განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2019
საქმის ნომერი
140310919003257837
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310918002249900

საქმე №3ბ/2809-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

საჩივრის ავტორი - ა-–-----–------ა

წარმომადგენელი - თ---------–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ--------------ი

წარმომადგენელი - ლ--------------–--ა

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-–-----–------ას განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. იმავე კანონის მე-4 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სადავო არაა, რომ მხარეები იყვნენ ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში.

იმავე კანონის მე-4 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად მსხვერპლს წარმოადგენს ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით;

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის საფუძველი ა-–-----–------ას თავშესაფარში ყოფნის გახანგრძლივება და მისთვის საჭირო სახელმწიფოს სერვისების მიღებაა.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამცავი ორდერი არის დროებითი შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მიმართულია მსხვერპლის დაცვის, მოძალადისა და მსხვერპლის დაშორების და ძალადობის თავიდან აცილებისაკენ; განმცხადებლის განმარტებით, მას სურს შერიგება რ--------------თან, მაგრამ მისი მხრიდან არის უგულებელყოფილი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის განმარტებები წინააღმდეგობრივია, ერთის მხრივ, მას სურს რ--------------თან შერიგება, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ითხოვს, აეკრძალოს მოპასუხეს მასთან მიახლოება, კომუნიკაცია და კონტაქტი. დამცავი ორდერი გაიცემა კი იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება სამომავლოდ ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელების შესაძლებლობა მსხვერპლის მიმართ.

ამგვარი ვარაუდის საფუძველი საქმის გარემოებებით არ დგინდება.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ განმცხადებელს სჭირდება თავშესაფარში ყოფნა და დახმარების მიღება, ვერ გახდება დამცავი ორდერის გამოცემისა და რ--------------ის მოძალადედ აღიარების საკმარისი საფუძველი.

2019 წლის 30 სექტემბერს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, ა-–-----–------აზე ძალადობის ფორმად ასახულია უგულებელყოფა რ--------------ის მხრიდან.

სასამართლომ განმარტა, რომ უგულებელყოფა გულისხმობს პიროვნებისადმი უყურადღებობას, არაფრად მიჩნევას, საკვებით, საცხოვრებელი ადგილით დაუკმაყოფილებლობას.

განცხადებით კი მოთხოვნილია დამცავი ორდერის გამოცემა და მიახლოების აკრძალვა;

დამცავი ორდერის გამოცემის მიზანია, მოხდეს მსხვერპლის დაცვა, მოძალადისა და მსხვერპლის დაშორება ძალადობის თავიდან აცილებისათვის, როგორც გადაუდებელად აუცილებელი ღონისძიება, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ამავე დროს, მხარეს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვა სახელმწიფო პროგრამებით.

საჩივრის საფუძვლები:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს ა-–-----–------ა იყო ფეხმძიმედ, მას ჰქონდა თანმდევი ფეხმძიმობისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებდა განსაკუთრებულ მზრუნველობას, მოპყრობას, მისი ჯანმრთელობის შესაბამის მონიტორინგსა და მკურნალობას, რაც რ--------------ის ოჯახის მიერ იყო უგულვებელყოფილი. ამასთან, ა-–-----–------ას 2019 წლის 23 ოქტომბერს შეეძინა შვილი, რომელზეც რ--------------ი არ ზრუნავს, არ აკმაყოფილებს ჩვილის ელემენტარულ საჭიროებებსაც კი, რის გამოც ა-–-----–------ა იძულებულია მოითხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა. საჩივრის ავტორი მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ‘’ვ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მსხვერპლს წარმოადგენს ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამდენად, უგულვებელყოფა არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და შესაბამისად არსებობს რ--------------ის მოძალადედ აღიარების საფუძველი.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. აქედან გამომდინარე, სახეზეა ეკონომიკური ძალადობაც, ვინაიდან რ--------------ი არ ზრუნავს ახალდაბადებულ ბავშვზე, არ უზრუნველყოფს მას შესაბამისი მოვლით (კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები). ა-–-----–------ა ასევე განიცდის იძულებას, ვინაიდან მას საქართველოში არ ჰყავს მხარდამჭერები, არ აქვს წასასვლელი, ჰყავს რამდენიმე დღის ბავშვი და მისი ბუნებრივი მოთხოვნილებები არის უგულვებელყოფილი, რის გამოც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და დახმარება ეთხოვა სახელმწიფოსთვის, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლებს.

ამდენად, საჩივრის ავტორი ითხოვს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას და რ--------------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც ამავე კოდექსის 2115-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ძალაში შედის გამოცემისთანავე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. იმავე კანონის მე-4 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები იყვნენ ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლს წარმოადგენს ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, ა-–-----–------აზე ძალადობის ფორმად ასახულია უგულებელყოფა რ--------------ის მხრიდან. ა-–-----–------ას წარმომადგენლის განმარტებით, სახეზე იყო ორსული ქალბატონისადმი უყურადღებობა, მისთვის საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთებით სარგებლობის შეზღუდვა, რამაც განაპირობა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ უგულებელყოფა გულისხმობს პიროვნებისადმი უყურადღებობას, არაფრად მიჩნევას, საკვებით, საცხოვრებელი ადგილით დაუკმაყოფილებლობას. პალატა თვლის, რომ არსებობს საშიშროება გაგრძელდეს უგულებელყოფა, რის გამოც უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმის მასალების დამატებითი შესწავლისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, თვლის, რომ სახეზეა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი - რ--------------ის მხრიდან ა-–-----–------ას მიმართ, რაც გამოიხატება მის უგულვებელყოფაში, რის გამოც უნდა გატარდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებები. საპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს დადასტურდეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი და ა-–-----–------ას დასაცავად გატარდეს ,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება, კერძოდ: მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველა სახის კომუნიკაცია.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 3 (სამი) თვით.

 

აქვე, სააპელაციო პალატა მიუთითებს რ--------------ს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113-2115 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე; 390-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–-----–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. ა-–-----–------ას განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. აეკრძალოს რ--------------ის (პ/ნ 0----------) ა-–-----–------ასთან (პ/ნ 0----------) მიახლოება, ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია;

 

5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 03 (სამი) თვით;

 

6. განემარტოს რ--------------ს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი