განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
330310018002307420
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002307420

საქმე 3ბ/478-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

4 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ალი-------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ალი-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.2.1. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად სპარსი, 2013 წლიდან ქრისტიანი - პროტესტანტი ალი-------------ი დაიბადა 1971 წლის 11 აგვისტოს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ქ. თეირანში. თავშესაფრის მაძიებელი წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა ალ-------ის პროვინციაში, ქ. ქარაჯში, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. მოსარჩელე 1978 წლიდან 12 წლის განმავლობაში სწავლობდა თეირანის სხვადასხვა სკოლაში, რომელიც საბოლოოდ არ დაუმთავრებია. 1998 წლიდან 2004 წლამდე დასაქმებული იყო მეცნიერების სამინისტროში და მისი მოვალეობა იყო წიგნების ბეჭდვის გაკონტროლება. 2004 წლიდან 11 წლის განმავლობაში მუშაობდა მეცნიერების სამინისტროს ამფითეატრში, ხელოვნების ინსტიტუტის განყოფილებაში ტექნიკური განყოფილების მეთვალყურედ. შემდეგ გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც მუშაობდა 2017 წლამდე. მისი განცხადებით, 2009 წელს ირანში განვითარებული მოვლენების დროს ხალხის მიმართ განხორციელებულმა სისასტიკემ და უხეშობამ, განმცხადებელს გაუჩინა აგრესია ისლამის მიმართ. 2013 წელს იგი მიხვდა, რომ უნდა დაინტერესებულიყო ქრისტიანობით. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, ოჯახური ეკლესია იყო მის სახლშიც, სადაც დაახლოებით 10-15 კაცი იკრიბებოდა. მოსარჩელე მეუღლესთან ერთად გამოემგზავრა საქართველოში და მოინათლა ქუთაისში. ირანში დაბრუნების შემდეგ, მისი განცხადებით, ძალიან გაუძნელდა ირანში ცხოვრება, რადგან ეშინია საოჯახო ქრისტიანული კრებების ჩატარების, ვინაიდან ირანის უშიშროების სამსახური აპატიმრებდა ოჯახური ეკლესიების მფლობელებს, ასევე ისლამიდან კონვერტირებულ ქრისტიანებს. (ს.ფ. 120-132; 153-164).

 

2.2.2. ალი-------------მა 2017 წლის 17 ივლისს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მიუთითა, რომ რელიგიის შეცვლის გამო ირანში უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა თავს და იძულებული გახდა გამოქცეულიყო. (ს.ფ. 120-132; 153-166)

 

2.2.3. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ალი-------------ი (დაბ. 11.08.1971 წ.) აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თუმცა, დასკვნის დამატებით გარემოებებში აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. საბოლოოდ სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ალი-------------ს (დაბ. 11.08.1971 წ) უარი ეთქვას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. (ს.ფ. 111-119);

 

2.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №02-01/05/30790 გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) ალი-------------ს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. (ს.ფ. 106-107).

 

2.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

2.3.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №02-01/05/30790 გადაწყვეტილება (შეტყობინება) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

2.3.2. სასამართლომ მიუთითა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე, მე-15, მე-17 მუხლებზე და განმარტა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

2.3.3. სასამართლომ, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე, 30-ე მუხლებზე, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციის პირველ მუხლზე მითითებით, ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ სადავო აქტის თანახმად, მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა შესაბამისი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

სასამართლომ მიუთითა ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე უნდა იყოს ყოველმხრივ გაანალიზებული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება - გამოკვლეული და დასაბუთებული. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის წერილს, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არცერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხასიათის შესახებ, ასევე, გაანალიზებულია საფრთხის სერიოზულობა და დასაბუთებულია ისეთი ელემენტი, როგორიცაა პროპორციულობის მოთხოვნა. ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, ალბათობას იმისა, რომ აღნიშნული საფრთხე განხორციელდება და სახეზეა მისი გარდუვალობა, ინდივიდის გაძევების შემთხვევაში აღმოიფხვრება ან შემცირდება თუ არა ეს საფრთხე, ასევე რისკის ხასიათი და სერიოზულობა. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის ინტერესების საფრთხის თაობაზე, ასევე მითითებას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, არსებობს ალი-------------ისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №02-01/05/30790 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ალი-------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხასიათის შესახებ და გაანალიზებულია საფრთხის სერიოზულობა და პროპორციულობის მოთხოვნა. აპელანტი მიუთითებს, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ალი-------------ს საქართველოში ცხოვრების პერიოდში არ ჩაუდენია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება და სახელმწიფოს ინტერესს ზიანი არ მიდგომია. მის მეუღლეს - მარიამ ელჰამს და არასრულწლოვან შვილებს მოპასუხემ უკვე მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. მოპასუხე დასკვნაში აღნიშნავს, რომ სამშობლოში - ირანში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამასთან, ალი-------------ი საქართველოში კერძო ბიზნესით არის დაკავებული და ოჯახთან ერთად ცხოვრობს მშვიდობიანად. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ყურადღება არ გაამახვილა მითითებულ გარემოებებზე.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რითაც უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და უკანონოდ შეეზღუდა საქართველოში თავშესაფრის მოპოვების უფლება. სამინისტროს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტში მიუთითებს, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში აპელანტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და არსებობს მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველი, მაგრამ უარს ეუბნება სტატუსის მინიჭებაზე, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული - არგაძევების პრინციპის დარღვევას, არამედ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რომლის თანახმადაც, არგაძევების პრინციპი ნიშნავს საქართველოს ვალდებულებას, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არ გააძევოს იმ ქვეყანაში ან არ დააბრუნოს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, ანდა ძალადობის, გარე აგრესიის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევის გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რის გამოც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

4.6. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი „საერთაშორისო დაცვა“ ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი. იმ პირობებში კი, როდესაც პირი თავის ქვეყანაში შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისას დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნას გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მხოლოდ ასე შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების დაცვის უზრუნველყოფით. ამასთანავე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ის საფუძვლებიც, რომელთა არსებობაც პირისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას გამორიცხავს. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ალი-------------ი (დაბ. 11.08.1971 წ.) აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თუმცა, დასკვნის დამატებით გარემოებებში აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. საბოლოოდ სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ალი-------------ს (დაბ. 11.08.1971 წ) უარი ეთქვას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამრიგად, განსახილველი დავის ფარგლებში სადავო არ არის, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ წინაპირობებს, არამედ უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა, რაც სტატუსის მინიჭებას გამორიცხავს.

 

4.7. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, იგი სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებდა, თუმცაღა სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება დეტალურად არ შეუსწავლია და გამოუკვლევია. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან უნდა გამოითხოვოს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია, სათანადოდ შეისწავლოს და შეაფასოს მიწოდებული ინფორმაცია და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რამდენად საფრთხის შემცველია მოსარჩელის საქართველოში ყოფნა სახელმწიფოს ინტერესებისთვის.

 

4.8. „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. შესაბამისად, მითითებული კანონით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უპირველესად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა;

ამრიგად, სახელმწიფოს დისკრეცია - იკისროს ვალდებულებები კონკრეტული პირის მიმართ - შემოსაზღვრულია თავად კანონმდებილის მიერ ზემოაღნიშნული ინტერესების ურთიერთკავშირით, ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამგვარი არჩევანი გაცხადებული მიზნის კვალდაკვალ არ არის თვითნებური, და წარმოადგენს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიღწევის დასაშვებ, პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას - თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უზრუნველყოფით სამართლებრივი გარანტიები შექმნას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.

 

რაც შეეხება თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობაში ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად, ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარგანსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებში შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.

 

ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭება ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის განმსაზღვრელია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთანავე, სადავო შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დეტალურად გამოიკვლიოს, შეისწავლოს და ერთმანეთს შეუპირისპიროს კერძო და საჯარო, განმცხადებლისა და მესამე პირთა ინტერესები. ვინაიდან სახელმწიფოს უსაფრთხოებას შესაძლებელია მიენიჭოს უპირატესობა აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაცია კი გასაიდუმლოებულია, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი რისკების შეფასებისა და დაბალანსების მეშვეობით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, იგი სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს, თუმცა სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული ისეთი ელემენტი, როგორიცაა პროპორციულობის მოთხოვნა.

 

4.9. სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოსათვის ცნობილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით არ გამოცემულა.

 

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ასევე, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

 

ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისა და შეფასების გარეშე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ხოლო სამინისტრომ საკითხის ხელახალი განხილვისას სრულფასოვნად უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და შეისწავლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ალი-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ალი-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის N02-01/05/30790 გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;

 

5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;

 

მოსამართლე თამარ ონიანი