განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.10.2019
საქმის ნომერი
330310018002479425
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002479425

საქმე №3ბ/3011-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ლ---------------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე---------ე მ----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

აპელანტი ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე---------ე მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1-----ის №0------------- გადაწყვეტილება მოსარჩელე ე---------ე მ----ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---------ე მ----ის 2018 წლის 5-------–ის განცხადებასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში;

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9-----------ის ბრძანებით, მოსარჩელე ე---------ე მ----ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

მოსარჩელე ე---------ე მ----ემ, 2018 წლის 5-------–ს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ახსნა-განმარტებები მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2018 წლის 1-----ს, წერილობით მიმართა მოსარჩელე ე---------ე მ----ეს და უარი უთხრა მისი განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე - ე---------ე მ----ის მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობას.

 

სასამართლომ აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9-----------ის ბრძანებით, მოსარჩელე ე---------ე მ----ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ე---------ე მ----ემ, 2018 წლის 5-------–ს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ახსნა-განმარტებები მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ხოლო აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2018 წლის 1-----სს, წერილობით მიმართა მოსარჩელე ე---------ე მ----ეს და უარი უთხრა მისი განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას არ შეუსწავლია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ შეუფასებია განმცხადებლის მიერ თანდართული მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები მოსარჩელე ე---------ე მ----ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს განმცხადებლების მიერ წარდგენილი გარემოებები არის, თუ არა ახლად გამოვლენილი და ისინი ქმნიან თუ არა განმცხადებლებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს.

 

სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული არცერთ გარემოებაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გახდიდა ცხადს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ახალი მტკიცებულების მართებულად შეფასება, შესაბამისად, მოკლებული იყო ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების დადგენის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იმსჯელოს განმცხადებლების მიერ მითითებულ ახალ გარემოებებზე და მასზე თანდართულ ახალ მტკიცებულებაზე, განსაზღვროს რამდენად წარმოადგენს აღნიშნული იმ ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას (მტკიცებულებას), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, კერძოდ, მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებებით შეიძლება თუ არა დადგინდეს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ზემოთ აღნიშნული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის აზრით, საქმეზე დადგენილია, რომ ე---------ე მ----ეს სამინისტროს მიერ ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. ამის შემდეგ, სტატუსის ჩამორთმევიდან ორ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, მან წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც უთითებდნენ ე.მ----ის ქ.სოხუმში ცხოვრების ფაქტს. სამინისტროს მიერ მიჩნეული იქნა, რომ სახეზე არ იყო მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იმგვარი ახალი გარემოება, რაც შესაძლებელს გახდიდა დაინტერესებულ პირთან მიმართებით ხელახლა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული წარმოება. მიგვაჩნია და დღესაც დარწმუნებულები ვართ, რომ სახეზე არანაირად არ იყო არავითარი ახალი გარემოება. ზემოხსენებული მოწმეების - მეზობლების თაობაზე და შესაბამისად, იმ ინფორმაციის თაობაზე რასაც ისინი სავარაუდოდ მიუთითებდნენ, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დროს, როდესაც ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. უფრო ზუსტად, ამ პირების არსებობის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ორ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში და შესაბამისად, ამ მოწმეებზე მითითება, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე იმგვარ ახალ გარემოებად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ ახალი წარმოების დაწყებას. სწორედ ამის თაობაზე იყო მითითებული სამინისტროს აქტში, რომელიც დავის საგანი გახდა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლს, რომელი განამრტებითაც, საერთოდ დაიკარგა მასში გადმოცემული დამოკიდებულება, რომ მხოლოდ ახალი გარემოების შემთხვევაში უნდა მოხდეს ახალი წარმოების ჩატარება. სასამართლოსეული განამრტებით, ფაქტიურად, დაინტერესებული პირის მიერ ნებისმიერი გარემოების მითითების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოექმნება უპირობო ვალდებულება, რომ უკვე ერთხელ გადაწყვეტილი საკითხი ხელახლა განიხილოს და გადაწყვიტოს.

 

მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომით სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების და მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულების პრინციპი, თუკი მხარე რაიმე გარემოებაზე მიუთითებდა თავის სასარგებლოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მასვე ეკისრება ამ გარემოების დამამტკიცებელი ფაქტების და მტკიცებულების მითითება, ამგვარი მიდგომა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მტკიცების პროცესის და მტკიცებულებათა წარდგენის ფუნდამენტური პრინციპების ძირეულ აღრევას იწვევს.

 

აპელანტისთვის მიუღებელია სასამართლოს მსჯელობა სამინისტროს წერილის ბათილობის საფუძველზე, რომ სახეზეა მისი მიღების წესის არსებითი დარღვევაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსარჩელის განცხადებაზე ზეპირი მოსმენა არ ჩატარებულა, რაც სზაკ-ის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს.

 

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს სზაკ-ის 102-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებანი), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სამართლომ განმარტა, რომ კანონი უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლო თვითონვე განმარტავს, რომ უნდა არსებობდეს ის პირობები, რომელმაც დაინტერესებული მხარისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს, თუმცა ამის საპირისპიროდ სასამართლომ მიუთითა იმ გარემოების შესახებ (მოწმეთა შესახებ, რომელთა არსებობის შესახებ მოსარჩელემ მინიმუმ რამოდენიმე ათეული წელია იცის), რომელიც არსებობდა საკითხის პირველად განხილვისას და არანაირად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად.

 

სასამართლომ ასევე არალოგიკური განმარტება გააკეთა სზაკის 102-ე მუხლთან დაკავშირებით და თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ეს გულისხმობს არა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას არ აფასებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად, არამედ იმას, რომ განცხადება არ შეიცავს მითითებას ამგვარ გარემოებაზე. ამდენად ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისათვის საკმარისია, განცხადება თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოდგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისათვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს. სასამართოს მიერ ნორმის ამდაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შინაარსთან, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს, რომ განცხადების ხელახალი განხილვისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი საფუძველი. ამდაგვარი მითითება, რომ განმცხადებელს შეუძლია თუნდაც ფორმალურად მიუთითოს ახალი გარემოებების შესახებ საერთოდ აზრს უკარგავს სზაკ-ის 102 მუხლის არსებობას. ამგვარი განმარტების თანახმად საკითხის ხელახლა განხილვის სავალდებულოობა დამოკიდებულია განმცხადებლის ნებაზე თუნდაც ფორმალურად გამოიყენოს ტერმინი ,,ახალი გარემოება", მიხედავად იმისა, არის თუ არა მითითებული გარემოება ახალი. ამასთან ასეთი განმარტება აზრს უკარგავს კანონმდებლის ნებას -ადმინისტრაციულ ორგანოებში დაუსრულებლად არ ხდებოდეს უკვე განხილული და გადაწყვეტილი საკითხის მრავალჯერადად განხილვა და შესაბამისად ადამიანური და სხვა რესურსების უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, შედეგზე არაორიენტირებული, არარაციონალური და უსარგებლო ხარჯვა.

 

პრაქტიკაში ამგვარი მიდგომის დანერგვით მივიღებთ სავალალო სურათს, როდესაც დაინტერესებული მხარის საკითხისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებს ფაქტიურად და სამართლებრივად მოესპობათ შესაძლებლობა საბოლოოდ გადაწყვიტონ ნებისმიერ საკითხი, რაც გამოიწვევს ამ ორგანოების მუშაობის პარალიზებას - ჩაკეტილ წრეზე უსასრულო მოძრაობის ვალდებულებით.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1-----ის №0------------- გადაწყვეტილებით, რამდენად სწორედ ეთქვა უარი ე---------ე მ----ეს განცხადების განხილვაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9-----------ის ბრძანებით, მოსარჩელე ე---------ე მ----ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მოსარჩელე ე---------ე მ----ემ, 2018 წლის 5-------–ს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ახსნა-განმარტებები მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. ადმინისტრაციული ორგანომ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილი გარემოებად და უარი უთხრა განცხადების განხილვაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია იმ გარემოებისა თუ მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არსებობდა საქმის განხილვის დროს, მხარისათვის არ იყო ცნობილი მის შესახებ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მოგვიანებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, თუმცა, საქმის განხილვის დროს რომ წარედგინა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის განხილვის დროს კი შესაძლებელია, მხოლოდ ისეთი მტკიცებულება ყოფილიყო წარდგენილი ან ისეთ გარემოებებზე მომხდარიყო მითითება, რომლებიც საქმის განხილვის დროს უკვე არსებობდა. ამდენად, ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები არის ისეთი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც არსებობდა საქმის განხილვის დროს და რომლის აღმოჩენაც მოხდა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოგვიანებით, განხილვის დასრულების შემდგომ.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას არ შეუსწავლია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ შეუფასებია განმცხადებლის მიერ თანდართული მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები მოსარჩელე ე---------ე მ----ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახამდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამდ, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, განცხადების განხილვაზე უარის თქმით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა რამდენად წარმოადგენდა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება იმ ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას (მტკიცებულებას), რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შესწავლისა და სწორი შეფასების შედეგად მიიღება კანონიერი გადაწყვეტილება, რომლითაც კონკრეტული პირის მიმართ დგება იურიდიული შედეგი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სწორად იქნა ბათილად ცნობილი იგი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე---------ე მ----ის 2018 წლის 5-------–ის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი