განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
190210017002162496
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210017002162496

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/5306-18 09 ივლისი, 2019 წელი

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები - თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სსიპ კ---–---- მ-------- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ----- ჯ----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- ჯ-----–--- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ---- ა-------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს 2012 წლის 28 ნოემბრის №1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირა 28050 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2012 წლის 28 ნოემბრის №1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 % დარიცხული საურავის 19770 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისათვის საიჯარო ქირის 7650 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა 45 900 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 17 850 ლარი. მოპასუხემ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ დროულად არ დაცალა დაკავებული ფართი და ფაქტობრივად სარგებლობისათვის 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისამდე გადასახადმა შეადგინა 7650 ლარი. საურავის ოდენობამ შეადგინა 19 770 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მას გააჩნია დავალიანება საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისათვის 7650 ლარის ოდენობით, დარჩენილი თანხა კი მას სრულად გადახდილი აქვს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. სსიპ პ------------–- კ---–---- მ--------ს სარჩელი მოპასუხე ნ--- ჯ-----–--ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ნ--- ჯ-----–---ს მოსარჩელე სსიპ პ------------–- კ---–---- მ--------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 7650 ლარის გადახდა;

 

4.1. 2012 წლის 28 ნოემბერს აუქციონის შედეგად სსიპ პ------------– კ---–--- მ-------ს და ნ--- ჯ-----–---ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №1, რომლის თანახმად, ნ--- ჯ-----–---ს 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა სპორტული დარბაზი, მდებარე: ქ------------, შ------------------- №-, ყოველთვიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 1275 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით კ---–----ს საბანკო ანგარიშზე ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--- ჯ-----–--ის მიერ ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულება საიაჯრო ქირის 35700 ლარის გადახდის თაობაზე შესრულებული იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით, კერძოდ, სსიპ პ------------–- კ---–---- მ--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო დარჩენილი თანხა მან პირადად გადაუხადა მ--------ს დირექტორს რ----- გ----–-–---–-.

მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაიკითხა რ----- გ----–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ საიჯარო პერიოდის განმავლობაში, ნ--- ჯ-----–---მ სრულად და დროულად დაფარა საიჯარო ქირა, კერძოდ, ნაწილი შეიტანა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა რ----- გ----–-–---–- გადაუხადა პირადად, აღნიშნული თანხა, მან როგორც სსიპ პ------------–- კ---–----ს დირექტორმა მოახმარა კ---–----ს ინტერესებს, ამასთან, მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ შეცვალეს კ---–----ს საბანკო ანაგრიშის ნომერი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე მოპასუხისათვის არ უცნობებიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარის ახსნა-განმარტებით, შემოსავლების სალაროს ორდერებით, საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმით და მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს სსიპ პ------------–- კ---–---- მ--------ს დირექტორის წინაშე, აღნიშნული ვალდებულების წესის შეცვლა მოხდა მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით, კერძოდ, სხდომაზე მოწმის სახით გამოცხადებულმა რ----- გ----–-–---–მა დაადასტურა ის გარემოება, რომ მან მოპასუხესთან შეთანხმებით ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო საიჯარო ქირის ნაწილი, აღნიშნული თანხა ხმარდებოდა სსიპ პ------------–- კ---–---- მ--------ს ინტერესებს, კერძოდ, აღნიშნული თანხით მან ჩაატარა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, ამასთან, რემონტისათვის შეიძინა სამშენებლო მასალა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ნ--- ჯ-----–---ს სსიპ პ------------–- კ---–---- მ--------ს მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს, რის გამოც, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.3. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 0.1 %-ის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ სარჩელი ძირითადი მოთხოვნის, კერძოდ, მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად და სრულყოფილად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საურავის დარიცხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.4. რაც შეხება მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ დაკავებული ფართით ფაქტობრივად სარგებლობისათვის 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლამდე არსებული დავალიანების- 7650 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ მას ნამდვილად გააჩნია დავალიანება 7650 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების არსებობის დადასტურება, ქმნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ნ--- ჯ-----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7650 ლარის გადახდა.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, მისი ხელმძღვანელი შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოებით, ხოლო 2012 წლის 28 ნოემბრის №1 იჯარის ხელშეკრულება და მისი პირობები მოქცეულია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში გამოცემული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმების რეგულირების ქვეშ.

 

5.1. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილზე. საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც მიმდინარეობს მოსარჩელის ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე და საქმის წარმოება ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის ყოფილი ბუღალტრის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ ჩარიცხვა ხდებოდა მხოლოდ ანგარიშზე და მის მიერ სალაროს შემოსავლის ორდერი გაცემული არ ყოფილა (სისხლის სამართლის საქმე, ტ.1, ს.ფ. 151-152). მოსარჩელის წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, კოლეჯის ფინანსების ხარჯვას და ქონების განკარგვას აკონტროლებს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო. შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სადავო თანხების მიღებაზე და განკარგვაზე აღნიშნული ორგანოს თანხმობა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად დგინდება, რომ კრედიტორის მიერ არ მომხდარა შესრულების მიღება. კანონის შესაბამისად დირექტორს რ----- გ----–-–---–- არ ჰქონდა უფლება პირადად მიეღო კოლეჯისთვის განკუთვნილი თანხები.

 

იჯარის ხელშეკრულებით ანგარიშსწორების პირობად განსაზღვრული იყო, რომ დათქმული საიჯარო ქირა 1275 ლარი უნდა ჩარიცხულიყო კოლეჯის საბანკო ანგარიშზე, რაც რიგ შემთხვევებში არ მომხდარა. მოიჯარის მიერ არ იქნა ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების პირობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 28.11.2012წ. სსიპ პ------------– კ---–--- მ-------ს (ამჟამად სსიპ კ---–---- მ--------, შემდგომში „მოსარჩელე“) და ნ--- ჯ-----–---ს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №1, რომლითაც მოპასუხეს 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ. რ-------–-, შ------------------- №--ში მდებარე შენობაში არსებული დარბაზი, საერთო ფართით 4--.7- კვ.მ. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1275 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე (ტ.1, ს.ფ.17-19).

 

8. საქმის მასალებში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და სალაროს შემოსავლის ორდერები მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 2013 წლის თებერვლის, აპრილის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, ასევე 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2015 წლის თებერვლის, მარტის, მაისის, ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეების საიჯარო ქირის, ყოველთვიურად 1275 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე. (ტ.1, ს.ფ. 24-37, 65-73, 117,118, 125-131).

 

9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნაწილი შესრულებული იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით, კერძოდ, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო დარჩენილი თანხა მოსარჩელემ პირადად გადაუხადა მოსარჩელის დირექტორს რ----- გ----–-–---–- (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 170).

 

სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმეში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს, სალაროს შემოსავლის ორდერებს და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული რ----- გ----–-–---–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ საიჯარო პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ სრულად და დროულად დაფარა საიჯარო ქირა. კერძოდ, ნაწილი შეიტანა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა რ----- გ----–-–---–- გადაუხადა პირადად, რაც მან, როგორც მოსარჩელის დირექტორმა, მოახმარა კოლეჯის ინტერესებს. მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ შეცვალეს კოლეჯის საბანკო ანგარიშის ნომერი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე მოპასუხისათვის არ უცნობებიათ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 170, 05.06.2018წ. სხდომის ოქმი). მოსარჩელე კოლეჯის ყოფილი დირექტორი, რ----- გ----–-–---–ი მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საიჯარო ქირის სრულად გადახდაზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ განცხადებაშიც, რომელზეც განმცხადებლის ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით (ტ.1, ს.ფ. 64) .

 

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე კოლეჯის ყოფილი დირექტორის, რ----- გ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც იგი განმარტავს, რომ იგი კოლეჯის დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2006 წლის ივლისის თვიდან 2016 წლის მაისის თვემდე. მოწმის ჩვენებით, მოპასუხესთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მან მოიჯარეს სთხოვა საიჯარო ქირა პერიოდულად არ შეეტანა კოლეჯის საბანკო ანგარიშზე და გადაეხადა ხელზე, რათა აღნიშნული თანხით მოეხდინა კოლეჯის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და კომუნალური გადასახადების გადახდა. მოიჯარემ საბანკო ანგარიშზე შეიტანა დაახლოებით 17 850 ლარი, რაც შეეხება დარჩენილ 28 050 ლარს, აღნიშნული თანხა გამოართვა ხელზე, რაზეც კოლეჯის დირექტორი წერდა სალაროს შემოსავლის ორდერებს და აძლევდა მოპასუხეს (ტ.3, ს.ფ. 307,308, ტ.1, ს.ფ. 94).

 

აპელანტი მხარე სადავოდ ხდის კრედიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით შესრულების მიღების ფაქტს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების თანახმად საიჯარო ქირა უნდა ჩარიცხულიყო კ---–----ს საბანკო ანგარიშზე და კ---–----ს დირექტორს არ ჰქონდა უფლება პირადად მიეღო კ---–----სთვის განკუთვნილი თანხები.

 

სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მიღებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის უფლებამოსილების საკითხი.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

 

მოსარჩელის წესდების მე-3 მუხლის (როგორც დღეს, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, კ---–----ს მართვის ორგანოებია კ---–----ს დირექტორი და კ---–----ს საკოორდინაციო საბჭო (იხ.: სსიპ კ---–---- მ--------ს წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 0---------წ. ბრძანება #----- სსიპ პ------------–- კ---–---- „მ--------ს“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #7----. წესდების მე-5 მუხლის “ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, კოლეჯის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კოლეჯის მართვას და წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდა ხდებოდა მოსარჩელე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებული წესით და კ---–----ს დირექტორის წინაშე ვალდებულების შესრულების გზით მოპასუხის მიერ შესრულებულია სახელშეკრულებო ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. აპელანტის მიერ მითითებული გარემოება , რომ სადავო პერიოდში მოქმედი წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კ---–----ს სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აკონტროლოს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვა და ქონების განკარგვა, მიუთითებს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე დირექტორის ანგარიშვალდებულებაზე და არა მესამე პირებთან ურთიერთობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის შეზღუდულ უფლებებზე. როგორც უკვე აღინიშნა, წესდების მე-5 მუხლით გათვალისწინებულია კ---–----ს დირექტორის უფლება, წარმოადგინოს კ---–---- მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად არ დააკმაყოფილდა სარჩელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების თაობაზე.

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ არსებობს აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

11. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.4, ს.ფ. 9).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ კ---–---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი