განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001614936
საქმე №3ბ/3052-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „S-----T R--- G-----A“
წარმომადგენელი - გ--–---------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი
მესამე პირი - სს „ს----------–--ს რ-------ა“
წარმომადგენელი - ნ--------–-------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სს „ს----------–--ს რ-------ის“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 0-----სს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,S-----T R--- G-----A’’ და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი 4--------. რეგისტირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, თ---------–--ის მ-------ი N-, ელექტონული ფოსტის მისამართად - i----------t.ge ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად - მისი დირექტორი მ-----–ი მ-----–ა–---–-. ამონაწერის თანახმად, შპს-ს პარტნიორს წარმოადგენს მისი მესაკუთრე, 100 %-იანი წილის მფლობელი სს „ს------- რ---– ე---------ი“ (1-------).
2015 წლის 0------------–ს სს „ს----------–--ს რ-------ამ“ გამოაცხადა S---------- ელექტრონული ტენდერი ნაწილებისა და აქსესუარების სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათის (C----------) და მუხრუჭის ბუნიკების (C----------) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2015 წლის 0-------ის N5-- სხდომის ოქმით შპს „S-----T R--- G-----A“ გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს „S-----T R--- G-----A-სა“ და სს „ს----------–--ს რ-------ას“ შორის 2015 წლის 1-------ს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშ-------- ელექტრონულ ტენდერზე (S------------) სამუხრუჭე ბუნიკების შესყიდვის თაობაზე (CVP კოდი - 3-------, 3-------).
2015 წლის 1-----------ს სს „ს----------–--ს რ-------ის“ სადგურ თბილისი მახარისხებელში შედგენილ იქნა ჩატარებული ექსპერიმენტის აქტი, მასზედ, რომ მითითებულ დღეს შეტანილ იქნა სამუხრუჭე ბუნიკი მისი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, რა დროსაც გამომჟღავნდა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, კერძოდ, 1) სამუხრუჭე ბუნიკი ლიანდაგზე დგას არამდგრადად (ქანაობს) „ქვედის“ დეფორმაციის გამო. 2) სამუხრუჭე ბუნიკი რელსზე არ სრიალებს ვაგონის ზედ შეგორებისას, ხურდება დაწოლისას და რელსზე აჩენს „ნადნობებს“, რაც სახიფათოა როგორც ამ ბუნიკისთვის, ასევე სხვა ბუნიკებისათვის.
შპს „S-----T R--- G-----A-ს“ დირექტორს 2015 წლის 3-----------ს სს „ს----------–--ს რ-------ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის N5--- წერილით ეცნობა, რომ მხარეებს შორის 1--------- წ. Nშ-------- ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელმა 2015 წლის 3-----–-სს მიაწოდა 1400 ცალი სამუხრუჭე ბუნიკი, რომელსაც ექსპერიმენტალური გამოცდის დროს აღმოაჩნდა ნაკლოვანებები, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ შეთანხმებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, უვარგისია ექსპლუატაციისათვის და საფრთეს უქმნის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას. ყოველივე აღნიშნულის გამო მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე და გათვალისწინებული მოთხოვნების, საქონლის ნიმუშისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი საქონელის ჩანაცვლება 30 დღის ვადაში.
2015 წლის 1-------------ს ქ. თბილისის მახარისხებლის სადგურში შედგა ჩატარებული ექსპერიმენტის აქტი შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ 1--------- წ. NS------ თხოვნის შესაბამისად წარდგენილი ბუნიკის ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, რა დროსაც გამოვლინდა ხარვეზები და დადგინდა, რომ სამუხრუჭო ბუნიკების გამოვლენილი მაჩვენებლები სახიფათოა მანევრების წარმოების უსაფრთხოებისათვის.
სს „ს----------–--ს რ-------ის“ შესყიდვების სააგენტოს უფროსს 2015 წლის 0---------ოს N0------ წერილით მიმართა სატვირთვო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა და აცნობა, რომ 1--------- წ. Nშს 1----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ მიერ შემოტანილი სამუხრუჭე ხუნდები არ შეესაბამება წარმოდგენილ ნიმუშს, საკითხის გარკვევამდე მოთხოვნილ იქნა თანხის გადახდის შეჩერება. იმავე წლის 1- აგვისტოს შესყიდვების სააგენტოს უფროსს დამატებით ეცნობა, რომ წარდგენილი ბუნიკების ნაკლოვანების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა ბუნიკის ექსპერიმენტალური გამოცდის დროს. წარდგენილი პროდუქტი აღნიშნული ფორმით საფრთხეს უქმნის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას. მიმართვით მოთხოვნილ იქნა შექმნილი გარემოებების შესახებ შპს „S-----T R--- G-----A-სთვის“ შეტყობინების გაგზავნა.
შპს „S-----T R--- G-----A-მ“ 2015 წლის 2-----------ს NS------ წერილით მიმართა სს „ს----------–--ს რ-------ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორს და აცნობა, რომ 2015 წლის 3-----–-სს შემსყიდველს ჩააბარა 1400 სამუხრუჭე ბუნიკი, რომლის ექსპლუატაციაში გამოცდის შემდეგ სს „ს----------–--ს რ-------ის“ წარმომადგენელბმა დაადგინეს, რომ პროდუქცია არ აკმაყოფილებდა მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს, რასაც უარყოფდა მისი მწარმოებელი კომპანია. მიუხედავად ამისა, შპს „S-----T R--- G-----A-მ“ დამატებით შეიტანა 02 ერთეული სამუხრუჭე ბუნიკი, თუმცა გამოცდის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ვერც ესენი აკმაყოფილებდნენ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმართვის ავტორმა მოითხოვა სს ,,ს----------–--ს რ-------ას“ და შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ შორის 2015 წლის 1-------ს გაფორმებული Nშ-------- ხელშეკრულების შეწყვეტა და მიწოდებული 1400 სამუხრუჭე ბუნიკის უკან დაბრუნება.
2016 წლის 0------------–ს სს „ს----------–--ს რ-------ასა“ და შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ შორის შედგა უკან დაბრუნების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 1-------ის დადებული Nშ-------- ხელშეკრულების თანახმად სატვირთოს საწყობში (ვ---- ქუჩა N1) შეტანილ იქნა სამუხრუჭე ბუნიკი (გორაკის) 8------ TY 3---------------- 1400 ცალი (საქონლის ზედდებული N0--------- 3--------- წ.), რომელიც წუნდებულ იქნა 2015 წლის 1-------------ს დეფექტური აქტის საფუძველზე და დაბრუნდა მიმწოდებელს შპს „S-----T R--- G-----A-ს“.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 0-----------რს N5--------- წერილით მიმართა სს ,,ს----------–--ს რ-------ამ“ და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიმწოდებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოთხოვნილ იქნა შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ შავ სიაში დარეგისტრირება, სახელმწიფო შესყიდვების თავჯდომარის 2015 წლის 2--------------ს N1- ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მესამე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.
შპს „S-----T R--- G-----A-ს“ 2016 წლის 1-------------ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს N4--- წერილით ეცნობა სს ,,ს----------–--ს რ-------ის“ მიერ წარდგენილი განცხადების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების თავჯდომარის 2015 წლის 2--------------ს N1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაევალა მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი განმარტების წარდგენა სახელმწიფო სესყიდვების სააგენტოში ანდა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - i---------------.gov.ge.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 0---------რს გამოცემული იქნა განკარგულება N3---, რომლითაც შპს ,,S-----T R--- G-----A“ 2016 წლის 0----------იდან დარეგისტრირდა შავ სიაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის მიერ 2016 წლის 0---------რს გამოცემული N3--- განკარგულება შპს ,,S-----T R--- G-----A-მ“ სადავო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 2---------რს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
3.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მნიშვნელობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 0----------ის N3--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული დავის ფარგლებში.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებზე, პირველ მუხლზე, მე-101 მუხლის პირველ პუნქტზე. სასამართლომ აღნიშნა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს №1- ბრძანებით დამტკიცებული იქნა „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს №1- ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
იმავე წესის 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--ს რ-------ის“ 2016 წლის 0------------ის N5--------- მიმართვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა შეტყობინება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რომლის საფუძვლადაც მიეთითა მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
სასამართლომ არ გაიზიარა მიმწოდებლის განმარტება მასზედ, რომ მიწოდებული პროდუქტი - ბუნიკები სრულად შეესაბემებოდა ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რ-------ას უნდა მიეღო აღნიშნული, მოგვიანებით მიმწოდებელმა დამატებით წარადგინა 2 ერთეული სამუხრუჭე ბუნიკი და იმედს გამოთქვავდა, რომ აღნიშნული მაინც დააკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნას, თუმცა მათი შემოწმების შედეგად დადგინდა ამ უკანასკნელი პროდუქციის ხარვეზი.
სასამართლომ განმარტა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემაში არსებული ,,კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება, რაც მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელს არ განუხორციელებია და, რომლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა აერიდებინა აღნიშნული ფაქტის არსებობა, არ დამდგარიყო ის სამართლებრივი შედეგი, რამაც მოსარჩელე მხარე სასამართლოში მიმდინარე დავაში მონაწილე სუბიექტად აქცია. მიმწოდებლს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისას ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა მის ხელთ არსებული რესურსები, რამდენად შესრულებადი და დაძლევადი იყო შესასყიდი სამუშაოების დადგენილ ვადაში, მითითებული ხარისხის (ტექნიკური მახასიათებლები) შესრულება და იმდაგვარად გადაეწყვიტა ტენდერში მონაწილეობის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას კანონმდებლობა აძლევდა საშუალებას მოეთხოვა სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და მისადაგება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებაში.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. მითითებული საკანონმდებლო აქტში გადმოცემული ეს დანაწესი უზურნველყოფს ტენდერში მონაწილე პირთა მიერ სატენდერო პირობების წინასწარ გაცნობის შესაძლებლობას და თუკი პრედენტი არ ეთანხმება გამოქვეყნებულ პირობებს, მიაჩნია არაკანონიერად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედების გასაჩივრების და დავის განხილვის წესს, იმ შემთხვევაში კი თუ პრედენტი ეთანხმება პირობებს, აფასებს არსებულ მდგომარეობას, საქმის კურსშია ყველა არსებით პირობაზე, გაცნობილია მათ, მოწონებულია და გამარჯვების შედეგად აფორმებს ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. კონკურსის გასაჩივრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. რაც განსახილველ შემთხევაში სახეზე არ არის, პრეტენდენტის მიერ გაცნობილი იქნა რა გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, შესწავლილ და მოწონებულ იქნა იგი, ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ტენდერში, მოიწონა გამოქვეყნებული პირობები და გამარჯვებულად იქნა გამოვლენილი, რასაც შემდგომში მოჰყვა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება და უფლება-მოვალეობების განსაზღვრა/შეთანხმება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს №1- ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ფუნქციებში, როგორც განსახილველი სამართალურთიერთობის, ასევე, ზოგადად, შესყიდვების სფეროში პრინციპული მნიშვნელობით გამორჩეულია შესყიდვების მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოების კომპეტენცია. ,,სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ 3.1 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
შავი სიის არსთან და დანიშნულებასთან დაკავშირებით,საქართველოს უზენაესი სასამართლო №ბს-667-642 (კ-13) საქმეზე 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში მიუთითებს: „საკასაციო სასამართლოსთვის მოცემულ საკითხზე საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობის შედეგად ცხადი გახდა, რომ ამ ინსტიტუტის შემოღებით საქართველოს სახელმწიფო უდავოდ ნოვატორია, რამდენადაც მოძიებული მასალების მიხედვით, ევროპის სამართლებრივ სახელმწიფოებში არც ერთგან არ ხორციელდება ამგვარი რეესტრის წარმოება, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება არაკეთილსინდისიერ შემსყიდველთა სიის შედგენა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, შესაბამისად, ხელმისაწვდომია, მაგრამ აქვს ინფორმაციული ხასიათი და უშუალო სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, რამდენადაც არ გამხდარა საკანონმდებლო მოწესრიგების საგანი. ამდენად,იურიდიული ძალა მხოლოდ საქართველოში მიენიჭა. საკასაციო სასამართლო ქართული ბიზნეს სექტორის დაბალი სამართლებრივი კულტურისა და გამეფებული უპასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ამგვარ ნოვაციას არ აფასებს ნეგატიურად, მეტიც, ამ ინსტიტუტმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს კეთილსინდისიერი პარტნიორული კულტურის ჩამოყალიბებას, მათი ორგანიზაციულობისა და პასუხისმგებლობისამაღლებას...“
სასამართლომ განმარტა, რომ შემსყიდველთათვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა წარმოადგენს მათი სამოქალაქო უფლების რეალიზაციას, რომლის სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესით, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირთა რეესტრის წარმოების მიზანი არის ერთგვარი ინფორმაციის მიწოდება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, ამასთან, განსაზღვროს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ მიუთითა ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, შესმყიდველი ორგანიზაციის მიერ სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნი შეუსრულებლობის ფაქტს. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს-ს მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 0----------ის N3--- განკარგულება ,,შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება როგორც მმართველობის კანონიერებაზე, სახელმწიფო სახსრების რაციონალურ განაწილებასა და ხარჯვაზე, სახელმწიფოს, როგორც კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის პარტნიორის იმიჯის ჩამოყალიბებაზე, ასევე, თავად სამეწარმეო სუბიექტებისთვის ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების, კანონიერი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფაზე. ს----------–--ს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლსი 21 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე Nბს-667-642(კ-13) განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების, როგორც მმართველობითი ფუნქციის კანონიერი განხორციელება გარკვეული ასპექტით პასუხობს ს----------–--ს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, კერძოდ, ს----------–--ს კონსტიტუციის 30.2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აღნიშნული ვალდებულება მოიცავს, როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში, როგორც ნორმატიულ (საკანონმდებლო), ნორმატიულ-ადმინისტრაციულ (კანონქვემდებარე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, პროცედურები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებები), სამართლიან და თანასწორობაზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტების დადგენას, ასევე, დადგენილი ნორმების პრაქტიკულ ვითარებაში სამართლიან და კანონშესაბამისი აღსრულების დამკვიდრებას. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების ჯეროვანი შესრულება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, რამდენადაც სახელმწიფო მისი ადმინისტრაციული ორგანოების სახით სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, სამართლებრივი პროცესის შემოქმედი, შესაბამისად, მის კანონიერებაზე და პირის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტია. სახელმწიფო შესყიდვების კანონიერება თავისი სამართლებრივი შედეგებით გავლენას ახდენს, როგორც მმართველობის საჯაროობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების ხარისხზე, სახელმწიფო ფულადი სახსრების ხარჯვის რაციონალურ ხასიათზე, მის მიმართ ნდობისა და ავტორიტეტის ჩამოყალიბების ტემპებზე, საზოგადოების განწყობის ფორმირებაზე, ასევე, პრაქტიკაში დამკვიდრებული კლანური ეკონომიკის, გავლენიანი ჯგუფების ბიზნეს-ინტერესების, კორუფციული გარიგებების სქემების გატარების ნაცვლად ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე, კონკურენტული გარემოსა და კანონიერი სამეწარმეო ურთიერთობების ტენდენციის შექმნაზე.“
სახელმწიფო შესყიდვების კანონიერების როლი და გავლენა განმსაზღვრელია საჯარო მმართველობის სამართლებრივი იმიჯისათვის, რამდენადაც სახელმწიფოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ამოცანების შესასრულებლად მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესაძენად, რამდენადაც მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანი შესრულება სხვადასხვა მატერიალური სახის საჭიროებაზეა დამოკიდებული, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა კი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, რის უზრუნველსაყოფად კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესები, პრინციპები და სტადიებია დადგენილი, რომლის განუხრელ შესრულებას მინიმუმამდე დაჰყავს პროცედურის და მისი შედეგების გაუმჭვირვალობა, ინტერესთა კონფლიქტის, კორუფციული სქემების დაშვების შესაძლებლობა.
ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის აზრით, სააგენტომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ჯეროვანი გამოკვლევის ვალდებულება. სააგენტო აპელირებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც მითითებას აკეთებდა მიწოდებული საქონლის ნაკლიანობაზე, თუმცა არ შესწავლილა საკითხი იმის შესახებ, შეესაბამობოდა თუ არა სათანადო სტანდარტებს ის ქონება, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნული საქონლის შეძენა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ნივთი (საკუთვნებელი), რომელიც მთავარი (ძირითადი) ნივთის სამსახურისთვისაა განკუთვნილი, შესაძლებელია ავლენდეს ნაკლს, თუ თავად ეს ნივთია ნაკლიანი. კონკრეტულ შემთხვევაში კი არ მომხდარა იმ ვაგონებისა და რელსების ტექნიკური შემოწმება, რომელთა სამსახურისთვისაც იქნა შესყიდული ბუნიკები, ასევე არ მომხდარა რელსების შემოწმება, რომელზეც აღნიშნული საქონელი უნდა გამოცდილიყო. ბუნებრივია, ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა პრობლემა არა აპელანტის მიერ მიწოდებულ საქონელში, არამედ სხვა, თავად შემსყიდველის ქონებაში ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მხარეთა შორის საქონლის მიწოდებამდე მოხდა ნიმუშების წარდგენა შემსყიდველისთვის, რომელიც ამ უკანასკნელისთვის მისაღები აღმოჩნდა, მოსარჩელემ კი სწორედ იმავე საქონლის მიწოდება განახორციელა.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ პრედენდენტის ტენდერში შესვლა მისი მხრიდან სატენდერო პირობების მოწონებასა და მათზე თანხმობას გულისხმობს, ამდენად, შემსყიდველის მხრიდან მისაწოდებელი საქონლის ნიმუშების მოწონება მათ მიღებაზე თანხმობას უნდა გულისხმობდეს. გარდა აღნიშნულისა, არც სააგენტომ და არც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 3-----–-სს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაც უდავოდ მოწმობდა შემსყიდველის მიერ აღნიშნული საქონლის მიღებას. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ მყიდველი მეწარმეა იგი ვალდებულია დაუყონებლივ შეამოწმოს ნივთი, სხვა შემთხვევაში ის კარგავს შემდგომში ნივთის ნაკლის გამო წარმოშობად უფლებებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამყიდველი განგებ დუმდა ასეთი ნაკლის შესახებ. ამ ნორმის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება დროულად უზრუნველყოს ნივთის ხელშეკრულებასთან შესაბამისობისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. საქონლის მიწოდებისას და მეტიც, ასეთი მიწოდებიდან 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შემსყიდველს შესყიდულ საქონელზე პრეტენზია არ წარუდგენია, რამაც ბუნებრივად გააჩინა მიმწოდებელში მისი მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების რწმენა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტის აზრით, სასამართლო არასწორად მიუთითებს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე, რამეთუ ამ უკანასკნელის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონით განსაზღვრული მოთხოვნის დაუცველად, ნორმის შინაარსისა და მიზნის გათვალისწინების გარეშე, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების ურთიერთშეუჯერებლად. როგორც სასამართლოს მსჯელობიდან ირკვევა, აღნიშნული სიის წარმოება ქართული ბიზნე სექტორის დაბალი სამართლებრივი კულტურისა და გამეფებული უპასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამართლებულ ნოვაციას წარმოადგენს. ამ ნაწილის ანალიზიდან გამოდის, რომ რეალურად სიის მიზანი უპასუხისმგებლო, არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლის „დასჯაა“, მისთვის გარკვეული უფლების შეზღუდვით. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ მიმწოდებლის მხრიდან არ განხორციელებულა ისეთი ქმედება, რომლის გამოც შესაძლებელია იგი უპასუხიმგებლო ან არაკეთილსინდისიერ პირად იყოს მიჩნეული, მით უფრო, როდესაც ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მიერ წუნდებული საქონლის ჩანაცვლებას, შემსყიდველის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
აპელანტი აღნიშნავს, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლების არსებობის პირობებშიც კი გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გამონაკლისები, რომელსაც „შავი სიის წარმოების წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს. კერძოდ სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. აქედან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სააგენტოს უნდა გაეთვალისწინებინა ბაზრის მდგომარეობა, მხარეთა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესყიდვების სააგენტო დაადგენდა დარღვევის ფაქტის არსებობს, მას აპელანტისთვის უნდა მიეცა გაფრთხილება და არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეს აქამდე არ ჰქონია გაფრთხილება; წარმატებით აქვს დასრულებული 24 სახელმწიფო ტენდერი; მოსარჩელე წარმოადგენს ბაზრის მსხვილ მოთამაშეს და სახელმწიფო შესყიდვებში მისი მონაწილეობით სახელმწიფომ დაზოგა ასობით ათასი ლარი. ასევე გასათვალისწინებელია დარღვევის ხასიათი, სახელმწიფოსთვის მოსარჩელის ბაზარზე ყოფნით უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთე იქნება უზრუნველყოფილი, ვიდრე მისი შავ სიაში რეგისტრაციით. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, მისი შავ სიაში რეგისტრაცია უნდა ჩაითვალოს თანაზომიერების პრინციპის დარღვევად და მართლზომიერი იქნებოდა, რომ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად გამოეყენებინა გაფრთხილება. ამასთან, შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ განკარგულების მიღებიდან დღემდე მოსარჩელეს ს----------–--ს რ-------ასთან გაფორმებული და დასრულებული აქვს რამდენიმე მილიონის ღირებულების ტენდერები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აპელანტი კეთილსინსიერი შემსრულებელია და მხარეები წარმატებულად თანამშრომლობენ წლების განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, კერძოდ, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს შპს „S-----T R--- G-----A-ს“ შავ სიაში რეგისტრაციის კანონიერება.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ს----------–--ს კანონი. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ს----------–--ს კანონის შესაბამისად შემუშავებულია და პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2--------------ს N1- ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები.“ მითითებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და ჩამოთვლილია ის ინფორმაცია, რომელსაც შეტყობინება უნდა შეიცავდეს. მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად კი, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
იმავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად კი, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელიც გაიმარჯვებს ტენდერში და, რომელთანაც იდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს დროულად, სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მისი შავ სიაში რეგისტრაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 0------------–ს სს ,,ს----------–--ს რ-------ამ“ გამოაცხადა S---------- ელექტრონული ტენდერი ნაწილებისა და აქსესუარების სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათის (C----------) და მუხრუჭის ბუნიკების (C----------) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2015 წლის 0-------ის N5-- სხდომის ოქმით შპს „S-----T R--- G-----A“ გამოვლინდა გამარჯვებულად და მასთან დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. შედეგად, მიმწოდებელმა 2015 წლის 3-----–-სს ჩააბარა 1400 ცალი სამუხრუჭე ბუნიკი, თუმცა მათი შემოწმებისას გამოიკვეთა ისეთი ნაკლოვანებები, რაც სახიფათო იყო მანევრების წარმოებისას. ამასთან დაკავშირებით 2015 წლის 1-----------ს და 1-------------ს შედგენილ იქნა ჩატარებული ექსპერიმენტების აქტები.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დადგენილია, რომ შპს ,,S-----T R--- G-----A-მ“ 2015 წლის 2-----------ს №S------ წერილით მოითხოვა 2015 წლის 1-------ს გაფორმებული N შ-------- ხელშეკრულების შეწყვეტა და მიწოდებული 1400 სამუხრუჭე ბუნიკის უკან დაბრუნება. 2016 წლის 0------------–ს სს ,,ს----------–--ს რ-------ასა“ და შპს ,,S-----T R--- G-----A-ს“ შორის გაფორმდა აქტი, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 1-------ის ხელშეკრულების თანახმად სატვირთოს საწყობში შეტანილ იქნა სამუხრუჭე ბუნიკი (გორაკის), 1400 ცალი, რომელიც იქნა წუნდებული 2015 წლის 1-------------ს დეფექტური აქტის საფუძველზე და დაუბრუნდა მიმწოდებელს.
ასევე დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--ს რ-------ის“ 2016 წლის 0------------ის N5--------- მიმართვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა შეტყობინება პრეტედენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რომლის საფუძვლადაც მიეთითა მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა. მიმწოდებელს ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ შესყიდული ბუნიკების მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. ამასთანავე, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მიწოდებული საქონლის ხარისხიანობას და გააბათილებდა ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებს. კერძოდ, ექსპერიმენტის აქტის შესაბამისად, სამუხრუჭე ბუნიკი ლიანდაგზე დგას არამდგრადად (ქანაობს) „ქვედის“ დეფორმაციის გამო; სამუხრუჭე ბუნიკი რელსზე არ სრიალებს ვაგონის ზედ შეგორებისას, ხურდება დაწოლისას და რელსზე აჩენს „ნადნობებს“, რაც სახიფათოა როგორც ამ, ისე სხვა ბუნიკებისათვის.
ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხამარებელს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელს აღნიშნული უფლება არ განუხორციელებია. სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ მიმწოდებლს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისას ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა მის ხელთ არსებული რესურსები, რამდენად შესრულებადი და დაძლევადი იყო შესასყიდი სამუშაოების დადგენილ ვადაში, მითითებული ხარისხით (ტექნიკური მახასიათებლები) შესრულება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას კანონმდებლობა აძლევდა საშუალებას მოეთხოვა სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და მისადაგება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 0----------ის N3--- განკარგულება „შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფარგლებში.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ შპს „S-----T R--- G-----A-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე