განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190210015001015760
საქმე №2ბ/1404-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი: ნ----- მ-----–---–ი
წარმომადგენლები: ვ-–- მ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: დ-------- პ----–----ი
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ფულადი ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე დ-------- პ----–----მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ნ----- მ-----–---–ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა, ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს თ---------- ე----–---–ის მიერ 2015 წლის 3 ივნისს გაცემული (სააღსრულებო ფურცელი სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) მოვალე დ-------- პ----–----ისათვის პირგასამტეხლოს სახით 26232 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით დ-------- პ----–----ის ვალდებულება კრედიტორ ნ----- მ-----–---–ის წინაშე განისაზღვროს 5000 აშშ დოლარით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თ---------- ე----–---–ის მიერ 2015 წლის 3 ივნისს გაცემული (სააღსრულებო ფურცელი სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) შევიდა ცვლილება და მოვალე დ-------- პ----–----ის ვალდებულება კრედიტორ ნ----- მ-----–---–ის წინაშე განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით, საიდანაც ძირთადი თანხა შეადგენს 8000 აშშ დოლარს, პროცენტი 2000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარს.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ----- მ-----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. დადგენილია, რომ ნოტარიუს თ---------- ე----–---–ის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით №1--------, 2011 წლის 5 დეკემბერს ნ----- მ-----–---–სა და დ-------- პ----–----ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით სესხის სახით დ-------- პ----–----ს გადაეცა 8000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, სესხის იყო სარგებლიანი, სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 5%-ს. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3 პროცენტი სესხი დ-------- პ----–----ს უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 5 ივნისს. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მარნეულის რაიონში სოფელ თ-------ში, საკადასტრო კოდით: 8-----------.
6. ასევე დადგენილია, რომ დ-------- პ----–----მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
7. საქართვერლოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ქვემდებარე აქტი (გამომცემი ორგანო: ნოტარიუსი, გამოცემის თარიღი 03.06.2015; აქტის ნომერი 1--------), სააღსრულებო წარმოების ნომერი №A------------, კრედიტორის ნ----- მ-----–---–ის განცხადებით და ზემოაღნიშნული აქტით დ-------- პ----–----ს დაეკისრა თანხის გადახდა 8000 აშშ დოლარის, პროცენტის 2000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 26 232 აშშ დოლარის და სანოტარო ხარჯის 102 ლარის ოდენობით. ამავე აქტში მითითებულ იქნა, რომ მოპასუხე დ-------- პ----–----ის მიმართ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - რომელთა შედეგადაც დაყადაღდება აღსრულების საგანი. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში განხორციელდება მისი შეფასება და აუქციონზე გატანა.
8. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი მოითხოვს, პირგასამტეხლოს თანხის გაზრდას 6000 აშშ დოლარით. ე.ი სულ დ-------- პ----–----ს დაეკისროს პირის გასამტეხლოს ნაწილში 11 000 აშშ დოლარი (იხ. დაზუსტებული სააპელაციო, ტომი II, ს.ფ. 8-17);
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია 05.12.2011წ. სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც, ასევე შეთანხმებულია პირგასამტეხლო ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, რომლის მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. ამიტომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოთ მოხმობილი ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც, თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობის თუ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული შედეგი, კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეული უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვისა და გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ოყო შეუსაბამოდ მაღალი და 26 232 აშშ დოლარიდან შეამცირა 5000 აშშ დოლარამდე. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.
12. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 533 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----- მ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბარონ განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა