განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2019
საქმის ნომერი
330310019002950256
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002950256

საქმე N3ბ/2380-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ე-–----------ი“;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ე-–----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 15 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 20 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ე-–----------ის’’ დირექტორი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ 2018 წლის 04 მაისიდან ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-ს ქუჩაზე, მ-----ს წინ მდებარე ტერიტორიით, თუმცა 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, მის მიერ დაცლილი იქნა მოცემული ტერიტორია, ვინაიდან 2018 წლის 31 ოქტომბერს მიიღო გაფრთხილება და დაახლოებით 3 თვის ვადაში შეწყვიტა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ე-–----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 173,33 (ას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ე-–----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 23,42 (ოცდასამი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ბ--–--–---–-ს ქუჩაზე, მ-----ს წინ მდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი N0--------------- დაზუსტებული ფართობი 48926.00კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, ნაკვეთის წინა N0---------------. საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ. 89-90).

 

3.2.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს შედგა აქტი, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში ბ--–--–---–-ს ქუჩა, მ-----ს წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით N0---------------. არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს „ე-–----------ი“. აქტს ასევე ერთვის 2018 წლის 24 ოქტომბერს გადაღებული ფოტოსურათები (ს.ფ. 89-90).

 

3.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ნოემბრის N5--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ბ--–--–---–-ს ქუჩაზე, მ-----ს წინ მდებარე ტერიტორია - N0---------------. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (საერთო ფართობი - 59845.00 კვ.მ) ნაწილის (65.00 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 15 მარტიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენდა 20 ლარს (ს.ფ. 28-37).

 

3.2.4. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბერის N7------, 2018 წლის 29 ნოემბერის N7------, 2018 წლის 19 დეკემბერის N9------ და 2019 წლის 08 თებერვალის N7----- წერილებით შპს ,,ე-–----------ს“ გაეგზავნა გაფრთხილებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები გადახდილი არ არის (ს.ფ. 22-27).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.1. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, მიუთითა 36-ე მუხლის 13 პუნქტი და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ე-–----------ი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 0---------------.) ნაწილით 65 კვ.მ.-ით არამართლზმიერად სარგებლობდა და კომერციული მიზნით იყენებდა 2018 წლის 04 მაისიდან - 2019 წლის 20 იანვრამდე. დანარჩენ პერიოდზე კი, სასამართლოს განმარტებით, ვერ დადასტურდა მის მიერ ზემოაღნიშნული ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტი. მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი 2018 წლის 24 ოქტომბრის ფოტოსურათებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული 2018 წლის 12 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით, რომელიც ჩატარებულია კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია დადგინდეს 2017 წლის 15 მარტიდან - 2018 წლის 04 მაისამდე და 2019 წლის 20 იანვრიდან - დღემდე ფლობა - სარგებლობის ფაქტი. სხვა რაიმე მტკიცებულბა კი რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდზე N0--------------- და ახლა უკვე N0---------------. საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ფლობა - სარგებლობის ფაქტს, სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი არ არის.

 

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს შედეგს და დადგენილ იმ გარემოებას, რომ შპს „ე-–----------ი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 0---------------.) ნაწილით 65 კვ.მ.-ით არამართლზმიერად სარგებლობდა და მას კომერციული მიზნით იყენებდა 2018 წლის 04 მაისიდან - 2019 წლის 20 იანვრამდე და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-ს ქუჩაზე, მ-----ს წინ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას 2017 წლის მარტიდან, ხოლო შპს "ე-–----------ი" მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლიდან, რომელსაც იურიდიულ მისამართად მითითებული აქვს სწორედ, ქ. თბილისში, ბ--–--–---–-ს ქუჩაზე, მ-----ს წინ მიმდებარე ტერიტორია, რაც აპელანტის განმარტებით, დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ 2018 წლის 04 მაისიდან ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ზემოაღნიშნული ტერიტორიით და 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით მის მიერ დაცლილი იქნა მოცემული ტერიტორია. აპელანტი მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული განმარტება დაუდო საფუძვლად სასამართლომ 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით თანხის დაკისრებას და არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრებას, რასაც არ ეთანხმება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. პირველყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 173,33 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

7.3. პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

7.4. პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ შპს „ე-–----------ი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 0---------------.) ნაწილით 65 კვ.მ.-ით არამართლზმიერად სარგებლობდა და მას კომერციული მიზნით იყენებდა 2018 წლის 04 მაისიდან - 2019 წლის 20 იანვრამდე. დანარჩენ პერიოდზე კი არ დასტურდება მის მიერ ზემოაღნიშნული ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტი. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მხარის მიერ წარდგენილი 2018 წლის 24 ოქტომბრის ფოტოსურათებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული 2018 წლის 12 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით, რომელიც ჩატარებულია კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, შეუძლებელია დადგინდეს 2017 წლის 15 მარტიდან - 2018 წლის 04 მაისამდე და 2019 წლის 20 იანვრიდან - დღემდე ფლობა - სარგებლობის ფაქტი. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდზე N0--------------- და ახლა უკვე N0---------------. საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ფლობა - სარგებლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზეც. ცალსახაა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -