დროს და არც ამჟამად, ფართი არ არის გამიჯნული (საჯარო რეესტრში არსებული ნახაზების მიხედვით), შესაბამისად, ვერ დგინდება მოსარჩელის კუთვნილი ფართის ზუსტი ადგილმდებარეობა მთლიან საცხოვრებელ სახლში. 3.2. მოსარჩელეს სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე, ასევე საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგაც უფლება აქვს მოსახდინოს სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება. 3.3. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფასის განსაზღვრა შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ნ------------–---–მა სარჩელი აღძრა ა---------–-----ის, ლ------------ასა და მ---------–---ს წინააღმდეგ და მოითხოვა: „გაუქმდეს ნ------------–---–ის (38,63 კვ.მ.) და მოპასუხეების ა---------–-----ის, ლ------------ასა და მ---------–---ს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. ქობულეთი, თ---–---------------. საკადასტრო კოდი 2----------- და მოსარჩელე მ---------–---ს ნატურით გამოეყოს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ფართის წილი თანასაკუთრებიდან შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, განაწილება მონაწილეთა შორის მოხდეს კენჭისყრით“. 4.2. მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, 60 ლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა, პირველ ყოვლისა, იზიარებს მომჩივანის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სრულად ჰქონდა გადახდილი. 4.3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. 4.3.2. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა არ მოუთხოვია, მან უკვე არსებული და დადგენილი საზიარო უფლების გაუქმება მოითხოვა. 4.3.3. ამ შემთხვევაში, დავის საგნის ფასის განსაზღვრა შესაძლებელი არ არის. 4.3.4. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით 4000X3%/2=60 ლარი უნდა გადაეხადა, რაც მას გადახდილი ჰქონდა. 4.3.5. ამის შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. 4.4. თუმცა, ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 178-ე მუხლის 1 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 186-ე მუხლის 1 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო სარჩელს არ მიიღებს, თუ მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელში მითითებულ ფაქტებს არ შეესაბამება ან იმდენად არათანმიმდევრული, არასრული, ან ბუნდოვანია, რომ მისი განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. 4.5. პალატა იზიარებს მაგისტრატი სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მომჩივანის მოთხოვნა ნათლად ჩამოყალიბებული არ არის. 4.5.1. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებას მისი ნატურით გაყოფის გზით. 4.5.2. თუმცა, ის არ აზუსტებს, თუ როგორ და რა პროპორციით უნდა მოხდეს თითოეული მხარისათვის გაყოფილი ქონების ნაწილის მიკუთვნება. 4.5.3. ამგვარი მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა კი შეუძლებელია. 4.6. გარდა ამისა, როგორც თავად სარჩელის, ისე მასზე დართული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, #2----------- საკადატრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ინდივიდუალური საკუთრების საგნებად უკვე დაყოფილია. 4.6.1. კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და თავად სარჩელის მიხედვით, ზემოხსენებული ქონება შედგება 165 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული 251 კვ.მ. ნაგებობისაგან. 4.6.2. ამ ნაგებობაზე რეგისტრირებულია ოთხი პირის საკუთრების უფლება, კონკრეტული ფართების მითითებით და ამ ფართების ჯამი 251,01 კვ.მ-ია. 4.6.3. ეს ნიშნავს, რომ მხარეები ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების, ბინების მესაკუთრენი არიან. 4.6.4. ამ ვითარებაში, კი ნათელი არ არის, თუ კონკრეტულად რომელი ქონება მიაჩნია მოსარჩელეს საზიაროდ და რომელზე ითხოვს ამ უფლების გაუქმებას. 4.7. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არსებითად სწორად არ მიიღო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ------------–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი