განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2019
საქმის ნომერი
080210018002608319
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210018002608319

№2\ბ- 892-2019

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

 

აპელანტები - თ--------ზ ჯ----–--ე, რ--ა გ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–-------კი“

წარმომადგენელი - ჯ---ი ტ--–----ე

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხეებისათვის 2125.28 ლარის დაკისრების ნაწილში, (საიდანაც 1245.67 ლარი სარგებლის, ხოლო 879.61 ლარი პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხაა)

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „ს----------–-------კის“ წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს თ--------ზ ჯ----–--ეს და რ--ა გ---------ეს მოსარჩელე სს „ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 66 226.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 60 260.55 ლარი, სარგებელი - 4 986.40 ლარი, პირგასამტეხლო - 979.6 ლარი.

 

დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული რ--ა გ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, გამზირი დ-----------–------–ი N1-----, ს/კ N------------------- რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დადგინდა აღსრულების მიქცევა თ--------ზ ჯ----–--ისა და რ--ა გ---------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2. 2016 წლის 28 ივლისს, სს „ს----------–-------კსა“ და თ--------ზ ჯ----–--ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება NGCL000166543- 5928572. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე მხარეებს შორის, 2017 წლის 28 ივნისს, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N-------------------------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენდა 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0,5%-ს.

 

2.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 28 ივლისს, სს „ს----------–-------კსა“ და რ--ა გ---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N------------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რ--ა გ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გამზირი - დ-----------–------–ი N1-----, ს/კ N-------------------.

 

2.4. 2016 წლის 28 ივლისს, სს „ს----------–-------კსა“ და რ--ა გ---------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის თანახმად, რ--ა გ---------ემ სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ--------ზ ჯ----–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად, რ--ა გ---------ემ, როგორც თავდებმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ--------ზ ჯ----–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 400000 აშშ დოლარით.

 

2.5. სს „ს----------–-------კმა“ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებითა და საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად და ჯეროვნად - თ--------ზ ჯ----–--ეზე გასცა კრედიტი შეთანმებული პირობებით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

2.6. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატა მასში, რომ თ--------ზ ჯ----–--ემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.

 

2.7. 2018 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით, სს „ს----------–-------კის“ წინაშე მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 75 043.06 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 60 260.55 ლარი, სარგებელი - 4986.40 ლარი, პირგასამტეხლო - 9796.11 ლარი;

 

2.8. სს „ს----------–-------კმა“, 29.08.2018 წელს, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების თ--------ზ ჯ----–--ისა და რ--ა გ---------ის მიმართ და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 75 043.06 ლარის დაკისრება მოითხოვა; ასევე ითხოვა დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების, (ს/კ N-------------------) რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულების მიქცევა თ--------ზ ჯ----–--ისა და რ--ა გ---------ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

2.9. მოპასუხეებმა თ--------ზ ჯ----–--ემ და რ--ა გ---------ემ სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ბანკთან, ხელშეკრულების ძლიერ მხარესთან, შეიცავს კაბალურ პირობებს. საპროცენტო განაკვეთის ნაწილში ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილ ნორმას, რის გამოც ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში ბათილად უნდა გამოცხადდეს და საპროცენტო განაკვეთი ნაცვლად შეთანხმებული 12.8%-ისა, უნდა განისაზღვროს 9.6%-ით, ხოლო პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს და 9796.11 ლარის ნაცვლად უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

 

2.10. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის ივლისის თვის საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით სესხებზე ფიზიკურ პირებზე შეადგენდა 24.5 %-ს, ხოლო უცხოური ვალუტით, ფიზიკურ პირებზე - 9.6%-ს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-625-ე, 867-ე, 891-ე მუხლებზე დაყრდნობით და განმარტა, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა მოპასუხეებისათვის კრედიტის ძირითადი თანხის - 60 260.55 ლარის და სარგებლის - 4 986.40 ლარის, სოლიდარულად დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ასევე, დაკისრებული თანხის გადახდევინების წესის განსაზღვრის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა 9796.11 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა განისაზღვროს 979.6 ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ--ა გ---------ემ და თ--------ზ ჯ----–--ემ. აპელანტებმა ითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარგებლის სახით დაკისრებული თანხის 1245.67 ლარით, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის 879.61 ლარით შემცირება.

 

3.2. აპელანტთა განმარტებთ, სასამართლომ არასწორად დაადგინა სესხებზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი და შეცდომით მიიჩნია, რომ ის შეადგენდა 24.5 %-ს, მაშინ როდესაც სადავო პერიოდში დადგენილი სარგებლის ოდენობა არ აღემატებოდა 9.6 %-ს.

 

3.3. აპელანტთა განმარტებით, მოპასუხეთა საკრედიტო ისტორია და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, სასამართლოს აძლევდა საშუალებას პირგასამტეხლო შეემცირებინა 100 ლარამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.2. 2016 წლის 28 ივლისს, N-------------------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ს----------–-------კსა“ და თ--------ზ ჯ----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N-------------------------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენდა 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0,5%-ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- N-------------------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, დანართი #3-ით - ს. ფ. 14-16;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 17;

- სტანდართული სახელშეკრულებო ინფორმაცია - ს. ფ. 18-19;

- საკრედიტო ხელშეკრულება N-------------------------------, დანართით - ს. ფ. 20-23;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 24;

 

4.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 28 ივლისს, სს „ს----------–-------კსა“ და რ--ა გ---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N------------ რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რ--ა გ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (ს/კ N-------------------). იმავე დღეს სს „ს----------–-------კსა“ და რ--ა გ---------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის თანახმად, რ--ა გ---------ემ სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ--------ზ ჯ----–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, არაუმეტეს 400000 აშშ დოლარისა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 25-31;

- აონაწერი საჯარო რეესტრიდან - 32-33;

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს. ფ. 34;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება - 36-39;

 

4.4. აპელანტებს სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თუმცა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სს „ს----------–-------კის“ წინაშე მოპასუხეთა დავალიანებამ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დაანგარიშების შედეგად, 2018 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით, შეადგინა 75 043.06 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 60 260.55 ლარი, სარგებელი - 4986.40 ლარი, პირგასამტეხლო - 9796.11 ლარი. სადავო არ არის ის გარმოება, რომ სარგებლის ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (შეწყვეტამდე) დარიცხულ თანხის სახით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ - ს. ფ. 40

 

4.5. პალატა ვერ გაიზარებს აპელანტების მტკიცებას, რომ სადავო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნულ ვალუტაში სესხებზე დადგენილი წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 9.6%-ს, რის გამოც მხარეთა შეთანხმება სარგებლის 12.4%-ით განსაზღვრის შესახებ, ბათილია, ვინაიდან არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, თავად აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ წერილობით მასალაზე - საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge ) განთავსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესახებ. მითითებული მტკიცებულების მიხედვით მხარეთა შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში - 2016 წლის ივლისის თვეში, წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით სესხებზე ფიზიკური პირებისათვის შეადგენდა 24.5 %-ს, ხოლო უცხოური ვალუტით სესხებზე - 9.6%-ს. (ს. ფ. 107), შემადგენელი ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის გაცემის პერიოდში - 2017 წლის ივნისის თვის მდგომარეობით წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით სესხებზე ფიზიკური პირებისათვის შეადგენდა 20,5 %-ს, ხოლო უცხოური ვალუტით სესხებზე - 8%-ს. (ს. ფ. 107).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.7. განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასების საგანს, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, წარმოადგენს აპელანტებისათვის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

 

აპელანტების პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სესხზე დარიცხული სარგებელი - წლიური 12.8 %, შეუსაბამოდ მაღალია, იგი არღვევს სასესხო ურთიერთობებში დამკვიდრებულ საჯარო წესრიგს, შეუსაბამოდ მაღალია, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 9.6%-მდე. აპელანტების მტკიცებით სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხა - 4 986.40 ლარი, სასამართლოს უნდა შეემცირებინა 1245.67 ლარით, ხოლო პირგასამტეხლოს სახით, ნაცვლად 979.61 ლარისა, უნდა დაკისრებოდათ 100 ლარი.

 

4.8. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისას, მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპის ფარგლებში, მხარეებმა დამოუკიდებლად განსაზღვრეს საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. სარგებელზე - წლიური 12.8%-ის ოდენობით, მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულების დადების დროს და თანხმობა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით განაცხადეს. მოვალეებს, მათ წინააღმდეგ სარჩელის აღძვრამდე, სარგებლის ოდენობა სადავოდ არ გაუხდიათ.

 

4.9. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მხარეთა შორის გაფორმებული სააკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ ეწინააღმდეგება სასესხო ურთიერთობებში საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საჯარო წესრიგს. სარგებლისთვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 62-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, არ ქმნის მისი ნაწილობრივ ბათილობის საფუძველს.

 

4.10. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეებმა ხელშეკრულებაში თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრეს სესხის სარგებელი წლიური 12.8 %-ის ოდენობით, რაც საბანკო სექტორში კრედიტზე დადგენილი საშუალო პროცენტის გათვალისწინებით, ასევე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს არაგონივრულ, ამორალურ და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ოდენობას.

 

4.11. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, (№ას-663-629-2015; 28.07.2015წ), რომელიც შეეხება ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებს და ამით არღვევს კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. მითითებულ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის იკვეთებოდა აშკარა შეუსაბამობა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი 78% შემცირდა წლიურ 48%-მდე.

 

4.12. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის - სს „ს----------–-------კის“ მოთხოვნა სარგებლის - 4986.40 ლარის, ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა ამ ნაწილში დააკმაყოფილა მართებულად და არ არსებობს დაკისრებული სარგებლის შემცირების საფუძველი.

 

4.13. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებზე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის მუხლი 417); ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (სკ-ის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილი); შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. (სკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი); სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (სკ-ის 420-ე მუხლი) და განმარტავს, რომ კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.

 

4.14. საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ. სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი). უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

4.15. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

4.16. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად.

 

4.17. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეებმა წერილობით განსაზღვრეს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ შემცირდა ათჯერ. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, სწორად დაადგინა მისი ოდენობა, ნაცვლად მოთხოვნილი 9796.11 ლარისა, 979.61 ლარის ოდენობით.

 

4.18. პალატა მოვალეთა მხრიდან ვალდებულების დარღვევის ხარისხისა და ხანგრძლივობის, შეუსრულებელი ვალდებულობის მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სარჩელის განმხილველი სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული პრირგასამტეხლო არის გონივრული და სამართლიანი. შესაბამისად, აპელანტების მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს აპელანტების თ--------ზ ჯ----–--ისა და რ--ა გ---------ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი