განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002859051
№1/ბ-531-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ------ი ხ----ის
ადვოკატის - გ-- გ---------ის
გამართლებულის - ი---- ს-------ას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---- გ------ის ძე ს-------ას მიმართ, დაბადებული: 08-------- წელი, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნ------------- ბინა N26.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი---- ს-------ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ოქტომბერს, ქუთაისში ნ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი---- ს-------ა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფ------ ხ---------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში, ი. ჭ------------------ზე N64-ში ბინის სადარბაზოში ი---- ს-------ა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფ------ ხ---------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე ქუთაისში, ი.ჭ------------------ზე მდებარე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ი---- ს-------ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფ------ ხ---------ს ხელები მოუჭირა წელის არეში, მუშტები დაარტყა მარჯვენა და მარცხენა წინამხრის არეში, წააქცია და მარჯვენა ხელით დააწვა მარცხენა გვერდში. ძალადობის შედეგად ფ------ ხ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით ი---- ს-------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალდების ყველა ეპიზოდში
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი---- ს-------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. მიუხედავად დაზარალებულთა მიერ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ ი---- ს-------ას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ------ი ხ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ი---- ს-------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-- გ---------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ ი---- ს-------ას მეუღლემ, დაზარალებულმა - ფ------ ხ---------მა საქმის სასამართლო განხილვის დროს ისარგებლეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის მ--- ხ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ------ ხ---------ი არის მისი გვერდით მეზობელი, ერთ წელზე მატია რაც იცნობს, თუმცა მას ახლო ურთიერთობა არ აქვს არც ფ------ ხ---------თან და არც ი---- ს-------ასთან, რომელსაც იცნობს დაახლოებით 6 თვეა, რაც ფ------სთან ცხოვრობს. როგორც მისთვის არის ცნობილი, ისინი მეუღლეები არიან და ი----ს დაკავებამდე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. მოწმის განმარტებით, მათი სახლიდან ხმაური გამოდიოდა, თუმცა, ძირითადად ბავშვების ხმაური იყო, კონკრეტულად ცოლ-ქმრის ჩხუბი მას არ გაუგია. მათ ოჯახში ყავთ 4 თუ 5 ბავშვი. მოწმე ხედავდა ცოლ-ქმარი როგორ გადიოდნენ სახლიდან ერთად და როგორ შემოდიოდნენ სახლში.
მოწმის მამუკა დვალიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ------ ხ---------ი არის მისი მეზობელი, ის როგორც ფ------ ხ---------ს, ასევე ი---- ს-------ასაც იცნობს, თუმცა მათთან ახლო ურთიერთობა არა აქვს. ფ------ს იცნობს დაახლოებით ერთი წელია. მას არ ახსოვს თუ რამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად ი---- ს-------ა და ფ------ ხ---------ი, თუმცა მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მამუკა დვალიშვილმა განმარტა, რომ მან ერთხელ გაიგონა რაღაც ხმაური, თუმცა არ გაუგ-- ცუდი სიტყვები, არც თავად შესწრებია კონფლიქტის ფაქტს და არც რომელიმე მხარისგან გაუგ-- აღნიშნული კონფლიქტის შესახებ.
მოწმის გ------ი გ------აძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2 წელია რაც მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც დაიწყეს გამოძიება ი---- ს-------ას მიერ ფ------ ხ---------ის მიმართ მუქარისა და ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი გამომძიებელი იყო თავად გ------ი გ------აძე. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემულ იქნა განჩინება ი---- ს-------ას დაკავების თაობაზე. ი---- ს-------ა მისი და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მონაწილეობით მიმდინარე წლის 20 იანვარს დააკავეს ბრალდებულის სახით.
ექსპერტ შოთა თათვიძის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით და მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №000127319 დასკვნით, ირკვევა, რომ მის მიერ ჩატარებულია ექსპერტიზა მოქალაქე ფ------ ხ---------ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. 2019 წლის 10 იანვარს გაცემულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა. მოქალაქე ფ------ ხ---------ი პირადად იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზაზე, მოხდა მასთან გასაუბრება, მოკლე ანამნეზის შეკრება და ასევე დათვალიერდა მისი სხეული. 2019 წლის 6 იანვარს 23:57 საათზე დაიწყო მისი შემოწმება და დასრულდა 2019 წლის 7 იანვარს 00:14 საათზე. ფ------ ხ---------ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ზედა კიდურისა და მუცლის მიდამოებში. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, მოწითალო- მოლურჯო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი ზომით: 4,0X2,0 სმ. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X2,2 სმ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,8X1,5 სმ. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღინიშნებოდა I ხარისხის დამწვრობითი უბანი ზომით: 0,5X0.4 სმ, წარმოდგენილი მშრალი ზედაპირის მქონე, მოყავისფრო ელფერის მომკვრივო უბნის სახით. როგორც შესამოწმებელმა პირმა განმარტა, აღნიშნული დამწვრობა რამდენიმე დღის წინ მიიღო სიგარეტის დაცემის შედეგად. დაზიანება I ხარისხის დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება დაზიანებების ხანდაზმულობას, დამწვრობითი უბანი ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ფ------ ხ---------მა მასთან საუბარში განმარტა, რომ 2019 წლის 6 იანვარს დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ჭ------------------ზე, მეგობარმა ი---- ს-------ამ მიაყენა სხეულის დაზიანება ხელების დარტყმით.
ი---- ს-------ას მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, მან ფ------ ხ---------ი გაიცნო 2018 წლის სექტემბრის თვეში, ის იყო მრავალშვილიანი დედა, ისინი დაახლოვდნენ და გადავიდა მასთან საცხოვრებლად ქუთაისში, ნიკეას ქ.N40გ-ში. დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ერთად როგორც ცოლ-ქმარი. 2019 წლის 6 იანვარს ფ------ს შეხვდა დილის საათებში მაკდონალდსის წინ მდებარე პატარა პარკში და შემდეგ დაცილდა, ხოლო საღამოს შეხვდა თუ არა, არ ახსოვს. ფ------ არც უცემია და არც დამუქრებია მას არასდროს. ფ------მ სად მიიღო დაზიანება, არ იცის. ვიდრე დააკავებდნენ, მან საერთოდ არ იცოდა ფ------ს დაზიანებების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი N3---- 06/01/2019 წლის 21:17 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო ცემა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ფ------ ხ---------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ი---- ს-------ამ სცემა.
საქმეში წარმოდგენილი N3---- 06/01/2019 წლის 20:32 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფ------ ხ---------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ი---- ს-------ამ სცემა, სასწრაფოს არ საჭიროებს, მეგობარმა მიაყენა შეურაცხყოფა.
საქმეში წარმოდგენილი N2------ 01/12/2018 წლის 16:41 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო მუქარა. ფ------ ხ---------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისი მეგობარი (აღნიშნა რომ არც მისი მეუღლეა და არც ნათესავი) ემუქრება ბავშვების წართმევით.
საქმეში წარმოდგენილი N2------ 01/12/2018 წლის 16:42 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,1--’’ საპატრულო ეკიპაჟიდან რ. ლ--–---–---–მა ტელ 5---------ით გააკეთა განაცხადი, რომ ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზ. N64-ში ფ------ ხ---------მა განაცხადა, რომ მას მეგობარი ი---- ს-------ა ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 07 იანვარს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ი---- ს-------ა სისტემატიურად ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა მუქარით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით. ორდერის თანახმად ი---- ს-------ას აეკრძალა ფ------ ხ---------თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
სააპელაციო პალატას ი---- ს-------ას მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი,მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ი---- ს-------ას მიერ, მეუღლის - ფ------ ხ---------ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვეს თუ არა სხეულის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა ვინაიდან დაზარალებულმა - ფ------ ხ---------მა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია საქმეში არსებობს მოწმე პოლიციელის გ------ი გ------აძის, მოწმეების მ--- ხ---------ის, მამუკა დვალიშვილის და ექსპერთ შოთა თათვიძის ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ი---- ს-------ას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ფ------ ხ---------ის ჩვენება, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ ი---- ს-------ას წინააღმდეგ.
საქმეში ასევე წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინებები და შემაკავებელი ორდერის მასალები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ცნობები მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ ფ------ ხ---------მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მითითებული ინფორმაციის რეალურობა.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი ი---- ს-------ას მიმართ დარჩეს უცვლელად:
ი---- ს-------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ი---- ს-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ი---- ს-------ას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე