განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2019
საქმის ნომერი
330310017002187357
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002187357

საქმე №3ბ/2550-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი---ა მ---ი

წარმომადგენელი - ა-–--------------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ს--–-------------

 

მესამე პირი - ნ---- შ---–--ა

წარმომადგენელი - ლ---------------–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარეთა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

2.2. მესამე პირის - ნ---- შ---–--ას წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ი---ა მ---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის 1--------ის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, კ------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 106,79 კვ.მ. (სხვენი), მესაკუთრეს წარმოადგენს ნ---- შ---–--ა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ო-----------ის“ 0--------- წ. N- კრების ოქმი (რეესტრის N1-----; ნოტარიუსი ქ. გ-------–ია).

 

ამავე ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, კ------------, ბინა N-, საკადასტრო კოდი 0---------------------, ფართი 54,05 კვ/მ, მესაკუთრეს წარმოადგენს ი---ა მ---ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი 2012 წლის1-----------რი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 3----------რს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში განხილული იქნა ნ---- შ---–--ას განცხადება თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, კ-------------ში განმცხადებლის კუთვნილი სხვენის სახურავზე სამსახურის მიერ 2--------- წ. A-------- განცხადებაზე N1------ გადაწყვეტილებით გაცემული კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების და სადარბაზოს სივრცეში კიბისმოწყობის კორექტირებული ფოტომონატაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესახებ.

 

განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ'' საქაართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განსახორციელებლი სამუშაოები თავის მახასიათებლებით განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს, რომლის განთავსება არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა უნდა დადასტურებულიყო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

 

ამავე გადაწყვეტილებით სსიპ არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი - ვ--ე, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, კ-------------ში, მოქ. ნ---- შ---–--ას კუთვნილი სხვენის სახურავზე სამსახურის მიერ 2---------წ. A-------- განცხადებაზე N1------ გადაწყვეტილებით გაცემული კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად, სამერცხლურების და სადარბაზოს სივრცეში კიბის მოწყობის კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, დამკვეთს უნდა მოეპოვებინა შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მის საფუძველზე დამუშავებული უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული სქემა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 1--------ს ი---ა მ---ის მიერ შეტანილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი N1----------------, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2-------------ის N1----- ბრძანებით ი---ა მ---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3-----------ის N1------ გადაწყვეტილება.

 

შპს ,,ლ--–---ს“ მიერ 2015 წლის 0-------ს გაცემულ იქნა საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, მ--- კორპუსში, მოქალაქე ნ---- შ---–--ას კუთვნილებაში არსებული სხვენის ფართში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. კონსტრუქტორ-ექსპერტ ა. ყურაშვილის მიერ შესწავლილ იქნა შენობა და დადგინდა, რომ მისი ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა საპროექტო სამუშაოებთან მიმართებაში დამაკმაყოფილებელია, სამუშაოების განხორციელება სამშენებლო ნორმატივებისა და წესების გათვალისწინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციულ კედლებზე აღინიშნება გარკვეული სახის დეფორმაციები და ბზარები, თუმცა III ავარიული კატეგორიის მდგომარეობა არ დაფიქსირდა. ქანობის დახრილ კოჭებზე ხორციელდება სამი სამერცხლურის მონტაჟი ზომებით 1,50 X 1,70 მ. კონსტრუქციული თვალსაზრისით და გაბარიტული ზომების მიხედვით სხვენის ფართი დამატებით გაძლიერებას არ მოითხოვს და აღნიშნული სამუშაოები არ დაამძიმებს შენობის ძირითად მზიდუნარიან კონსტრუქციებს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 2-----–--ის N5--------- დასკვნის მიხედვით ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, მ--- კორპუსის პირველი სადარბაზოს ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია. აუცილებელია დეტალური კვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულ სადარბაზოზე რაიმე სახის დაშენება, რაც დატვირთვების გაზრდას გამოიწვევს, დაუშვებელია.

 

2016 წლის 2----------რს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა ი--- ჩ-----–---–მა, ექსპერტის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები: 1) გამოიწვევს თუ არა სამერცხლურების სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დატვირთვას სადარბაზოს მზიდუნარიან კონსტრუქციებზე; 2) რა შედეგი დადგება მისი სრულყოფილი, როგორც საცხოვრებლის გადაქცევა, დაემუქრება მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მატერიალურ ქონებას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2-----------–ის N5--------- დასკვნის მიხედვით: 1) ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, მ--- კორპუსის პირველი სადარბაზოს სხვენში მანსარდის სართულის მოწყობით მზიდ კედლებზე დატვირთვები გაიზრდება; 2) აღნიშნულ მისამართზე, სხვენში მანსარდის სართულის მოწყობით მყისიერ ნგრევას ადგილი არ ექნება, მაგრამ მოსალოდნელია დეფორმაციებისა და ბზარების გახსნილობის მომატება, რაც განსაკუთრებით საფრთხის შემცველია სეისმური ძვრის შემთხვევებში. ამავე დროს უნდა აღნიშნოს რომ ამჟამად შენობაზე არსებული დაზიანებებიც საფრთხის შემცველია და აუცილებელია გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავ კოდექსის მ--- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს. რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის განხილვისას, უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 65-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება: სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 დამე-3 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2-------------ის N1------ გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, კ--------–---- , მ--- კორპუსში მდებარე, ნ---- შ---–--ას კუთვნილი სხვენის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს და სადარბაზოს სივრცეში კიბის მოწყობის შესაძლებლობა (კიბის ნაწილში აღარ არის სადავო), ხოლო 2014 წლის 3-----------ის 1------ გადაწყვეტილებით დაუდასტურდა კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა და ამავე დროს განმცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთს უნდა მოეპოვებინა შესაბამის დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მის საფუძველზე დამუშავებული ყოფილიყო კონსტრუქციული სქემა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ სწორედ სადავო დროს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით იქნა გაცემული თანხმობა სამერცხლეების მოწყობის თაობაზე და ის გარემოება, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების დღეს არსებული რედაქცია I კლასის მშენებლობად აღარ მოიაზრებს სამერცხლეების მოწყობას, არ შეიძლება გახდეს სადავო აქტის ბათილობის საფუძველი. აქტის ბათილობას ასევე საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, რადგან მითითებულ დასკვნებში საუბარია მანსარდის სართულის მოწყობით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით, რისი მოწყობის და დაშენების ნებართვა ნ---- შ---–--ას არ მისცემია სადავო აქტით (სადავო აქტით დაუდასტურდა სამერცხლეების მოწყობის შესაძლებლობა (კიბის ნაწილში აქტი აღარ არის სადავო)) და თუ მის მიერ უნებართვოდ ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, აღნიშნული არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული აქტის ბათილობის საფუძველს.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა 24.03.2009 წ. N57 დადგენილების 941-ე მუხლზე, რომელიც ეხება პასუხისმგებლობის საკითხებს სამშენებლო საქმიანობის უსაფრთხოებისა და დოკუმენტაციის სისწორისათვის, აღნიშნული მუხლის მიხედვით დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს, ამასთანავე მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს. მითითებული ვალდებულების დარღვევაზე კონტროლსა და ზედამხედველობას კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის N20-67 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების'' თანახმად ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომელიც დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ატარებს ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებას და იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. რის გამოც, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3-----------ის N1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2-------------ის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპი---ტესობას.

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2-------------ის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამერცხლულების მოწყობა უნდა განხორციელდეს მე-4 კლასის - მაღალი რისკის შემცველ შენობაზე და არა მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია არააკრედიტებული - შპს „ლ--–---ს“ დასკვნა (ექსპერტიზა), რომელიც, საკმარისობის თვალსაზრისით, არამარტო დაუსაბუთებელია, არამედ საეჭვოა, რადგან საექსპერტო კომპანიას არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული შესაბამისი აკრედიტაცია.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნული პრინციპი - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ამ პრინციპეპზეა დაყრდნობილი. შესაბამისად, თანხმობაც, რომელიც პირს ნებას რთავს განახორციელოს კონკრეტული ქმედება, მას უნდა შეესაბამებოდეს. მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურს არ შეუფასებია სამერცხლულის გასაკეთებლად სადემონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების საფრთხე, მოწყობის მოსალოდნელი რისკები და სიცოცხლისთვის შესაძლო საშიში მდგომარეობა, რაც კარგად ჩანს ლევან სამხარაულის დასკვნებში.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ზემოთ მითითებული დადგენილების მე-19, 65-ე, 66-ე, 76-ე მუხლები. სადავო შემთხვევაში კი დარღვეულია მოცემულ ნორმათა მოთხოვნები, ხოლო შპს „ლ--–---ს“ დასკვნა არარელევანტურია. სადავო N1------ გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტრუქტორის გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან განსახორციელებელი საუშაოები ეხება შენობის მზიდუნარიან კონსტრუქციებს, დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატი სვამს კითხვას - რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით მიიჩნია თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ნ---- შ---–--ას მიერ განსახორციელებელი სამუშაოები პირველი კლასის ობიექტად, რომლის განთავსებაც არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას მე-4 კლასის, მაღალი რისკის მატარებელ შენობაზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ დადგინდა: თანდართული ფოტომონტაჟით იკვეთება (25/11/2014წ. ოქმი N32), რომ დამკვეთის მიერ განსახორციელებელი სამუშაოები მოიცავს კორპუსის სახურავის ნაწილზე შენობა-ნაგებობის ვერტიკალური მიმართულებით განვითარებას (აივნის მოწყობას, დამცავი ჯებირებით შემოფარგვლას, აგურით მოპირკეთებას), რაც დამატებით ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. კერძოდ, „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა სართულების სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 27 მ-ზე ნაკლებია, არ გააჩნიათ

ლიფტი და რომელთა ექსპლუატაციის ვადა განსაზღვრულია მაქსიმუმ 50 წლამდე.

 

აპელანტი აღნიშნავს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების მიხედვით, კორპუსის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დატვირთვა იზრდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, რაც გამოიწვევს შენობის დეფორმაციას, ბზარების გადიდებას და მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს სიცოცხლისთვის გამოუსწორებელი ზიანი, რაზეც ასევე ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველის აპარატი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეზე გარემოებების შესწავლა არ მომხდარა თბილისის მერიისა და სასამართლოს მიერ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, საფრთხე ემუქრება მის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ნ---- შ---–--ას საკუთებაში არსებული სხვენის სახურავზე, კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად, სამერცხლულების და სადარბაზოს სივრცეში კიბის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების კანონიერება.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

 

დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი I კლასს განეკუთვნებოდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა. (აღნიშნული ქვეპუნქტი ამოღებულია 20.04.2015 N168 დადგენილებით).

 

ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოები აუცილებლად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, კანონმდებლობით განსხვავდება შენობა-ნაგებობის კლასები და თუკი პირი აწარმოებს I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, იგი ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ თანხმობას საჭიროებს. თავის მხრივ, თანხმობა და ნებართვა ერთმანეთისაგან განსხვავდება მათი მიღების პროცედურების სირთულით, რადგან ნებართვის მიღება ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ სამი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების სტადიის გავლის შედეგად მიიღება, ხოლო მშენებლობის განხორციელების დადასტურება გაცილებით მარტივი პროცედურის დაცვით ხდება. ვინაიდან ნ---- შ---–--ას სურდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა, რაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით განეკუთვნებოდა I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, იგი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ შესაბამის თანხმობას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გაცემული თანხმობის კანონიერება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N 24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12/30/2014 N 20-104 დადგენილებით) მე-2 მუხლის მიხედვით, სამსახურის მიზნებია: ა) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე წესდების მე-3 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამსახურის მიზნებია: სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების გათვალისწინებით. ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ პუნქტის შესაბამისად, I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. ამასთანავე, დადგენილების 941 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2-------------ის N1------ გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, კ--------–----, მ--- კორპუსში მდებარე, მოქალაქე ნ---- შ---–--ას კუთვნილი სხვენის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხულების და სადარბაზოს სივრცეში კიბის მოწყობის შესაძლებლობა, ხოლო 2014 წლის 3-----------ის N1------ გადაწყვეტლებით დაუდასტურდა კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა და ამავე დროს გამცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან განსახორციელებლი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შესაბამის დასკვნა განსახორციელებლი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მის საფუძველზე დამუშავებული იქნას კონსტრუქციული სქემა. ამრიგად, თანხმობის გაცემა მოხდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სადავო აქტით მოხდა არა სამუშაოების განხორციელების პირველადი დადასტურება, არამედ სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა უკვე იყო მოწონებული არქიტექტურის სამსახურის კანონიერ ძალაში შესული აქტით, სადავო შემთხვევაში კი მოხდა მხოლოდ ცვლილების შეტანა. გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა ის საკითხი, რომ სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს და განუმარტა განმცხადებელს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შესაბამის დასკვნა განსახორციელებლი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მის საფუძველზე დამუშავებული უნდა იქნას კონსტრუქციული სქემა. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენისა და საკითხის გამოკვლევის შედეგად განისაზღვრა სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა.

 

რაც შეეხება სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებას, საქმეში წარმოდგენილია შპს „ლ--–---ს“ მიერ 2015 წლის 0-------ს გაცემული საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გამზირი, I-----------–ი, მ--- კორპუსში, მოქალაქე ნ---- შ---–--ას კუთვნილებაში არსებული სხვენის ფართში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. კონსტრუქტორ-ექსპერტ ა. ყურაშვილის მიერ შესწავლილი იქნა შენობა და დადგინდა, რომ მისი ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა საპროექტო სამუშაოებთან მიმართებაში, დამაკმაყოფილებელია, სამუშაოების განხორციელება საშენებლო ნორმატივებისა და წესების გათვალისწინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციულ კედლებზე აღინიშნება გარკვეული სახის დეფორმაციები და ბზარები, თუმცა III ავარიული კატეგორიის მდგომარეობა არ დაფიქსირდა. ქანობის დახრილ კოჭებზე ხორციელდება სამი სამერცხულის მონტაჟი ზომებით 1,50 X 1,70 მ. კონსტრუქციული თვალსაზრისით და გაბარიტული ზომების მიხედვით სხვენის ფართი დამატებით გაძლიერებას არ მოითხოვს და აღნიშნული სამუშაოები არ დაამძიმებს შენობის ძირითად მზიდუნარიან კონსტრუქციებს, ხოლო რაც შეეხება სხვენის ფართში ასასვლელი კიბის მოწყობას, რომელიც სტანდარტულად შეესაბამება სართულებზე არსებული კიბის მარშებს ექვემდებარება განხორციელებას და არ გამოიწვევს უარყოფით მაჩვენებელს, ვინაიდან სიმკარების მოხსნით არ ხდება მზიდი ელემენტების ცვლილება და კონსტრუქციული სქემის რღვევა.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ შპს „ლ--–---“ არ არის აკრედიტირებული, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. ამრიგად, სააპელაციო პალატა წარმოდგენილ დასკვნას განიხილავს ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომელიც უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2-----------–ის N0-------- დასკვნას, იგი გამორიცხავს სადარბაზოზე რაიმე სახის დაშენებას, რაც დატვირთვის გაზრდას გამოიწვევს, ამასთან უთითებს, რომ დასკვნა თეორიულია, რადგან ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტები არასრული და არასაკმარისია. დადგენილია, რომ სადავო აქტით განხორციელდა ნ---- შ---–--ას კუთვნილი სხვენის სახურავზე სამსახურის მიერ 2--------- წ. A-------- განცხადებაზე N1------ გადაწყვეტილებით გაცემული კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების და სადარბაზოს სივრცეში კიბის მოწყობის კორექტირებული ფოტომონატაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სხვენი, ფართით 106,79 კვ.მ წარმოადგენს ნ---- შ---–--ას საკუთრებას, რომელზეც სამერცხლულები მოწყობილია და სადავო აქტით უნდა განხორციელდეს კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილება. სადავო აქტი სამერცხლულების მოწყობის ნაწილშია დამკვეთისათვის სახელმძღვანელო და იგი არ ცვლის კიბის მოწყობის ნაწილში 2--------- წლის N1------ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ საქმეში სადავოს არ წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულ მითითებას სადარბაზოს სხვენში მანსარდის სართულის მოწყობის შედეგად მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რადგან სადავო აქტი სხვა სამუშაოების წარმოებას ეხება და იგი არ მოიცავს სადავო უძრავი ქონების არსებით კონსტრუქციულ ცვლილებებს, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სხვა სამუშაოების წარმოების საკითხია შეფასებული(ისიც არასრული მასალების საფუძველზე), რომლებიც უძრავ ქონებაზე ზემოქმედების ხარისხითა და ინტენსივობით ერთმანეთისაგან განსხვავდება.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებულია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მ--- ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებაში (საქმე Nბს-226-224(კ-17)) გაკეთებული განმარტების მიხედვით, „ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.“

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობამდე, აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული ის ზიანი, რომელიც აქტის ბათილად ცნობით მშენებლობის განმახორციელებელ პირს მიადგება და ის საფრთხე და რისკი, რომელიც აქტის ძალაში დატოვებით მესამე პირების კანონიერ ინტერესს ემუქრება. ამასთანავე, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესითა და საფუძველზე, მეორე მხრივ კი, სადავო მშენებლობით აპელანტისთვის ზიანის მიყენების, საფრთხის წარმოშობის რისკი არ დასტურდება. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა სადავო სამუშაოების სპეციფიკას, წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებს, თვლის, რომ გასაჩივრებული თანხმობით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოებით, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს არსებობის უფლება არ შეილახება. ამასთანავე, თუკი მესამე პირი აწარმოებს ისეთ სამუშაოებს, რაც აპელანტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით საფრთხის შემცველია, თუმცაღა ასეთი სამუშაოების წარმოება გასაჩივრებული აქტით არც არის შეთანხმებული, აღნიშნულზე რეაგირება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით - ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3-----------ის N1------ გადაწყვეტილების და შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტიის მერის 2017 წლის 2-------------ის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, აპელანტისა და მესამე პირის ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების შედეგად.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამდენად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი---ა მ---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი