განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
140210117002153276
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210117002153276

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/ 2989-19 27 სექტემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - სს „კ-------------“

 

წარმომადგენელი - გ------- ა---–--–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-- ბ------, ნ----- ღ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „კ------- ბ---მა“ ლ-- ბ-----ისა და ნ----- ღ-------ის მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად 14 168.32 ლარის გადახდის (საიდანაც 7 700 ლარი არის ძირითად თანხა, 5548.92 პროცენტი, 512.77 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 406.63 ლარი დარიცხული ჯარიმა) დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, მოსამაზადებელ სხდომაზე სესხის ძირის - 7700 ლარის ნაწილში, ხოლო, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სესხის პროცენტის ნაწილის - 2774.46 ლარის ფარგლებში ცნეს, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სს „კ-------------ს“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად 10474.46 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „კ------- ბ---მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის დაკისრების ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ-- ბ------ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. მსესხებელმა სესხის სახით, 7700 ლარი შემდეგი პირობებით მიიღო: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.45%, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით და სიცოცხლის დაზღვევა (ტომი I, ს.ფ. 20-24).

 

6. 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და ნ----- ღ-------ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოპასუხემ, კრედიტორის წინაშე, ძირითადი მოვალის დავალიანების დაფარვის ვალდებულება იკისრა. თავდების პასუხისმგებლობა 13 800.50 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 31-33).

 

7. სს „კ------- ბ---სა“ და ლ-- ბ------ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. და 5.3 პუნქტების თანახმად, მსესხებელმა სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება იკისრა (ტომი I, ს.ფ. 24).

 

8. ლ-- ბ------სა და ნ----- ღ-------ეს სს „კ-------------ს“ მიერ დავალიანების დაფარვის შესახებ გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ და ვალდებულების შესასრულებლად ვადა განესაზღვრათ. მოპასუხეთა მიერ გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა (ტომი I, ს.ფ. 40).

 

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ლ-- ბ------სა და ნ----- ღ-------ეს სარჩელის აღძვრის შემდეგ, სარგებლის გადახდის (მიუღებელი შემოსავლის სახით) ვალდებულება არ უნდა დაეკისროთ.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს.

 

მოდავე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოვალისთვის თანხის სრულად დაბრუნებამდე, ყოველთვიური სარგებლის გადახდის ვალდებულების შესახებ დათქმა არ არსებობს, აღნიშნული გარემოება დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სასამართლოში წარდგენილი საჩივრითაც არ არის სადავოდ გამხდარი. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. იმისათვის, რათა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია, იგი დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციაში მოყვანილ ყველა ელემენტს აკმაყოფილებდეს. მოცემულ შემთხვევში, როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებამდე სარგებლის გადახდის ვალდებულება მოვალეს არ უკისრია, შესაბამისად, 403-ე მუხლით დადგენილი ერთ-ერთი მთავარი პირობა - გადახდის პირობაზე შეთანხმება, არ არსებობს, რაც ნორმის გამოყენების შესაძლებლობას იმთავითვე გამორიცხავს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება და არც მხარეთა მიერაა შედავებული, რომ ლ-- ბ------სა და ნ----- ღ-------ეს კრედიტორის მიერ დავალიანების დაფარვის შესახებ გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ და ვალდებულების შესასრულებლად ვადა განესაზღვრათ, თუმცა მოპასუხეთა მიერ გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. ამდენად, ვინაიდან აღნიშნული ვადა უშედეგოდ გავიდა და კრედიტორმა სასამართლოში სარჩელი 2017 წლის 01 ნოემბერს წარადგინა, ეს ნიშნავს, რომ სს „კ------- ბ---მა“ საკრედიტო ურთიერთობა შეწყვიტა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მოპასუხეებს საპროცენტო სარგებელი სწორედ ამ დრომდე უნდა დაკისრებოდათ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართულ ზეპირ სხდომაზე აპელანტმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეებისთვის დაკისრებული საპროცენტო სარგებელი არასწორად იყო გამოთვლილი. აღნიშნულ აპელირებას სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტიდან ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვალა და ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის გამოთვლა თვეებით იყო განსაზღვრული, აღნიშნული ნიშნავს, რომ 2017 წლის 9 ოქტომბრიდან - 9 ნოემბრამდე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი მოვალეებს აღარ უნდა დაკისრებოდათ, ვინაიდან ამ ვადის დადგომამდე კრედიტორმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

 

10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საქმის ზეპირი განხილვის დროს განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ საპროცენტო სარგებელს კრედიტორი როგორც, მიუღებელ შემოსავალს, ისე ითხოვდა და ეს მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არ არის დაყენებული, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის დაზუსტების ფაქტი არ იკვეთება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

 

იმისდა მიუხედავად მხედველობაში მივიღებდით თუ არა ზემოთ განვითარებულ მსჯელობას, პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მხარის მოთხოვნა უსაფუძვლო იქნებოდა შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსში ზიანის მომწესრიგებელი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა, მათი სისტემური გამოყენებისთვის აუცილებელია აღნიშნული ნორმების ერთობლივ ჭრილში განხილვა. ამ მიმართებით ყურადსაღებია ამავე კოდექსის 412-ე მუხლი, რადგან თავისი არსით ის ფულადი სარგებელი, რომელიც მხარეს შეიძლება დაეკისროს როგორც ზიანი, სწორედ ამ ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა. აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ისეთ ქმედებებს უკავშირებს, რომლებიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად ის ზიანი, რომელიც ისეთი ქმედების შედეგად დადგა, რომელიც მხარეს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კრედიტორისთვის ფულადი თანხის სრულად გადახდამდე სარგებლის დარიცხვის შესაძლებლობაზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, მოვალისთვის ხელშეკრულების დადებისას ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის განჭვრეტა, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მას ამგვარი თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა. საწინააღმდეგოს დადგენის შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ზიანის ანაზღაურების სამართალში მოქმედი განჭვრეტადობის პრინციპი და ასევე, ეს დასკვნა წინააღმდეგობაში მოვიდოდა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლთან, რომლითაც გამორიცხულია მხარისთვის იმაზე მეტი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულება, ვიდრე ეს მისთვის სავარაუდო იქნებოდა. ამასთანავე, აღნიშნულს შესაძლებელია მოვალის ინტერესის გაუმართლებელი შეზღუდვა გამოეწვია, რადგან მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება გააჩნია. აღნიშნული უფლება კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკრედიტო ურთიერთობებში, რადგან ასეთ დროს, ხელშემკვრელი მხარეები თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან და მოვალე განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. საკრედიტო ვალდებულების სიმძიმისა და მასთან დაკავშირებული შედეგების გაცნობიერების საჭიროებიდან გამომდინარე, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება მოვალისთვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკების განმარტების შედეგად თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გულისხმობს, შესაბამისად, მისთვის ისეთი სარგებლის დაკისრება, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო, მოვალის ფუნდამენტურ უფლებას უგულებელყოფს.

 

11. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია .

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაედასტურებინა ის ფაქტი, თუ რა მოტივით უნდა დაეკისრებინა სასამართლოს ხელშეკრულების ვადის ბოლომდე, საპროცენტო სარგებელი, მაშინ, როდესაც ამგვარი შეთანხმება მხარეებს შორის არ არსებობდა და ამასთან, სარჩელის აღძვრით სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა (2017 წლის პირველი ნოემბერი), რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ 2017 წლის 09 ოქტომბრიდან 09 ნოემბრამდე დასარიცხი ბოლო თვის პროცენტი მოვალეს არ უნდა დაკისრებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუღებელი შემოსავლის შესახებ აპელირებდა, მიუღებელი შემოსავალი ის თანხაა, რომელიც მხარემ ხელშეკრულების დარღვევის გამო ვერ მიიღო და ასეთი ფაქტის არარსებობის შემთხვევაში, იგი მას აუცილებლად მიიღებდა. შესაბამისად, როდესაც მხარე მიუღებელი შემოსავლის სახით ფულადი თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, აუცილებელია, მისი უცილობლად მიღების ფაქტის დადგენა, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ დასტურდება, სააპელაციო საჩივარი ზედაპირულ მითითებასაც კი არ შეიცავს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოტივების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სს „კ-------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, კი თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4 000 ლარით განისაზღვრება. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, რადგან სს „კ-------------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, იქნა გადახდილი, ამიტომ, საქმეზე 2019 წლის 03 ივნისს, სს „კ-------------ს“ მეშვეობით, №5----- საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბ---ის კოდით J-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტი სს „კ-------------ს“ მიერ გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 75 ლარი სს „კ------- ბ---ს“, უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო, დარჩენილ ნაწილში ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „კ-------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. საქმეზე 2019 წლის 03 ივნისს, სს „კ-------------ს“ მეშვეობით, №5----- საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბ---ის კოდით J-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტი სს „კ-------------ს“ მიერ გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 75 ლარი სს „კ------- ბ---ს“, უკან დაუბრუნდეს, დარჩენილ ნაწილში ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი