განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
330210018002385874
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002385874

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/7252-18 04 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ს---–--- კ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ კ--------- (მოპასუხე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.08.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს საიჯარო ქირის - 2754,45 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2018 წლის 16 მარტის მდგომარეობით პირგასამტეხლოს გადახდა 1321,95 ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 17 მარტიდან საიჯარო ქირის დაბრუნებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის, 1050 ლარის, 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. აუქციონის წესის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ ბეს თანხა უნდა ჩათვლილიყო საიჯარო ქირის ანგარიშში. ეს თანხა ჩათვლილია მეორე კვარტლის გადასახდელის ანგარიშში 2014 წლის 4 აპრილს, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება პირველივე დარღვევისთანავე, რეალურად კი, ხელშეკრულება შეწყდა 2 წლის შემდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.08.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი მ------ კ--------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მ------ კ---------ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 2229,45 ლარის გადახდა.

3. მ------ კ---------ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - ერთჯერადად 311, 85 ლარის, ასევე 17.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის, 1050 ლარის, 0,05%-ის გადახდა.

 

3.1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2013 წლის 8 აპრილის Nე-------- აუქციონის N-- ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მ------ კ--------- (მოიჯარე), რომელსაც გადაეცა ქ. თბილისში, ი------------ში, ვ----------- მ--- მ/რ-ს I---------–----- კორპუსთან მდებარე 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი. იჯარის ვადა განისაზღვრა 5 წლით. საიჯარო ქირა შეადგენდა წელიწადში 1050 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე, ანუ მოიჯარეს 04.10.14 წელს უნდა გადაეხადა 525 ლარი, 04.04.15 წელს - 525 ლარი, 04.10.15 წელს -525 ლარი, 04.04.16 წელს - 525 ლარი, 04.10.16 წელს - 525 ლარი, ხოლო 22.11.16 წელს -129,45 ლარი.

 

ხელშეკრულების დანართის (სარგებლობის პირობების) 10.1 პუნქტის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, გადახდილი ბე აუქციონში გამარჯვებულს ეთვლება ბოლო წლის საიჯარო ქირის გადასახადში.

 

სარგებლობის პირობების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებისა და სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი ხარჯი.

 

3.2. მ------ კ---------ს საიჯარო ქირა არ გადაუხდია.

 

3.3. მ------ კ--------ის 2016 წლის 4 ნოემბრის განცხადების საფუძველზე 22.11.2016 წლიდან იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. მოიჯარეს განესაზღვრა 1 თვის ვადა საიჯარო ქირის - 2765,95 ლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად.

 

3.4. 2018 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო - 1321,95 ლარი, რომელიც დაანგარიშებულია 04.10.14 წლიდან.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.08.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწლში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

4.1. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობაზე. ხანდაზმულობის ვადა იწყება ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 22.11.2016წ. და არა ვალდებულების დარღვევის დღიდან. სარჩელი წარდგენილი იქნა 2018 წლის 04 აპრილს, ანუ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში.

 

4.2. სასამართლო არ მიუთითებს, რის საფუძველზე შეამცირა პირგასამტეხლო 1321.95 ლარიდან 311.85 ლარამდე. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მზარდი პირგასამტეხლოს 0.1%-დან 0.05%-მდე შემცირების ნაწილში.

 

განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების და პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნევს მოთხოვნილ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და იგი ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში უნდა შეამციროს გონივრული თანხით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა შემდეგი გარემოებები:

 

- ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2013 წლის 8 აპრილის N---------- აუქციონის N-- ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მ------ კ--------- (მოიჯარე) (შემდგომში „მოპასუხე“), რომელსაც გადაეცა ქ. თბილისში, ი------------ში, ვ----------- მ--- მ/რ-ს I---------–----- კორპუსთან მდებარე 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი. იჯარის ვადა განისაზღვრა 5 წლით. საიჯარო ქირა შეადგენდა წელიწადში 1050 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე (ტ.1, ს.ფ.18).

 

- მოიჯარეს 04.10.14 წელს უნდა გადაეხადა 525 ლარი, 04.04.15 წელს - 525 ლარი, 04.10.15 წელს -525 ლარი, 04.04.16 წელს - 525 ლარი, 04.10.16 წელს - 525 ლარი, ხოლო 22.11.16 წელს -129,45 ლარი (ტ.1, ს.ფ. 25,26).

 

- ხელშეკრულების დანართის (სარგებლობის პირობების) 10.1 პუნქტის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 20).

 

- გადახდილი ბე აუქციონში გამარჯვებულს ეთვლებოდა ბოლო წლის საიჯარო ქირის გადასახადში (ტ.1, ს.ფ. 18).

 

- მოპასუხეს სადავო საიჯარო ქირა არ გადაუხდია.

 

- მოპასუხის 04.11.2016წ. განცხადების საფუძველზე იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 22.11.2016 წლიდან (ტ.1, ს.ფ. 22,23). მოიჯარეს განესაზღვრა 1 თვის ვადა საიჯარო ქირის - 2765,95 ლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად (ტ.1, ს.ფ. 24). 2018 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო - 1321,95 ლარი, რომელიც დაანგარიშებულია 04.10.2014 წლიდან (ტ.1, ს.ფ. 25,26).

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. №ას-868-830-2014; 06.11.2018წ. №ას- 902-2018).

 

თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 01.12.2010წ. №ას-599-562-2010; 06.11.2018წ. №ას- 902-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს წლიური საიჯარო ქირა- 1050 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. კერძოდ, მოიჯარეს 04.10.14 წელს უნდა გადაეხადა 525 ლარი, 04.04.15 წელს - 525 ლარი, 04.10.15 წელს -525 ლარი, 04.04.16 წელს - 525 ლარი, 04.10.16 წელს - 525 ლარი, ხოლო 22.11.16 წელს -129,45 ლარი (ტ.1, ს.ფ. 18, 25,26).

 

შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა გარკვეული პერიოდულობით. შესაბამისად, აღნიშნული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას: სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012; 14.02.2017წ. №ას-934-899-2016; 06.11.2018წ. №ას- 902-2018).

 

სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოიჯარეს არც ერთი მითითებული გადახდა არ განუხორციელებია. შესაბამისად, გათვალისწინებით იმისა, რომ გრაფიკის თითოეული დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობდა მოთხოვნის უფლებას და სარჩელი წარდგენილ იქნა მხოლოდ 04.04.2018წ. (ტ.1, ს.ფ.2), დგინდება, რომ 04.10.2014წ. გადასახდელი საიჯარო ქირის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია და ამდენად, არ არსებობს ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო 16.03.2018 წლის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო 1321,95 ლარი, რომელიც დაანგარიშებულია 04.10.2014 წლიდან (ტ.1, ს.ფ. 25.26).

 

სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ხანდაზმული საიჯარო ქირის პარალელურად, ხანდაზმულია ასევე შესაბამის თანხაზე პირგასამტეხლოს მოთხოვნაც. შესაბამისად, ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა პირგასამტეხლო 04.04.2015 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,1%-ის ოდენობით, რაც 16.03.2018 წლის მდგომარეობით 1130,85 ლარს შეადგენს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ პირგასამტეხლოს ის ნაწილი, რომელიც არ იქნა მიჩნეული ხანდაზმულ მოთხოვნად - 1130,85 ლარიდან შეამცირა 311,85 ლარამდე. რაც შეეხება 17.03.2018წ.-დან შემდგომ პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1050 ლარის 0.1%), სასამართლომ მისი ოდენობა გაანახევრა და განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1050 ლარის 0,05%-ით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.

 

10. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

11. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე