განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002530278 (3/ბ-149-2019 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე------------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ე------------ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 05 ივლისს ე------------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმის ე------------ის ნაწილში ბათილად ცნობა და კომისიის დავალდებულება აღძრას შუამდგომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2018 წლის 19 მარტს ე------------ემ მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომლითაც ითხოვდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. მერიის კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ ე------------ე სოფელ ჩ------–--ში ცხოვრობდა მეწყერსაშიშ ზონაში, აგრეთვე ის, რომ ჰქონდა მინიჭებული საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესაბამისი ქულა. მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად კომისიამ გაუწია დადებითი რეკომენდაცია საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ გაიზიარა სამთავრობო კომისიამ და გარემოებების დამატებით შესწავლის მიზნით მასალები დაუბრუნა გამგეობას. დამატებითი გარემოებების შესწავლის შემდეგ კომისიამ 2018 წლის 17 აპრილს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ახალი გარემოებების არარსებობის გამო N4 ოქმით უარი თქვა დადებითი რეკომენდაციის გაცემაზე.
მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც ოჯახს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით ე------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი ე------------ის მიმართ; შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ე------------ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ე------------ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ------–--ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, ერთსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, კერძოდ, ფერდზე ფიქსირდება მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები, რომლის ზემოქმედების შედეგად საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლების ნაწილი ჩამონგრეულია, ხოლო შემკვრელი სარტყელი ძლიერ დეფორმირებულია. საცხოვრებელი სახლი საფრთხეს წარმოადგენს და აღარ ექვემდებარება აღდგენას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 17 მაისის N05/1056 წერილით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვევაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ე------------ის ოჯახზე, უნდა აღძრულიყო შუამდგომლობა, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმით ე------------ეს უარი ეთქვა დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მან კუთვნილი ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხებს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
ბრძანების დანართი N1-ის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია. 2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებულია სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება; კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა); ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/ საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ე------------ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ------–--ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, ერთსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, კერძოდ, ფერდზე ფიქსირდება მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები, რომლის ზემოქმედების შედეგად საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლების ნაწილი ჩამონგრეულია, ხოლო შემკვრელი სარტყელი ძლიერ დეფორმირებულია. საცხოვრებელი სახლი საფრთხეს წარმოადგენს და აღარ ექვემდებარება აღდგენას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის.
ე------------ემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, 2016 წლის 17 მაისის N05/1056 წერილით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვევაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ე------------ის ოჯახზე, უნდა აღძრულიყო შუამდგომლობა, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმით ე------------ეს უარი ეთქვა დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მან ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მას არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც დაბა შუახევში მდებარე ბინა ეკონომიური მდგომარეობის გამო გაასხვისა 2016 წელს და იმის გამო, რომ სოფ. ჩ------–--ში მდებარე მის კუთვნილ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ცხოვრობს ამავე სახლში თავის შვილიშვილთან.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ე------------ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის უაყოფითად გადაწყვეტას კომისიამ დაუდო ის საფუძველი, რომ ე------------ემ 2016 წელს გაასხვისა მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი, რაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით განხორციელდა ფიქტიურად იმ განზრახვით რომ მიეღო შესაბამისი კომპენსაცია.
სასამართლომ მიუთითა, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ე------------ისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, 2016 წელში გასხვისებული საცხოვრებელი ფართის არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული აქტის დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32- ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით სახეზე იყო შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმის ე------------ის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ე------------ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ე------------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს რადგან რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია თითქოს ე------------ეს დადებითი რეკომენდაციის გაცემაზე უარი ეთქვა 2018 წლის 17 აპრილის N4 ოქმით. უარყოფითი რეკომენდაციის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2016 წლის ივნისის თვეში, ამიტომ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება უნდა მოხდეს 2016 წლის ივნისის თვეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების დანართი N2-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (2016 წლის მდგომარეობით) პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახებების განცხადებები, რომელთაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ე------------ე ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს და ზემოთ დასახელებული ნორმის შესაბამისად ის არ აკმაყოფილებდა პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბინის გაჩუქება შვილიშვილზე მოხდა 2016 წლის 12 ოქტომბერს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მეორე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესით სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები შემდეგი დიფერენცირებით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა.შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/ რეაბილიტაცია.
,,წესის’’ მე-3 მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული განმარტებულია, როგორც სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. წესის მიხედვით დიფერენცირებულია დაზარალებულთა კატეგორიები. I კატეგორიას მიეკუთვნება გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა) (მე-3 მუხლის „კ“ ქვ. პუნქტი). II კატეგორიას კი მიეკუთვნება გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას (მე-3 მუხლის „ლ“ ქვ. პუნქტი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებებს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხებთან დაკავშირებით. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2016 წლის 17 მაისის N05/1056 წერილით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შერეული სამთავრობო კომისიის“, 2016 წლის 13 მაისის N2 საოქმო გადაწყვეტილებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტროს 2016 წლის 13 მაისი N03-01/03/13296 კორესპოდენციით წარმოდგენილი 30 ოჯახის მონაცემები და აცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვევაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ე------------ის ოჯახზე, უნდა აღძრულიყო შუამდგომლობა ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.
2016 წლის 24 ივნისის N07/11831 წერილით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 17.05.2016 წლის N05/1056 კორესპოდენციის პასუხად აცნობა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ ე------------ის (პ/ნ 6----------) ოჯახზე აღეძრათ შუამდგომლობა, რადგან ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი ფართი.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის ოქმით დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საგანი გახდა ე------------ის 2018 წლის 19 მარტის N1566/07 განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევას. ე------------ემ ზეპირი მოსმენისას განმარტა, რომ 2016 წლის მაისის თვეში უკვე გააკეთე განაცხადი, თუმცა დადებითი რეკომენდაცია არ გაეწია. მისი საცხოვრებელი პირობები არ შეცვლილა. სოფელ ჩ------–--ში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საშიშ ზონაში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც ცხოვრობს შვილიშვილის ბინაში, რომელიც ადრე იყო მისი საკუთრება, თუმცა შვილიშვილს გადასცა ვალის გამო. ე------------ემ ასევე განმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს მეორე შვილთან - ჯ----– დ------ესთან ერთად, რომელიც ავადაა, ვერ მუშაობს და არც მას გააჩნია საცხოვრებელი სახლი.
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმით ე------------ეს უარი ეთქვა დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მან (ე------------ემ) ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
საქმეში დაცული 2016 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ დაბა შუახევში, თ-----------ს ქუჩის N16-ში (სართული 3, ბინა N19, ფართით 56.20 კვ.მ.) მდებარე უძრავი ქონების, ს/კ. 2------------------, მესაკუთრეა ე------------ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2007 წლის 13 ივნისის N2-14 სამკვიდრო მოწმობა. 2016 წლის 19 ოქტომბრის ამონაწერით კი ირკვევა, რომ დაბა შუახევში, თ-----------ს ქუჩა N16-ში (სართული 3, ბინა N19, ფართით 56.20 კვ.მ.) მდებარე უძრავი ქონების, ს/კ. 2------------------, მესაკუთრეა ნ---- ტ----ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2016 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით დამტკიცებული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
”წესით“ განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, ეს გარემოება მართლაც წარმოადგენს დახმარების გაცემისათვის დამაბრკოლებელ კრიტერიუმს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა განიმარტოს “ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის” ცნება „წესის” მიზნებიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა საკითხი იმის შესახებ ე------------ის შვილიშვილის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი რამდენად შეიძლებოდა მიჩნეულიყო ე------------ის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად.
ე------------ის განმარტებით ის მუდმივად ცხოვრობდა შუახევის რაიონის სოფელი ჩ------–--ში, სადაც ეწეოდა მეურნეობას. 2006 წლის მაისის თვეში მეუღლის, ოთარ დ------ის ავადმყოფობის გამო მან დაბა შუახევში მდებარე ბინა აჩუქა ნ---- ტ----ეს, რადგან მკურნალების ხარჯები გაიღო ნ---- ტ----ის ოჯახმა. 2014 წლის მდგომარეობით, აჭარაში გახშირებული ეროზიული მოვლენების შედეგად დაინგრა მისი (ე------------ის) სახლი, რასაც ადასტურებს გეოლოგიური დასკვნაც, სადაც ასევე მოცემულია ფაქტიური მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. სახლს ჩამონგრეული აქვს კედელი და აღდგენას არ ექვემდებარება. რის გამოც იგი (ე------------ე) იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი ჩ------–-- და დახმარების მიღებამდე დროებით გადასულიყო საცხოვრებლად ნ---- ტ----ის ბინაში. ამდენად, ე------------ეს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით. ნორმა წაკითხული უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოებების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ე------------ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისიის უარი ეფუძნება იმ გარემობას, რომ ე------------ემ 2016 წელს გაასხვისა მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინა, რაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით განხორციელდა ფიქტიურად იმ განზრახვით რომ მიეღო შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018წ. განჩინება, საქმე ¹ბს-380-375(2კ-16)).
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას კომისია შემოიფარგლა მხოლოდ ნორმატიული აქტის რეგულაციით და ზემო დასახელებულ ფორმალურ გარემოებებზე მითითებით, რომ რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ე------------ისათვის დახმარების გაწევას. კომისიამ შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, 2016 წელში გასხვისებული საცხოვრებელი ფართის არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის პასუხად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ ყოფილა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 24 ივნისის N07/11831 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამგეობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა აღეძრა შუამდგოლობა ე------------ის ოჯახის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 24 ივნისის N07/11831 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი არ არის მიღებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ცალკე აღებული არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს და მას არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო ე------------ის 19.03.2018 წლის განცხადების საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი, რომლითაც კომისიამ არსებითად განიხილა ე------------ის საკითხი და უარი უთხრა მას ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაზე. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერებაზე კი უკვე იმსჯელა სასამართლომ წინამდებარე განჩინებაში.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება
6. სასამართლო ხარჯები
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე; მისი გადახდა, საქმის განხილვის შედეგისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, ასევე ვერ დაეკისრება მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე