განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2019
საქმის ნომერი
330210018002778620
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002778620

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5681-19 07 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „ს----------–-------–------–--“

 

წარმომადგენელი - ს-----------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „დ-------------------–-------------------------“

 

წარმომადგენელი - ა-------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ს----------–-------–------–--მ“ მიმართა თბილისის საქალაქო სამართლოს მოპასუხე სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიმართ და ზიანის ანაზღაურების სახით 17 342 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს----------–-------–------–--მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 16 იანვარს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს - დამზღვევს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს - მზღვეველს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №----- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, დაზღვევის ობიექტს ის სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენდა, რომლებიც დამზღვევის სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის განაცხადის საფუძველზე გათვალისწინებული იყო მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით და რომელსაც დამზღვევი (დაზღვეული) მართლზომიერად ფლობდა, სარგებლობდა ან მინდობილ საკუთრებაში ჰქონდა მიღებული. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ სახმელეთო საშუალებათა დაზღვევის პოლისი №------------ გაიცა.

 

ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პოლისი წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, დაზღვევის მოქმედება 2017 წლის 18 იანვრის 00:01 საათიდან დაიწყო და 2017 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათზე დამთავრდა.

 

ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ ერთ-ერთ ავტომანქანას, სატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, სახელმწიფო ნომრით G--------, წარმოადგენდა. ხელშეკრულების №3 დანართის მიხედვით, სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი მომსახურების პირობებში მითითებულია ავტოსაგზაო შემთხვევა. ამავე დანართის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლს შპს „ს----------–-------–------–----------–------–---“ წარმოადგენდნენ. ხელშეკრულების დანართ №4-ში გაიწერა საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა არსებობაც მზღვეველის მიერ ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა, კერძოდ: 1) ზარალი, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტოტრანსპორტის რალიში, რბოლაში, გამძლეობაზე ან ნებისმიერ სხვა შეჯიბრში ან ტესტირებაში მონაწილეობით; 2. ზარალი, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით; 3. იონიზირებული რადიაციით, რადიოაქტიური დაბინძურებით, ნებისმიერი სახის რადიოაქტიური გამოსხივების მქონე ბირთვული საწვავით ან რადიოაქტიური წვის შედეგად მიღებული ნარჩენებით, ბირთვული კომპონენტებით გამოწვეული ზარალი; 4. რადიოაქტიური, მომწამლავი, ფეთქებადი ან სხვა საშიში ნაერთების, ქიმიური ნივთიერებების ან ტრანსპორტირებით გამოწვეული ზარალი; 5. საომარი მოქმედებით (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო ომით, რევოლუციით, სამხედრო ან უზურპატორული ძალაუფლების გამოყენებით, აჯანყებით, ტერორიზმით ან სამოქალაქო არეულობით გამოწვეული ზარალი (ს.ფ. 17-43, 22-27, 97).

 

6. 2017 წლის 20 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, სახელმწიფო ნომრით G-------- დაზიანდა (ს.ფ. 54).

 

7. 2017 წლის 20 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომობილს მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, სახელმწიფო ნომრით G--------, მოსარჩელის თანამშრომელი - უ--------- მართავდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 2017 წლის 07 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №------------ ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია იმით, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ავტომობილის მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, სახელმწიფო ნომრით G-------- მძღოლმა - უ---------მ, ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა ვერ უზრუნველყო, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეჯახება მოახდინა (ს.ფ. 54).

 

8. 2017 წლის 20 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად უ--------- იქნა ცნობილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 07 თებერვლის №------------ დადგენილებით, უ---------ს 2017 წლის 20 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მართვის უფლება 2017 წლის 07 თებერვლიდან 36 თვის ვადით შეუჩერდა (ს.ფ. 55).

 

9. 2017 წლის 19 აპრილის №--- მიმართვის თანახმად, მოპასუხემ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, სახელმწიფო ნომრით G-------- მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით უთხრა უარი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ბრალეულ პირად ცნობილი იქნა მოსარჩელის თანამშრომელი, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა, კერძოდ, ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა (ს.ფ. 66).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ რომ შპს „ს----------–-------–------–---“ მიერ დანიშნული უფლებამოსილი მძღოლის ქმედება, რომელმაც ავარია გამოიწვია, უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც რეაქციას და ყურადღებას აქვეითებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ კონკრეტული სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ავტომობილ FOTON TUNLAND მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, კერძოდ, იგი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს, მძღოლის ქმედება, ანუ განიმარტოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ვინაიდან 829-ე მუხლი არა მარტივი, არამედ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ქმედებების ანაზღაურებას გამორიცხავს. ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ, დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართონ. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად.

 

აქვე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივ გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ..

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ავტოავარია აპელანტი საწარმოს უფლებამოსილი მძღოლის ბრალით იყო გამოწვეული, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეჯახება მოახდინა (ს.ფ. 54). ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევა, რომელიც განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. სასამართლო გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მართალია, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ დადგენილებას კანონიდან გამომდინარე პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ სამართალდარღვევის ოქმი აპელანტ მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მისი გასაჩივრება, კანონით დადგენილი წესით, არ მომხდარა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა იმოქმედა რა, არაფხიზელ მდგომარეობაში, მანევრირების წესების დარღვევით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 თანახმად, შესაბამისი თანხით დაჯარიმდა და მართვის უფლება 36 თვის ვადით შეუჩერდა (ს.ფ. 56). ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის აპელირებას მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა მარტივ გაუფრთხილებლობას და ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას სრულად იზიარებს.

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----- ხელშეკრულებით, უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევები ისეთ სადაზღვევო შემთხვევას არ წარმოადგენდა, რომლებიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსში დაზღვევის სამართლის მომწესრიგებელი ნორმები, ამ თავში გაწერილი თავისებურების გათვალისწინებით, არა იზოლირებულად არამედ, სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში მითითებულ ნორმებთან ერთობლიობაში მოქმედებს. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დეფინიცია ნათლად განმარტავს, რომ მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება, სწორედ იმ სპეციფიკურების გათვალისწინებით, რაც ამ ინდუსტრიას ახასიათებს (დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, სადაზღვევო პოლისის პირობების შედგენა, რაც მეტია დაზღვეული რისკი - იზრდება სადაზღვევო შენატანის ოდენობაც) მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულების განსასაზღვრად ამოსავალია დაზღვევის ხელშეკრულება, ხოლო ისეთ დროს, როდესაც მხარეები სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლში მითითებულ რომელიმე გარემოებაზე არ თანხმდებიან, ასეთ შემთხვევებში მოქმედებას იწყებს აღნიშნული ნორმა და მხარეთათვის მბოჭავი ხდება. აღნიშნულ სამართლებრივ საკითხთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი პრაქტიკა, რომლის თანახმად სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს დებულებას დამზღვევის ბრალის არსებობისას (ან ბრალის მიუხედავად) ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, მასზედ, რომ ხელშეკრულებაში არ არსებობდა ნეგატიური დათქმა, რომლის თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად იგი უნდა ანაზღაურებულიყო, აღნიშნულ აპელირებას პალატა ზემოთგანვითარებული მსჯელობის კვალდაკვალ ვერ გაიზიარებს.

 

ამავე დროს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივარში შედავებული არ არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, უფლებამოსილი მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, ყველა შემთხვევაში, უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა.

 

12. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულებით მხარეები უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის დაზღვევის თაობაზე შეთანხმდნენ, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომას ნიშნავდა და შესაბამისად, დამზღვევს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა.

 

აპელანტმა მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სამტკიცებლად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილები წარმოადგინა, იგი აპელირებდა, რომ ხელშეკრულება არ შეიცავდა ნეგატიურ დათქმას, რომლის თანახმად უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად, აპელანტის აზრით, აღნიშნული ცალსახად გულისხმობდა ამგვარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობას. აღნიშნული მტკიცება სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკის არსებობის მოტივით არ გაითვალისწინა და განმარტა, რომ თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ განსაზღვრავენ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მაშინ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი და მზღვეველი ამგვარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ, სასამართლოს წინაშე სამართლებრივად გამყარებული და დასაბუთებული ახსნა-განმარტება წარმოუდგინა, რომელიც თანხვედრაშია განსახილველი საკითხისადმი სასამართლოში არსებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან, შესაბამისად მიიჩნევა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს გაართვა თავი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 693,68 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ს----------–-------–------–---“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი