განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2019
საქმის ნომერი
190310119002881047
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2303-19, 190310119002881047

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენლები: ნ---ო ნე-------ე, მა-----ა ლ--–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნა----–ა მა------–--ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნა----–ა მა------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წლის რეგისტრაციის კრიტერიუმი.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ნა----–ა მა------–--ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და მინიჭებული აქვს მოქმედი სარეიტინგო ქულა 1000. მოსარჩელე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2008 წლის აგვისტოდან ქ. რუსთავში.

 

ნა----–ა მა------–--ე (სწავლის პერიოდში ნა----–ა გაგულია) სწავლობდა ქ. რუსთავის მე-19 საშუალო სკოლაში 2001 წლის 06 ნოემბრიდან, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2006 წელს.

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი", რომელმაც განსაზღვრა რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობები, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურები. ეს წესი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ნაწილში არ ვრცელდება პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება ჯამში 15 წელს, ხოლო განცხადებით მომართვამდე ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა).

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების პირველი პუნქტით საკრებულომ გადაწყვიტა ქალაქ რუსთავში, მე-11 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს. კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის კრიტერიუმი, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების გარეშე, ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს მოსარჩელის უფლებას დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი", რომელმაც რეგისტრაციის კრიტერიუმად განსაზღვრა რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 15 წლიანი რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმულირებიდანაც უნდა გამოიყოს ელემენტები, რომლებიც საერთო ჯამში ჰქმნიან ცნების ზოგად ხასიათს. ესენია: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო; ბ) საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და გ) ქცევის ზოგადი წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

ამგვარად, ნორმატიული აქტით, მოწესრიგებული ურთიერთობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებით კი - ის დებულებები, რომლებიც ზღუდავს კერძო ინტერესს, უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც დადგინდა, ქალაქ რუსთავში, მე-11 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის უზრუნველყოს უპირატესად ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება

 

ქალაქ რუსთავში, მე-11 ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმი. სადავო ნორმატიული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილება.

 

სასამართლო ამოწმებს მითითებული ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის საკითხს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოა ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მატერიალურ - შინაარსობრივი კანონიერება, რა დროსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისას მოწმდება არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ცალსახადაა გაცხადებული სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ნება, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანის ღირსების, ხელშეუვალობისა და მისი ღირსეული ყოფისათვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. კონსტიტუციის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ დეკლარაციული, პროგრამული დებულებების შემუშავება. კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ძირითად პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება ამ პრინციპებისა და მიზნების მიღწევის საშუალებებს ფორმულირებულია ცალკეულ კანონებში.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში; ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით; გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას; დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს, 31-ე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად კი, ეს წესი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში არ ვრცელდება: პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს, ხოლო განცხადებით მომართვამდე ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა).

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების პირველი პუნქტით, საკრებულომ გადაწყვიტა ქალაქ რუსთავში, მე-11 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ უზრუნველყოს უპირატესად ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების პირველი მუხლის 31-ე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რითაც ირღვევა მოსარჩელის უფლება დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად.

 

სადავო ნორმატიული აქტით მოსარჩელის კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ მასში დასაბუთებელი არ არის ამგვარი შეზღუდვით საჯარო ინტერესების დაცვის უპირატესობა, რის გამოც სადავო აქტი არღვევს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ნა----–ა მა------–--ე სწავლობდა ქ. რუსთავის მე-19 საშუალო სკოლაში 2001 წლის 06 ნოემბრიდან, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2006 წელს, იგი ქ. რუსთავში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2008 წლის აგვისტოდან.

 

ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულნი არიან, მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უსახლკარო პირის შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უსახლკარობის პრობლემის თავიდან აცილებასა და შერბილებას, მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით. ასევე, სათანადო საცხოვრისის უზრუნველყოფას იმ პირთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი სახსრები. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უსახლკაროთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფას თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებად განსაზღვრავს. საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ" უსახლკაროდ მიიჩნევს „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო". დეფინიცია პირის უსახლკაროდ მიჩნევისათვის ადგენს მატერიალური და პროცედურული კრიტერიუმის თანადროული დაკმაყოფილების მოთხოვნას; კერძოდ, პირის უსახლკაროდ აღიარებისათვის ის უნდა იყოს მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებლის არმქონე და ამავდროულად უნდა არსებობდეს თვითმმართველობის ორგანოში მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ფაქტი.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონით არ განსაზღვრულა უსახლკარო პირთა რეგისტრაციისას მათი კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციისა ან ცხოვრების ფაქტის პერიოდულობა, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაშია როგორც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის, ასევე ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან, უსახლკარო პირები უზრუნველყოფენ თავშესაფრით და განახორციელონ რეგისტრაცია. აღნიშნული წინააღმდეგობაშია ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანთან, სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ.

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებით განსაზღვრული იქნა შეფასების კრიტერიუმები უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირების ქულათა მინიჭების სისტემის თაობაზე, ამასთან დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე და ბენეფიციარის დროებით საცხოვრისში შესახლებისას პრიორიტეტი მიენიჭება კომისიის მიერ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია უზრუნველყოს უსახლკარო პირები თავშესაფარით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების პირველი პუნქტის ჩანაწერი ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი", ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს იყოს საცხოვრისით უზრუნველყოფის პოტენციური ბენეფიციარი, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

იმ პირობებში, როდესაც ,,სოციალური დახმარების შესახებ" კანონის შინაარსიდან გამომდინარე, პირის უსახლკაროდ აღიარებისათვის ის უნდა იყოს მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებლის არმქონე, ხოლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილია ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლისდა ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თამახმად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად 4.1.1. მიუთითებს: "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის კრიტერიუმი, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს მოსარჩელის უფლებას დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებით დამტკიცდა "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათ დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი," რომელმაც რეგისტრაციის კრიტერიუმად განსაზღვრა რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 15 წლიანი რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილს."

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს - გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც "დაკმაყოფილდა ნა----–ა მა------–--ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლისN232 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა უპირატესად ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წლის რეგისტრაციის კრიტერიუმი." მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ნა----–ა მა------–--ის სარჩელი.

 

ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. გამოცემის წესის არსებით დაღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ არის საკითხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმულირებიდანაც უნდა გამოიყოს ელემენტები, რომლებიც საერთო ჯამში ჰქმნიან ცნების ზოგად ხასიათს, ესენია: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო; ბ) საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; გ) ქცევის ზოგად წესი.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმით: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წამოების წესის გამოყენებით; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კიდექსის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს.

 

ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის) გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხზე: "უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია;"

 

"სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს შეფასების სისტემაში; უსახლკაროს პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით; აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას." საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად: დისკრეციული უფლებამოსილება უფლებამოსილებაა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;" თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ეფექტური მმართველობის ერთ-ერთ სამაგალითო გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგიდან აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება და თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგის ეფექტური მმართველობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრისN83 დადგენილება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დისკრეციულ უფლებამოსილებას რომელიც მან უნდა განახორციელოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ზემოთ დასახელებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის: "კონკრეტულ დროებით საცხოვრისში საცხოვრებელი პირობებისა და სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსაზღვროს საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობა." რის საფუძველზე იქნა მიღებული "ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი:02.02.04.111.02.001) არსებული დროებითი საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულება.

 

სწორედ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო გასცდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და სადავო აქტი გამოსცა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დარღვევით ან კანონით დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

 

მიზანშეწონილობას არ გააჩნია და არ ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან მიმართებაში, რის გამოც დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აქტის ამ სახით ან ამ შინაარსით გამოცემა არ არის მიზანშეწონილი. აქტი სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ იმ პირობებში, თუ აქტი არ პასუხობს ფორმალური და მატერიალური კანონიერების პრინციპებს, რაც შეეხება მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრას, აღნიშნული მიეკუთვნება თავად ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივას, კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: "მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება." ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად - მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე." საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 87-ე მუხლის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის წესების დაცვას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კოლეგიალური ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მომზადებასა და მიღების (გამოცემის) წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 103-ე მუხლის თანახმად: "თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით.

 

კონკარეტულ შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ." ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილება და "ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: 02.02.04.111.02.001) არსებული დროებითი საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულება, მიღებულია კანონის სრული დაცვით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა ზემოაღნიშნული წესების დაცვით. სასამართლო ვერ უთითებს რომელ კანონს ეწინააღმდეგება გასაჩივრებული აქტი ან მომზადების და გამოცემის პროცესში რა ფუნდამენტალური წესები დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ. სასამართლოს მიერ არ ყოფილა დასახელებული ნორმა შემოქმედებითი პროცედურის ისეთი დარღვევა, რომელიც შედეგად იწვევს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად სასამართლოს განმარტება, რომ - "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 განკარგულება წინააღმდეგობაშია როგორც "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის ასევე "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან." დაუსაბუთებელი და არასწორია.

 

"ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ." ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილება მიღებულია - რათა მოხდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დადგენა, განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს. დადგენილების მე-5 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რითაც ხდება ქულათა მინიჭების სისტემა. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად: "კონკრეტულ დროებით საცხოვრისში საცხოვრებელი პირობებისა და სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსაზღვროს საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობა." სწორედ ამ მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული "ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: 02.02.04.111.02.001) არსებული დროებითი საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 05 თებერვლისN232 განკარგულება, რომლითაც განისაზღვრა ერთი კონკრეტული საცხოვრისის კრიტერიუმი, მაგრამ გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, არ მომხდარა ახალი კრიტერიუმის დადგენა ვინაიდან "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ." ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრისN83 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტით ისედაც იყო განსაზღვრული ქალაქ რუსთავში რეგისტრაციის წლების მიხედვით, მათ შორის რეგისტრაციის 20 წლიანი ვადა. ასე რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა მიეღო აღნიშნული განკარგულება და დაედგინა კონკრეტულ საცხოვრისზე კრიტერიუმები.

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს, როდესაც დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, რომ: "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის კრიტერიუმი, მიღებულია საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს მოსარჩელის უფლებას დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად;"

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილების "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია თუ ვის არ ეხება აღნიშნული წესი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ნაწილში, ანუ ზემოდ აღნიშნულ დადგენილებით არაა განსაზღვრული უსახლკარო პირთა რეგისტრაციისას ცხოვრების ფაქტის პერიოდულობა. ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პრიმა მუხლით, რომელიც ეხება დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფას - აქ არის დადგენილი კრიტერიუმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა, რომ განკარგულება "ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს იყოს საცხოვრისით უზრუნველყოფის პოტენციური ბენეფიციარი, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს მას" სასამართლოს მიერ არასწორადაა შეფასებული და არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის Nსოც-1007 2019 წლის 12 ივნისის ბრძანებით, ნა----–ა მა------–--ის ოჯახი, რეგისტრირებულია უსახლკარო პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნა----–ა მა------–--ეს არ ეზღუდება უფლება იყოს ბენეფიციარი და ირიცხებოდეს უსახლკაროთა რეგისტრაციის ბაზაში, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსაჩელისთვის ზიანის მიყენებას.

 

ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოიცავს სარჩელის მიღების, დასაშვებობის, შემოწმებისა და სარჩელის დასაბუთებულობის დადგენის სტადიებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული სარჩელის სახე და დასაშვებობის წინაპირობები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებამოსილებას, რადგან თუ მხარის მატერიალური უფლება ან კანონიერ ინტერესი არ იზღუდება ან/და არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, არც შესაბამისი საპროცესო უფლება არსებობს. სარჩელის დასაშვებობის დადგენისას საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ირღვევა მისი სუბიექტური უფლება, ხოლო ის ფაქტი, ნამდვილად დარღვეულია თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლება ან/და ინტერესი, დგინდება სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, რაც შეუძლებელია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვისა და გამოკვლევის გარეშე. განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას სარჩელის დასაშვებობის სტადიის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, ,,რიგ შემთხვევებში”, ხომ არ არსებობს საქმის დაუშვებლობის მოტივით განჩინებით შეწყვეტის საფუძვლები.

 

სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე უთითებს: "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების პირველი პუნქტით, საკრებულომ გადაწყვიტა ქალაქ რუსთავში მე-11 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ." ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების პირველი მუხლის მე-31 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტთან, რითაც ირღვევა მოსარჩელის უფლება დარეგისტრირდეს უსახლკაროდ. სადავო ნორმატიული აქტით მოსარჩელის კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ მასში დასაბუთებული არ არის ამგვარი შეზღუდვით საჯარო ინტერესების დაცვის უპირატესობა, ის გამოც სადავო აქტი არღვევს "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს," არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 მეორე პრიმა პუნქტის შესაბამისად: "ეს წესი შეიძლება გავრცელდეს პირებზე, რომელთა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის ხანგრძლივობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის საფუძველზე, ჯამში 15 წელზე ნაკლებია, თუმცა ქალაქ რუსთავში მისი ცხოვრების ფაქტი დგინდება შემდეგი გარემოებების ერთობლიობით: პირი სწავლობდა ქალაქ რუსთავში და ამ პერიოდში არ ფიქსირდება მისი სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის ფაქტი."

 

ასევე არასწორია სასამართლო, როდესაც ამბობს, რომ - "დაირღვა კერძო პირის ინტერესი "ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი:02.02.04.111.02.001) არსებული დროებითი საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების იმ ნაწილით, რომლითაც დადგინდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი კრიტერიუმები." კრიტერიუმი არის მსჯელობის, გადაწყვეტილების, რაიმე კვალიფიკაციის მოხდენის საშუალება, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასების განსაზღვრა, ნიშან-თვისების გამოვლენა და ა.შ. იგი გამოიყენება სამართლებრივ აქტებში. კრიტერიუმის დადგენასთან დაკავშირებით არის სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც კანონშემოქმედებითი მმართველობის კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების საფუძველზე განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა და უშუალოდ ზემოქმედებს აქტის კანონიერების ხარისხზე.

 

ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის შემუშავება. ქალაქის ეკონომიკური განვითარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება აისახება დემოგრაფიულ მონაცემებზე. მოქალაქეები უკეთესი საცხოვრებელი პირობების შერჩევით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და ცდილობენ მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოქალაქეების რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტმა. აღნიშნული ოჯახების უმრავლესობა, როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული მისამართების მიხედვით, რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რამდენიმე ათეული წლის მანძილზე რეგისტრირებული და მცხოვრები პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან ქალაქის განვითარებას, ითხოვენ საცხოვრისით უზრუნველყოფას მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ზემოაღნიშნულისა და ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის,, გათვალისწინებით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში 2018 წლის 24 დეკემბერს მიიღო ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი". წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლის პირობების არსებობისას მოქალაქე ვერ გაივლის უსახლკარო პირად რეგისტრაციას. ამავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტით დადგენილი არანაკლები 15 წლიანი რეგისტრაცია წარმოადგენს მოქალაქეთა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც ფასდება ერთ-ერთი უმაღლესი ქულით საერთო შეფასების სისტემაში.

 

ზემოაღნიშნული ნორმები გამორიცხავს პირის დისკრიმინაციას, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლებზე მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმები მოიცავს სხვადასხვა საჭიროებების მქონე პირთა ჯგუფების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს და აუცილებელ პირობას წარმოადგენს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში პირის რეგისტრაციას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ქალაქ რუსთავის 19 საშუალო სკოლაში სწავლობდა 2001 წლის 06 ნოემბრიდან და სკოლა დაასრულა 2006 წელს, სავარაუდოდ ივნისის თვეში - (ჯამში რუსთავში იმ პერიოდში ცხოვრება 4 წელი და 7 თვე.)

 

საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 21 თებერვლის N3510119004736 საინფორმაციო ბართით ირკვევა, რომ ნა----–ა გაგულია პირადი N02001020795. 2007 წლის 02 მაისიდან - 2011 წლის 09 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო აბაშა, სოფელი ეწერი მე-3 ქ. N48 (ჯამში 3 წელი და 9 თვე) რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს რუსთავში ცხოვრების პერიოდად.

 

ამავე საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ რუსთავში ვლადიმერ მესხიშვილის მეორე გასასვლელი N8 ბინა N16 ნა----–ა მა------–--ე დარეგისტრირდა 2011 წლის 09 თებერვლიდან 2014 წლის 08 სექტემბრამდე (ჯამში 3 წელი 7 თვე).

 

ამავე საინფორმაციო ბარათით ირკვევა რომ რუსთავში XV მ/რ კორ. N10 ბინა N5 ნა----–ა მა------–--ე დარეგისტრირდა 2015 წლის 06 ივლისიდან - 2016 წლის 28 ივნისამდე, ამავე საინფორმაციო ბარათით ირკვევა რომ რუსთავში მისამართის გარეშე ნა----–ა მა------–--ე დარეგისტრირდა 2016 წლის 28 ივნისიდან - 2016 წლის 28 დეკემბრიამდე (ჯამში გამოუვიდა 1 წელი 5 თვე)

 

ამავე საინფორმაციო ბარათით ირკვევა რომ რუსთავში მეგობრობის გამზირი N47 ბინა N86 ნა----–ა მა------–--ე დარეგისტრირდა 2018 წლის 10 ოქტომბრიდან. (ჯამში 11 თვე).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ირკვევა, რომ მოსარჩელეს ქალაქ რუსთვში ცხოვრების ხანგრძლივობა შეადგენს 10 წელს და 8 თვეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მას არ შეიძლება ზიანი მიდგომოდა "ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: 02.02.04.111.02.001) არსებული დროებითი საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულებით. ვინაიდან მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისისთ უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ." ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნას რომლითაც "ეს წესი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში არ ვრცელდება: პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს, და ოჯახის ყველა წევრი არ არის რეგისტრირებული, ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად (გარდა ორ წლამდე ბავშვთა ასაკისა), წყვეტის შემთხვევაში პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული, სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში." აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს 15 წლიანი რეგისტრაციის ფაქტი არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში. ამავე დროს საქმეში მოსარჩელეს არც ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით ვერ დგინდება მოსარჩელე ნა----–ა მა------–--ისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს განკარგულების გაუქმების საფუძველი.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესები დაცულია, იგი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ვერ უთითებს აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციის და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, მოსარჩელე ვერ უთითებს კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არ არსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნება სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს ნა----–ა მა------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონით დადგენილი წესით, არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის და უსაფუძვლობის გამო. არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან ადგილი არ ჰქონია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ არის საკითხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცესუალურ ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთნ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნა----–ა მა------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას და უკანონოდ, დაუსაბუთებლად უზღუდავს უფლებებს. კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა ქალაქ რუსთავში, მე-11 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ უპირატესად ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 და მეტი წლის რეგისტრაციის კრიტერიუმი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია. ამავე კოდექსის 61-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. მათ შორის, მითითებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. რა შეეხება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იგი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების მიღებისას დაცული უნდა იყოს იერარქია, კერძოდ, ნორმატიული აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს უფრო მაღალი იერარქიის მქონე ნორმატიულ აქტს. კანონქვემდებარე აქტები გამოიცემა რა საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს მასთან, თუმცაღა შეიძლება აზუსტებდეს და აკონკრეტებდეს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საკითხებს. თავის მხრივ, ინდივიდუალური აქტი შესაბამისობაში უნდა იყოს როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 განკარგულება გამოიცა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-31 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ეს წესი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში არ ვრცელდება: პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს, ხოლო განცხადებით მომართვამდე ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა).

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის N232 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად კი, საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ქალაქ რუსთავში, მე-11 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ უზრუნველყოს უპირატესად ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, მიეკუთვნება რა უსახლკარო პირთა საცხოვრისით დაკმაყოფილება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, ეს უკანასკნელი შესაბამისი ნორმატიული სამართლებრივი აქტების გამოცემის მეშვეობით განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებსა და წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი. ცალსახაა, რომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილება, რომელიც სადავოდ არ არის ქცეული, განსაზღვრავს სწორედ მსგავს წინაპირობებს. მათ შორის, ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ იგი არ გავრცელდებოდა ისეთ პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 15 წელზე ნაკლები იყო. ამასთანავე, დასახელებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ დროებით საცხოვრისში საცხოვრებელი პირობებისა და სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსაზღვროს საცხოვრისში გასაცემი ფართებისათვის წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმის მქონე ოჯახ(ებ)ის განსაზღვრული რაოდენობა. ამრიგად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, დადგენილებით განისაზღვრა სავალდებულო წინაპირობები, რომლესაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს პირი, ხოლო მეორე მხრივ, მავე დადგენილების თანახმად და მინიციპალიტეტის მერიის წარდგინების პირობებში საკრებულოს შეეძლო ცალკე განესაზღვრა საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი ოჯახების კონკრეტული ოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ამავე დადგენილების მე-5 მუხლიში მითითებულ კონკრეტულ კრიტერიუმს. სწორედ ამ მიზნით გამოიცა სადავო N232-ე განკარგულება, რომელმაც სწორედ განსაზღვრული ოდენობის ოჯახების გამოვლენის მიზნით დააზუსტა და მიუთითა უკვე დადგენილ კრიტერიუმთაგან ყველაზე მაღალი ქულით შესაფასებელ კრიტერიუმის უპირატესობაზე, რომ სადავო განკარგულებაში მითითებულ ლოკაციაზე არსებული საცხოვრისით დაკმაყოფილებისათვის პირთა რუსთავში რეგისტრაციის ხანგრძლივობა უნდა ყოფილიყო 20 ან მეტი წელი. მითითებული განკარგულება გამოიცა უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს მიერ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, რომელიც შესაბამისობაშია მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებთან, რადგან მხოლოდ აზუსტებს და აკონკრეტებს იმ პირთა წრეს, რომელთაც ამავე განკარგულებით საცხოვრისი უნდა გადაეცეთ. გასაჩივრებული განაკრგულება წარმოადგენს რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებით დამტკიცებული ზოგადი წესის შესრულების, აღსრულების ერთ-ერთ შემთხვევას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის მხარეს უნდა გააჩნდეს რეალური ინტერესი, მას უნდა ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი, რომელიც ცალსახად კონკრეტული აქტის მიღებით არის გამოწვეული. ამდენად, უნდა იკვეთებოდეს აქტის საფუძველზე დამდგარი შედეგით პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ხელყოფის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო განაკრგულებით გაიზარდა რა რუსთავში რეგისტრაციის ხანგრძლივობის კრიტერიუმი, მას მიადგა ზიანი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სადავო განკარგულების საფუძველზე 15-წლიანი ცხოვრების პერიოდის გათვალისწინების პირობებშიც კი, აპელანტი ვერ იქნებოდა საცხოვრისით უზრუნველყოფილი. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილება 15-წლიანი პერიოდის ათვლის წერტილს უკავშირებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის მომენტს, რაც ჯამში უნდა არემატებოდეს 15 წელს.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 21 თებერვლის N3510119004736 საინფორმაციო ბარათით კი დასტურდება, რომ აპელანტი 2007 წლის 02 მაისიდან 2011 წლის 09 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო აბაშის რაიონში, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდი მას ვერ ჩაითვლება ნა----–ა მა------–--ის ქალაქ რუსთავში ცხოვრების პერიოდად. ამავე საინფორმაციო ბარათის თანახმად, ქალაქ რუსთავში ნა----–ა მა------–--ე დარეგისტრირდა 2011 წლის 09 თებერვლიდან. ამრიგად, ნა----–ა მა------–--ის რუსთავში რეგისტრაციის ხანგრძლივობა ჯამში ვერ აღწევს 11 წელსაც კი და არ აღემატება 15 წელს.

 

სააპალაციო სასამართლოს შესასებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მითითება, რომ ნა----–ა მა------–--ე სწავლობდა ქ. რუსთავის მე-19 საშუალო სკოლაში 2001 წლის 06 ნოემბრიდან, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2006 წელს და იგი ქ. რუსთავში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2008 წლის აგვისტოდან, არ წარმოადგენს წონად არგუმენტს, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული რუსთავის მუნიცილაპიტეტის ტეტიტორიაზე მისი 15 და მეტი წლით ცხოვრების ფაქტი, რამეთუ იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 21 თებერვლის N3510119004736 საინფორმაციო ბარათით დადგენილ ფაქტებთან.

 

ამდენად, იგი არ აკმაყოფილებს არც „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების პირველი მუხლის მე-31 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ - რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 15 წელზე მეტი პერიოდით რეგიტრაციის სავალდებულო კრიტერიუმს.

 

სასამართლოს შეფასებით, სადავო განკარგულების გამოცემით მოსარჩელის უფლებების ხელყოფა ან/და მისი მდგომარეობის გაუარესება ობიექტურად არ მოხდარა. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც აპელანტი არ აკმაყოფილებდა რა ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ცხადია მის უფლებებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა ზემოხსენებული დადგენილების შესრულების მიზნით მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 თებერვლის №232 სადავო განკარგულება, რითაც ქალაქ რუსთავში, მე-11 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. 02.02.04.111.02.001) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას დაევალა უზრუნველეყო უპირატესად ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართების განაწილებისას 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილების მე-5 მუხლის თუ რომელ პუნქტში მოცემულ კონკრეტულ კრიტერიუმს მიენიჭებოდა სადავო განკარგულებით უპირატესობა, ეს გარემოება აპელანტის უფლებაზე - ყოფილიყო ბენეფიციარი კონკრეტულ ლოკაციაზე მდებარე ფართში - ვერავითარ გავლენას იქონიებდა, რადგან ეს უკანასკნელი ვერ აკმაყოფილებდა ზემოხსენებული დადგენილების პირველი მუხლის მე-31 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმსაც კი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება როგორც აქტის უკანონობა, ისე მის საფუძველზე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული შეზღუდვა.

 

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა სორად შეფასებული, არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე მცდარი გადაწყვეტილების მიღება, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ზემოთ მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სააპელაციო პაალტას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პროცესუალურ – სამართლებრივი და მატარიალურ–სამართლებრივი ანალიზი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება ნა----–ა მა------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ნა----–ა მა------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმიწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე