განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.04.2019
საქმის ნომერი
160310018002290821
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002290821

საქმე №3ბ/2732-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

02 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ----------–------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------ნ ფ--------–---ი

წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

გ------ნ ფ--------–---ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით გ------ნ ფ--------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5-----------ს N8-------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2--------ის N3---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2017 წლის 1--------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ------ნ ფ--------–---მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. ბოლნისში, ნ---- ნ----ლ---- ქ. N5-–ი მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ბოლნისის სანოტარო კანტორის 1990 წლის 2------------ის N4-- ცნობა, 1990 წლის 2------------ის N7- ოქმი, გადახდის ქვითრები, სადაზღვევო მოწმობა N4----- და N0-----, ცნობა N6--, საბინაო წიგნაკი.

 

რუსთველის საზოგადოების 1990 წლის 1------------ის N0-------- წერილის საფუძველზე რაიაღმასკომთან არსებული სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახებზე ბინების განცხადების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და გ------ნ ფ--------–---ის 9-სულიან ოჯახს გადაეცა რუსთველის საზოგადოების მიერ ჯ------ ხ---------ი ო---–---ან 94,0 ათ. მანეთად შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე მ-----–---–-ს ქ. N5---.

 

გ------ნ ფ--------–---ი, როგორც სტიქიით დაზარალებული პირი, გათავისუფლდა ბაჟის გადახდისაგან 94000 მანეთად ინდივიდუალური სახლის შეძენასთან დაკავშირებით.

 

1990 წლის 1-----------რს ბოლნისის რაი.ფინგანის განყოფილებას გასცა ცნობა N6-- იმის შესახებ, რომ გ------ნ ფ--------–---მა ბოლნისის რაი.ფინგანის განყოფილებაში წარადგინა დეკლარაცია 94,0 ათას მანეთად სახლის შეძენასთან დაკავშირებით თანხის წარმომავლობის შესახებ.

 

გ------ნ ფ--------–---ი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად ჩავიდა ქ. ბოლნისში 1990 წლიდან და ცხოვრობს ქ. ბოლნისში, მ-----–---–-ს ქ. N5---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

1990 წლის 1-------------ს ტექ.ბიუროს მიერ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების გამო გაიცა ცნობა - დახასიათება, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. ბოლნისი, მ-----–---–-ს ქ. N5--–- მდებარე საცხოვრებელი სახლი, მთლიანი, 1983 წლის 2------ის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა ჯ------ ხ---------ი ო---–- ა--------ზე.

 

2017 წლის 5-----------ს N8-------------- გადაწყვეტილებით გ------ნ ფ--------–---ს უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ხოლო 2018 წლის 2--------ის N3---- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი.

 

N8-------------- და N3---- გადაწყვეტილებებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმცხადებლის მიერ წარდგენილ და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტებით დაადგინა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო) სია, საგადასახადო სიები, მებაღეობის სია და ზონარგაყრილი წიგნები არ იყო დაცული. განმცხადებელი არ იყო აღრიცხული მიწის გადასახადის გადამხდელად, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა აღიარებას, უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გ------ნ ფ--------–---ი ოჯახთან ერთად არ იყო თვითნებურად დაუფლებული სადავო უძრავ ნივთს და მას ნივთი გადაეცა რაიაღმასკომთან არსებული სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახებზე ბინების განცხადების კომისიისაგან. დადგენილია, რომ 1990 წლის 1-----------რს ბოლნისის რაი.ფინგანის განყოფილებამ გასცა ცნობა N6-- იმის შესახებ, რომ გ------ნ ფ--------–---მა ბოლნისის რაი.ფინგანის განყოფილებაში წარადგინა დეკლარაცია 94,0 ათას მანეთად სახლის შეძენასთან დაკავშირებით თანხის წარმომავლობის შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, რამდენად წარმოადგენდა გ------ნ ფ--------–---ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.

 

სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, მე-41 მუხლზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ წესში მითითებულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს „სხვა დოკუმენტითაც“.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისთვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს დაუფლებული ნივთს და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რუსთველის საზოგადოების 1990 წლის 1------------ის N0-------- წერილის საფუძველზე რაიაღმასკომთან არსებული სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახებზე ბინების განცხადების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და გ------ნ ფ--------–---ის 9 სულიან ოჯახს გადაეცა რუსთველის საზოგადოების მიერ ჯ------ ხ---------ი ო---–---ან 94,0 ათ. მანეთად შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე მ-----–---–-ს ქ. N5---. ამდენად, გ------ნ ფ--------–---ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულ, 9-სულიან ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელსაც იგი წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. სასამართლო განმარტავს, რომ გ------ნ ფ--------–---მა განცხადებას დაურთო მართლზომიერი მფლობელობის სხვა დოკუმენტები, რომელთა სათანადო და არსებითი გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს ექნებოდა შესაძლებლობა სწორად შეეფასებინა წარდგენილი დოკუმენტები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იკვეთება არც საჯარო და არც კერძო პირთა ინტერესის არსებობა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით, მარეგისტრირებელმა ორგანომ წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, რომლის 2016 წლის 2-----------ის N1----- წერილის მიხედვით, ბოლნისის რაიონის ქალაქ ბოლნისის 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი) და მიწის ზონარგაყრილი წიგნები რუსთავის არქივში არ არის დაცული. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1-----------ის N2------------- წერილის მიხედვით, გ------ნ ფ--------–---ი არ არის აღრიცხული მიწის გადასახადის გადამხდელად. მარეგისტრირებელმა ორგანომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით 2017 წლის 1----------ს N4----- წერილით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28----------ს N3-- განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას. შედეგად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის უფლება. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8----------ს N3-- განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ნორმები. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ წესში მითითებულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება დადასტურდეს „სხვა დოკუმენტით“, თუმცა სასამართლო არ განმარტავს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, რომელი შეიძლება მიჩნეულიყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად.

 

იმისთვის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, სავალდებულოა მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოშობილი იყოს 2007 წლის 11 ივლისამდე ანუ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ არის მართლზომიერ მფლობელობაში. ამრიგად, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მიემართა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, რომელმაც მიიჩნია, რომ საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ 1994 წლის 2------------ის ბოლნისის რაიონულ აღმასკომთან არსებული სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახებზე ბინების განცხადების კომისიის სხდომის ოქმი და საბინაო წიგნაკი შესაძლოა იყოს უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული წესი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „წესში“ მითითებული დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც უნდა იქნეს დადასტურებული კანონიერი სარგებლობის ფაქტი, არ არის ამომწურავი და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც. იმისათვის რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, მთავრობის დადგენილება მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას - პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. აპელანტი თვლის, რომ დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ წარმოადგენს სადავო უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილებები.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლები. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისათვის აქტი გამოცემული უნდა იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, რაც საფუძვლად დაედებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობას.

 

აპელანტი აღნიშნავს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმების დისპოზიციას. შესაბამისად, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამასთანავე, სასამართლო არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული აქტების კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეემოწმებინა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთან, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სრულად იყო შესაძლებელი სასამართლო წესით. ასევე, არ დგინდება გასაჩივრებული აქტების გამოცემის პროცედურების დარღვევა, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება ბოლნისის რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გ------ნ ფ--------–---ისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთანავე, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხი გადაწყდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებულია მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იხილავს რა სადავო საკითხს მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 1--------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ------ნ ფ--------–---მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბოლნისში, ნ---- ნ----ლ---- N5-–ი მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ბოლნისის სანოტარო კანტორის 1990 წლის 2------------ის N4-- ცნობა, 1990 წლის 2------------ის N7- ოქმი, გადახდის ქვითრები, სადაზღვევო მოწმობა N4----- და N0-----, ცნობა N6--, საბინაო წიგნაკი. მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 5-----------ს N8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო) სია, საგადასახადო სიები, მებაღეობის სია და ზონარგაყრილი წიგნები არ იყო დაცული. განმცხადებელი არ იყო აღრიცხული მიწის გადასახადის გადამხდელად, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უარი თქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალიწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალიწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუკი პირი მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს და დაადასტურებს, რომ მართლზომიერი უფლება წარმოიშვა ზემოაღნიშნული კანონის მოქმედებამდე (2007 წ.), საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოახდინოს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულია, რომელი დოკუმენტაცია შეიძლება იქნეს განხილული მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, მაგრამ ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. კერძოდ, კანონმდებელი სანიმუშოდ ასახელებს უფლების დამდგენ კონკრეტულ დოკუმენტებს, თუმცაღა განმარტავს, რომ ამ დოკუმენტების გარდა უფლება შეიძლება წარმოიშვას „სხვა დოკუმენტის“ საფუძველზეც. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ავტომატურად არ უნდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო) სია, საგადასახადო სიები, მებაღეობის სია და ზონარგაყრილი წიგნები არქივში არ იყო დაცული, ასევე, განმცხადებელი არ იყო აღრიცხული მიწის გადასახადის გადამხდელად. მიუხედავად მითითებული გარემოებების დადგენისა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა შეესწავლა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და შეეფასებინა იგი, შედეგად კი დაედგინა, რამდენად წარმოადგენდა წარდგენილი დოკუმენტაცია სადავო უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტს.

 

გასათვალისწინებელია, რომ რუსთველის საზოგადოების 1990 წლის 1------------ის N0-------- წერილის საფუძველზე რაიაღმასკომთან არსებული სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახებზე ბინების განცხადების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და გ------ნ ფ--------–---ის 9-სულიან ოჯახს გადაეცა რუსთველის საზოგადოების მიერ ჯ------ ხ---------ი ო---–---ან 94,0 ათ. მანეთად შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე მ-----–---–-ს ქ. N5---. 1990 წლის 1-----------რს ბოლნისის რაი.ფინგანის განყოფილებას გასცა ცნობა N6-- იმის შესახებ, რომ გ------ნ ფ--------–---მა ბოლნისის რაი.ფინგანის განყოფილებაში წარადგინა დეკლარაცია 94,0 ათას მანეთად სახლის შეძენასთან დაკავშირებით თანხის წარმომავლობის შესახებ. ამასთანავე, გ------ნ ფ--------–---ი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად ჩავიდა ქ. ბოლნისში 1990 წლიდან და ცხოვრობს ქ. ბოლნისში, მ-----–---–-ს ქ. N5---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

საკითხის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოთხოვნილ უძრავ ნივთში ცხოვრობს 20 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში და მას არავინ ედავება უძრავ ქონებას, მოთხოვნილ უძრავ ნივთთან მიმართებით სხვა, მესამე პირი სამართლებრივ პრეტენზიას არ აყენებს. ამდენად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში მესამე პირთა კანონიერი უფლების ხელყოფა არ მოხდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, შეისწავლა და შეაფასა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების წარმართვასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე- 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხი მართებულად გადაწყვიტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ვინაიდან სადავო აქტების კანონიერება არ დასტურდება და საკითხი სათანადოდ შესწავლილი, გამოკვლეული და შეფასებული არ არის.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი