განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017001973913
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-626
08 ნოემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე): შპს „მისო ბ------–ი“
წარმომადგენელი: ნ---- ბ----–--ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მომოპასუხეები): გ-------– ს----–---–ი, თ----- ს----–---–ი
წარმომადგენელი: ა------ ც-–--–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის (შემდგომში: მოსარჩელე, კრედიტორი, გამსესხებელი, საფინანსო კომპანია) წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბ------ის საქალაქო სასმართლოს, მოპასუხეებად გ-------– ს----–---–ი (შემდგომში: მოპასუხე, მსესხებელი) და თ----- ს----–---–ი (შემდგომში: მოპასუხე, იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიუთითა და ითხოვა გ-------– ს----–---–ისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 31 419 აშშ დოლარის დაკისრება, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
2.მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 14 მაისს და 2014 წლის 25 სექტემბერს საფინანსო კომპანიასა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში სესხის ხელშკრულებები. მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 7000 აშშ დოლარი, სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.07 %-ის ოდენობით.
3. 2013 წლის 14 მაისის და 2014 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებების ფარგლებში პერიოდულად ხდებოდა სესხის ოდენობების გაზრდა. კერძოდ სესხი 2013 წლის 18 მაისს სესხის ოდენობა გაიზარდა 300 აშშ დოლარით; 2013 წლის 20 მაისს - 800 აშშ დოლარით; 2013 წლის 22 მაისს - 200 აშშ დოლარით; 2013 წლის 30 მაისს - 150 აშშ დოლარით; 2013 წლის 4 ივნისს - 200 აშშ დოლარით; 2013 წლის 6 ივნისს - 50 აშშ დოლარით; 2013 წლის 15 ივნისს - 150 აშშ დოლარით; 2013 წლის 18 ივნისს - 150 აშშ დოლარით; 2013 წლის 21 ივნისს - 500 აშშ დოლარით; 2013 წლის 1 ივლისს - 150 აშშ დოლარით; 2013 წლის 3 ივლისს - 380 აშშ დოლარით; 2013 წლის 11 ივლისს - 200 აშშ დოლარით; 2013 წლის 16 ივლისს - 170 აშშ დოლარით; 2013 წლის 19 ივლისს - 100 აშშ დოლარით; 2013 წლის 15 ოქტომბერს- 500 აშშ დოლარით; 2013 წლის 26 ნოემბერს - 300 აშშ დოლარით; 2014 წლის 10 იანვარს - 200 აშშ დოლარით; 2014 წლის 30 იანვარს - 500 აშშ დოლარით; 2014 წლის 10 თებერვალს - 1000 აშშ დოლარით; 2014 წლის 5 მარტს - 800 აშშ დოლარით; 2014 წლის 10 მარტს - 100 აშშ დოლარით; 2014 წლის 24 მარტს - 3020 აშშ დოლარით; 2014 წლის 24 აპრილს - 180 აშშ დოლარით; 2014 წლის 12 დეკემბერს - 2000 აშშ დოლარით;
4. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ----- ს----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი ბ-----------ის ქ.№1-- ბ. 1-----ში (ს/კ 0------------------).
5. გ-------– ს----–---–ს სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით. მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. ჯამში დავალიანება შეადგენს: - ძირითადი თანხის ნაწილში - 16479 აშშ დოლარს; სარგებელი შეადგენს 10309 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 4631 აშშ დოლარს. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების მიხედვით სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა გაგრძელდეს ვალდებულების სრულად დაფარვამდე. ვალდებულების სრულად დაფარვის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია.
6. მოპასუხეებმა მოთხოვნის წარმოშობის შემაფერხებელი, ამასთან მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლის წარდგენით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2013 წლის 14 მაისის N40609 სესხის ხელშეკრულებით, მოპასუხე გ-------– ს----–---–ზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობიოთ, 12 თვის ვადით. სესხის დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2014 წლის 14 მაისამდე პერიოდი. გამსესხებელს, 2014 წლის 14 მაისიდან წარმოეშვა დავალიანების დაფარვის თაობაზე მოთხოვნის უფლება. აღნიშნული თარიღიდან გასულია სამ წელზე მეტი, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია. რაც შეეხება სესხის მეორე ხელშეკრულებას და მისგან წარმოშობილ საპროცენტო სარგებელსა თუ პირგასამტეხლოს, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მსესხებელმა აიღო სესხი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელი ვალდებულებაც სრულად აქვს შესრულებული.
მოპასუხეებმა სხვა რაიმე ვალდებულების არსებობაზე უარი განაცხადეს, გამომდინარე იქედან, რომ თანხები, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს გარდა 7000 დოლარისა მათ არ მიუღიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
7. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით, შპს მისო ,,ბ------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2013 წლის 14 მაისს, მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზი 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში, 60 თვის ვადით.
9. 2013 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზი 2 000 აშშ დოლარის ფარგლებში, 60 თვის ვადით.
10. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ----- ს----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი ბ-----------ის ქ. №1-- ბ. 1-----ში (ს/კ 0------------------).
11. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის იმავე დღეს გაფორმდა №40609 სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07 %-ის ოდენობით.
12. 2014 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის, იმავე დღეს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 2000 აშშ დოლარი, სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07 %-ის ოდენობით.
13. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი, გ-------– ს----–---–ს უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით.
14. სასამართლოს მითითებით: 2013 წლის 18 ივლისიდან, 2014 წლის 18 ივლისამდე პერიოდში დამატებით თანხების სესხად მიღების ფაქტის დადასტურებას, მოსარჩელე ცდილობს ზეპირი განმარტების საფუძველზე, ასევე საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებითა და შპს მისო ,,ბ------–ის“ ამონაწერით კლიენტის სესხიდან (ასეთი ორი ამონაწერია). სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებით, სესხის ოდენობა, ფაქტობრივი გარემოებებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ზოგადი ხელშეკრულებაა. ის არ ასახავს სესხად თანხის გადაცემას. ის უფრო სესხის გაცემაზე შეპირებაა. მოსარჩელე, გ-------– ს----–---–ს შეპირდა, რომ ამ ორი ხელშეკრულების საფუძველზე მას ასესხებდა 17 000 აშშ დოლარს. გ-------– ს----–---–ი არ იყო ვალდებული 17 000 აშშ დოლარი მიეღო სესხად. მას შეეძლო სესხად მიეღო 1000 აშშ დოლარი, 3000 აშშ დოლარი, 10 000 აშშ დოლარი, უფრო მეტი ან ნაკლები. თუ მოსარჩელე ამ ხელშეკრულებების ფარგლებში გ-------– ს----–---–ს გარკვეულ სესხს გადასცემდა, ამის თაობაზე უნდა შეექმნა შესაბამისი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი, ან მხოლოდ ერთ ერთი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ზეპირი განმარტება იმის თაობაზე, რომ სესხის დამატებით გაცემაზე შედგა, როგორც ხელშეკრულება, ისე სალაროს გასავლის ორდერი და თანხის მიღებაზე გ-------– ს----–---–მა მოაწერა ხელი, რადგან ამგვარი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სასამართლოს მითითებით: საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ვერ შეცვლის ვერც სალაროს გასავლის ორდერს და ვერც კონკრეტული სესხის ხელშეკრულებას. მასში არაა ასახული სადაო თანხის სესხად გადაცემის ფაქტი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვერც სესხის ამონაწერით დადასტურდება სესხის გაცემის ფაქტი, რადგან ის მომზადებულია თავად მოსარჩელის მიერ. სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას 2000 აშშ დოლარისა და 5000 აშშ დოლარის გარდა სესხად კიდევ სხვა თანხები აქვს გადაცემული მოპასუხისთვის.
15. რაც შეეხება ნასესხები თანხის დაფარვას (5000 აშშ დოლარისა და 2000 აშშ დოლარისა) სასამართლომ კლიენტის სესხიდან ამონაწერის თანახმად დაადგინა, რომ გ-------– ს----–---–ს პირველი გადახდა 150 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2013 წლის 13 ივნისს. მან ნაცვლად 150 აშშ დოლარისა გადაიხადა 134.25 აშშ დოლარი, ანუ 15,75 აშშ დოლარით ნაკლები. 2013 წლის 15 ივნისს გადაიხადა 59 აშშ დოლარი. ამ თანხიდან გაიქვითა სარგებელიც და პირგასამტეხლოც. ასე გაგრძელდა შემდეგ თვეებშიც. ამონაწერით დადგინდა, რომ მსესხებელმა რამოდენიმეჯერ გადააცილა დაფარვის ვადებს, მაგრამ შენატანები შექონდა და ამ გზით ფარავდა, როგორც სარგებელს, ისე ძირ თანხას. საბოლოო ჯამში მათი შეკრებით მიღებული ციფრები საკმარისია, როგორც ძირი თანხის - 7000 აშშ დოლარის, ისე მასზე დარიცხული სარგებელისა და პირგასამტეხლოს დასაფარად.
16. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე მუხლებზე მიუთათა და აღნიშნა, რომ მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მოსარჩელეს დაუბრუნა სესხად მიღებული 2000 აშშ დოლარი და 5000 აშშ დოლარი სარგებელთან ერთად. ხოლო 2013 წლის 18 მაისიდან 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში გ-------– ს----–---–ისათვის დამატებით თანხების გადაცემა სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია და განმარტა, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს არა აქვს მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, რადგან თანხის გასესხების გარეშე სესხის დაბრუნების მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის პერსპექტივები მთლიანად დამოკიდებულია სესხის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა კი იწვევს იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე უარის თქმას.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
17. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა, კერძოდ
18. აპელანტის განმარტებით: მხარეებს შორის სადავო იყო გ-------– ს----–---–ის მიერ სესხად - 2013 წლის 18 მაისიდან 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, 12100 აშშ დოლარის მიღება (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი). სასამართლომ აღნიშნული სადავო გარემოების ფარგლებში დაადგინა, რომ გ-------– ს----–---–ს სესხად არ მიუღია - 12100 აშშ დოლარი, რაც არასწორია, რადგან მსესხებელმა 7000 აშშ დოლარის გარდა, რაც სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული. სესხად მიიღო 12100 აშშ დოლარი - ყოველთვიურად, საპროცენტო სარგებლის სახით 3%-ის გადახდის პირობით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. კერძოდ 2013 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ-------– ს----–---–ი სესხად მიიღებდა 15000 აშშ დოლარს (უდავო ფაქტობრივი გარემოება). ამ ხელშეკრულების საფუძელზე, მხარეებმა ამავე თარიღით გააფორმეს სესხის ხელშეკრულება და შპს «მისო ბ------–ისგან» მსესხებელმა სესხად მიიღო 5000 აშშ დოლარი, 5 წლის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3%-ის გადახდის პირობით. ამავე საკრედიტო ხაზისა და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის დაიტვირთა მოპასუხეთა უძრავი ქონება.
19. 2014 წლის 25 სექტემბერს მხარეებმა, ისევ დადეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, სადაც ისინი შეთანხმდნენ მსესხებლის მიერ სესხად 2000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე. შესაბამისად გაფორმდა 2000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება და შპს «მისო ბ------–მა» გ-------– ს----–---–ზე სესხად გასცა 2000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის გადახის პირობით. საკრედიტო ხაზისა და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის, მეორედ დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და მეორედ, მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა უძრავი ქონება. აპელანტის მითითებით: აღნიშნული სესხის ხელშეკრულებები და იპოთეკის ხელშეკრულებები არაპირდაპირ ადასტურებენ გ-------– ს----–---–ის მიერ შპს “მისო ბ------–ისაგან” სესხად დამატებით 12100 აშშ დოლარის მიღებას.
20. სასამართლო სწორად აღნიშნავს, რომ საკრეტიტო ხაზის ხელშეკრულებები არის შეპირება, რომლითაც მოსარჩელე შეპირდა გ-------– ს----–---–ს, რომ სესხად გადასცემდა 15000 აშშ დოლარს. ეს ნამდვილად არის მხარეთა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გ-------– ს----–---–ი უფლებამოსილი იყო შპს “მისო ბ------–ისაგან” სესხად გაეტანა 15 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, იმ პირობებში როცა მხარეებს შორის უკვე არსებობდა 15000 აშშ დოლარის გ-------– ს----–---–ისთვის სესხად გაცემის შეპირება და ამ საკრედიტო ხაზის ფარგლებში უკვე გავრცელებული იყო იპოთეკა მოპასუხეთა კუთვნილ ქონებაზე, გ-------– ს----–---–მა 2014 წლის 24 მაისს, ხელმეორედ გააფორმა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რომლის საფუძველზეც აიღო სესხი 2000 აშშ დოლარის ოდენობით. თუ 2013 წლის 14 მაისის მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გ-------– ს----–---–ს ჰქონდა აუთვისებელი ლიმიტი კიდევ 10000 აშშ დოლარის ფარგლებში, რატომ დასჭირდებოდა მას ახალი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების გაფორმება, დამატებით ახალი იპოთეკის რეგისტრაციით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ამყარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებულ პერიოდებში, ზუსტად, 2013 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულების შემდეგ, 2014 წლის 24 სექტემბრამდე - გ-------– ს----–---–მა სრულად აითვისა საკრედიტო ხელშეკრულებით შეპირებული თანხები. მან ზუსტად ამ პერიოდში გაიტანა დამატებით 12100 აშშ დოლარი და რადგანაც კიდევ 2000 აშშ დოლარის მიღება სცდებოდა უკვე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებს, საჭირო გახდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულების დადება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად დამატებით ახალი იპოთეკის რეგისტრაცია.
21. სესხის ამონაწერში მითითებული ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ-------– ს----–---–ს 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით დამტკიცებული 15000 აშშ დოლარი გატანილი აქვს ნაწილ-ნაწილ, 2014 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში (ე.ი. ახალი საკრედიტო ხელშეკრულების დადებამდე, მან სრულად ამოწურა 15 000 აშშ დოლარიანი ლიმიტი). ამონაწერებში ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო სესხის გაცემის ფაქტს, არამედ, გადახდების ისტორიასაც, კერძოდ, გადახდების ოდენობას. მოპასუხე მხარე იხდიდა შეთანხმებულ 3%-იან სარგებელს პერიოდულად გატანილი თანხების პროპორციულად.
22. აპელანტის განმარტებით: შპს „მისო ბ------–ის“ წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში იშუამდგომლა პროცესის გადადება, დამატებით გასავლის ორდერების წარდგენის მოტივით, რომელიც დაადასტურდებდა გ-------– ს----–---–ის მიერ, სესხის დამატებით გატანას, თუმცა ამგვარი შუამდგომლობა სარჩელის განმხილველი სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარს დაურთო ახალი მტკიცებულებები, სალაროს გასავლის ორდერები, მითითებული მტკიცებულებების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა და საქმეზე დართვა იშუამდგომლა.
23. პალატა მიუთითებს, სსსკ 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც „მოსარჩელემ სარჩელს უნდა დაურთოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. . . . მოსარჩელე ვალდებულია სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა”. დადგენილია, რომ შპს „მისო ბ------–ის“ სარჩელი მტკიცებულებათა წარდგენისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობას არ შეიცავს. სსსკ 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა”.
24. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის საოქმო განჩინებით, ზემოაღნიშნული მიზეზით (დაგვიანებით წარმოდგენილი მტკიცებულებები) აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე თანდართული გასავლის ორდერების საქმეზე დართვაზე, რის გამოც სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს მითითებულ მტკიცებულებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
26. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
27. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ”მისო ბ------–ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს. და თავის მხრივ მიუთითებს შემდეგს:
28. დადგენილია, რომ 2013 წლის 14 მაისს, მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა N1153-13 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზი 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში, 60 თვის ვადით. მითითებული ხელშეკრულების 1.1. პუნქტში გაიწერა კომპანიის ვალდებულება, გახსნილი საკრედიტო ხაზის საფუძველზე, მსესხებლისათვის კონკრეტული სესხის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომელშიც დამოუკიდებლად გაიწერებოდა სესხის თანხის დაფარვის ვადები და პირობები (ს.ფ.19). მართლაც, ხელშეკრულების მითითებული პუნქტის თანახმად, მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის, იმავე დღეს გაფორმდა №40609 სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.07 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ სესხით სარგებლობის ვადას წარმოადგენდა 12 თვე (ს.ფ.25).
29. ხელშეკრულების 2.16.1 პუნქტში მითითებული იქნა, რომ სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი გადახდილი უნდა იქნეს კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად (დანართი N1), რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; (ს.ფ.25).
30. საქმეში, ს.ფ. 29-ზე განთავსებულია სესხის 5000 აშშ დოლარის დაფარვის გრაფიკი დანართი N1. გრაფიკი გაწერილ იქნა 12 თვეზე, ყოველთვიური შესატანის - 502.31 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2014 წლის 13 მაისი.
31. მოსარჩელე მხარემ, 2013 წლის 14 მაისის ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით სასამართლოს სარჩელით მიმართა - 2017 წლის 19 ივნისს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ 2013 წლის 14 მაისს, ერთი წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის გამო სარჩელის წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენდა - 2017 წლის 13 მაისი. შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა (რომელიც შეეხება სესხად გაცემული 5000 აშშ დოლარის დაბრუნებას (პროცენტსა და პირგასამტეხლოსთან ერთად)) - ხანდაზმულია.
32. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 სექტემბრის სესხსის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ალი ს----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი ბ-----------ის ქ. №1-- ბ. 1-----ში (ს/კ 0------------------). აღნიშნული ქონება მოგვიანებით თ----- ს----–---–ის საკუთრება გახდა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. (ს.ფ.43-50).
33. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს დაუმტკიცა სესხი 2 000 აშშ დოლარის ოდენობით 12 თვის ვადით სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07 %-ის ოდენობით. (ს.ფ. 30-33).
34. ხელშეკრულების 2.16.1 პუნქტში მითითებული იქნა, რომ სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი გადახდილი უნდა იქნეს კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად (დანართი N1), რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; (ს.ფ.30).
35. საქმეში, ს.ფ. 34-ზე განთავსებულია სესხის დაფარვის გრაფიკი დანართი N1. გრაფიკი გაწერილ იქნა 6 თვეზე, ყოველთვიური შესატანის - 369,20 აშშ დოლარის ოდენობით.
36. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ----- ს----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი ბ-----------ის ქ. №1-- ბ. 1-----ში (ს/კ 0------------------).
37. საქმის მასალებით, კერძოდ კონკრეტული სესხის ხელშეკრულებებით, მასზე თანდართული გადახდის გრაფიკებით უტყუარადაა დადასტურებული გ------ ს----–---–ის მიერ სესხის თანხის 5000 აშშ დოლარისა და 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. და რაც მთავარია ამ ოდენობის თანხების მიცემას არც მოპასუხე უარყოფს. ასევე დადასტურებულია აღნიშნული თანხის გადახდის წესი და ვადა. თუმცა ამავე გადაწყვეტილების 31-ე პუნქტში აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატას 2013 წლის 14 მაისის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნია. რაზედაც გადაწყვეტილებაში უკვე იყო საუბარი.(იხ. გადაწყვეტილების 31 პუნქტი)
რაც შეეხება 2014 წლის 25 სექტემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობას და მისგან წარმოშობილ მოთხოვნებს სასამართლო განმარტავს შემდეგს:
38. საქმეში, წარმოდგენილია სესხის ამონაწერი (ს.ფ.111-112).
აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც. წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს გაცემული სესხი 2000 დოლარის ოდენობით 2014 წლის 12 დეკემბერს სრულად იქნა დაფარული (იხ ს.ფ. 112).
ეს დოკუმენტი გაცემულია თავად მოპასუხე ორგანიზაციის მიერ და მასში თავად მოპასუხე ადასტურებს,რომ - სესხი 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე-სრულად იქნა დაფარული.
პალატა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2013 წლის 14 მაისს გაცემული 5000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში-მოთხოვნა ხანდაზმულია.
უდავოა, რომ 2013 წლის 14 მაისს გაცემული სესხი იყო ერთ წლიანი. 2014 წლის 14 მაისს მოპასუხეს უნდა დაესრულებინა სესხის გადახდა რაც არ განახორციელა. მოსარჩელეს სწორედ ამ პერიოდიდან დაერღვა უფლება, რომლის დასაცავადაც მას 3 წლიან ვადაში უნდა აღეძრა სარჩელი ე.ი. 2017 წლის 14 მაისამდე. დადგენილია, რომ სარჩელი 2017 წლის 19 ივნისაა აღძრული. 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
ხოლო 2000 დოლარის ნაწილში (2014 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც უკვე ითქვა-ვალდებულება მოპასუხის მიერ შესრულებულია.)
რაც შეეხება 7000 დოლარს ზემოთ 12100 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ მიღების ფაქტს, პალატა სრულად ეთანხმება 1-ლი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს ამ ნაწილში და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაუდასტურებელია. რადგან: ა. 12100 აშშ დოლარზე მხარეთა შორის არანაირი შეთანხმება არ შემდგარა სესხის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელშიც კონკრეტულად იქნებოდა გაწერილი თანხის ოდენობა, ამ შემთხვევაში 12 100 $ დოლარის სესხად მიღება, მისი გადახდის წესი და ვადა.
ბ) ამ ფაქტს (12100$-ის მიღებას) არ ადასტურებს მოპასუხე, განსხვავებით 2000 და 5000 აშშ დოლარის სესხების შემთხვევისა, და გ) და უმთავრესი, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი კონკრეტული კანონშესაბამისი და ვარგისი მტკიცებულებები (როგორიცაა-მაგ: სალაროს გასავლის ორდერი) რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა აღნიშნული თანხის მოპასუხის მიერ მიღების ფაქტი.
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად: სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
42. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
43. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ, 2013 წლის 14 მაისის ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით სასამართლოს სარჩელით მიმართა - 2017 წლის 19 ივნისს. პალატის მოსაზრებით, 2013 წლის 14 მაისს, ერთი წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის გამო სარჩელის წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენდა - 2017 წლის 13 მაისი. შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა (რომელიც შეეხება სესხად გაცემული 5000 აშშ დოლარის დაბრუნებას (პროცენტსა და პირგასამტეხლოსთან ერთად)) - ხანდაზმულია.
44. რაც შეეხება 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას, სესხის თანხის 2000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ვადლებულება მსესხებელს სრულად აქვს შესრულებული და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსილია მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას] არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
45. რაც შეეხება 12 100 დოლარის მოპასუხის მიერ სესხად გაცემის ფაქტს პალატა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო და დაუდასტურებელია. სსკ-ის 623-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის ფულის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა. სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან.
45.1. პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ დავაში (და არა მხოლოდ) მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მისი განმარტების საკითხი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები....
45.2. ,,ნიშანდობლივია პრეზუმციის როლიც მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხშიც. შდრ: სუსგ Nას-533-509-2016, 26/10/2018 (პპ:70-72), რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლება წარმოადგენს არა მიზეზს, არამედ ამ ტვირთის განაწილების შედეგს, ანუ პრეზუმფციების მეშვეობით კანონმდებელი ანაწილებს დამტკიცების ტვირთს მხარეთა შორის და მტკიცების ტვირთის გამოხატვის სხვა ფორმებს შორის, რომელსაც იცნობს მატერიალური სამართალი, პრეზუმფციები ყველაზე სრულყოფილი და პრაქტიკულად ხელმისაწვდომი ფორმაა (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 230). თუ რომელი მხარისათვის უფრო ადვილია დაამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი, აგრეთვე რომელი ფაქტების დამტკიცების საფუძველზე წარმოიშობა ვარაუდი (პრეზუმფცია) გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის შესახებ,განსაზღვრულია კანონით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევბში კი, სასამართლო პრაქტიკით.”
45.3. კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში თავად მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, რომ მან სადაო თანხა 12 100 აშშ დოლარის ოდენობით ასესხა მოპასუხეებს. თანხის სესხად მიღება, როგორც წესი, უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორთავე მხარის მიერ და მეორე და მთავარი სალაროს გასავლის ორდერით, რომელიც იქნება სრულიად უტყუარი მტკიცებულება ნასესხები თანხის მსესხებლის მიერ მიღებისა.
უდავოა, რომ მსგავსი ხასიათის მტკიცებულებები მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
46. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, როგორც სესხის სახით 12100 აშშ დოლარის გადაცემაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობას, ისე აღნიშნული თანხის მსესხებლის მხრიდან რეალურად მიღების ფაქტს.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბ------ის სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე