განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002682354
საქმე №1/ბ-287-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ქ------- თ--–-----ის,მსჯავრდებულის - გ------- მ------–---–ის,ადვოკატის - თ-- მ------–-–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- დ-----ის ძე მ------–---–ის მიმართ, დაბადებული 19-9 წლის 09 ა-----–ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: საჩხერე, ქ---------–--ის ქ.#144.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- მ------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:25 საათზე, საჩხერეში, თ---------–----------------------- ქუჩების გადაკვეთაზე, გ------- მ------–---–მა „მერსედეს ბენცის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით W-------- ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 – „სატრანსპორტო საშულების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.“ მუხლის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ჯერ „ოპელ ასტრას" მოდელის სახელმწიფო ნომრით T-------- ავტომობილს, რასაც თ------ ს------ე მართავდა, შემდეგ „ნისან მიკრას" მოდელის სახელმწიფო ნომრით O------ ავტომობილს, რასაც დ-------- ლ----ე მართავდა და ბოლოს ქვეითს - ლ---- ც----------ეს. საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკნინიკური გაერთიანების“ სტაციონარში, სადაც გარდაიცვალა 2018 წლის 28 ა-----–ს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განაჩენით გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ------- მ------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 12 ოქტომბრი ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაპატიმრების მომენტიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.
გ------- მ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქ------- თ--–-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განაჩენში და გ------- მ------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გ------- მ------–---–ი შერიგებული არ არის დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან მ--- ც----------ესთან, ასევე ის რომ გ. მ------–---–ი წასწრებული იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გ------- მ------–---–ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითებით, მაშინ როცა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქცია თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევასაც. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ხარისხის, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სასამართლოს გ------- მ------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი არ უნდა გამოეყენებია და სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითებით არ უნდა ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აპელანტი - მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ-- მ------–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო. ვინაიდან გ------- მ------–---–ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. არ არის ნასამართლევი. მთელი ოჯახი შემთხვევის დღიდან გარდაცვალების დღემდე იღებდნენ მკურნალობისა და ოპერაციის ხარჯებს. ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორს ქ------- თ--–-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს თ-- მ------–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--- ც----------ის ჩვენებით, მოწმეების - დ--------------------–--------------------------------------------–--–---–----------------------–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული სქემით და ფოტოსურათებით; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტო - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება კანონდარღვევაა დანაშაულის ჩადენისას პირის წასწრების გამო და განმარტავს შემდეგს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაული მხოლოდ გაუფრთხილებლობით შეიძლება იყოს ჩადენილი. მიუხედავად სანქციისა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული ანდა ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. როგორც ნორმის კონსტრუქციიდან კარგად ჩანს განსახილველი დანაშაულისათვის შესაძლებელია სასჯელის სრულად პირობით ჩათვლა და უფრო მეტიც გაუფრთხილებლობით ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირისთვისაც კი პირობითი მსჯავრის გამოყენება დასაშვებია და კანონიერია. რა თქმა უნდა იმ ობიექტური პირობების გათვალისწინებით რაც სასამართლოს შესაფასებელია სასჯელის განსაზღვრისას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის, რომლისთვისას სსკ-ის 63-ე მუხლი განსაკუთრებულ საშეღავათო პირობებს აწესებს, არარელევანტურია სსკ-ის 50-ე მუხლის იმ დანაწესის გამოყენების შეზღუდვა სადაც საუბარია დანაშაულის ჩადინისას წასწრებაზე. სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის განმარტებისას, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისათვის თანაც სსკ-ის 276-ე მუხლით კვალიფიცირებისას, დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრების ასეთი განმარტება სასამართლოს აზრით არ შეესაბამება სამართლიანობის ზოგად პრინციპებს. დაუშვებელია კანონის დანაწესის იმგვარად ინტერპრეტირება, რომელიც მსჯავრდებულის საუარესო მდგომარეობას გამოიწვევს.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ------- მ------–---–ს გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის ქ------- თ--–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-- მ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ------- მ------–---–ს ამოერიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლზე.
გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ------- მ------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.
გ------- მ------–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით გ------- მ------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ო-–--- მ------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე საჩხერის რაიონი სოფელი კ----------–ში (საკადასტრო კოდი 3-----------) - 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
გ------- მ------–---–ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ------- მ------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- 01 (ერთი) ცალი CD დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ოპელ-ასტრას“ მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით T--------; ,,ნისან-მიკრას“ მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით O------ და ,,მერსედეს - ბენცის“ მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით W-------- - რომლებიც განთავსებულია ი/მ ,,თ----------------ს“ ავტო საჯარიმო სადგომზე (მის: ჭ-----------------------------–--–- N54) - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ,,ოპელ-ასტრას“ მოდელის ავტომანქანის სანომრე ნიშანი, რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე