განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310115001174653
საქმე №3ბ/537-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - თა--------------–--ე;
აპელანტი (მესამე პირი) – შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტი“;
წარმომადგენელი - თ---------------–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ლ-------------ა;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტები მოთხოვნა
1.1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტი“ ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ტ------------ტი“-ს მიერ წარდგენილ DIS---------_01 საჩივართან დაკავშირებით.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით განსახორციელებელი სატენდერო პროცედურების ჩატარების მიზნით. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვრა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგენლობით.
აღნიშნული ბრძანების გამოცემის ერთ - ერთ საფუძვლად პრეამბულაში მითითებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი“, რომელიც ძალადაკარგული იქნა 2015 წლის 1 ივლისიდან შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში შეტანილ იქნა რამოდენიმე ცვლილება, მათ შორის, 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანების სახელწოდებაში შევიდა ცვლილება და გათვალისწინებული იქნა, რომ აღნიშნული ბრძანებით ,,სატენდერო“ კომისიასთან ერთად ასევე შეიქმნა ,,საკონკურსო“ კომისიაც. ამასთან, ცვლილება შევიდა პრეამბულაში და ბრძანების გამოცემის საფუძვლად ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესისა“ მითითებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 216-218);
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა კონკურსი საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე CN----------. საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სასურველი იყო ჰყოლოდა შემდეგი ძირითადი სპეციალისტები, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, კერძოდ, ჰიდროლოგი 10 წლიანი მინიმალური ზოგადი პროფესიული სამუშაო გამოცდილებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 17 ოქტომბრის N2 ოქმით ცვლილებები შევიდა საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევასა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის CN---------- ელექტრონული კონკურსის დოკუმენტაციაში და ტექნიკურ დავალებაში, წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკონკურსო კომისიის 2015 წლის 7 ოქტომბრის N1 ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 196-197);
- საკონკურსო დოკუმენტაცია (ტ. 1, ს.ფ. 165-195);
- საკონკურსო კომისიის 2015 წლის 17 ოქტომბრის N2 ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 198-199);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
შპს „ს------------------–----------------------ის ტ------------ტის“ მიერ წარდგენილ იქნა ტექნიკური დოკუმენტაცია ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავდა შპს ,,ტ------------ტსა“ და კომპანიის მიერ სპეციალისტად წარდგენილ გი----------------–--ესთან (ჰიდროლოგი) წინარე შეთანხმებას, საჭიროების შემთხვევაში პირის დასაქმებისა და მის მიერ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე. წარდგენილი იყო ასევე გი----------------–--ის საინფორმაციო ანკეტა, რომელიც შეიცავდა გი----------------–--ის ხელმოწერას, დიპლომის ასლსა და პირადობის მოწმობის ასლს.
2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა გ---------------ულიძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ტ------------ტის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია. მან 2014 წლის ბოლოს ხელი მოაწერა შპს ,,ტ------------ტთან“ არსებული კონტრაქტის დასრულებაზე. ასევე მიიღო პასუხი, რომ მომავალში მასთან თანამშრომლობა შპს ,,ტ------------ტის“ 2015 წლის პროექტებში არ განიხილებოდა. აღნიშნულის შემდეგ მას რაიმე შეთავაზება თანამშრომლობაზე ან საკონკურსო პროექტში მონაწლეობაზე შპს ,,ტ------------ტისაგან“ არ მიუღია, შესაბამისად CT---------- ელექტრონულ კონკურსში წინარე ხელშეკრულებაზე და საინფორმაციო ანკეტაზე ხელი არ მოუწერია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გი----------------–--ის 2015 წლის 2 ნოემბრის განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 212);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 2 ნოემბრის N3 ოქმით შეიქმნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლისათვის მუშა ჯგუფი. მუშა ჯგუფს დაევალა დოკუმენტაციის შესწავლა და მისი წარდგენა კომისიის სხდომაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2015 წლის 2 ნოემბრის N3 ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 201-202);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2015 წლის 6 ნოემბერს შპს „ს------------------–----------------------მა ტ------------ტმა“ განცხადება წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ CN---------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 2015 წლის 28 ოქტომბერს, 12:01 საათზე, პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში დაფიქსირდა პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასები. ასევე საჩივრის ავტორი სადავოდ მიიჩნევდა საკონკურსო კომისიის კომპეტენციის საკითხს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს------------------–----------------------ის ტ------------ტის“ 2015 წლის 6 ნოემბრის განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 59-63);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმის თანახმად, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, განხორციელდა შპს „ს------------------–---------------------- ტ------------ტის“ დისკვალიფიკაცია CNT--------- კონკურსიდან. ამავე ოქმის მიხედვით, მეორე პრეტენდენტს - შპს ,,ს---------------–-----------–-------------–-----------------–----------------–----------------------------------–-------ა“-ს განესაზღვრა სამი სამუშაო დღე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენისათვის. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ საკონკურსო კომისია იმსჯელებდა აღნიშნული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დკუმენტაციის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 208-211);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2015 წლის 11 ნოემბერს შპს „ს------------------–----------------------მა ტ------------ტმა“ საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ფაქტი, ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასების დაფიქსირებას და მათ მიერ ჩადენილი არ იყო არაკეთილსინდისიერი ქმედება, ვინაიდან კომისია თავის გადაწყვეტილებას აფუძნებდა იმგვარ მტკიცებულებაზე (გი----------------–--ის განცხადება), რომელიც არ ჰქონდა გამოკვლეული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს------------------–---------------------- ტ------------ტის“ 2015 წლის 11 ნოემბრის საჩივარი (ტ. 1, ს.ფ. 72-73);
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს შპს „ს------------------–----------------------მა ტ------------ტმა“ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 93-95);
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის DIS----------01 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტ------------ტის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნულ კონკურსთან მიმართებით დადგინდა სატენდერო კომისიის მიერ 2015 წლის 11 ნოემბრის N5 სხდომის ოქმის გაუქმება და სათანადო წესით შექმნლი კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ჩატარება. მიჩნეულ იქნა სატენდერო კომისია არაუფლებამოსილ ორგანოდ, რის გამოც მის მიერ გამოცემული აქტი გამოცემისთანავე ასევე მიჩნეული იქნა არარად. საბჭოს საჩივარში მითითებული სხვა საკითხები არ შეუფასებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის DIS----------01 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 93-95);
- მხარეთა ახსნა განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, განმარტა, კანონის მიზანი, ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კონკურსი განიმარტება, როგორც ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტზე აპელირებით განმარტა, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მე-102 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქმის მასალებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა კონკურსი საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე CN----------. საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სასურველი იყო ჰყოლოდა სპეციალისტები შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, კერძოდ, ჰიდროლოგი 10 წლიანი მინიმალური ზოგადი პროფესიული სამუშაო გამოცდილებით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს------------------–----------------------ის ტ------------ტის“ მიერ წარდგენილ იქნა ტექნიკური დოკუმენტაცია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რაც შეიცავდა შპს ,,ტ------------ტსა“ და კომპანიის მიერ სპეციალისტად წარდგენილ გი----------------–--ესთან (ჰიდროლოგი) წინარე შეთანხმებას, საჭიროების შემთხვევაში პირის დასაქმებისა და მის მიერ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე. წარდგენილი იყო ასევე გი----------------–--ის საინფორმაციო ანკეტა, რომელიც შეიცავდა გი----------------–--ის ხელმოწერას, დიპლომის ასლსა და პირადობის მოწმობის ასლს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმის თანახმად, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, განხორციელდა შპს „ს------------------–---------------------- ტ------------ტის“ დისკვალიფიკაცია CNT--------- კონკურსიდან, კერძოდ, არაკეთილსინდისიერ ქმედებად მიჩნეული იქნა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი გი----------------–--ის განცხადებით ის უარყოფდა პრეტენდენტთან თანამშრომლობასა და პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მის ხელმოწერას.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საბჭოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, საბჭო უფლებამოსილია მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ გადაწყვეტილებაზე/ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება. მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების/ქმედების გადასინჯვა ან გაუქმება.
საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ პრეტენდენტის მიერ კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, როგორც სასარჩელო წარმოების წესით, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით სამი საფუძვლით, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ფაქტი, ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასების დაფიქსირებას და მათ მიერ ჩადენილი არ იყო არაკეთილსინდისიერი ქმედება, ვინაიდან კომისია თავის გადაწყვეტილებას აფუძნებდა იმგვარ მტკიცებულებაზე (გი----------------–--ის განცხადება), რომელიც არ ჰქონდა გამოკვლეული. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ მიღებული იქნა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს არაუფლებამოსილების ჭრილში, ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველი და ასევე პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასების დაფიქსირების ფაქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნულ დავის საგანზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლებით არსებული სასარჩელო წარმოება. საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2015 წლის 27 ნოემბერს სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს ,,საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტი ტ------------ტის“ სარჩელი მიღებული იყო სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იყო ცნობილი.
სასამართლომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებით შექმნილი კომისიის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებსა და წესზე“, რომლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კონკურსი იყო ამ წესის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენებოდა შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ხოლო ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია იყო კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წესის მიზანია საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრა, კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგება, კოორდინაცია და მონიტორინგი. მოცემული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კონკურსი განსაზღვრულია, როგორც სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით - საკონკურსო კომისია იქმნება კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდგომ კანონმდებელი კომისიის ფორმირებისთვის არ ადგენდა განსხვავებულ წესსა და პირობებს, რაც ახალი კომისიის შექმნის სავალდებულო პირობა შეიძლება გამხდარიყო, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში არსებული ფორმალური ხარვეზი, რაც 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებით გამოსწორდა, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით გათვალისწინებული წესის ისეთ არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის უფლებამოსილება, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მიხედვით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს აქვს, კომისიის შემადგენლობის წესი მოცემულ შემთხვევაში დაცულია, რაც მის კანონთან შეუსაბამობას გამორიცხავს და სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გაუქმებულ ოქმში არსებულ ტექნიკური ხასიათის წესის დარღვევაზე მიუთითებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. შესაბამისად, ექსპერტების და კონსულტანტების კომისიაში მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კომისიას გააჩნია და იგი ნორმატიული აქტით სავალდებულო არ არის. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნული საკონკურსო კომისიის მიერ, სხვა შესაძლო პროცედურულ დარღვევებს, კერძოდ კონკურსის მიმდინარეობისას დასრულების ეტაპამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი ფასების საჯაროობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები (ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები) სადავოდ არ გამხდარა და შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმება მოცემული საქმის განხილვის დროს ვერ განხორციელდება. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო, მოცემული საქმის განხილვის დროს ამოწმებს მესამე პირის - შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტი“-ს კონკურსიდან დისკვალიფიკაციის კანონთან შესაბამისობას.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში საჩივრდება შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში - ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მომჩივანი ორგანიზაციის მიერ საჩივარში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ, კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად, სისტემაში დაფიქსირდა პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისთვის შეთავაზებული ფასები რადგან წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული არ წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას ან ქმედებას. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის განმარტებით, დავების განხილვის საბჭომ წარმოდგენილ DI---------–01 საჩივართან დაკავშირებით იმსჯელა იმ გარემოებასთან დაკავშირებით: კონკურსს ატარებდა და საკონკურსო პროცედურებს ახორციელებდა არა სპეციალურად საამისოდ შექმნილი საკონკურსო კომისია, არამედ 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისია, რომელიც, თავისი არსით, არ წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს განსახილველი შემთხვევისათვის. შემსყიდველს, შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის, უნდა შეექმნა საკონკურსო კომისია, რომელიც იქნებოდა უფლებამოსილი ორგანო. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნულ დავის საგანზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლებით არსებული სასარჩელო წარმოება, წარმომადგენელი მიუთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, რომლის საფუძველზეც სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იყო ცნობილი. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოში წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბერის განჩინება (საქმე 3/8669-15), რომლის დადგენილებითი ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულია შემდეგი: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის 5 სხდომის ოქმის მოქმედება“. ზემოაღნიშნული განჩინების დადგენილებითი ნაწილი ეხება CON--------- კონკურსს და შესაბამისად აღნიშნული კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის 5 სხდომის ოქმს. შესაბამისად, დავების განხილვის საბჭომ საჩივარი დატოვა განუხილველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად. განსახილველ შემთხვევაში დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული იქნა სულ სხვა შესყიდვის CO---------- კონკურსთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის 5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებას, ვინაიდან დავის განხილვის დროს CO---------- კონკურსთან დაკავშირებით არავითარი განჩინება მხარეებს არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე სსიპ შესყიდვების სააგენტო, არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ჩანაწერზე, რომლის საფუძველზეც დავების განხილვის საბჭო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საჩივარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში არსებული ფორმალური ხარვეზი, რაც 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებით გამოსწორდა, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით გათვალისწინებულ წესის ისეთ არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, სააგენტო არ იზიარებს და განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ თანახმად, საკონკურსო კომისია წარმოადგენს კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილ კომისიას. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების თანახმად, კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია. იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ ანალოგიურად აწესრიგებდა კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის წესს. თუმცა, უნდა არსებობდეს აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შექმნილი ჰქონდა საკონკურსო კომისია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის იყო 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანება, რომლის საფუძველზეც შექმნილი იყო ზემოაღნიშნული შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია.
წარმომადგენლის განმარტებით, ამავე ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ კომისია შექმნილია „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანების მე-8 პუნქტში აღნიშნულია, რომ: „კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგელობით.“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ და განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული წესი გავრცელდებოდა მხოლოდ 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების ამოქმედებამდე (2015 წლის 1 ივლისი) გამოცხადებულ კონკურსებზე. აპელანტის განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის სადავო სხდომის 5 ოქმში მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2015 წლის 11 ნოემბერს, ანუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ ამოქმედების შემდეგ. აპელანტი ასევე ყურადღსაღებად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში შევიდა რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანების პრეამბულაში შევიდა ცვლილება და მიეთითა, რომ საკონკურსო კომისია შექმნილია „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობებისა დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის“ საფუძველზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ ამოქმედებისთანავე - 2015 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოცხადებულ კონკურსებზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ და აღნიშნული წესისა და პირობების საფუძველზე კონკურსის ჩატარების უფლებამოსილება აქვს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილ საკონკურსო კომისიას და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანებით შესული ცვლილებების საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.
წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ ის გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის #5 ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ მსჯელობა აღარ განავითარა აღნიშნულ ოქმში მითითებულ შპს „ტ------------ტი“-ის დისკვალიფიკაციის სადავო საფუძველთან მიმართებით.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ დავების განხილვის საბჭომ საჩივარი დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მან სადავო აქტი ცნო არარად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, ხოლო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა აქტის ბათილობის კუთხით, რაც წარმომადგენლის განარტებით ასევე შეუსაბამობაა, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განასხვავებს ამ ორ შემთხვევას ერთმანეთისგან.
წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. კონკრეტულ შემთხვევაში კი მიიჩნევს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვინაიდან შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა აწესებს საკონკურსო კომისიის შექმნის სტანდარტს და მისი გაიგივება სატენდერო კომისიასთან შეუძლებელია, საკონკურსო კომისია აფასებს პროექტის და დიზაინის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ჭირდება სპეციალური ცოდნის მქონე პირი ან პირები, სწორედ ამ გარემოების გამო მიუთითა კანონმდებელმა, რომ კონკურსის ჩატარების შემთხვევაში სავალდებულო პირობაა არსებობდეს შესაბამისი კომისია. აღნიშნულ დარღვევას გვერდი ვერ აურა პირველმა ინსტანციამ, თუმცა მიუთითა, რომ ხსენებული საკითხი არის ფორმალური დარღევა. სასამართლოს შეფასებით და ლოგიკით, იგივე წარმატებით შეეძლო კონკურსის გზით მომსახურების შესყიდვა გამოეცხადებინა და ჩაეტარებინა საატესტაციო კომისიას ან ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ კომისიას. სასამართლოს პოზიცია, რომ ფორმალური ხასიათის დარღვევა იყო, მაგრამ ამ დარღვევით არსებითად არაფერი შეცვლილა აპელანტი არ იზიარებს და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ფორმალურ მოთხოვნებზეა აგებული, რომელთა შესრულება სავალდებულოა ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ხოლო სპეციალურ კანონში არსებული დათქმა, საკონსკურსო კომისიის შექმნის სავალდებულო პირობაა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, რათა მან შესყიდვა განახორციელოს სწორად და კანონიერად.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი ნორმები უმეტეს შემთხვევაში ფორმალური საკითხების მოწესრიგებაა და მასში სავალდებულო პრინციპით არ იგულისხმება არსებობდეს ბრალეული ქმედება (განსხვავებით სისხლის სამართლისგან), შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხთან მიმართებაში აპელანტს გაუმართლებლად მიაჩნია.
3.2. შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტი“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში უმთავრეს გარემოებას წარმოადგენს სწორედ ის, რომ დეპარტამენტმა არ შექმნა საკონკურსო კომისია და 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებით შექმნილ სატენდერო კომისიას დაუქვემდებარა კონკურსი, მაშინ როცა 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანების მე-4 მუხლით დადგინდა საკონკურსო კომისიის შექმნის ვალდებულება. წარმომადგენლის განმარტებით, კონკურსი ჩაატარა კომისიამ, რომელსაც ნორმატიული აქტით უკვე აღარ გააჩნდა მისი ჩატარების უფლებამოსილება. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ გარემოებას უპასუხა ნორმატიული აქტის შინაარსის მითითებით და თუმცა რა დასკვნამდე მივიდა, რა გაითვალისწინა ან რატომ ჩათვალა საკონკურსო კომისიის შექმნის გარეშე კონკურსი მართლზომიერად არ დაუდგენია. ამდენად მიიჩნევს, რომ პირველივე ფაქტობრივი გარემოება საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორა დაადგინა.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გზების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია უნდა შექმნილიყო მითითებული #7 ბრძანების საფუძველზე, მასში მითითებული პროცედურისა და კრიტერიუმების დაცვით. ამ პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა ნორმატიულ აქტზე მითითებით და ამით გადაწყვიტა არამართლზომიერად ჩატარებული კონკურსის ბედი. სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ #197 ბრძანებაში საკონკურსო კომისიის ამოკითხვა საკმარისი აღმოჩნდა წესისა და პირობების დაუცველად ჩატარებული კონკურსის მართლზომიერად მიჩნევისთვის.
აპელანტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" N7 ბრძანების პრეამბულის მე-2 პუნქტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება. ამავე ბრძანების პრეამბულის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსები უნდა ჩატარებულიყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის" შესაბამისად. პრეამბულის მე-4 პუნქტის თანახმად, კი ბრძანების ამოქმედების დროდ განისაზღვრა 2015 წლის 1 ივლისი.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის #7 ბრძანება ამოქმედდა 2015 წლის 1 ივლისიდან და შესაბამისად, ამ დროიდან ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც უნდა ჩატარებულიყო N7 ბრძანების ამოქმედებამდე ე.ი. 2015 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული კონკურსები, ხოლო 2015 წლის 1 ივლისიდან გამოცხადებული კონკურსები უნდა ჩატარებულიყო N7 ბრძანების შესაბამისად.
წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში 150000054 კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 7 ოქტომბერს, N5 სხდომის ოქმი კი მიღებულ იქნა 2015 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, 150000054 კონკურსის გამოცხადების დროისთვის და მითუმეტეს N5 სხდომის ოქმის მიღების დროისთვის უკვე ამოქმედებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანება და შესაბამისად, ძალადაკარგული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება. აღნიშნული კი წარმომადგენლის განმარტებით ნიშნავს იმას, რომ 150000054 კონკურსზე და მის ფარგლებში შექმნილ საკონკურსო კომისიაზე უნდა გავრცელებულიყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანება და მის საფუძველზე დადგენილი წესითა და პირობებით უნდა ჩატარებულიყო კონკურსი და შექმნილყო საკონკურსო კომისია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მიიჩნევს, რომ N197 ბრძანების გამოყენება კონკურსთან მიმართებაში შეუსაბამოა, რადგან იგი არეგულირებს ტენდერის ჩატარების წესს და სასამართლომ სწორედ ამ ბრძანების მუხლის შინაარსი გამოიყენა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო კონკურსის ჩატარების დროს ადგილი ჰქონდა ისეთი ტიპის პროცედურულ დარღვევას, რომლის უგულებელყოფა და შეფასების გარეშე დატოვება დაუშვებელია. ასეთი დარღვევის პირობებში ჩატარებული კონკურსი კი ბათილია.
წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მტკიცებულებად მიუთითა ნორმატიული აქტი. მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტი არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მისი შინაარსის მითითებაც არ წარმოადგენს ფაქტის დადგენას.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულმა დავების განხილვის საბჭომ მას შემდეგ, რაც მიიჩნია რომ 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, აღარ იმსჯელა შპს "ტ------------ტი"-ს დისკვალიფიკაციის სხვა საფუძვლებზე. სასამართლომ კი აღნიშნულს არ მისცა სწორი შეფასება. წარმომადგენლის განმარტებით, აქტის გამომცემი ორგანოს არაუფლებამოსილად მიჩნევა ნიშნავს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი იმთავითვე არარაა და შესაბამისად, აქტის შინაარს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, კი როდესაც მოპასუხემ მიიჩნია, რომ N5 სხდომის ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, აღარ იმსჯელა აქტში მითითებულ იმ საფუძვლებზე, რომელიც აქტით მიღებული გადაწყვეტილების - შპს "ტრანსპროეტქი"-ს დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა, ვინაიდან, ორგანო საერთოდ არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე გადაწყვეტილება. წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კი აღნიშნული გარემობა არ შეაფასა და დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ იმსჯელა მხოლოდ არაუფლებამოსილების ჭრილში.
წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება ძალადაკარგული იქნა 2015 წლის 1 ივლისიდან შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით - სასამართლომ მაინც უფლებამოსილად მიიჩნია სატენდერო კომისია, რომელმაც კონკურსი ჩაატარა კონკურსის გამოცხადების დროისთვის უკვე ძალადაკარგული N3 ბრძანების შესაბამისად. მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში 150000054 კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 7 ოქტომბერს, N5 სხდომის ოქმი კი მიღებულ იქნა 2015 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, 150000054 კონკურსზე და მის ფარგლებში შექმნილ საკონკურსო კომისიაზე უნდა გავრცელებულიყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანება და მის საფუძველზე უნდა ჩატარებულიყო კონკურსი და შექმნილყო საკონკურსო კომისია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აპელანტის მითითებით, პრეტენდენტი - შპს "ტ------------ტი" ჯერ კიდევ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში მიუთითებდა, რომ აღნიშნულ განცხადებაზე არ უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, რადგანაც განცხადებაში მითითებული არ იყო განმცხადებლის - გი----------------–--ის პირადი ნომერი და შესაბამისად შეუძლებელი იყო განმცხადებლის იდენტიფიცირება მხოლოდ სახელითა და გვარით. ამავდროულად განცხადებაში მითითებული ტელეფონის ნომერი არ ეკუთვნოდა განმცხადებელს - გი----------------–--ეს ან მის ოჯახს. წარმომადგენლის განმარტებით, მის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად, დაადგინა, რომ შპს "ტ------------ტს" არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მიენიჭა დისკვალიფიკაცია და სამართლებრივი შეფასება არ მისცა, რამდენად სწორად და სამართლიანად განხორციელდა აღნიშნული. წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილებით ვერ დგინდება რა დასკვნას აკეთებს თავად სასამართლო, იზიარებს თუ არა გი----------------–--ის განცხადების შინაარსს და ა.შ.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ჩანაწერს, რომ „კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) სადავოდ არ გამხდარა და შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმება მოცემული საქმის განხილვის დროს ვერ განხორციელდება. სასამართლო, მოცემული საქმის განხილვის დროს ამოწმებს მესამე პირის - შპს "სა-----------------–--------------------------------------ტი"-ს კონკურსიდან დისკვალიფიკაციის კანონთან შესაბამისობას“. წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება DIS---------_01 საჩივართან დაკავშირებით. ხოლო ის საკითხი რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, კერძოდ: მესამე პირის - შპს "სა-----------------–--------------------------------------ტი"-ს კონკურსიდან დისკვალიფიკაციის კანონთან შესაბამისობას" არის კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმი, რომელიც მოცემულ საქმეში გადაწყვეტილების თანახმად არ წარმოადგენს დავის საგანს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თუ კი სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვის დროს ამოწმებდა - მესამე პირის - შპს "სა-----------------–--------------------------------------ტი"-ს კონკურსიდან დისკვალიფიკაციის კანონთან შესაბამისობას" - მით უფრო უნდა ემსჯელა, რამდენად ჰქონდა ადგილი შპს "ტ------------ტის" მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას, რამდენად სამართლიანად მიენიჭა მას დისკვალიფიკაცია, რამდენად საფუძვლიანი იყო შპს "ტ------------ტი"-ს მიერ მითითება იმაზე, რომ პრეტენდენტების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში დაფიქსირდა პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათის შეთავაზებული ფასები. თუმცა შპს "ტ------------ტის" CNT-------- კონკურსიდან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სხვა დავა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმომადგენლისათვის გაუგებარია, რომელ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს გულისხმობს სასამართლო, როდესაც მიუთითებს, რომ კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები სადავოდ არ გამხდარა.
წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ შეაფასა რამდენად სამართლიანად და საფუძვლიანად მოხდა შპს "ტ------------ტი"-ს დისკვალიფიკაცია, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს DIS---------_01 საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებაზე, რომელიც მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები არც გი----------------–--ის განცხადებასთან დაკავშირებით და არც სისტემაში ფასების დაფიქსირებასთან დაკავშირებით. კომისიის უფლებამოსილების საკითხი კი არასწორად იქნა შეფასებული.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძველია.
4.1. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება შპს ,,ტ------------ტის“ მიერ წარმოდგენილ DIS----------01 საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს ,,ტ------------ტის“ საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ გააუქმოს 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმი და სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
პალატა აქვე მიუთითებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კერძოდ მითითებულია, რომ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, განხორციელდა შპს „ს------------------–---------------------- ტ------------ტის“ დისკვალიფიკაცია CNT--------- კონკურსიდან. ამავე ოქმის მიხედვით, მეორე პრეტენდენტს - შპს ,,საქ გზათა სამეცნიერო - კვლევითი და საწარმოო ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტი ს--------–-----ება“-ს განესაზღვრა სამი სამუშაო დღე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენისათვის. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ საკონკურსო კომისია იმსჯელებდა აღნიშნული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
მეტი სიცხადისთვის პალატა მიუთითებს სადავო აქტის - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებზე, კერძოდ:
საბჭომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის N1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმისნობის წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში საჩივრდება შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში - ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიუთითა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მომჩივანი ორგანიზაციის მიერ საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებზე, რომ წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ, კონკურსში მონაწილე პრეტედენტების დასახელებასთან ერთად, სისტემაში დაფიქსირდა პრეტედენტების მიერ შემსყიდველისთვის შეთავაზებული ფასები რადგან, ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას ან ქმედებას.
საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილებით იმსჯელა შპს „ტ------------ტის“ მიერ საჩივარში მითითებულ შემდეგ გარემოებასთან დაკავშირებით: „კონკურსს ატარებს და საკონკურსო პროცედურებს ახორციელებს არა სპეციალურად საამისოდ შექმნილი საკონკურსო კომისია, არამედ 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისია, რომელიც თავისი არსით, არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს განსახილევლი შემთხვევისათვის. შემსყიდველს, შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის უნდა შეექმა საკონკურსო კომისია, რომელიც იქნებოდა უფლებამოსილი ორგანო“.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებულ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების წესისა და პირობების „ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკონკურსო კომისია წარმოადგენს კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილ კომისიას. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების თანახმად, კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ ანალოგიურად აწესრიგებს კომისიის შემადგელობის განსაზღვრის წესს. თუმცა უნდა არსებობდეს აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემყიდველი ორგანიზაცვის ხელმძღვანელს 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შექმნილი აქვს საკონკურსო კომისია.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაზე, რომლის საფუძველზეც შექმნილია ზემოაღნიშნული შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია. ბრძანებაში მითითებულია, რომ კომისია შექმნილია „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრიქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანების მე-8 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგენლობით“. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების წესისა და პირობების“ თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ და განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული წესი გავრცელდებოდა მხოლოდ 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების ამოქმედებამდე (2015 წლის 1 ივლისი) გამოცხადებულ კონკურსებზე.
სააგენტომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის სადავო სხდომის N5 ოქმში მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია 2015 წლის 11 ნოემბერს ანუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ ამოქმედების შემდეგ. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში შევიდა რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანების პრეამბულაში შევიდა ცვლილება და მიეთითა, რომ საკონკურსო კომისია შექმნილია „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის საფუძველზე.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიუთითებს რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. ასევე ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ მოსაზრებაზე, რომ ვინაიდან საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, საბჭომ არ განავითარა მსჯელობა აღნიშნულ ოქმში მითითებულ შპს „ტ------------ტის“ დიკვალიფიკაციის სადავო საფუძველთან მიმართებით.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით განსახორციელებელი სატენდერო პროცედურების ჩატარების მიზნით. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვრა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგენლობით.
აღნიშნული ბრძანების გამოცემის ერთ - ერთ საფუძვლად პრეამბულაში მითითებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი“, რომელიც ძალადაკარგული იქნა 2015 წლის 1 ივლისიდან შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანებაში შეტანილ იქნა რამოდენიმე ცვლილება, მათ შორის, 2015 წლის 13 ნოემბრის N220 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის N197 ბრძანების სახელწოდებაში შევიდა ცვლილება და გათვალისწინებული იქნა, რომ აღნიშნული ბრძანებით ,,სატენდერო“ კომისიასთან ერთად ასევე შეიქმნა ,,საკონკურსო“ კომისიაც. ამასთან, ცვლილება შევიდა პრეამბულაში და ბრძანების გამოცემის საფუძვლად ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესისა“ მითითებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა კონკურსი საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე CN----------. საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სასურველი იყო ჰყოლოდა შემდეგი ძირითადი სპეციალისტები, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, კერძოდ, ჰიდროლოგი 10 წლიანი მინიმალური ზოგადი პროფესიული სამუშაო გამოცდილებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 17 ოქტომბრის N2 ოქმით ცვლილებები შევიდა საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევასა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის CN---------- ელექტრონული კონკურსის დოკუმენტაციაში და ტექნიკურ დავალებაში.
პალატა არ ეთანხმება აპელანტის -სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის N5 ოქმი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებაზე, რომლითაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა ა) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“; ბ) საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა (დანართი). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდა „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება. ასევე მითითებული იქნა, რომ ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსები ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის“ შესაბამისად.
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული აქტის მე-4 მუხლით დარეგულირებულია საკონკურსო კომისიის საკითხი. კერძოდ პირველი ნაწილის თანახმად, კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.
მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. ხოლო მე-4 ნაწილით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმით განსაზღვრულ სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული კონკურსის კომისიის წევრთა შემადგენლობაზე და მიუთითებს რომ მისი შემადგენლობა შესაბამისობაშია შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული აქტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკონკურსო კომისიის შემადგენლობასთან, შესაბამისად, აპელანტების მითითება რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმით გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საბოლოოდ სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N5 ოქმი გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად დისკვალიფიკაციის აქტის გამომცემი ორგანო წარმოადგენდა უფლებამოსილს და პალატის მოსაზრებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკითხის განხილვის დროს უნდა არსებითად ემსჯელა გამოყენებული დისკვალიფიკაციის კანონიერების საფუძვლებზე, რაც სააპელაციო პალატისათვის დავის არსებითად გადაწყვეტის გარეშე საფუძველია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლს რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამასთან, ამ სამართლებრივ საფუძველს სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეიჭრას ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზანშეწონილობაში; სასამართლო მხოლოდ ამოწმებს იმას, რამდენად განხორციელდა ეს უფლებამოსილება იმ მიზნით, რისთვისაც მინიჭებული აქვს იგი ადმინისტრაციულ ორგანოს და ხომ არ გასცდა იგი ამ უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის თავიდან განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული პრინციპებით და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს რეალურად, მასში მითითებული გარემოებების და სასამართლოს დავალებების შესაბამისად და არა ფორმალურად. ამდენად, საკითხის ხელახალი განხილვისას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა იმსჯელოს შპს „ს------------------–---------------------- ტ------------ტის“ CNT--------- კონკურსიდან დისკვალიფიკაციის საფუძვლებზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტის“ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ტ------------ტი“-ს მიერ წარმოდგენილ DIS----------01 საჩივართან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა დაევალოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ტ------------ტი“-ს მიერ წარმოდგენილ DIS----------01 საჩივართან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისროს შპს ,,სა-----------------–--------------------------------------ტის“ სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : შოთა გეწაძე
ილონა თოდუა