განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002614682
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7462-18 04 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე )
წარმომადგენელი - ბ--- პ---------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-–--“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ------ ხ-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2018წ. გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 23 672.50 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
01.07.2014წ. გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხემ მოსარჩელისგან სესხად მიიღო 81 048 ლარი, სესხით სარგებლობის პროცენტი - 0%. 2014 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებებით სესხის ოდენობა განისაზღვრა 94 690 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის აღებიდან 15 წლის შემდეგ თანხა დაებრუნებინა ყოველთვიურად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თანაბარი ოდენობით.
ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო სესხის სახით აღებული თანხა გამოეყენებინა სამედიცინო დაწესებულების უწყვეტად მომსახურების განხორციელებისათვის. 2016 წლის მესამე კვარტალში არ დაფიქსირდა მოპასუხის მიერ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ფაქტი და დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, სესხის მიმღების მხრიდან სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის ან სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის მიმღებს ეკისრება ერთჯერადი ჯარიმა დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის 25%-ის ოდენობით.
მოპასუხემ 02.02.2017წ. წერილით განაცხადა თანხმობა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. მოპასუხემ 03.05.2018წ. სამინისტროს წერილობით დაუდასტურა გარემოება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის თაობაზე და მოითხოვა პირგასამტეხლოსგან განთავისუფლება, რაზეც სამინისტრომ უარი განაცხადა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა ფორს-მაჟორით იყო გამოწვეული. მოპასუხემ იძულებით დაცალა იჯარით აღებული ფართი, რის გამოც ვეღარ შეძლო სამედიცინო საქმიანობის განხორციელება. სამედიცინო საქმიანობა გაგრძელდა მოპასუხის 100% კაპიტალის მფლობელი შვილობილი კომპანიის მიერ, რომელიც დღემდე ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი შპს ,,ა-–--"-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. შპს ,,ა-–--" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს -5000 ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4.1. „ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N--- განკარგულების საფუძველზე, სს „ს------–-----------------------------------------–-----–------------“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებისა და ამავე სს-ს მიერ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილი დიდი ოდენობის კრედიტორული დავალიანების მიზეზით, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად 2----–-–--------–--ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (კრედიტორი) და შპს „ა-–--“ (მოვალე, მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის მიმღებმა მიიღო - 81 048 ლარი უზრუნველყოფის საშუალებისა და სარგებლის დარიცხვის გარეშე. სესხის მიმღები ვალდებული იყო, სესხი გამოეყენებინა სამედიცინო მომსახურების უწყვეტად განხორციელებისათვის. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის აღებიდან 15 წლის შემდეგ თანხა დაებრუნებინა ყოველთვიურად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თანაბარი ოდენობით.
ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, სესხის მიმღების მხრიდან სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის ან სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის მიმღებს ეკისრება ერთჯერადი ჯარიმა დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის
25%-ის ოდენობით, რაც თავის მხრივ არ ათავისუფლებს მას სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან. 2.9.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხის მიმღები იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს/ჯარიმის ოდენობა. აღნიშნულის განმეორებითი შეუსრულებლობა ან /დ დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს/ჯარიმის გადაუხდელობა სესხის გამცემის მხრიდან შესაძლებელია გახდეს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი.
2014 წლის 31 ოქტომბერს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განხორციელებული ცვლილებებით სესხის ოდენობა განისაზღვრა 94 690 ლარით.
4.2. 2016 წლის მესამე კვარტალში მოპასუხემ შეწყვიტა სამედიცინო მომსახურება.
09.11.2016 წელს, ხელშეკრულების 2.9.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. 21.11.2016 წლის მოპასუხემ დაადასტურა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა და აღნიშნა, რომ მომსახურებას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში, იჯარის ხელშეკრულება მოულოდნელად შეწყდა, რის გამოც, მოუხდა საქმიანობის შეჩერება. ასევე მიუთითა, რომ საქმიანობას აგრძელებდა მისი შვილობილი კომპანია.
30.01.2017წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის თაობაზე ხელშეკრულების 2.8 პუნქტის შესაბამისად. მოპასუხემ სამინისტროს წერილობით დაუდასტურა გარემოება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის თაობაზე, თუმცა ითხოვა პირგასამტეხლოსგან განთავისუფლება, რაზეც სამინისტრომ უარი განაცხადა.
4.3. 17.02.2017 წელს მოპასუხემ სესხის ძირითადი თანხა დააბრუნა.
4.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვალდებულების დარღვევისათვის მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ ფორს-მაჟორული გარემოება არის ისეთი გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, რაც ხელშეკრულების მიხედვით, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და ფართის დაცლა განხილული იქნება ფორს-მაჟორად, მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით დადგენილი პირობა თუ როგორ უნდა ემოქმედა ფორს-მაჟორის შემთხვევაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები მოცემულ საქმეზე არ არსებობდა.
4.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამედიცინო მომსახურების უწყვეტად განხორციელება, რის გამოც, სესხი ვადამდე შეწყდა და მოპასუხეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება არის ე.წ „სასამართლოს შესაგებელი.“ ისეთ პირობებშიც კი, თუ მხარე პირდაპირ არ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას, სასამართლო, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ ნორმით მინიჭებული დისკრეცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - სესხის მიმღების მხრიდან ერთჯერადად დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის 25% და იგი გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს. სასამართლო ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს და მიზეზს, მოპასუხის მითითებას მის ქონებრივ მდგომარეობაზე, ასევე იმ გარემოებას, რომ სესხის ძირითადი თანხა მან უკვე დააბრუნა და გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 23 672.50 ლარიდან შემცირდეს 5000 ლარამდე.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კანონმდებლის ნება, სასამართლომ განახორციელოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში ჩარევა, გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, კანონი ასეთი ჩარევის უფლებას სასამართლოს ანიჭებს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემთხვევაში. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს ცნება შედარებითი ხასიათისაა და სასამართლოს, აღნიშნული ნორმის გამოყენების შემთხვევაში, მისი მაღალი ხარისხით დასაბუთების ვალდებულება წარმოეშობა.
წინამდებარე დავის განხილვის ფარგლებში, სასამართლომ, მართალია, მიუთითა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მის მნიშვნელობაზე სამოქალაქო ბრუნვაში, თუმცა არსებითად არ უმსჯელია კონკრეტულ შემთხევაში რა გახდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის საფუძველი. სასამართლო უხეშად ჩაერია სახელშეკრულებო თავისუფლებაში და უსაფუძვლოდ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი გარემოებები:
7.1. 01.07.2014წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს „ა-–--“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ სესხად მიიღო - 81 048 ლარი უზრუნველყოფის საშუალებისა და სარგებლის დარიცხვის გარეშე. სესხის მიმღები ვალდებული იყო, სესხი გამოეყენებინა სამედიცინო მომსახურების უწყვეტად განხორციელებისათვის.
7.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი. სესხის აღებიდან 15 წლის შემდეგ მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თანაბარი ოდენობით.
7.3. ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, სესხის მიმღების მხრიდან სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის ან სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის მიმღებს ეკისრება ერთჯერადი ჯარიმა დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის 25%-ის ოდენობით, რაც თავის მხრივ, არ ათავისუფლებს მას სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან (ტ.1, ს.ფ. 18-23).
7.4. 31.10.2014წ. ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განხორციელებული ცვლილებებით სესხის ოდენობა განისაზღვრა 94 690 ლარით (ტ.1, ს.ფ. 24-26).
7.5. 2016 წლის მესამე კვარტალში მოპასუხემ შეწყვიტა სამედიცინო მომსახურება.
7.6. 09.11.2016წ. მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება (ტ.1, ს.ფ. 27). 30.01.2017წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის თაობაზე ხელშეკრულების 2.8 პუნქტის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 29,30).
7.7. 17.02.2017წ. მოპასუხემ სრულად დააბრუნა სესხის ძირითადი თანხა (ტ.1, ს.ფ. 36).
7.8. არ არსებობს ვალდებულების დარღვევისთვის მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - სესხის სრული მოცულობის 25%-ის, 23 672.50 ლარის ოდენობით, შეამცირა 5000 ლარამდე.
გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხის მხრიდან გასაჩივრებული არ არის.
მოსარჩელე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეამცირა პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების კანონერებაა.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან (სუსგ. N318-301-2017 , 05.05.2017წ.).
პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (სუსგ.N 318-301-2017 , 05.05.2017წ.).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს მასზედ, რომ:
- მოპასუხე წარმოადგენს სამედიცინო პროფილის მეწარმე სუბიექტს;
- მოსარჩელემ სესხი გასცა „ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N--- განკარგულების საფუძველზე, სს „ს------–-----------------------------------------–-----–------------“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებისა და ამავე სს-ს მიერ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილი დიდი ოდენობის კრედიტორული დავალიანების მიზეზით, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. ანუ სესხის გაცემის მიზანი იყო არა შემოსავლის მიღება, არამედ, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო პროფილის მქონე სუბიექტის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სესხის მიმღების (მოპასუხის) მიერ სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის (და ამით სესხის ხელშეკრულების პირობის დარღვევის) საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მას, როგორც მოიჯარეს, შეუწყდა საიჯარო ხელშეკრულება იმ ფართზე, რომელშიც სამედიცინო მომსახურებას ახორციელებდა (იხ.: მეიჯარის - შპს „დ----“ წერილი მოიჯარეს - მოპასუხე, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის და შეწყვეტის საფუძვლების შესახებ).
- მოპასუხეს სრულად აქვს დაბრუნებული სესხის ძირითადი თანხა.
- პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.
არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
10. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე