განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002336892 3/ბ-250-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – რ----- ქ---------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი- მ------ა გ-–--ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 06 მარტს რ----- ქ---------–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სახელდობრ, მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 05 ოქტომბრის №2---- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ----- ქ---------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი;
-შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია№ ც-------- ;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება № 4----------.
2.1.მოსარჩელემ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
მისი მტკიცებით სინამდვილეს არ შეესაბამება სადაო ოქმში ფიქსირებული გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს გადაჰქონდა საქონელი ზედნადების გარეშე, რადგან მას ჰქონდა გამოწერილი შესაბამისი ზედნადებები, მაგრამ დაშვებული იქნა შეცდომა ზედნადების შევსების გრაფაში, კერძოდ, მასში შეცდომით მიეთითა გადაზიდვის დასრულების ადგილად ბათუმი, რაც მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული, რადგან აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანი არ მიუყენებია, გადასატანი სალარო აპარატით სრულად აქვს რა დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია.
2.2.მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეთა - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლთა მიერ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი და განიმარტა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის მონიტორნიგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B-------- რა დროსაც დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე რ----- ქ---------–--ე (პ.ნ 6----------) ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (8706.3 ლარის საბაზრო ღირებულების კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 21 სექტემბერს შედგენილი იქნა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით და ჩამოერთვა საქონელი. ამდენად, მათი თვალსაზრისით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით რ----- ქ---------–--ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
2.4.1.რ----- ქ---------–--ე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო 2017 წლის 30 მარტის № C------- ოქმით დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის განმარტება. (სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება № 4---------- (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ. 26-29).
2.4.2.სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიერ რ----- ქ---------–--ის მიმართ 2017 წლის 21 აგვისტოს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №C------- სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 21 აგვისტოს სამართალდარღვევის ოქმი სერია № C-------. (ს/ფ 24-25; 129-130;)
2.4.3.ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რ----- ქ---------–--ის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლითაც მან მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 05 ოქტომბერს გამოიცა №2---- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ----- ქ---------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ი.მ რ----- ქ---------–--ის საჩივარი (იხ.ს.ფ. 126-128);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 05 ოქტომბრის №2---- ბრძანება.(ს.ფ 21-23)
2.4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 05 ოქტომბრის №2---- ბრძანება რ----- ქ---------–--ის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, სადაც მან ფაქტობრივად აღიარა სამართალდარვევის ჩადენის ფაქტი, თუმცა ითხოვა დაკისრებული სახდელის გადახდისაგან გათავისუფლება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის №4---------- გადაწყვეტილებით საჩივარში მითითებული გარემოებები საბჭომ არ მიიჩნია სარწმუნოდ, ვინაიდან რ----- ქ---------–--ე მსგავსი სამართალდარღვევისათვის 2017 წლის 30 მარტს საგადასახადო ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის (სერია № C-------) საფუძელზე განსახილველი ფაქტის გამოვლენამდე იყო დაჯარიმებული, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით რ----- ქ---------–--ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის № 4---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-29).
2.4.5.შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 17 აგვისტოს №4---------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა ი/მ რ----- ქ---------–--ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები) სახეობა, რაოდენობა და საბაზრო ღირებულება, რომლის მიხედვითაც საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 8706.3 ლარი. ამასთან აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში მოხდა მერსედესის მარკის სატრანსპორტო საშუალებაში (სახ. ნომრით B--------) განთავსებული საქონლის ფოტოგადაღება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 17 აგვისტოს №4---------- ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი დანართითურთ (ს/ფ 41-52;76-86)
2.5.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
განსახილველი სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად სასამართლომ მოუხმო ,,კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის № 994 ბრძანების 72-ე მუხლს, რომლის თანახმადაც:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნიან შემოსავლების სამსახურის იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა და მიუთითა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, ხოლო ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 21 აგვისტოს სრულიად კანონიერად იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი №C-------- და შესაბამისად არ არსებობდა 2017 წლის 05 ოქტომბრის №2---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის №C-------- ოქმისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის №4---------- გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა და აღნიშნა, რომ მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მიუთითა იმის თაობაზე, რომ მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას და ამასთან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში ერთის მხრივ ფიზიკურ პირსა და საგადასახადო სამსახურს, მეორეს მხრივ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად უზრუნველყვეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთება, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სახელდობრ, საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარის მიერ უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ რ----- ქ---------–--ის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოიწვია უცოდინრობამ, ვინაიდან მოსარჩელე 2017 წლის 30 მარტის საგადასახადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (სერია № C-------) განსახილველი ფაქტის გამოვლენამდეც სწორედ მსგავსი სამართალდარღვევისათვის იყო დაჯარიმებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის №C------- ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 05 ოქტომბრის №2---- ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის №4---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ისინი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საქალაქო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ----- ქ---------–--ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. მისი განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება სადაო ოქმში ფიქსირებული გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს გადაჰქონდა საქონელი ზედნადების გარეშე, რადგან მას ჰქონდა გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, რა დროსაც დაშვებული იქნა შეცდომა ზედნადების შევსების გრაფაში, კერძოდ, მასში შეცდომით მიეთითა გადაზიდვის დასრულების ადგილად ბათუმი, თუმცა აპელანტის თვალსაზრისით, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არ მიუყენებია ზიანი, რადგან გადასატანი სალარო აპარატით სრულად აქვს დაფიქსირებული საქონლის რეალიზაციის ყველა შემთხვევა, რაც სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას (წინამდებარე განჩინების 2.4.1.-2.4.5.პუნქტები), ამასთან დამატებით მიუთითებს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით- 2017 წლის 09 აგვისტოთი დათარიღებული სასაქონლო ზედნადები # ე-–------------ის დანართებითა და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 17 აგვისტოს №4---------- ექსპერტიზის დასკვნის დანართებით, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა შემოწმების ჩატარების დროს მერსედესის მარკის სატრანსპორტო საშუალებაში ( სახ. ნომრით B--------) განთავსებული ი/მ რ----- ქ---------–--ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები) სახეობა, რაოდენობა და საბაზრო ღირებულება, დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის მონიტორნიგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმებისას ავტომანქანაში აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების სახეობები, რაც 2017 წლის 09 აგვისტოს ზედანადების დანართებში არ ფიქსირდება. სახელდობრ ასეთს წარმოადგენენ:
1)საპონი ,,GRANDS“ 92 გრ.(რაოდენობა-153; საერთო საბაზრო ღირებულება- 153ლარი);
2)საპარსი ,,GILETE PROGLIDE“ (რაოდენობა -115; საერთო საბაზრო ღირებულება- 920 ლარი);
3)შამპუნი ,,REDKEN“ 300 მლ (რაოდენობა -113; საერთო საბაზრო ღირებულება- 1056 ლარი);
4)კოდიციონერი,,REDKEN“ 200 მლ (რაოდენობა -69; საერთო საბაზრო ღირებულება- 414 ლარი);
5)კოდიციონერი ,,JOHN FRIEDA“ 118(რაოდენობა -14; საერთო საბაზრო ღირებულება- 35ლარი);
6)დუშ-გელი ,,DOVE“250 მლ (რაოდენობა -19; საერთო საბაზრო ღირებულება- 114ლარი);
7)ანტი-პერსპირანტი ,,ADIDAS” – 250 მლ.(რაოდენობა- 14; საერთო საბაზრო ღირებულება- 140ლარი);
8)სისხლის შემაჩერებელი ,,ANTIKAN KANRAS“(რაოდენობა -24; საერთო საბაზრო ღირებულება- 9.60 .ლარი);
9)კონდიციონერი ,,GARNIER WHOLE BLENDS“ 650 მლ(რაოდენობა-3; საერთო საბაზრო ღირებულება-25 .50ლარი);
10)BIO DETOX ORGANIC 30 მლ“(რაოდენობა -7; საერთო საბაზრო ღირებულება- 42ლარი);
11) თმის სპრეი ,,LOREAL „170 მლ(რაოდენობა -1; საერთო საბაზრო ღირებულება-3.50ლარი);
12)თმის საღებავი ,,JON FRIEDA“ (რაოდენობა -7; საერთო საბაზრო ღირებულება- 42ლარი);
13) თმის ლოსიონი ,,REDKEN“ 150 (რაოდენობა -6; საერთო საბაზრო ღირებულება- 21ლარი);
14) თმის ლოსიონი ,,REDKEN“ 250 (რაოდენობა -6; საერთო საბაზრო ღირებულება- 24ლარი);
15) მანიკური ,,CONFETTI “11 მლ(რაოდენობა -5; საერთო საბაზრო ღირებულება- 22.60ლარი);
16)კორექტორი ,,ARTISTY“ (რაოდენობა -1; საერთო საბაზრო ღირებულება- 2.50ლარი);
სააპელაციო სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასაქონლო ზედნადები-# ე-–----------- შესაბამისი დანართებით(იხ.ს.ფ.134);
-მიღება-ჩაბარების აქტი(იხ.ს.ფ.135);
-ლუქის ახსნის და დადების ოქმი (იხ.ს.ფ.136);
-ლუქის ახსნის ოქმი (იხ.ს.ფ.137);
-შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 17 აგვისტოს №4---------- ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი დანართითურთ (ს/ფ 41-52;76-86).
ამდენად, ზემოთ მოხმობილი მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის განმრატებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი ახდენა 09 აგვისტოს თარიღით შედგენილ ზედნადებში მითითებული საქონლის რეალიზაციას, რადგან დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის მონიტორნიგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმებისას ი/მ რ----- ქ---------–--ე შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გარეშე ახდენდა ზემოთ დასახელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას, რაც სრულად გამორიცხავს მისი განმარტების გაზიარების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რა ის გარემოება, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს ი.მ რ----- ქ---------–--ე ახორციელებდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების ტრანსპორტირებას (გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების სახ. ნომერი B--------) სასაქონლო ზედნადების გარეშე, მისი ქმედება ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობას, შესაბამისად მას სავსებით მართებულად შეეფარდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სახდელი -ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს განხილული ნორმების შინაარსიდან და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ნამდვილი მიზნიდან.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრი უსაფუძვლობის გამო უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 200 (ორასი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ქ---------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე