განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002992865
საქმე N3/ბ-206-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი - ე-------–---–---–ი
წარმომადგენელი - ნ------------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება
მესამე პირი - ზ------–---–---–-
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 14 მაისს ე-------–---–---–ის წარმომადგენელმა ნ------------–----ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პ---–-–----- განყოფილების მიმართ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---------–--ის მიერ 2019 წლის 11 მაისს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით;
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 11 მაისს, ქ. ბათუმის პ---–-–----- განყოფილების მიერ ე-------–---–---–ის მიმართ გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად ე-------–---–---–ი წარმოადგენს მოძალადეს თავისი შვილის, ზ------–---–---–-ს მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში. №------ შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, ე-------–---–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიმართ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2019 წლის 12 მარტს, იგი თითქოსდა ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა თავის შვილს, ზ------–---–---–ს საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოსარჩელის განმარტებით, N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, ე-------–---–---–ის მხრიდან ამგვარი შინაარსის სატელეფონო ზარებს სისტემატიური ხასიათი აქვს, რაც ასევე არ არის სწორი. ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იგი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ორდერის გამოცემის საფუძვლად მითითებულია ,,მსხვერპლის’’ გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 12 მარტს, ზ------–---–---–ს დაუკავშირდა თავისი მამა, ე-------–---–---–ი და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, დაემუქრა ეკონომიკური დახმარების შეწყვეტით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
2019 წლის 12 მარტს, ე-------–---–---–სა და ზ------–---–---–ს შორის ნამდვილად შედგა სატელეფონო საუბარი, თუმცა მუქარას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. საუბარი შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საერთო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე უსაფუძვლოა ზ------–---–---–-ს მტკიცება ეკონომიკური ძალადობის განხორცილების შესახებ, რაც მისი პოზიციით, მატერიალური დახმარების შეწყვეტის მუქარაში გამოიხატა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-4-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. ამ სახის ძალადობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რამდენადაც, ზ------–---–---–- სრულწლოვანი პირია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს დამოუკიდებლად, შესაბამისად, მამის მხრიდან მატერიალური დახმარების შეწყვეტის მუქარა არ შეაძლება შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. ბოლო პერიოდში, ე-------–---–---–სა და ზ------–---–---–ს შორის ჩამოყალიბდა კონფლიქტური ურთიერთობა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეა ოჯახთან ერთად ცხოვრობს დამოუკიდებლად. 2019 წლის 12 მარტს, მხარეებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი უკავშირდებოდა მხოლოდ საერთო ბიზნეს საქმეს. ე-------–---–---–ის მტკიცებით, N------ შემაკავებელ ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ამდენად, შემაკავებელი ორდერი წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პ---–-–----- განყოფილების წარმომადგენელი არ დაეთანხმა ე-------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
მესამე პირი, ზ------–---–---–- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე და განმარტა, რომ ე-------–---–---–ის მხრიდან მის (ზ------–---–---–-ს) მიმართ განხორციელებულ ძალადობას სისტემატიური ხასიათი აქვს. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2017 წლიდან, კონფლიქტი გამწვავდა 2018 წლის სექტემბრის თვეში, მას შემდეგ რაც ზ------–---–---–- მეუღლესთან და შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან. ე-------–---–---–ი შვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას განახორციელებდა ერთად ცხოვრების პერიოდშიც, განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას. მამასთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ზ------–---–---–- აღარ განახორციელებს შპს ,---–-----–------------ დირექტორის უფლებამოსილებასაც. იგი ოჯახის შესანარჩუნებლად სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად, რის შემდეგაც, მოძალადე სისტემატურად უკავშირდება მას მობილური ტელეფონის საშუალებით, მიმართავს სალანძღავი სიტყვებით, აყენებს სიტყვიერი შეურაცხყოფას, ნათესავების მეშვეობით, აგრეთვე, პირად საუბარშიც დაჟინებით მოითხოვს ბინის დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, ბინის კარების შემტვრევით, ამგვარი შინაარსის სატელეფონო საუბარს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 12 მარტსაც.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ე-------–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პ---–-–----- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, რ---------–--ის მიერ 2019 წლის 11 მაისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.
ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------–---–---–-ს ოჯახს აქვს კერძო ბიზნესი, კერძოდ, დააფუძნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,---–-----–------------, ფლობენ თხილის გადამამუშავებელ საწარმოს, რამდენიმე კომერციულ ფართსა და საცხოვრებელ ბინას.
ზ------–---–---–- მამასთან, ე-------–---–---–თან ერთად ჩართული იყო ბიზნეს საქმიანობაში. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობა გადაიზარდა მწვავე კონფლიქტში ზ------–---–---–-ს მიერ ოჯახთან ერთად სხვა საცხოვრებელ მისამართზე გადასვლის გამო. ხოლო, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ე-------–---–---–ი საერთო საქმიანობაში განახორციელებს შემზღუდველ მოქმედებებს შვილის მიმართ, რის გამოც ზ------–---–---–- აღარ ასრულებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილებას, შესაბამისად, აღარ არის ჩართული საწარმოს საქმიანობაში.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 12 მარტს, ე-------–---–---–ი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა თავის შვილს, ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-- ქუჩა N--–----------------------ის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პ---–-–----- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, რ---------–--ის მიერ ე-------–---–---–ის მიმართ გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი.
სასამართლოს განმარტებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1 ) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია, შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისი მხრიდან 2019 წლის 11 მაისის №------ შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ე-------–---–---–ის სატელეფონო საუბარი 2019 წლის 12 მარტს თავის შვილთან ზ------–---–---–თან, ასევე, სხვადასხვა დროს მის მიმართ განხორციელებული მოქმედებები შეიძლება შეფასებულიყო როგორც ზ------–---–---–-ს პირად ცხოვრებაში ჩარევა, ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის გამოხატულება. ე-------–---–---–ისათვის მიუღებელი აღმოჩნდა შვილის პირადი ცხოვრების წესი და აგრესიულ დამოკიდებულებას შვილთან სატელეფონო კომუნიკაციის დროსაც იჩენდა. შესაბამისად, ზ------–---–---–-ს მტკიცება სატელეფონო საუბრისას მოძალადის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ბინის გამოთავისუფლების მოთხოვნის შესახებ, ამ მხრივ შეესაბამებოდა საქმის გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პ---–-–----- განყოფილების ინსპექტორ - გამომძიებლის, რ---------–--ის მიერ 2019 წლის 11 მაისს №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ე-------–---–---–ის წარმომადგენლის ნ------------–----ის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლო არ გაიზიარა სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ ე-------–---–---–ზე წარდგენილი შემაკავებელი ორდერი თავისი ბუნებით წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რაც მისი გამოცემის დროს არ მომხდარა და რასაც ითვალისწინებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქმეში ჩართულმა მესამე პირმა ზ------–---–---–მა მოსარჩელესთან ერთად დააფუძნა საოჯახო ბიზნები, კერძოდ შპს ,---–-----–----------- და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან შპს ,---–-----–----------- დაფუძნებულია ე-------–---–---–ის მიერ და მისი 100% წილის მესაკუთრეა. ზ------–---–---–- არ ეწევა ოჯახურ ბიზნესს და არც ფლობს მას, აგრეთვე არ ფლობს არცერთ კომერციულ ფართს.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მთლიანად გაიზიარა ,,მსხვერპლის“ ზ------–---–---–-ს სასამართლოში მიცემული განმარტება, ვითომდა მოსარჩელე ე-------–---–---–ი ერეოდა მის პირად ცხოვრებაში, მასზე ახორციელებდა ფქიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰოქნია. ამასთან ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მესამე პირის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ე-------–---–---–ის წარმომადგენლის ნ------------–----ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პ---–-–----- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---------–--ის მიერ 2019 წლის 11 მაისს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
ამავე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, შემაკავებელ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.
,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებით შემაკავებელ ორდერთან ერათად გამოიცემა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც დეტალურად მიეთითება პოლიციის შესაბამისი მუშაკის მიერ დადგენილი გარემოებები.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.
ანალოგიური შინაარსის დანაწესს შეიცავს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ადგენს, რომ პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსს და განმარტავს, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ზ------–---–---–-ს კანონიერ უფლებებს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება და ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ე-------–---–---–მა იძალადა მის შვილზე ზ------–---–---–ზე. შესაბამისად, ვერ დგინდება ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების საჭიროება.
სააპელაციო სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია დსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის აღკვეთის მიზნით.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას: ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური ძალადობაა ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი და ოქმი წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, თუმცა მხოლოდ ამ დოკუმენტის საქმეში არსებობა არ ქმნის პირის მოძალადედ მიჩნევის წინაპირობას, რადგან შემაკავებელი ორდერი და ოქმი თავისი დანიშნულებით საქმის გარემოებათა ფიქსაციის და დამცავი ღონისძიების გამოყენების საშუალებაა. ამდენად, მისი მტკიცებულებითი ძალის განსასაზღვრად სავალდებულოა მასში ასახული მონაცემების სისწორე უტყუარად და სარწმუნოდ დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებით, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რომელიმე უფლების შეზღუდვას.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე უკრიტიკოდ მიიჩნია შემაკავებელი ორდერი მტკიცებულებად, რომ არ შეაჯერა მასში ასახული გარემოებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები დაეყრდნო მხოლოდ ზ------–---–---–-ს ზეპირ განმარტებას. პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის ფიქსაციისათვის მოძალადე პირის დასადგენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ობიექტურ პირთა წრის გასაზღვრას, რომლებმაც ჩვენება უნდა მისცენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ საკმარისად არ დასტურდება საჩივრის ავტორის მხრიდან ზ------–---–---–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამგვარი ერთმანეთთან კავშირში მყოფი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი, როგორც დაუსაბუთებელი და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესაწავლის გარეშე გამოცემული აქტი, ექვემდებარება გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ე-------–---–---–ის წარმომადგენლის ნ------------–----ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე-------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პ---–-–----- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---------–--ის მიერ 2019 წლის 11 მაისს გამოცემული N------- შემაკავებელი ორდერი;
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეგზავნოს კანონით დადგენილი წესით მხარეებს;
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ნანა კალანდაძე
მურთაზ მეშველიანი