განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210018002327809
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002327809

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6629-18 09 ივლისი, 2019 წელი

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები - თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - გ------- ც---–---ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ფ------ მ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-- ბ--------ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ--- ქ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ცვლილება შევიდეს 02.08.2017წ. ნოტარიუს ე-–---- შ----–---–-- მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად დღეში 0,12%-სა განისაზღვროს 0.012%-ით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, სცდება ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს და მხარისათვის წარმოუდგენლად დიდი ზიანის მომტანია.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,05%-მდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. გ------- ც---–---ის სარჩელი ლ-- ბ--------ის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე-–---- შ----–---–-- მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემულ №--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,05%-ის ოდენობით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

4.1. 2014 წლის 04 ოქტომბერს გ------- ც---–---ესა და ლ-- ბ--------ეს შორის გაფორმდა №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ-- ბ--------ემ გ------- ც---–---ეს სესხის სახით გადასცა - 80 560 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით და გადახდით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით - 2015 წლის 04 იანვრამდე. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

4.2. 2014 წლის 04 ოქტომბერს გ------- ც---–---ესა და ლ-- ბ--------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა გ------- ც---–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს---------------------------

4.3. გ------- ც---–---ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და ლ-- ბ--------ეს შორის 2014 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

4.4. 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–-- მიერ, 2014 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი №---------, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 80 560 აშშ დოლარი; 2015 წლის 01 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გ------- ც---–---ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

4.5. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0.05%-მდე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ც---–---ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2014 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება გ------- ც---–---ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,012%-მდე.

 

კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,05%-ის გადახდა 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს განაკვეთის - 0.12%-ის შემცირებას 10 ჯერ, ანუ 0.012%-მდე. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ნაწილშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, ანუ სასამართლომ პირგასამტეხლო შემაცირა არა 10 ჯერ, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვდა, არამედ 2.4-ჯერ. შესაბამისად, ნაცვლად 6 728.3 აშშ დოლარისა, მოვალეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 28 034 აშშ დოლარის გადახდა, რაც შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს. გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ არის თუ რატომ არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება და არ შემცირდა პირგასამტეხლო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- 04.10.2014წ. გ------- ც---–---ეს (შემდგომში „მოსარჩელე“) და ლ-- ბ--------ეს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა - 80 560 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით - 2015 წლის 04 იანვრამდე. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (ტ.1, ს.ფ. 16-20).

- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0---------------------- (ტ.1, ს.ფ. 16-20).

- მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

- 02.08.2017წ. ნოტარიუს ე-–---- შ----–---–-- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 80 560 აშშ დოლარი; 2015 წლის 01 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (ტ.1, ს.ფ. 21-23).

 

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,05%-ის ოდენობით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით, შეამცირა 0.05%- მდე (ტ.1, ს.ფ. 99-109).

 

აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო კვლავ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და მისი განაკვეთი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,012%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ

ხელშეკრულების საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით. არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი. პალატა აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა და პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობა შესაბამისობაშია სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: სუსგ. საქმეზე Nას -232-2019, 27.05.2019წ.).

 

9. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 120).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი