განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002513953
საქმე N3ბ/2845-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ონიანი
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე
მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - ჩ----–-- ტ--------- მ------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ჩ----–-- ტ--------- მ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2018 წლის 12 ივნისს ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ჩ----–-- ტ--------- მ------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.
2.2.2. ჩ----–-- ტ--------- მ------ს გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე http://sda.gov.ge და .
2.2.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილით ჩ----–-- ტ--------- მ------ს ეცნობა, რომ საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვისათვის წარსადგენი იყო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩ----–-- ტ--------- მ------ის კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებული იყო, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიემართა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამდენად, მოთხოვნილ იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 22 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 15 ივნისს.
2.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ჩარლეს ტ--------- მ------ის 2018 წლის 12 ივნისის №11--------- განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-15 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე. სასამართლომ განმარტა, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში თავისი ინიციატივით წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
მოსარჩელის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა სამახსოვრო ბარათი, აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - „ჩავიბარე, ვეთანხმები”. აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია ის ინტერნეტგვერდები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია მის განაცხადთან დაკავშირებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილით ჩ----–-- ტ--------- მ------ს ეცნობა, რომ საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვისათვის წარსადგენი იყო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩ----–-- ტ--------- მ------ის კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებული იყო, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიემართა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 15 ივნისს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ჩ----–-- ტ--------- მ------ის განცხადება შრომითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განცხადების ავტორის მიერ სრულად არ იყო წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.
2.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. ჩ----–-- ტ--------- მ------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვისათვის წარსადგენი იყო ქვეყანაში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აპელანტი აღნიშნავს, მართალია, მას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აპლიკაციის (ბინადრობის მოწმობის) შევსების დროს გადასცეს სამახსოვრო ბარათი, რომელზედაც მითითებულია, რომ აპლიკანტი წარმოების დასრულებამდე ვალდებულია, განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მაგრამ ინფორმაცია დატანილია მხოლოდ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაგანაც არცერთს არ ფლობს მოსარჩელე, ამასთან, არც სააგენტოს ოფიციალურ პირს განუმარტავს მისთვის ხსენებული ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი ხარვეზით წარდგენილი დოკუმენტაციის შესახებ. აპელანტი აღნიშნავს, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსდა და გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობა არ დასტურდება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ თარჯიმნის უფლება, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, გულისხმობს, რომ პირმა, რომელსაც არ ესმის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით. აპელანტის მოსაზრებით, მას ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე. შესაბამისად, აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხარვეზის დადგენის შესახებ აქტს გასცნობოდა. ამდენად, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში 5 კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. ამასთან, პირმა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიმართოს კანონით დადგენილ ვადაში და უნდა წარადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესის დაცვით წარდგენილი განცხადება შეიძლება გახდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმცხადებლის მოთხოვნის - ნებართვის გაცემის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუკი პირი არ წარადგენს საკითხის განხილვისთვის აუცილებელ ყველა დოკუმენტს, სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილით ჩ----–-- ტ--------- მ------ს ეცნობა, რომ საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვისათვის წარსადგენი იყო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, მხარეს განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებული იყო, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის მიემართა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. მრიგად, სააგენტომ სწორედ კანონმდებლობით გათვალისწინებული და საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა, გარდა ამისა, განმცხადებელს მიუთითა კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადის დაცვის აუცილებლობაზე.
5.2.3. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, დადგენილია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 15 ივნისს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სააგენტოსა და საქართველოში ბინადრობის მოპოვების მსურველს შორის კომუნიკაციის სპეციალური წესი. კერძოდ, ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, როგორც წესი, მხარისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება ხდება მატერიალური სახით. ამასთან, სპეციალური კანონმდებლობით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს განსხვავებული წესი. სწორედ ამგვარ სპეციალურ დათქმას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“, რომელიც დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის წესად ადგენს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე შეტყობინების გამოქვეყნებას. ამრიგად, ჩ----–-- ტ--------- მ------ისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილის ჩაბარება მხოლოდ გამოქვეყნების მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო და ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით განსაზღვრული ეს წესი დაიცვა. სააგენტოს შეტყობინების ადრესატისთვის მატერიალური სახით ჩაბარების ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტს გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge. აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - „ჩავიბარე, ვეთანხმები”. ამდენად, აპელანტისთვის ცნობილი იყო, რომ მას ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ნებისმიერი ინფორმაცია ეცნობებოდა სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით და სწორედ მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი, გადაემოწმებინა სააგენტოს ინტერნეტგვერდი. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------7 წერილის სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 15 ივნისს ატვირთვა და გამოქვეყნება წარმოადგენდა შეტყობინების ადრესატისთვის ოფიციალურ გაცნობას და ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა შეტყობინების მხარისთვის ჩაბარების კანონით დადგენილი სპეციალური წესი.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა ქართულ ენაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური. მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, აპელანტს გადაეცა სამ ენაზე შესრულებული სამახსოვრო ბარათი, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიეღო სააგენტოს ინტერნეტგვერდზე, მეორე მხრივ კი, შეტყობინების უცხო ენაზე თარგმნისა და ასეთი თარგმანის გამოქვეყნების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება ქართულ ენაზე წარიმართება.
ამრიგად, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებაზე, ხოლო მოცემული მოთხოვნა შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, აპელანტმა კი სააგენტოს მოთხოვნა დადგენილ ვადაში არ შეასრულა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ჩარლეს ტ--------- მ------ის 2018 წლის 12 ივნისის №11--------- განცხადება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჩ----–-- ტ--------- მ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: თამარ ონიანი
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
მანანა ჩოხელი