განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2019
საქმის ნომერი
330310019002807501
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002807501

საქმე N3ბ/2376-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თ-----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ ბ-------- ც--–-----ძე;

 

დავის საგანი - თანხის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ი/მ ბ-------- ც--–-----ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 3 937 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ი/მ ბ-------- ც--–-----ძის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 28 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც მოპასუხისთვის ცნობილი გახდა №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ, აღარ უსარგებლია და არ გამოუყენებია აღნიშნული მიწის ნაკვეთი სამეწარმეო თუ სხვა მიზნებისათვის, 2019 წლის 16 თებერვლიდან კი მან საერთოდ დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი/მ ბ-------- ც--–-----ძეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 4 515 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, საკადასტრო კოდი №0---------------, დაზუსტებული ფართობი 3 158 კვ.მ, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ. 14).

 

3.2.2. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ 0--------------- მიწის ნაკვეთს იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (ავტოპარკინგი), მესაკუთრის იდენტურობა ვერ მოხერხდა, ჯიხური ეკუთვის ბ-------- ც--–-----ძეს (ს.ფ. 33-34).

 

3.2.3. ი/მ ბ-------- ც--–-----ძეს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის N7-----, 2018 წლის 08 თებერვლის N7----- და 2018 წლის 31 ივლისის N7----- წერილებით, გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად (ს.ფ. 16-20).

 

3.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 თებერვლის №5--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალზე მდებარე №0------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 3158 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 703 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 05 თებერვალმდე საორიენტაციოდ შეადგენდა 3 937 ლარს (ს.ფ. 22-32).

 

3.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2019 წლის 30 მარტს გაცემული №4------------------ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის თანახმად, მოქალაქე ბ-------- ც--–-----ძეს 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 23 მარტამდე საზღვარი გადაკვეთილი აქვს ს.ს.კ.გ. „თბილისის ა-------------ს“ გავლით. ბ-------- ც--–-----ძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა 2019 წლის 16 თებერვალს (ს.ფ. 111-112).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.1. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, მიუთითა 36-ე მუხლის 13 პუნქტი და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ბ-------- ც--–-----ძე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს.კ. 0---------------) არამართლზმიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 2017 წლის 28 დეკემბრიდან - 2018 წლის 02 თებერვლამდე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საექსპერტო დასკვნაზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნია, რომ საექსპერტო შეფასების დღეს, 2018 წლის 02 თებერვალს, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული მანქანების მიერ ხდებოდა პარკირების საფასურის გადახდა, რითაც დადასტურდა ის გარემოება, რომ №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებით, 2018 წლის 02 თებერვალს ისევ სარგებლობდა ი/მ ბ-------- ც--–-----ძე. 2018 წლის 02 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის მოპასუხის მიერ ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ განმარტა, რომ სხვა მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდზე №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ფლობა - სარგებლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს შედეგს და განმარტავს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის პერიოდის განსაზღვრა განხორციელდა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 29 ივლისის მოხსენებით ბარათზე, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მოახდინეს ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მარტიდან ი/მ ბ-------- ც--–-----ძე აღარ სარგებლობდა სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიით. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულება სააგენტოში დამუშავდა და წარდგენილია 2019 წლის 29 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ და ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ი/მ ბ-------- ც--–-----ძისათვის თანხის დაკისრებას 2018 წლის 2 თებერვლიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის სრულ პერიოდზე - 2019 წლის 26 მარტამდე.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. პირველყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 515 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

7.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

7.4. პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი/მ ბ-------- ც--–-----ძე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს.კ. 0---------------) არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 2017 წლის 28 დეკემბრიდან - 2018 წლის 02 თებერვლამდე. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მას შემდეგ (28.12.2017) რაც მოპასუხემ შეიტყო ტერიტორიის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის ფაქტი, შეწყვიტა უძრავი ნივთით სარგებლობა.

 

პალატა, ისევე როგორც საქმის განმხილველი სასამართლო, ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს მთლიანი 3158 კვ.მ მიწის ნაკვეთის 703 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის რელიეფი არაერთგვაროვანია. დასკვნის თანახმად, ექსპერტის მიერ გამოთვლილი იქნა მიწის ნაკვეთზე განთავსებული მანქანების რაოდენობა, რამაც საშუალოდ შეადგინა 23 მანქანა, თითოეული მანქანის პარკირების საფასურმა 1 საათის განმავლობაში შეადგინა 2 ლარი, რაც აღებული იქნა მიმდინარე პერიოდში აღნიშნულ სადგომზე დაწესებული საფასურიდან. საექსპერტო შეფასების დღეს, 2018 წლის 02 თებერვალს, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული მანქანების მიერ ხდებოდა პარკირების საფასურის გადახდა, აღნიშნულით კი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებით 2018 წლის 02 თებერვალს ისევ სარგებლობდა ი/მ ბ-------- ც--–-----ძე. ზემოაღნიშნული გარემოებები კი, პალატის მოსაზრებით ცალსახად ადასტურებენ მოპასუხის მიერ 2017 წლის 28 დეკემბრიდან - 2018 წლის 02 თებერვლამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 703 კვ.მ მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტს.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სხვა მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ 2018 წლის 02 თებერვლიდან უძრავი ქონების ფლობა - სარგებლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ ასევე არ იქნა წარმოდგენილი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზეც.

 

7.5. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტს, რომ ი/მ ბ-------- ც--–-----ძე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობა - სარგებლობას ახორციელებდა 2019 წლის 26 მარტამდე, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია. ასევე უარგუმენტოა აღნიშნულის დამადასტურებლად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ივლისის სამსახურებრივ ბარათზე აპელირება. პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათი, მოცემული დავის ფარგლებში არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლის საშუალებითაც დადგინდებოდა მოპასუხე ი/მ ბ-------- ც--–-----ძის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებული ახალი გარემოება/თარიღი. მოცემული სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ ქ. თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე (ს/კ 0---------------; ს/კ 0--------------- და ს/კ 0---------------) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობდა ი/მ გია ბიჭიაშვილი და შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -